Home რუბრიკები საზოგადოება ომარ ძიაპშიპა: სახვითი ხელოვნების მუზეუმის მშენებლობას 2016 წლისთვის დავამთავრებთ

ომარ ძიაპშიპა: სახვითი ხელოვნების მუზეუმის მშენებლობას 2016 წლისთვის დავამთავრებთ

2933

აქ, თბილისის გულში, რუსთაველის პროსპექტზე, ქაშუეთის გვერდით 20 წლის განმავლობაში პირდაბჩენილი ქვაბული იყო, საქართველოს ძნელბედობის სიმბოლო. იოსიბ ბროდსკიმ ანდრეი პლატონოვის შედევრი «ქვაბული» («Котлован») შეაფასა, როგორც მსოფლიოსთვის გამჟღავნებული ამბავი რუსეთის ტრაგედიის, მისი ეროვნული ბედის უკუღმართობა. შეცვალეთ რუსეთი საქართველოთი და მიიღებთ ზუსტ შეფასებას ამ პირდაბჩენილი უბედურების. იყო ასე. ცხრა თვის წინათ რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი: ქართველმა ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა გია ჯოხთაბერიძემ ქვაბულის ადგილზე დაიწყო ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის კომპლექსის დიდი მშენებლობა. თვითონ ამბობს, რომ მუზეუმი შპს «მაგთის» დაფინანსებით შენდება. თავმდაბალი კაცის პოზიციაა.

 

ქვაბული

მშენებარე ობიექტში (ვთქვათ ასე პროზაულად) «წვეთი სისხლი არ არის არაქართული».

არქიტექტორები _ ქურდიანების გვარი, ცნობილ არქიტექტორთა დინასტიის  წარმომადგენელები _ მამაშვილი არჩილ და გიორგი ქურდიანები.

მშენებლობა მთლიანად ქველმოქმედებაა. ესეც _ ქართული.

აშენებენ ქართველები _ სამუშაოთა მწარმოებლები, ინჟინერტექნიკური პერსონალი, მუშები, შპს იმკ+, რომლის დამფუძნებელი და მმართველია თემურ სარიშვილი.

«მზერა ქართულია, სივრცის დაუნჯებით».

და შურით მოჩუქურთმებული ჭორი და წინააღმდეგობაც _ ქართული, ობივატელური, ბანალური, რაც ყველა სიკეთეს თან სდევს, სამწუხაროდ.

_ თბილისში ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია სახვითი ხელოვნების მუზეუმის ჯერ გამოუქვეყნებელმა პროექტმა, _ იხსენებს ბატონი გია ჯოხთაბერიძე, _ ზოგი ამბობდა შუშის შენობა შენდებაო, ზოგიც _ შენობაზე რუსული ორთავიანი არწივი უნდა დადგესო. მაგრამ ეს ასე არ არის! ხომ იცით, საქართველოში მთავარია სუბიექტი ან ობიექტი იყოს, თორემ მათზე ზღაპრების მოყოლა არ გვიჭირს.

ბევრი კარგი იდეა გადაუძოვია აგრესიულ «სიტყვის თავისუფლებას».

აქ ასე არ მოხდა, ვერც მოხდებოდა და აი, რატომ.

კიდევ რომელ თხემით ტერფამდე ქართულ შენობას დაასახელებთ დედაქალაქის მთავარ არტერიაზე აგებულს _ იდეით, დანიშნულებით შემსრულებლებით ქართულს? ქველმოქმედებით აგებულს, კერძო პირის მიერ?

ვერც ერთს.

კერძო პირი არის _ მელიქ-კაზარიანცი, რომელმაც თავის საყვარელს უძღვნა უზარმაზარი სასახლე, და დარჩა თბილისს, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისის წყაროებში სომხურ ქალაქად მოიხსენიებოდა (Тифлис — город армянский) და რომლის საკრებულოში სომხები იყვნენ არჩეულნი, რადგან გადამწყვეტი ქონებრივი ცენზი იყო.

ყველა სხვა შენობა ხელისუფლების მიერაა აგებული.

