Home რუბრიკები პოლიტიკა პარა(ფირებული) ფსიქოზი

პარა(ფირებული) ფსიქოზი

564

ქართული ტელეაუდიტორიის აბსოლუტურ უმრავლესობას ძალიან არ მოეწონა, რომ ვილნიუსში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების დროს დარბაზში «შალახოს» ჰანგები გაისმა. ეს ღონისძიების ორგანიზატორებს დიდ მინუსად ჩაუთვალეს; მელოდია აშკარად უადგილო იყო და, ამასთანავე, არ შეესაბამებოდა განწყობას, რომელსაც საქართველოში ამ კულმინაციურ მომენტს უკავშირებდნენ. თუმცა, შესაძლოა, ამ უხერხულ მომენტს უცნაური სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, მან კარგად გაუსვა ხაზი იმ არასერიოზულობას, რომლითაც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ეკიდება ურთიერთობას ევროკავშირთან, ისევე, როგორც საგარეო პოლიტიკას მთლიანობაში; გარკვეული თვალსაზრისით, «შალახო» ვილნიუსში სავსებით ლოგიკური იყო.

 

ასოცირება მითოლოგიასთან

კოგნიტური ხარვეზები, რომლებიც საზოგადოებას რეალობის ობიექტური აღქმის შესაძლებლობას, ამდენი წელია, არ აძლევს, გავლენას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების აღქმაზეც ახდენს. ამ დოკუმენტს უკავშირდება სრულიად უსაფუძვლო მოლოდინები ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ფორსირებასთან დაკავშირებით და აპოკალიპტური წინათგრძნობა, რომელიც მიბმულია რუსეთის შესაძლო რეაქციასა და ზეწოლის გაძლიერებასთან. ერთის მხრივ, წარმოდგენილია კვაზირელიგიური აღტკინება და ტრადიციული რიტორიკული მანიპულაციები «არჩევანთან», «გზასთან» და «ღია კართან» დაკავშირებით (იგივე, რაც ნატოს შემთხვევაში); მეორე მხრივ კი, უკიდურესი მერკანტილიზმი, რომელიც მოითხოვს ნებისმიერი ტაქტიკური სარგებლის ასახვას სავსებით კონკრეტულ ფულად ეკვივალენტში.

საქართველოსა და «აღმოსავლეთ პარტნიორობის» სხვა ქვეყნებს შორის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ფიქსირდება: თუ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები ევაჭრებიან ევროკავშირს და ხშირ შემთხვევაში საწადელს აღწევენ, საქართველოში ეს იდეა ლამის ერეტიკულად აღიქმება. სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენს ხელისუფლებას მანევრის შესაძლებლობა არ ჰქონდა. მოლდოვის, აზერბაიჯანისა და უკრაინისგან განსხვავებით (როგორც არ უნდა დასრულდეს იქ მიმდინარე დრამატული პროცესები, ამ ქვეყნის ნებისმიერი მთავრობა შეეცდება, ევროკავშირისგან მაქსიმალური ბონუსები მიიღოს და მათ ნაწილს მაინც, დიდი ალბათობით, მიიღებს), საქართველოს ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ მხარს მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს, ძალიან ეშინია, რომ დასავლური ვექტორისგან თუნდაც მცირე გადახვევაში დაადანაშაულებენ. ეს აუცილებლად მოხდებოდა, თუ ის რომელიმე საკითხზე (მაგალითად, შეუზღუდავ უვიზო რეჟიმზე ან განსაკუთრებულ ეკონომიკურ შეღავათებზე) შევაჭრებას გადაწყვეტდა. ეს, ალბათ, ის შემთხვევაა, როდესაც პროპაგანდა და ფსიქოლოგიური ფაქტორები პრაგმატულ პოლიტიკაზე დომინირებენ, რადგან მსგავსი ვაჭრობის განხილვა «გადახვევად», ცხადია, არ შეიძლება. ვერაფერს ვიზამთ, გვაქვს ის სიტუაცია, რომელიც გვაქვს და განხილული პროცესებისგან საქართველო, დიდი ალბათობით, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან შედარებით ყველაზე ნაკლებ ბონუსს მიიღებს. ბუნებრივია, ამ უცნაურ მიდგომას, გამართლება სჭირდება და სწორედ აქედან მოდის ეს «წინსვლა შეუქცევადი გახდა» ტიპის შეძახილები და შესაბამისი რიტუალური ცეკვები.

