Home რუბრიკები საზოგადოება რა სარგებლობა მოაქვს პარაფინს და რა მიიღო საქართველომ პარაფირებით?

რა სარგებლობა მოაქვს პარაფინს და რა მიიღო საქართველომ პარაფირებით?

1139

პარაფინის სასარგებლო თვისებებზე, ალბათ, ისედაც ბევრი გსმენიათ, ამიტომ საუბრით, რა სარგებლობა მოაქვს პარაფინს, თავს არ შეგაწყენთ. სამაგიეროდ გაუგებარია, რა სარგებლობა მოაქვს საქართველოსთვის ვილნიუსის ყბადაღებულ პარაფირებას, რომელსაც წინა კვირას მთელი ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტი ხბოს აღტაცებით შეხვდა. მოკლედ, თუ არ ჩავთვლით იმ დადებით ემოციას, რომლის გამოც ქალბატონ ფანჯიკიძეს დოკუმენტზე ხელის მოწერის დროს სიხარულის ცრემლები წასკდა, სარგებელზე ლაპარაკიც ზედმეტია. მეტიც, დასავლეთის ფსევდოლიბერალური ელემენტები აქამდე თუ ლუპით გვიყურებდნენ, ახლა მიკროსკოპით დაგვაკვირდებიან და ათასგვერდიან შეთანხმებაში გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულებას მკაცრ ზედამხედველობას გაუწევენ… ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივებსა და მის ავკარგიანობაში გასარკვევად «საქართველო და მსოფლიო~ რამდენიმე კომპეტენტურ პირს დაუკავშირდა და აზრის გამოთქმა სთხოვა.

 

ვალერიან დოლიძე, პროფესორი:

_ დავიწყოთ იმით, რომ თვითონ ევროკავშირში არიან წარმატებული და წარუმატებელი სახელმწიფოები. მაგალითად, წარმატებულია გერმანია, რომელიც, ფაქტობრივად, ევროპის ეკონომიკურ ძრავს წარმოადგენს, და წარუმატებელია, ვთქვათ, საბერძნეთი; ან თუნდაც გავიხსენოთ უნგრეთის შემთხვევა, თავის დროზე, როცა ისინი ევროგაერთიანებაში შედიოდნენ, ჰქონდათ ძალიან დიდი მოლოდინი, რომ ქვეყანა ისარგებლებდა 500-მილიონიანი ბაზრით და განვითარდებოდა, მაგრამ სულ სხვა რეალობა დახვდათ. ახლა უკვე უნგრეთში მძიმე მდგომარეობაა: საკმაოდ მაღალია უმუშევრობა, რეგრესს განიცდის სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და მთლიანად გაუარესდა სოციალური ფონი. რაც შეეხება საბერძნეთს, თქვენ იცით, რომ იქ პრაქტიკულად ეკონომიკური კოლაფსია. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია, გავაკეთოთ ასეთი დასკვნა: ის ქვეყნები, რომლებიც სარგებლობას ნახულობენ ევროკავშირში შესვლით, არიან სახელმწიფოები, რომლებიც უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდნენ…

_ მიუხედავად ამისა, ევროკავშირი ფართოვდება.

_ ეგ ჯერ კიდევ საკითხავია. აგერ უკვე ინგლისელები რეფერენდუმზე საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, დარჩნენ თუ არა ამ გაერთიანებაში. გარდა ამისა, დღესდღეობით ევროკავშირს აქვს სერიოზული ფინანსური პრობლემები, ამიტომ იქ ბევრი რამ შეიცვალა. ეს უკვე აღარ არის ის ოჯახი, რომელსაც რაიმე მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლია სხვა სახელმწიფოსთვის. ამდენად, თუ ვინმეს მოლოდინი უჩნდება, რომ როგორც კი შევალთ იქ, საქართველო ელვის სისწრაფით განვითარდება, ეს ნამდვილად მცდარი წარმოდგენაა.