ხომ ასეა და არაფერი მეშლება?

ასეა.

სახვითი ხელოვნების მუზეუმის გამორჩეულობის, მისი, როგორც ქართული ფენომენის, შეფასების საწინააღმდეგოდ, არა მგონია, რაიმე არგუმენტი არსებობდეს.

რადგან კეთილშობილურ განზრახვაზეა აღმოცენებული იგი, სახვითი ხელოვნების დარგის გადარჩენაზეა ორიენტირებული.

ბატონი გია ჯოხთაბერიძე ასე ხსნის:

_ …ნელ-ნელა, ვცდილობდი, გადამერჩინა და შემენარჩუნებინა სურათები ჩვენი ქვეყნისთვის.

ეს არ არის ლიტონი სიტყვები, რადგან მოწმე ვარ იმისა, როგორი კმაყოფილებით და, პათეტიკაში არ ჩამომართვათ, სიამაყით დამათვალიერებინა თხუთმეტიოდ წლის წინათ მაგთის ოფისში მოწყობილი მცირე გამოფენა ქართველი მხატვრების მის მიერ შესყიდული ნამუშევრების, მის მიერ გამოცემული პირველი ალბომები.

_ სახვითი ხელოვნების ნიმუშები თუ ქვეყნიდან გაიტანეს, ისინი სამუდამოდ დაკარგულია… მხატვრის ნამუშევარი მუზეუმში რომ ხვდება, იგი დაცულია და მას «ფესვები» აქვს.

გია ჯოხთაბერიძეს თავიდან გადაწყვეტილი ჰქონდა თავისი კოლექციის რომელიმე მუზეუმისთვის ჩუქება. მაგრამ, როცა შეიტყო, თუ რა სავალალო მდგომარეობაშია მუზეუმების საცავები, გასხვისებაზე ხელი აიღო.

თანდათან ყალიბდებოდა აზრი და რეალურ კონტურებს იძენდა იდეა მუზეუმის შექმნის.

იდეა გამყარდა მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა ურთიერთნდობის ატმოსფერო მეცენატსა და მხატვრებს შორის.

ერთერთ პუბლიკაციაში (ჟურნალი «მუდმივი კავშირის სამყარო» 3(59), 2013, «ისინი მე მენდნენ») გია ჯოხთაბერიძე წერს:

_ ამ საქმემ გამიტაცა… დავიწყე ნამუშევრებზე «ნადირობა». მოქმედ მხატვრებთან მივდიოდი და მათ ნახატებს, ზოგჯერ მთელ კოლექციას, ვიძენდი. მხატვრები, ნუ მიწყენენ და, ცოტა ეჭვიანი ხალხია. პირველ ხანებში ჩემს წინადადებას გაოცებით ხვდებოდნენ. მე მათიც ძალიან კარგად მესმის _ ძნელია, ერთბაშად შეელიო მთელი ცხოვრების მანძილზე შექმნილ ტილოებს. მაგრამ აქ მთავარი ნდობის ფაქტორი გახდა _ ისინი მე მენდნენ!»

ბატონ გია ჯოხთაბერიძეს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს მხატვრობისადმი:

_ დღეს საქართველოში სახვითი ხელოვნება ძალიან მაღალ დონეზეა. ვფიქრობ, ჩვენი მხატვრები ევროპელ და სხვა უცხოელ კოლეგებს ბევრ რამეში უსწრებენ კიდეც. ჩემი აზრით, ამას საბჭოთა კავშირის დაშლამაც შეუწყო ხელი. იმ ეპოქაში ბევრ მათგანს საბჭოთა იდეოლოგია ბოჭავდა, არ აძლევდა თავისუფალი შემოქმედების საშუალებას და მათი ნამუშევრები იშვიათად იფინებოდა. ამის მაგალითად საკმარისია თემო ჯაფარიძის, ოთარ ჩხარტიშვილის, ჯიბსონ ხუნდაძის და მრავალი სხვა ხელოვანის დასახელება.