რა მივიღეთ რეალურად? ჯერჯერობით არაფერი, რადგან პარაფირება ხელმოწერას არ ნიშნავს, თუმცა ეს გარემოება დროებით გვერდზე გადავდოთ. გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივა, რომელსაც სავაჭრო ბალანსის უარყოფითი ცვლილების საფრთხე უკავშირდება, რაზეც არაერთი ეკონომისტი საუბრობს. აგრეთვე, გვაქვს რუსეთის ზეწოლის და ქართული პროდუქციისთვის მისი ბაზრის ხელახალი დახურვის პერსპექტივა. სავიზო რეჟიმი შეიძლება მნიშვნელოვნად შერბილდეს, მაგრამ ამას, აშკარა პლიუსების გარდა, ემიგრანტების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის საფრთხე უკავშირდება. რაც შეეხება საქართველოში ევროპული ნორმებისა და რეგულაციების შემდგომ დანერგვას, ეს სტრატეგიულ პერსპექტივაში ქმის ნიადაგს იმისთვის, რომ საქართველო და ევროკავშირი ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდნენ და ამ გზაზე მთელი რიგი წინაღობები მოიხსნას, მაგრამ ტაქტიკურ პერსპექტივაში პროცესმა შეიძლება იმსხვერპლოს მთელი რიგი (ისედაც აგონიაში მყოფი) ქართული საწარმო. აგრეთვე, მოსალოდნელია უსიამოვნო ეპიზოდები და საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების ზრდა, რომლებიც ევროჩინოვნიკების მხრიდან «თითის ქნევას» მოჰყვება, მაგალითად, მაშინ, როდესაც საუბარი ლგბტ-ს უფლებებზე ან სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლების სისხლისსამართლებრივი დევნის ნიუანსებზე მიდგება.

ახალი რეალობა, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ შეიქმნება, არ შეიძლება წარმოვაჩინოთ, როგორც ცალსახად დადებითი ან უარყოფითი, იქნება როგორც პლიუსები, ისე მინუსები და ამ ნიადაგზე პოლიტიკური მითოლოგიის შეკოწიწების მცდელობა, იმის გაუთავებელი მტკიცება, რომ ქვეყანას მიწიერ სამოთხეს (ან პირიქით _ ჯოჯოხეთს) რამდენიმე ნაბიჯი აშორებს, ალბათ, სხვა არაფერია, თუ არა ბანალური პროპაგანდისტული მანიპულაცია, რომელიც კარგად ნაცნობ ალგორითმს ეფუძნება _ «ხვალინდელი ქათმის» მიმზიდველი სურათის დახატვა, რათა მოქალაქეებმა ნაკლებად იფიქრონ «დღევანდელ კვერცხზე» და არ წაუყენონ ხელისუფლებას (ძველს თუ ახალს) პრეტენზიები ეკონომიკის განადგურებასთან, დარღვეულ ტერიტორიულ მთლიანობასთან, ელიტის მიერ საკუთარი მოსახლეობის ძარცვასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, არც მწვავე, სიტუაციის რადიკალურ შეცვლაზე ორიენტირებული პროტესტი გამოხატონ. ამ მხრივ არანაირი განსხვავება ორ ლოზუნგს შორის «ცოტაც გავუძლოთ და კომუნიზმს ავაშენებთ» და «ცოტაც გავუძლოთ და ნატო-ევროკავშირში შევალთ, რის შემდეგაც კომუნიზმზე უკეთეს პირობებში ვიცხოვრებთ», ალბათ, არ არის.

აგერ _ ჩვენ და აგერ _ გერმანია 

ქართული ევროოპტიმიზმი, ისევე, როგორც ევროსკეპტიციზმი, უაღერესად არაკონკრეტულია, ციფრებსა და პრობლემების დეტალურ განხილვას გაურბის. ოპტიმისტები, სკეპტიკოსებთან შედარებით, რთულ მდგომარეობაში არიან, რადგან მათ სულ უფრო ხშირად სთხოვენ, მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც მათ მიერ მხარდაჭერილი კურსის სისწორეს ადასტურებს. ამასთანავე, უნდობლობა ნატოში სწრაფი გაწევრიანების მიმართ ავტომატურად ვრცელდება ევროკავშირზე, შესაძლოა, იმიტომ, რომ სააკაშვილის პროპაგანდა მათ, როგორც წესი, ერთმანეთის გვერდი-გვერდ, ერთ კონტექსტში ახსენებდა.

სამართლიანობისთვის, ალბათ, უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ხელისუფლება წინამორბედზე პატიოსნად იქცევა, არ იყენებს «მაპზე უკეთესი მოგვცეს» ტიპის ლოზუნგებს, არ ასახელებს შიზოფრენიულად არარეალისტურ თარიღებს და მიანიშნებს, რომ საქართველოს გაწევრიანება ხსენებულ ორგანიზაციებში ძალიან შორი, ფრიად ბუნდოვანი პერსპექტივის საკითხია. მაგრამ, ამავე დროს, ის ვერ დაემშვიდობა საბოლოოდ უსაფუძვლო ოპტიმიზმზე დაფუძნებულ პროპაგანდას და, შესაბამისად, მალე იმედგაცრუებული საზოგადოებისთვის ახსნაგანმარტებების მიცემა მოუწევს დაახლოებით ისე, როგორც ეს 2008 წლის ომის შემდეგ ნატოსთან და ბრძოლის ველზე ამერიკელი მოკავშირეების გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით მოხდა (არამხოლოდ მოსახლეობის დიდ ნაწილს, არამედ ქვეყნის პირველ პირს სრულიად საპირისპირო მოლოდინები ჰქონდა).