_ თქვენ დასაწყისში 500-მილიონიანი ბაზარი ახსენეთ, თუკი საქართველო ამხელა სივრცეში დაუბრკოლებლად შეძლებს პროდუქციის გატანას, ის მნიშვნელოვნად არ განავითარებს ეკონომიკას?

_ გასაღების ბაზარი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იქ რომ შეხვიდე და კონკურენციას გაუძლო, პირველ რიგში, მათ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, გინდ გაგვიხსნია ეს კარი და გინდ არა. ახლა გეკითხებით: არის საქართველო დღეს მზად ევროპული სტანდარტებისთვის? იქამდე რომ მიხვიდე, ჯერ ბევრი ეტაპი უნდა გაიარო, უწინარესად, უნდა მოხდეს ეკონომიკის მოდერნიზაცია. აი, სწორედ ამისთვის მოითხოვა უკრაინამ დიდი თანხები, მაგრამ თვითონ ევროკავშირს არ აღმოაჩნდა ამხელა ფინანსები; ეს არის კიდევ ერთი ნათელი იმისა, რომ ისინი არ არიან მზად გაფართოებისთვის. ასე რომ, კიდევ ვიმეორებ: საქართველოს არ უნდა ჰქონდეს ილუზია…

_ თუკი ევროგაერთიანებას ჩვენთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიმზიდველობა არ გააჩნია, რატომ არის პოლიტიკური სპექტრი მუდმივად ორიენტირებული სწორედ ამ კავშირზე და რატომ გვესმის გამუდმებით საუბარი იმაზე, რომ ესაა ჩვენი ისტორიული არჩევანი?

_ პოლიტიკური სუბიექტები ყოველთვის მოქმედებენ პოლიტიკური ინტერესებით და მოვლენებს უყურებენ იმ ჭრილიდან, რომელსაც განაპირობებს არსებული კონიუნქტურა. რაც შეეხება ისტორიულ არჩევანს, როცა ასეთი განცხადებები კეთდება, ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს საკუთარ ხალხს და უნდა განუმარტოს, რა არჩევანზეა საუბარი, რა გვინდა და საით მივდივართ. საქართველოში ამ ყველაფრის განხილვაც არ მომხდარა, ის კი არა, გეგონება, ასაიდუმლოებენ პროცესებს. ასე კი, უბრალოდ, შეუძლებელია გაანალიზება, რას მოგვიტანს ეს ინტეგრაცია, რას მოვიგებთ და რას დავკარგავთ.

_ სახელისუფლო პროპაგანდას თუ დავუჯერებთ, ევროკავშირში გაწევრიანებას საქართველოსთვის უამრავი დადებითი ასპექტი აქვს. მათ შორის, ერთერთია უვიზო მიმოსვლა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ევროპის კარს გაუღებს. რას ფიქრობთ ამაზე?

_ ამით კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება საქართველო არამხოლოდ ეკონომიკური, არამედ დემოგრაფიული თვალსაზრისითაც. თქვენ წარმოიდგინეთ, დღეს, როცა ევროკავშირის წევრ ნებისმიერ სახელმწიფოში წასვლა გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, ხალხი მაინც ასეთი მაღალი ინტენსივობით გადის ქვეყნიდან და, სავიზო ბარიერი რომ მოიხსნება, საერთოდ ქართველი აღარ დარჩება აქ. მერე უკან რამდენი დაბრუნდება, ესეც საკითხავია. ასე რომ, თავისუფალი მიმოსვლა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ, კიდევ ვიმეორებ: თუკი შენი ეკონომიკა არ არის მზად, ფეხი აუწყოს იმ სტანდარტებს, თუკი ქვეყანაში სოციალური სიდუხჭირეა, ევროინტეგრაცია ერთმნიშვნელოვნად დადებით შედეგს კი არ მოგიტანს, შეიძლება საერთოდ დამანგრეველი აღმოჩნდეს სახელმწიფოსთვის.