ჩემთვის რამდენიმე მხატვარია განსაკუთრებით გამორჩეული. ესენი არიან დღეს მოქმედი, ნამდვილად გენიოსები ედმონდ კალანდაძე და ჯიბსონ ხუნდაძე; გარდაცვლილთაგან კი დავით კაკაბაძეს, ელენე ახვლედიანს, თემო ჯაფარიძეს, რომლის შემოქმედების 90 პროცენტი ჩვენს კოლექციაშია, ირაკლი ფარჯიანს და მერაბ აბრამიშვილს დავასახელებდი.

სახვითი ხელოვნების სიყვარულისა და გამორჩეული ნიმუშების გადარჩენის კეთილშობილური სურვილის მომდევნო საფუძველი, რომელზეც სახვითი ხელოვნების მუზეუმის აგების იდეა აღმოცენდა, ნდობის ფაქტორია.

უამრავი კოლექციონერია მსოფლიოში, ვინც ხელოვნების ნიმუშების შესყიდვითაა გატაცებული. ყიდულობს, ინახავს, მალავს _ მხოლოდ საკუთარ ხვაშიადს იკმაყოფილებს, სუპერეგოისტობაა.

გია ჯოხთაბერიძე მუზეუმს აშენებს ხალხის წინაშე ხელოვნების ნიმუშების გამოსაფენად, სახილველად, ერის გემოვნებისა და კულტურის დონის ასამაღლებლად და მსოფლმხედველობის არეალის გასაფართოებლად, ერის საგანძურის დასაცავად, რა თქმა უნდა.

ერის კაცია და იმიტომ.

ესეც კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ახალი მუზეუმის საძირკველში ჩაიდო:

_ ჩვენს კოლექციაში ქართველ მხატვართა დაცული, ჩარჩოში ჩასმული, მოწესრიგებული, გამოსაფენად გამზადებული 3000-მდე ნამუშევარი დაგროვდა, _ ამბობს მეცენატი, _ უკვე ვიცი, რომ ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების ისტორიაში წყვეტა აღარ იქნება!

ჭეშმარიტად მაღალ შეფასებას აძლევენ ჩვენი ქვეყნის გამოჩენილი ადამიანები ბატონ გია ჯოხთაბერიძის წამოწყებულ საშვილიშვილო საქმეს.

ჭაბუა ამირეჯიბიბერი დავითი:  _ დროა, მადლობა მოვახსენოთ ბატონ გიას მისი უანგარო ღვაწლისთვის და ამჟამად კი _ საგანგებოდ იმ გრანდიოზული წამოწყებისთვის, რომელიც მას განუზრახავს _ თანამედროვე სახვითი ხელოვნების მუზეუმის აშენება.

დიმიტრი ერისთავი, საქართველოს სახალხო მხატვარი: _ ჩვენ, მხატვრები, და ჩვენთან ერთად საზოგადოებაც ვეღირსეთ, რომ დედაქალაქში შენდება ახალი მუზეუმი _ აბა, გამახსენეთ, როდის აშენდა ბოლო მუზეუმი თბილისში?

გიგა ბათიაშვილი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი: _ ეს შენობა აუცილებლად უნდა აშენდეს, და ეს იდეა გასაფრთხილებელი, მოსაფერებელი და მადლობის სათქმელია… თბილისს სჭირდება სახვითი ხელოვნების მუზეუმი!

რადიშ თორდია, საქართველოს სახალხო მხატვარი: _ …პროექტი ძალიან კარგია, მომწონს, სამხატვრო აკადემიაში პროფესორ-მასწავლებლებს ვაჩვენე, რომლებიც აღფრთოვანდნენ.

თემო გოცაძე, საქართველოს სახალხო მხატვარი: _ ეს ადგილი პატარა მოედანია, სადაც თავს იყრის ეკლესია, ცოტა ზევით _ სასტუმრო და თეატრი, გვერდზე _ კინოთეატრი, გაივლი და _ ისტორიის მუზეუმი; ჩახვალ ქვევით და  გუდიაშვილის ქუჩაზე _ ლადოს სახლ-მუზეუმი… ეს შენობაც მაქსიმალურადაა მოცემულობაში ჩასმული _ დაცულია მასშტაბი, გრაფიკა, რიტმიკა და ფუნქცია.

