Home რუბრიკები პოლიტიკა BIG BROTHER IS WATCHING YOU!

BIG BROTHER IS WATCHING YOU!

599

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე «ფეისბუქზე» ერთობ საგულისხმო მოსაზრებას აქვეყნებს: «ამ უმრავლესობის დეპუტაციის რა გამკვირვებია, იცით? ჯერ კიდევ სულ ერთი წლის წინ თქვენი 80% ჩემს ტელეფონს ანგრევდა და ჩემს კართან იდგა: არიქა, ბრიუსელში ეგების ერთი შეხვედრა მაინც მოგვიწყო «ევროკავშირის თუნდაც ერთ ჩვეულებრივ ჩინოვნიკთანო» (ესემესები და მიმოწერა შენახული მაქვს დღემდე), სრული ასი პროცენტი კიდევ ტელეკომპანია «ობიექტივის» ეთერში იჯექით, რადგან არც ერთი სხვა ტელევიზია გვერდით არ გიკარებდათ დაახლა გახდით მიუწვდომელები და «ძაან მაგრებიტელეობიექტივს რომ სათოფეზე არ ეკარებით და იმ ტელევიზიებში დარბიხართ, რომლებშიც დღემდე ხმამაღლა და გამოთქმით გაგინებენ

 

ამ მიმართვის ერთ-ერთი ადრესატი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი _ ირაკლი ალასანია სწორედ ასე გულმოდგინედ აბარებდა ანგარიშს «რუსთავი 2»-ის საინფორმაციო პროგრამა «კურიერს» და იმდენად გაერთო, რომ უცაბედად სკანდალური განცხადება გააკეთა, მაგრამ ქართულმა მედიამ ეს სკანდალი ისე გაატარა ყურს მიღმა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ეს რომ სააკაშვილის თავდაცვის რომელიმე მინისტრს ეთქვა, რთული წარმოსადგენი არ არის, რა აჟიოტაჟი მოჰყვებოდა. მით უფრო, რომ ალასანიამ არა სამხედრო საფრთხეებზე ან ქართლის გულში გატარებულ მავთულხლართებზე, არამედ, არც მეტი, არც ნაკლები, საზოგადოების განწყობებზე ილაპარაკა. მოდით, თავად მის გამონათქვამებს მივდიოთ:

«ჩვენ ეროვნული ამოცანის შესრულებისგან ვერაფერი გადაგვახვევინებს, მაგრამ დაგეთანხმებით, რომ არის საფრთხეები და გამოწვევები, განსაკუთრებით მომავალ წელს, როდესაც ჩვენ მივუახლოვდებით სექტემბერს, როდესაც უნდა გაფორმდეს შეთანხმება ევროკავშირთან და ამავე დროს სექტემბერში, იცით, არის დაგეგმილი ნატოს სამიტი, რომელზეც განიხილება კიდევ ერთი დიდი ინსტრუმენტის მიცემა საქართველოსთვის, რომ ჩვენ სრულყოფილი ინტეგრაცია განვახორციელოთ ნატოს სტრუქტურებში.

ეს გამოწვევები არ არის ჩემთვის მხოლოდ სამხედრო საფრთხის შემცველი, მე ნაკლებად ვხედავ სამხედრო საფრთხეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მიმართულებით, მიუხედავად იმისა, ბოლო თვეების განმავლობაში თუ რა ხდებოდა ოკუპაციის ხაზზე, მე უფრო ვხედავ ისეთ გამოწვევებს, რომ ჩვენი მოწინააღმდეგეები შეეცდებიან, იმავე საზოგადოების შიგნით, საქართველოს შიგნით შექმნან ახალი განწყობები კრიტიკული, სკეპტიკური ევროპული ინტეგრაციისკენ. მე მინდა გაგახსენოთ ის ეპიზოდი, როდესაც ავღანეთში ჩვენი გმირი სამხედროები დაიღუპნენ საკუთარი მოვალეობის შესრულების დროს მაისში და გახსოვთ, როგორ მყისიერად ამოქმედდა გარკვეული ძალები და დაიწყეს ამის გამოყენება და კულტივაცია, რათა საზოგადოებაში ანტინატოური, ანტიევროპული განწყობები შეექმნათ. მე ვხედავ სწორედ ასეთ საფრთხეებს მომავალში…»