_ დასასრულ, რაც შეეხება ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობას, გარკვეული პოლიტიკური სუბიექტები მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს და ამ პროცესის შესაფერხებლად შეეცდება, ყველა ღონე იხმაროს. თქვენ რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ეს ყველაფერი?

_ ჩვენ ყველა ჩვენი გადაწყვეტილება, უწინარესად, უნდა შევაფასოთ იმის მიხედვით, რამდენად შეუწყობს ის ხელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ამ თვალსაზრისით ეს ევროინტეგრაცია უპერსპექტივოა, ამიტომ მე საკითხს ასე დავაყენებ: თუკი კონფლიქტების მოგვარების კუთხით ამ დასავლურ გაერთიანებაში შესვლა არაფერს გვაძლევს, პირიქით, სამუდამოდ გვაკარგვინებს ორ რეგიონს, გვჭირდება მაშინ ის რეალურად?! ვფიქრობ, სახელმწიფო ყველა გადაწყვეტილებას საკუთარი ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის გათვალისწინებით უნდა იღებდეს. აქედან გამომდინარე,  დღეს საქართველოს მხრიდან სწრაფვა იმ მიმართულებით, სადაც არც არაფერს გთავაზობენ და არც არავინ გეპატიჟება, სხვა არაფერია, თუ არა უსარგებლო, ფუჭი პოლიტიკა, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ, თავისი არსით არის ანტისახელმწიფოებრივი.

ელიზბარ ჯაველიძე, აკადემიკოსი:

_ ვილნიუსის სამიტზე და მის შედეგებზე კონკრეტულად შეიძლება ვისაუბროთ მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება ის ათასგვერდიანი შეთანხმება. თუმცა ეჭვი მეპარება, მასში ჩვენთვის რამე კარგი და სასიკეთო ეწეროს.

_ რას გულისხმობთ?

_ ეს დოკუმენტი რომ სიკეთის მომასწავებელი იყოს საქართველოსთვის, მაშინ ისინი გაახმიანებდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, მალავენ მის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც მთლიანად გადააგვარებს ქართველ ერს. მიზანი ამ ძალებისა ზუსტად ეს არის _ საქართველო უნდა დაიშალოს, დაქუცმაცდეს და გაქრეს მსოფლიო რუკიდან; ამიტომ, ვინც ასეთი ხბოს აღტაცებით შეხვდა ამ შეთანხმების პარაფირებას, მე იმის ქართველობაში ძალიან მეპარება ეჭვი.

_ თვითონ შეთანხმების ხელისმოწერის პროცესი ერთობ სენტიმენტალურად წარიმართა, მაია ფანჯიკიძემ თავი ვერ შეიკავა და დოკუმენტი ცრემლებით დანამა.

_ ფანჯიკიძის ცრემლები გამოწვეული იყო არა იმით, რომ წუხდა უბედურების მომასწავებელ დოკუმენტზე ხელიმოსწერის გამო, არამედ აღტაცებით. ამათ არ ენაღვლებათ, არ აინტერესებთ ქართული სარწმუნოება, ტრადიციები და ზნეობა. აი, ესაა მთელი უბედურება და ეს ხალხი მართავს დღეს სახელმწიფოს.

_ ესე იგი, თქვენი აზრით, ის უარყოფითი შედეგები, რომლებიც ევროკავშირთან დაახლოებას შეიძლება მოჰყვეს, ხელისუფლებას გაცნობიერებული აქვს?

_ რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელმაც, ამერიკის კარნახით, განადგურებამდე მიიყვანა ჩვენი ერი, იმას ახლა აგვირგვინებს ფანჯიკიძე და მისი ძმანი და დანი.

_ მთელი ეს ჩვენი საუბარი მაინც ზოგადი ხასიათისაა, კონკრეტულად რა საფრთხეებს შეიცავს საქართველოსთვის ევროინტეგრაცია?