«რა ხელმა ააგო»

ქართველი კაცის ხელი რომ აშენებს, ეს უკვე ვთქვი. ახლა კი მშენებლობის პროზაულობაზე ვესაუბრები მშენებლობის ხელმძღვანელს _ ომარ ძიაპშიპას. ბატონი ომარი ლეგენდარული თბილისის «დინამოს» ცენტრალური მცველის  _ ნიაზ ძიაპშიპას ვაჟია, გამოცდილი მშენებელია და სუპერპროფესიონალი.

დამკვეთთან მშენებლების ურთიერთობაზე ვეკითხები:

_ ბატონ გია ჯოხთაბერიძეს დღე არ გაუცდენია, მშენებლობაზე გვსტუმრობს და დეტალურად არის ჩახედული ცალკეულ ელემენტებშიც კი, პროფესიულადაა ჩახედული. ასეთ კომპეტენტურ ადამიანთან ურთიერთობა არამარტო საქმისთვისაა სასარგებლო, არამედ სასიამოვნოც არის, არ გვადუნებს მშენებლებს. ასეთი დამკვეთი არ შემხვედრია ცხოვრებაში. შეცდომას არ პატიობს. თვალი აქვს, მინიმალურ უზუსტობასაც, რაც, ვთქვათ, მშენებლობის ნორმებით დასაშვებია, გვასწორებინებს.

კარკასის მშენებლობის ურთულესი ეტაპი გავიარეთ. მოპირკეთების სამუშაოებს რომ დავიწყებთ, იქ მილიმეტრით გადაცდენაც დაუშვებელი იქნება. მაშინ კონტროლი კიდევ უფრო გაძლიერდება.

აქედანვე ვეჩვევით (ეღიმება).

_ დამთავრებას როდისთვის აპირებთ?

_ 2016 წლისთვის ვაპირებთ, მაგრამ ისეთი ტემპით მივდივართ, რომ გრაფიკს გავასწრებთ. პირდაპირ გეტყვით, დღეისთვის გრაფიკს ერთი თვით ვუსწრებთ. ამინდებმაც ხელი შეგვიწყო და არც ჩვენ დავაკელით მონდომება. მოცულობა დიდი იყო _ ორმეტრიანი ფუნდამენტი, ზოგან _ სამი.

_ ცნობილია, რომ შენობათა ეს კომპლექსი ცხრაბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი. ამას განსაკუთრებული მარკის ბეტონი სჭირდება. რა თქმა უნდა, შესაბამისი არმატურაც. ენგურჰესის კაშხალისთვის სპეციალური ბეტონი მზადდებოდა. ხომ ასეა?

_ დიახ, აქაც სულფატომედეგ ბეტონს ვიყენებთ, აგრესიულმა წყლებმა რომ არ დააზიანოს. 450 მარკის ბეტონია. ბეტონის ორი ქარხანა გვაქვს და ჩვენ თვითონ ვაწარმოებთ. ცემენტი შემოგვაქვს _ «ჰაიდელბერგ ცემენტია». ინერტული მასალებიც შემოგვაქვს. რუსთავის ყოფილ მეტალურგიულ კომბინატში ჩვენი დაკვეთით ამზადებენ არმატურას. იქაც სამუშაო ფრონტის სტაბილურობას ჩვენი მხრიდან უზრუნველვყოფთ. არმატურასთან დაკავშირებით ასეთ ცნობასაც მოგაწვდით. ერთ კუბურ მეტრში, როგორც წესი, არმატურის მაქსიმალური რაოდენობა 150 კილოგრამია. აქ, ჩვენს საძირკველში კი არმატურის წონა 450 კილოგრამამდე ავიდა. გასაგებია, რა სიმყარის საძირკველზეც აშენდება ჩვენი ობიექტი.

