Home რუბრიკები საზოგადოება კოჰაბიტაციის ჯადო

კოჰაბიტაციის ჯადო

673

არადა არ მოეღო ბოლო ქართულ ნაციონალურ სიწმინდეში ევროატლანტიკური ცინიზმით შენელებული და ამერიკული დემოკრატიის საფანელმოყრილი პოლიტიკური თაღლითობით ქართველი ხალხის ეროვნული სიამაყის დაჩაჩანაკების მცდელობას.

 

ამერიკელთა მიერ ოკუპირებულ საქართველოში განა ეროვნული სიამაყის დამცრობის მკაფიო მაგალითი არ არის უცხოეთიდან თავსმოხვეული კოჰაბიტაცია?! ქართველი ხალხი გათავხედებულ «ნაციონალთა» აღვირახსნილი ძალადობით მოთმინების ზღვართან იყო, რომლის გადალახვის შემთხვევაში ქვეყნის მოსპობისა და ერის გადაგვარებად მოვლენილ გაზულუქებულ პარაზიტებს ვერავითარი უცხოელი პატრონი ვეღარ უშველიდა. ამერიკელებს ამის მწარე აბები კუბიდან აქვთ ნაყლაპი, მაგრამ ჭკუის სასწავლებლად მაინც არ ეყოთ.

მსოფლიო საბარდელოდ გადაქცეული კუბა ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის, გახრწნის, გარყვნილებისა და ეკონომიკური დაბეჩავების ნათელი მაგალითი იყო. რომელ ეროვნულ სიამაყეზეა ლაპარაკი, როცა გაზულუქებული ამერიკელები თავიანთ ზნედაცემულობას კუბის კაზინოებში, სასტუმროებში, რესტორნებსა და ბარდელებში იკმაყოფილებდნენ. ეს პროცესები შეუქცევადი რომ ეგონათ, კუბის ღირსეულმა მამულიშვილებმა ქვეყანა გამოჰგლიჯეს ზნედაცემულ, დემოკრატიისნიღბიან ამერიკული სპრუტის საცეცებს და ზედ მის ცხვირწინ ეროვნული სიამაყის გამარჯვებას დღემდე ზეიმობენ.

მთელ მსოფლიოში სამარცხვინოდ ისმის ქართველ პოლიტიკოსთა ღრეჭა ევროკავშირის კართან ევროპელებად მისაღებად. ვიღაც რაღაცას შეჰპირდებათ, როგორც ბრჭყვიალა სათამაშოსთვის ტირილით გადაფიჩინებულ ბავშვს. ჩამოვლენ საქართველოში და ტელეეთერში თავიანთ სასაცილო მიღწევათა შიგთავსს ამაყად ჩამოცლიან, რადგან ევროპიდან ჭირვეული ბავშვივით დაყვავებით გამოუშვეს და ჭიტლაყით არ გამოაპანღურეს. ესეც დიდი სტიმულია ევროპის კარზე ისევ მათხოვარივით ასატუზად. არადა, ამ საცოდავ თაგვებს ცაში ლაღად მოსრიალე ჩიტებად კი არა, ღამურებად გადაქცევაც არ აღირსეს მათმა ევროპელმა წამქეზებლებმა. მაინც კმაყოფილები არიან და, როგორც ფარეხში ჩამოკიდებული კატის ჩხავილი მშიერ ცხვრებს, ისე დაგვჩხავიან გაუსაძლისი ცხოვრებისგან შეჭირვებულთ ევროატლანტიკური ლაქუცის ქართველი ხალხის სურვილზე გადაბრალებით.

ამაყი, მომთმენი, კეთილშობილი, სამართლიანი ქართველი ხალხი უცდის გამათხოვრების გზაზე დამდგარ უძღებ შვილთა სიცრუესთან წილნაყარ გაწამაწიას, რომელთაც ავიწყდებათ, რომ ხალხის მოთმინების ფიალა უძირო არ არის.

ევროკავშირია, ნატო, კატო თუ სათენიკა, არ უნდა ეხვეწო მასთან შესვლას, ისე მოაწყვე ცხოვრება, იყავი თავმოყვარე და ამაყი, რომ აქეთ გეხვეწონ, _ ჩვენთან თუ არ შემოხვალ, შენთან მაინც მიგვიღეო. ასეთი სამშობლოს ღირსია კაცობრიობის პატარა მარგალიტი _ მისი კეთილშობილება ქართველი ერი.

გამჭრიახი, მოქნილი, პრინციპული, სამშობლოსთვის ყველაფრის შესაწირად მზადმყოფი პოლიტიკოსია საჭირო დღევანდელი უბედურებიდან თავის დასაღწევად და არა ქვეყნის მაცოცხლებელ ძარღვზე წურბელასავით მომჯდარი, სიცრუისა და ტრაბახის კორიანტელს რომ აყენებს და ტელეშოუზე უკბილო ოხუნჯობით ტრაბახობს.

არადა, რატომ წუნობენ აზიელობას, თუნდაც აფრიკელობას? სადაც ისეთ ღრმა წარსულში დაირწა ცივილიზაციის აკვანი, რომ მის სათავეებთან დღემდე ვერ მიუღწევიათ. ევროპაში ცხოვრების დონემ, ეკონომიკურმა სიძლიერემ და დემოკრატიამ მიიზიდათ? ასე ფრენა-ფრენით ამოყოფენ თავს ლაპლანდიაში, თუ უკვე იქიდან არ გვირევენ გზა-კვალს.