_ პირდაპირ ვამბობ: პარაფირებული შეთანხმების თანახმად, საქართველოში უნდა ჩამოსახლდეს ძალიან ბევრი თურქი-მესხი, რაც წერტილს დაუსვამს ჩვენს დემოგრაფიულ მდგომარეობას. თქვენ იცით, რომ ქართველები ისედაც ცოტანი დავრჩით საქართველოში და უკვე სხვა ერი გვჭარბობს, ამ გეგმის მიხედვით კი საბოლოოდ ეთნიკურ უმცირესობაში აღმოვჩნდებით. გარდა ამისა, იმ ათასგვერდიან დოკუმენტში კონკრეტული პუნქტებია, რომლებშიც მოცემულია, როგორ უნდა მოვეფეროთ ლგბტ პირებს, როგორ უნდა ვიყოთ მათდამი შემწყნარებლები და როგორ გავაღვივოთ ჩვენს შვილებში მათდამი სიყვარული. აი, ამ ყველაფრის ფონზე უგულებელყოფილია ქართველი ხალხის ღირსება, ფასეულობები და მთავარი _ მართლმადიდებლობა. სხვა უბედურებებზე არაფერს ვამბობ, რომელთაც მომავალში გვიქადის ამ გაერთიანებასთან დაახლოება.

_ ეკონომიკური თვალსაზრისით, რას მოგვცემს ევროპულ ოჯახში შესვლა, როგორ ფიქრობთ?

_ ამ კუთხით ევროკავშირი რომ რამის მომცემი ყოფილიყო, მერწმუნეთ, იქ უკრაინაც მოაწერდა ხელს, მაგრამ ეს სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და მათი წარმომადგენლები არიან პირდაპირ ეკონომიკური მკვლელები. ამაზე უკვე თვითონ ამერიკელები და ევროპელები საუბრობენ. ასე რომ, თუკი აქ ის სამასი პუნქტი, რომლებიც პარაფირებულ დოკუმენტშია მოცემული, განხორციელდა: ფაფუ, აღარ იქნება საქართველო!

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ სად და როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს მომავალი, თუ არა ევროპასთან და ევროპულ ოჯახში? რა ალტერნატივა გვაქვს?

_ მე ერთი რამის თქმა შემიძლია: ეს ევროპა აღარ არის ბაირონის, ბეთჰოვენისა და დანტეს ევროპა, რომელიც იცავდა სულიერებას; ეს არის გაშიშვლებული, უზნეო ადამიანის ევროპა, რომელიც მხოლოდ მუცელსაა აყოლილი და რაღაც აღვირახსნილი თავისუფლების ნეტარებით ხარობს; ადამიანის, რომელიც თავს მაიმუნზე მაღლა აყენებს, როგორც მოაზროვნე, მაგრამ ამავე დროს თავს მაიმუნზე ნაკლებ ბედნიერად გრძნობს, იმიტომ, რომ მაიმუნს შეუძლია ყოველგვარი ზნეობის ჩარჩოების დაუცველად იმოქმედოს. მე ვფიქრობ, რომ ასეთ ოჯახში საქართველოს ადგილი არ არის და ქართველმა ხალხმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ეს საფრთხე აიცილოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდება ყველაფერი, რამაც აქამდე მოგვიყვანა, რამაც გაგვაძლებინა და რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი გმირი წინაპრები.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. ბატონებო,გაღატაკებული საქართველოს გაღატაკებულ ხალხს,ევროკავშირში უვიზომიმოსვლის უფლებას არავინ მისცემს/!ასე,რომ ეს სანერვიულო არაა,სანერვიულო და შემაშფოთებელია რატომ ატყუებს ხალხს ახალი ხელისუფლება და ამით აგრძელებს ნაცხროვის ხელისუფლების კურსს?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here