_ აშენებთ და მშენებელთა სოციალურ პრობლემებსაც წყვეტთ, საკმაოდ ეფექტიანადაც. ფაქტი სახეზეა. მაგრამ ისე ხომ არ არის, რომ უმუშევრობით გაიაფებულ მუშახელს იაფად ამუშავებთ?

_ გამორიცხულია! ჯერ ერთი, საშუალო ხელფასი 1000 ლარზე მეტია. მეორეც, დასაქმებული  გვყავს კვალიფიციური მუშახელი, რომელთა შრომა შესაბამისად უნდა იყოს ანაზღაურებული, თუ გვსურს, უწუნო და მაღალხარისხოვანი შედეგი მივიღოთ. ამას მატერიალური და მორალური სტიმულები ერთნაირად უზრუნველყოფს: დაფასება, ადამიანური ღირსების შესაბამისი დონის არსებობა.

მშენებლობაზე ადგილობრივი კადრია დასაქმებული _ საქართველოს მოქალაქეები, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან.

_ ხომ არ გაგიჭირდათ კვალიფიციური მშენებლების მოძებნა?

_ არა, სხვათა შორის. ბევრმა მათგანმა აქ, ჩვენთან აიმაღლა კვალიფიკაცია, აითვისა ახალ, გერმანულ და ავსტრიულ დანადგარებზე მუშაობა _ ამწე კრანი, მექანიზმები, საყალიბე მასალა და ა. შ. არც ეს საყალიბე მასალები, არც ასეთი ამწე კრანი საქართველოში სხვაგან არ არის.

_ და ეს ზრდის შრომისნაყოფიერებას?

_ შრომისნაყოფიერებასაც და ხარისხსაც. ამჟამად ჩვენს ობიექტზე 150 კაცი მუშაობს _ დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე.

სამუშაოთა შესრულების ხარისხზე რომ ლაპარაკობდა, ომარ ძიაპშიპამ «მაგთის» ცენტრალური ოფისის შენობა ახსენა, რომელიც აღმაშენებლის პროსპექტის, შეიძლება ითქვას, დამაგვირგვინებელი აქცენტია, ლამაზი შენობააო.

მართლაც ასეთია. პროსპექტის ბუტაფორული არქიტექტურის ფონზე განსაკუთრებით გამორჩეულია.

ხელოვნების მუზეუმის სამშენებლო კოლექტივის ძირითადმა ბირთვმა სწორედ ამ უნიკალური ნაგებობის მშენებლობის პროცესში დახვეწა თავისი ოსტატობა. ინჟინერტექნიკური პერსონალი, რა თქმა უნდა, უმაღლესი განათლებისაა და, კვლავ, რა თქმა უნდა, _ საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. არიან ისეთებიც, ვინც ჯერ კიდევ სტუდენტია.

_ ტრადიციები საქართველოს მშენებლებს ყოველთვის კარგი ჰქონდათ. ახლაც შესანიშნავი თაობა მოდის, _ ამბობს ომარ ძიაპშიპა. 

_ შეიძლება ვცდები, მაგრამ ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ მშენებლობის პროცესი, აქ მომუშავე ადამიანები, მექანიზმები, უფრო ცივილიზებული, უფრო გაევროპელებულია წინა პერიოდებთან შედარებით. ასეთი გარემო პირველად 1986 წელს ვნახე აშშში ქალაქ სიეტლის ერთერთი ცათამბჯენის მშენებლობაზე და ახლა აგერ _ თბილისშიც ვხედავ.

_ მართლაც ასეა. გაიზარდა მოთხოვნა, ამაღლდა შრომის კულტურა. სხვა თუ არაფერი, ჩვენთან გერმანელი  კონსტრუქტორები მუშაობენ, რომლებიც თვალს ადევნებენ ნორმების ზუსტად დაცვას, მათ მშენებლობის ხარისხის კონტროლიც ევალებათ. ცნობილი გერმანული კომპანია W+P და მისი შვილობილი კომპანია PLAN FORWARD სამშენებლო პროექტის ავტორები არიან და მათი დაინტერესება სავსებით ბუნებრივია. გერმანელები ყოველ ორ კვირაში ჩამოდიან, ამოწმებენ ჩვენ მიერ შესრულებულ სამუშაოებს.