ევროკავშირი საქართველოში, უპირველეს ყოვლისა, «კარგ ცხოვრებასთან» ასოცირდება და მხოლოდ ამის შემდეგ _ დემოკრატიასთან, უფლებების დაცვასთან და ასე შემდეგ. შესაბამისად, წარმატებება-წარუმატებლობას ევროინტეგრაციის გზაზე მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაბამისად შეაფასებს. გამორიცხული არაა, რომ ორსამ წელიწადში ჩვენ ფეხის ყოველ ნაბიჯზე დაახლოებით ასეთ ფრაზებს მოვისმენთ: «რა მოგვიტანა ასოცირებამ ევროკავშირთან? მხოლოდ უფრო დიდი გაჭირვება, რუსული ბაზრის დახურვა და გეიპარადები». უპასუხისმგებლო პროპაგანდის მიერ გაღვივებული ცრუ იმედების მსხვრევას სხვა შედეგი ვერ მოჰყვება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, სავარაუდოდ, ისაა, რომ ისევე, როგორც სააკაშვილის მმართველობის წლებში პოლიტიკოსებისა და მედიის მნიშვნელოვანი ნაწილი, პირდაპირ თუ ქვეტექსტში, წარმოაჩენს დასავლეთთან დაახლოებაზე ორიენტირებულ ნებისმიერ ნაბიჯს, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას, რომელიც ცალკე აღებული თითქმის არაფერს ცვლის, როგორც რუსეთთან დაპირისპირების აქტს. შესაბამისად, იზრდება პესიმისტური მოლოდინი კრემლის შესაძლო რეაქციასთან დაკავშირებით, რაც სტაბილურობას, როგორც ფსიქოლოგიურს, ისე პოლიტიკურს, ხელს ნამდვილად არ უწყობს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სირთულე, რომელიც საქართველოს რუსეთთან ურთიერთობებში ახლო მომავალში შეექმნება, მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ აღქმული იქნება, როგორც ევროინტეგრაციული მისწრაფებების ნაყოფი და ეს მაშინ, როდესაც მას რუსეთთან ახალი კონფრონტაციის ეშინია და, ხშირ შემთხვევაში, ვერ ხედავს მიზეზს, რომლის გამო შეიძლება ამას დათანხმდეს (2012 წლის 1 ოქტომბერს ამორჩეველთა დიდმა ნაწილმა, სხვა ყველაფერთან ერთად, ხმა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას მისცა). ყოველივე ეს მთლიანობაში შექმნის ძალიან კარგ პირობებს ანტიდასავლური აგიტაციისთვის და შესაბამისი განწყობების ზრდისთვის, მაგრამ ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, როდის გამოვლენ ავანსცენაზე პოლიტიკოსები, რომლებიც ამ რესურსის გამოყენებას შეძლებენ.         

გოროდოვოის გიჟო რომ უცვნია

ქართველები ევროპელების მიმართ ყოველთვის გამორჩეულ პატივისცემას ავლენდნენ, თუმცა იყო გამონაკლისი შემთხვევებიც. ასე, მაგალითად, თბილისის მატიანეში სათანადო ადგილს იკავებს დაუვიწყარი ბატალური სცენა «6 ყარაჩოღელი 25 შოტლანდიელი სამხედროს წინააღმდეგ» (ერთი სახალისო ციტატა განტვირთვისთვის): «უცხოელების თავხედურ ქცევას ქალაქელები აღუშფოთებია. სატიოს უბანში ყოჩ ნიკუას უთქვამს: სიყრმის მზემ, კუკიაზე ადგილი აღარ დარჩებაო. შექეიფიანებულ უცხოელ ოფიცრებს უცხო ქვეყანაში დამცინავი გასართობი მოეძებნათ, გამოლაგდებოდნენ სასტუმროს წინ გოლოვინის პროსპექტზე და მოსეირნეებს ანოკაუტებდნენ უმიზეზოდ. ხუკები და აპერკოტები დაბლა სცემდა დარეტიანებულ მოქალაქეებს. სწორედ ერთ მშვენიერ დილას აქ შეყრილან სატიოს უბნის გიჟები. უცხოელ ოფიცრებს, გართობის ნაცვლად, გასაქცევად დასდგომიათ საქმე. როცა საშა ვერელს ქართულ გარმონზე «სატიო» შეუბერია, წამალაანთ გიჟუას პრინციპულად ჯიბიდან ხელები არ ამოუღია, მისი თაური დარტყმის ხმები ვიტრინის შუშებს ხეთქავდა თურმე. გოროდოვოის გიჟო რომ უცვნია, მხოლოდ იმასღა ეხვეწებოდა თურმე, არ მოკლაო, მუშტი დაარტყიო. გიჟოსთვის სხვებსაც მიუბაძავთ და ყოჩებს თავებით ისეთი ბათქაბუთქი აუტეხიათ, რომ მუშტიკრივი სანახაობად გადაუქცევიათ» (მერაბ ბერძენიშვილი, «ვერა-სატიო»). ამ ძველი ისტორიის გახსენება საჭირო არ გახდებოდა, რომ არა ერთი გარემოება _ ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი, განსაკუთრებით ეს ბალტიისპირელებს ეხება, ხანდახან ვერ გრძნობს ზღვარს, რომელსაც არ უნდა გადააბიჯოს თავის დიდაქტიკურ მონოლოგებში და არ ითვალისწინებს ქართველების განწყობასა და მოსალოდნელ რეაქციას, იმ  საბრალო შოტლანდიელების არ იყოს, რომელთაც თავი, როგორც ჩანს, ისევ კოლონიურ ინდოეთში ეგონათ.