«კურიერის» წამყვანი ჩაეკითხა თავდაცვის მინისტრს: _ ანუ თქვენ თვლით, რომ უფრო შიდა პოლიტიკაში შეიძლება მოხდეს ჩარევა, ვიდრე საგარეოში?..

ალასანია: _ საზოგადოებრივი განწყობის შექმნაზე გადავა აქცენტი ჩვენი მოწინააღმდეგეების მხრიდან. ამიტომაც, ძირითადად, ასეთ საფრთხეებს ვხედავ, კონტრდაზვერვით საფრთხეებს და აქედან გამომდინარე, მთელი სახელმწიფო და სპეციალური სტრუქტურები იქნება მობილიზებული, რომ არ დაუშვას არც ერთ შემთხვევაში ასეთი განწყობების კულტივაცია».

ერთი სიტყვით, თავდაცვის მინისტრი კონტრდაზვერვას და «სპეციალურ სტრუქტურებს» გამოიყენებს მათ წინააღმდეგ, ვინც გაბედავს და ნატოს წინააღმდეგ არამცთუ აზრს გამოთქვამს, არამედ გუნებაშიც კი გაივლებს ამას! მეტიც, ნატოს მოწინააღმდეგეობა პირდაპირ ჩაითვლება რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობად და აქედან რაც გამომდინარეობს, საბჭოთა კავშირში დაბადებულმა თაობამ ძალიან კარგად იცის!

არასოდეს დამიმალავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ სკეპსისი და ამ თემაზე ათეულობით ინტერვიუ, სტატია და ტელე-რადიო გამოსვლა მქონია. ამას ვაკეთებდი სააკაშვილის პრეზიდენტობისას და მის ხელისუფლებასაც კი არ მოსვლია თავში საკუთარი აზრის გამოხატვისთვის ჩემი დევნა. ახლა ამის კონტურები დემოკრატმა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ მებრძოლმა ირაკლი ალასანიამ ნათლად გამოკვეთა, მაგრამ ჩვენი საზოგადოება ისე გაერთო ახალ ხელისუფლებასთან თაფლობის თვით, რომ აზრადაც არ მოსვლია თავდაცვის მინისტრის გაკრიტიკება. არ ვგულისხმობ ტელე-რადიო კომპანია «ობიექტივს», რომელმაც იმავე დღეს გააპროტესტა ეს აუწონავი დემარში.

სათაურში გამოტანილი ფრაზა BIG BROTHER IS WATCHING YOU! (დიდი ძმა გითვალთვალებს!) ჯორჯ ორუელს ეკუთვნის. მის რომანში «1984» სწორედ ეს ვითარებაა აღწერილი, როცა სახელმწიფო ტოტალურ კონტროლს ახორციელებს მოსახლეობაზე და საგანგებო «აზრების პოლიცია» აქვს შექმნილი. «აზრით დამნაშავეებს» სწორედ ეს მაპროფილებელი პოლიცია აპატიმრებს, ხოლო დაკითხვები «სიყვარულის სამინისტროში» მიმდინარეობს. მიზანი «დიდი ძმის» მიმართ სიყვარულის ჩანერგვაა. თუ ალასანია ამავე მეთოდით აპირებს ნატოს მიმართ სიყვარულის ჩანერგვას, მან, სულ ცოტა, სამინისტრო ან მისი დასახელება უნდა შეცვალოს. ნატო, რომელიც სააკაშვილს «დემოკრატიის შუქურას» უწოდებდა და დღესაც ხელს აფარებს, სავარაუდოდ, არც მოვლენათა ამგვარ განვითარებას შეიმჩნევს.