_ რეკლამაციის ფაქტები თუ იყო?

_ პრინციპში, არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, _ სერიოზული არაფერი. 9 თვეა, ვმუშაობთ და ვერაფერს ვიხსენებ.

რაც მთავარია, დამკვეთი დაინტერესებულია, რომ სამშენებლო პროცესი წარიმართოს უახლესი ტექნიკის გამოყენებით. ამის მაგალითია, თუნდაც ბეტონის გამანაწილებელი, «ხორთუმიანი» დანადგარი, რომელიც მოძრავია და ძალიან მოხერხებულია მშენებლებისთვის. და, საერთოდ, მთელ ამ პროცესში პერსონალის უსაფრთხოება სრულად არის დაცული.

_ ძირითადად რომელი პროფესიის ოსტატები მუშაობენ ამჟამად?

_ ამ ეტაპზე, მეარმატურეების გარდა, დასაქმებულები არიან დურგლები, შემდეგ და შემდეგ შემოგვიერთდებიან კალატოზები, მლესავები, მოპირკეთების ოსტატები, ქვისმჭრელები და ა.შ. ერთ-ორ სართულს რომ გადავხურავთ, შეიძლება კიდეც დავიწყოთ მოპირკეთების სამუშაოები, ყინვებმა ხელი თუ არ შეგვიშალა.

მშენებლებთან საუბრისას პროექტზე ლაპარაკს გვერდს ვერ ავუვლიდით. წარმოუდგენელია. ომარ ძიაპშიპას შეფასება ასეთია:

_ ლამაზია. რუსთაველზე მომავალი შენობის სურათებია გამოფენილი და ესეც კი ამშვენებს აქაურობას. დახვეწილი პროექტია, სამუშაოდ ძალიან ადვილია. იშვიათად თუ გვიჩნდება შეკითხვები კონსტრუქტორებთან. არქიტექტურის ძირითად სამუშაოებს რომ მივადგებით, შეიძლება დასაზუსტებელი და შესათანხმებელი დეტალები გამოჩნდეს, მაგრამ ეს ჩვეულებრივი სამუშაო პრაქტიკაა.

ორთავიანი რუსული არწივი

ამ პუბლიკაციის დასაწყისში «კრიტიკოსთა» გამოხდომა რუსული ორთავიანი არწივის შესახებ, რომელიც თითქოს შენობაზე უნდა დაიდგას, სპექტაკლის პირველ მოქმედებაში კედელზე დაკიდებული თოფივითაა _ უნდა გავარდეს.

არწივის ქანდაკება იქნება, მაგრამ არა შენობაზე, არამედ მის ფასადზე, არა რუსული, არამედ ქართული, რომელიც ვანში აღმოჩენილი ძველი წელთაღრიცხვის II-I საუკუნეების არწივის სამი ფიგურის ორგანული შენივთებაა, სინთეზი, რომელშიც ამ სამი ფიგურის სხვადასხვა დეტალია გაერთიანებული.

როგორც ცნობილია, ეს ნამუშევარი ბრინჯაოში ჩამოისხმება. ქანდაკების სიმაღლე 2,5 მეტრია, ფრთების გაშლა _ 4 მეტრი. მას მუზეუმის შენობის ფასადზე 11 მეტრის სიმაღლეზე დაამაგრებენ.

ამ ქანდაკების ორიგინალურ ვარიანტზე მუშაობენ მოქანდაკეები ედუარდ შახნაზაროვი და დავით მინდორაშვილი, ყალიბს გელა სოლომონაშვილი დაამზადებს, ჩამოასხამენ ოლეგ და პაატა გელაშვილები.

არქიტექტორების ჩანაფიქრით, არწივის ერთმეტრიანი თითბრის ასლი მუზეუმის ცენტრალურ ფოიეს დაამშვენებს.

აი, ასე მარტივადაა საქმე.

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here