ადრე ევროპელი პოლიტიკოსების რჩევებს საქართველოში სრული სერიოზულობით ეკიდებოდნენ, მაგრამ თანდათან მოხდა ამ რეკომენდაციების დევალვირება. ამის მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, ორმაგი სტანდარტებია, რომელთაც ევროკავშირი სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერისას და მისი ავკაცობის შეფასებისას ეყრდნობოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში «ნაციონალების» პროპაგანდა წარმოაჩენდა ძველი ევროპის ქვეყნების ლიდერებს, როგორც გაუბედავ, რუსეთთან გარიგებაზე ორიენტირებულ ადამიანებს, რომლებმაც ამერიკელებს არ დაუჯერეს და ნატოში საქართველოს გაწევრიანება დაბლოკეს. «ნაციონალების» მომხრეები დღემდე ჩვეულებრივ იყენებენ სოციალურ ქსელებში «ბებერი მეძავი ევროპა» ტიპის გამონათქვამებს და ოცნებობენ აშშის ახალ ადმინისტრაციაზე, რომელიც ევროპელების «თავნებობას» ბოლოს მოუღებს. ამას ემატება უკვე ნახსენები ფაქტორი _ ზოგიერთი ევროპოლიტიკოსის მომაბეზრებელი, მცდარ შეფასებებზე დაფუძნებული «ჭკუის სწავლება», რომელიც ადგილობრივ კონტექსტს საერთოდ არ ითვალისწინებს. ყოველივე ამან საქართველოში ევროპული სიტყვის ფასი მნიშვნელოვნად დააგდო.

«ნაციონალები» და, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მმართველი კოალიციის ზოგიერთი წარმომადგენელი დღედაღამ გვიმტკიცებენ, რომ ევროკავშირი სააკაშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნების გასამართლებას ეწინააღმდეგება და მათი დაპატიმრება საქართველოს ევროინტეგრაციას შეაფერხებს. მიუხედავად იმისა, რომ არც ევროკავშირის, არც აშშ-ის წარმომადგენლებს, პროცესების გამჭვირვალობისა და იურიდიული ნორმების მკაცრი დაცვის გარდა, არაფერი მოუთხოვიათ, ეს არაკორექტული მოსაზრება ძალიან ფართოდ გავრცელდა. ძნელი სათქმელია, რამდენად გაიზიარებენ მას ხელისუფლების წარმომადგენლები და თუ დაამუხრუჭებინებენ ამის გამო პროკურატურას, მაგრამ ფაქტია, რომ ის პროდასავლურ განწყობებს საქართველოში ბულდოზერზე ეფექტურად ანადგურებს. თუ ასე გაგრძელდა, ხელისუფლება ანტიდასავლური ტალღის ხელოვნურ შეკავებას რაღაც მომენტში ვეღარ მოახერხებს და ეს აუცილებლად აისახება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე (გაჩნდება სერიოზული მოთხოვნა ანტიდასავლურ პოლიტიკურ რიტორიკაზე, მოხდება ახალი, შესაბამისი იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური ჯგუფების ფორმირება და ა. შ.), რაც არაერთ ქვეყანაში არაერთგზის მომხდარა. საუბარი ამ პერსპექტივაზე ჯერჯერობით ნაადრევი ჩანს, თუმცა, სავარაუდოდ, შემოდგომაზე ჩვენ მომავალი კრიზისის პირველ ნიშნებს ვიხილავთ.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here