ორუელს ეკუთვნის გამონათქვამი: «თავისუფლება იმის თქმის საშუალებაა, რომ ორჯერ ორი ოთხია. თუ ეს ნებადართულია, დანარჩენი აქედან გამომდინარეობს». ირაკლი ალასანია კი მართმევს საშუალებას, ვთქვა, რომ ორჯერ ორი ოთხია. ნატო უაფხაზეთოდ და უცხინვალოდ რა თავში სახლელად მინდა? ჯერ ვინ იღებს საქართველოს ნატოში ან რა ღირს ის ნატო, რომელსაც  მის მიმართ ჩემ მიერ გამოთქმული კრიტიკული შეხედულებების ეშინია?!

«აზრების» ახალი მინისტრი, ალბათ, სწორედ იმ «დიდი ძმის» გასაგონად ლაპარაკობდა, რომელიც გვაკვირდება და ალასანიას თავგამოდებასაც, როგორც ჩანს, სათანადოდ დააფასებს. მართალია, ამ განცხადებას დემოკრატიასთან ახლოს არ ჩაუვლია, მაგრამ რა ბედენაა ეს დემოკრატია, როცა ნატოს კრიტიკაზეა ლაპარაკი! საბჭოთა კავშირშიც ზუსტად ასე იყო: მთავარია, სისტემას არ შეხებოდი და კისერიც გეტეხა!

1969 წელს საბჭოთა დისიდენტმა ანდრეი ამალრიკმა ისტორიულ-პუბლიცისტური ესსე დაწერა, რომელსაც ასე უწოდა: «იარსებებს საბჭოთა კავშირი 1984 წლისთვის?». ამსტერდამში გამოცემული ამ ნაშრომის გამო  ამერიკელებმაც დასცინეს და დისიდენტებმაც, აკადემიკოს სახაროვის თამადობით. მათ არ სჯეროდათ, რომ სსრკ დაინგრეოდა, ხოლო სამშობლოში ამალრიკი 190-1 მუხლით გაასამართლეს:  «Распространение заведомо ложных измышлений, порочащих советский государственный и общественный строй». არადა, რა მუხლია? პირდაპირ სულზე მიუსწრებდა «აზრების» მინისტრს, რომელიც ნატოს წინააღმდეგ «განწყობების კულტივაციასთან ბრძოლას კონტრდაზვერვისა და მთელი სახელმწიფო და სპეციალური სტრუქტურების» ხელით აპირებს!

არ მჯერა ამ ნატოსი და მასში საქართველოს ინტეგრაციის და როგორ მოვიქცე? აღარაფერი ვთქვა და დავწერო? იქნებ ამაზე ფიქრიც მეკრძალება? და ისე, ბატონო მინისტრო, ვინ დაგავალათ ჩემი აზრების კონტროლი? თავდაცვას ეშველა და ახლა ჩვენი შეხედულებებია მისახედი თუ როგორ?

ორუელი იმავე «ანტიუტოპიაში» წერდა: «თუ შენ უმცირესობაში ხარ ან ერთადერთი ხარ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გიჟი ხარ. არის სიმართლე და არის ტყუილი და, თუ შენ სიმართლეს ემხრობი მთელი სამყაროს საპირისპიროდ, გიჟი არ ხარ». ანდრეი ამალრიკი სულ რაღაც შვიდი წლით შეცდა. 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაინგრა. ეს ის შემთხვევაა, როცა ერთი ადამიანი აღმოჩნდა მართალი უმრავლესობის წინააღმდეგ.

თუმცა ვინ არის უმცირესობაში, კიდევ საკითხავია. პოლიტიკური ელიტისგან განსხვავებით, ხალხი სულაც არ არის ნატოს ენთუზიაზმით შეპყრობილი. ამ ფონზე პოლიტიკოსების მიერ ეს მანტრასავით მრავალჯერ გამეორებული «დეკლარირებულ კურსს დასავლეთისაკენ არ შევცვლით, რადგან ხალხმა ნება გამოხატა 2008 წლის პლებისციტზე» მეტისმეტად საეჭვოდ გამოიყურება. ყველა თანხმდება, რომ 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა და ამავე მიზეზით ნატოს პლებისციტის ციფრებიც ნდობას აღარ იწვევს.

საზოგადოების განწყობა აშკარად არ ემთხვევა მედასავლეთე პოლიტიკური ელიტის განწყობებს და აქ გარეშე ხელის ძებნას მიზეზებზე დაფიქრება სჯობს. ყველაზე საინტერესო კი მაინც ის არის, რომ ერთი წლის წინ სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოსული ახალი ხელისუფლება «ნაციონალების» დაჭერას ვერ ბედავს და იმათ ემუქრება, ვინც ნატოზე არ ლოცულობს!

მართალია, ნატო არ მხიბლავს, მაგრამ სამშობლო მიყვარს და კონტრდაზვერვას ნამდვილად ვერ მოვაცდენ. მას გაცილებით მნიშვნელოვანი ამოცანები აქვს შესასრულებელი, ამიტომ თავადვე გატყობინებთ, რომ დეკემბერში ნატოს შესახებ კრიტიკული მოხსენების პრეზენტაციას ვგეგმავ და გეპატიჟებით, თუ ეს ერეტიკოსობაში არ ჩაგეთვლებათ. ვაპირებ ქართველი და რუსი ახალგაზრდა ლიდერების სკოლის გახსნას, რეგულარულად ვატარებ სემინარებს და კონფერენციებს, რომლებიც «საზოგადოებრივი განწყობის კულტივაციას» კი არ ისახავს მიზნად, არამედ იმაში გარკვევას, თუ საით მიდის საქართველო და რა უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა გავამთლიანოთ.

ჯარში გახშირებული თვითმკვლელობების გამო ერთხელ ირაკლი ალასანიამ განაცხადა: «როცა ადამიანს ანდობ იარაღს, როცა მას ანდობ შენი ქვეყნის ბედს, ბუნებრივია, საფუძვლიანად უნდა შემოწმდეს ამ ადამიანის ფსიქიკაეს მორღვეული იყო და სწორდება. ამავე დროს, ეს პროგრამა შეეხება იმ ბიჭებს, რომლებიც საერთაშორისო მისიებიდან ბრუნდებიან: მათ სტრესულ გარემოში უწევთ სამსახური, თანაც _ მათთვის არაბუნებრივ გარემოში, ქვეყნის გარეთ, ამიტომ სჭირდებათ სერიოზული სარეაბილიტაციო კურსი. სწორედ ამიტომ შევქმენით სერიოზული სარეაბილიტაციო პროგრამა».

ბატონო ირაკლი, პოლიტიკოსებით დაიწყეთ: ისინი ქვეყნის ბედს წყვეტენ და აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის მაგალითმა თვალნათლივ გვიჩვენა, რომ ქვეყნის მართვის პრეტენზიის მქონე პირების ფსიქიკა მართლაც საფუძვლიანად უნდა შემოწმდეს. ისე კი, მართლაც საინტერესოა, «ქვეყნის გარეთ, არაბუნებრივ და სტრესულ გარემოში სამსახური», რომელსაც სერიოზული სარეაბილიტაციო კურსი სჭირდება, რა სარგებელს აძლევს 20 პროცენტით შემცირებულ საქართველოს?

ცნობისთვის: საზოგადოების განწყობებს სწორედ ეს პასუხგაუცემელი კითხვები ბადებს და არა გარე ფაქტორი.

სიყვარულით,

ყოფილი სახალხო დამცველი,

ორი მოწვევის პარლამენტის წევრი,

თბილისის საკრებულოს ყოფილი მდივანი,

ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე,

ჟურნალისტი,

ნატოს მოწინააღმდეგე,

საქართველოს პატრიოტი,

მართლმადიდებელი,

«გლობალური კვლევების ცენტრის» ხელმძღვანელი

ნანა დევდარიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here