ევროპელობა რომ მოგვინდომეს, რით არიან ისინი სპარსეთის, ინდოეთის, ჩინეთის, იაპონიის, თუნდაც არაბების მიერ კაცობრიობის განვითარების წინაშე დამსახურებაზე მაღლა. იქნებ შენდობით და მოყვასის სიყვარულით უსწრებენ აზიელებს?

ადამიანთა მოდგმას დღესაც აშფოთებს საზარელი ინკვიზიციის ბოროტი აჩრდილი, ინდულგენციებით თაღლითობა, რაც არასდროს უკადრებია მართლმადიდებლობას. ნურც სამარცხვინო ჯვაროსნულ ლაშქრობებს, მუსლიმან სალადინის რაინდულ საქციელს და ჯვაროსანთა საზარელ, ველურ დაუნდობლობას; ბოლოს კი ამ ქრისტეს საფლავის მაძიებელთა მიერ მართლმადიდებელი ქრისტიანობის ციტადელის ხუთჯვრიანი დროშის ფრიალით საზარელ აოხრებას დაივიწყებენ. «ნაციონალების» მიერ სახელმწიფო დროშად აღიარებული ამ უბედურების ისევ დატოვება იმის ტოლფასია, ფაშიზმის დამხობის შემდეგ გერმანიაში ისევ სვასტიკიანი დროშებით რომ მოეწონებინათ თავი.

სულმნათი გურამ შარაძე ამ შერცხვენილი დროშისა და «ნაციონალთა» მუხთლობასთან შეურიგებლობას შეეწირა, რომლის მკვლელობა, გამოძიების ჭოგრიტის გარეშე, შეუიარაღებელი თვალითაც აშკარად ჩანს.

კოჰაბიტაციით დაშინებული კბილაშვილი წავიდა და დაგვიტოვა ფრთოსანი გამოთქმა: ნაციონალების დროს მომუშავე პროკურორები იმ ხელისუფლების მძევლები იყვნენო. ეს ძალადობის ტყვე, ქოსმენივით ნაპატივები პროკურორები მძევლები ყოფილან, მათ მიერ გაუბედურებული, უდანაშაულო ადამიანები კი _ ამ ხელისუფლების ნებიერნი. თუ კოჰაბიტაცია დამთავრდა, იქნებ ახლა მაინც  გაირკვეს, რატომ არ იღებენ «ხელისუფლების მძევლებად» _ მძევალი პროკურატურის მესვეურნი თუ კუბლაშვილები მაშინდელ ხელისუფალთა «ნებიერთ», ბრწყინვალედ რომ ჩააბარეს პროკურატურის, მოსამართლეობის და სხვა გამოცდები, მაგრამ მათი ლაქიები არ იქნებოდნენ.

ამჟამად ხალხი რწმენით უცდის, რომ კოჰაბიტაციის ჯადო მოხსნილია და ახალი პროკურორი «ნაციონალთა» მტაცებლის სიფათზე ახლადდაკემსილ ნიღაბს ბოლომდე ჩამოხსნის და სამარცხვინო ნაგავსაყრელის გზას გაუყენებს.

ხალხმა საქართველოს დაქცევადაშლის გზაზე მდგარი «ნაციონალები» ქუთაისში ცოდვიან პარლამენტის შენობასთან ამოაბუქსავა. ახლა დროდადრო იუმორით იყუჩებს მუხთალთა მიერ მიყენებულ ტკივილს. პარლამენტარი ქალბატონი შეწუხებული ამბობს, ცალი ფეხი თბილისში მაქვს, ცალი კიდევ _ ქუთაისშიო. კარგად ახსოვთ, ტუტუცი პრეზიდენტი როგორ სატელევიზიო მთავრობის სხდომებს ატარებდა, მარტო თვითონ ბაქიბუქობით ნაცარს ამტვერებდა და სიცრუის კორიანტელში მჯდარი მთავრობის წევრები პირმოთნე ღიმილით პოსტის შენარჩუნების სურვილს იკმაყოფილებდნენ. მის სულელურ გამოსვლას პარლამენტში ოვაციებით ხვდებოდნენ და ერთს არ დაბადებია ყოვლად უვნებელი შეკითხვის სურვილი, ირაკლი ღარიბაშვილს კი ისეთი გაცოფებით აძლევდნენ სამარცხვინო შეკითხვებს, რომ სახეზე ნიღაბი აღარ უჩერდებოდათ და მაყურებელს კოშმარივით ახსენდებოდა «ნაციონალთა» ბატონობის საზარელი დღეები.

მთელი წელია, რაც ორხელისუფლებიანობას განვიცდით. ახალი მთავრობის სასიკეთო ღონისძიებათა მცდელობა და «ნაციონალთა» ცოფმორეული ღავღავი პროგრესის დასამუხრუჭებლად და უკან დასახევად; უცხოეთში ცრუ დასმენების და მათი პატრონი მაღალჩინოსნების გაავებული თითის ქნევა დემოკრატიის დამცველთა ნიღბით; შედეგად გათავხედებული კოჰაბიტაციის ჯღანით დაცულ «ნაციონალთა» ხელშეუხებლობა საკუთარ თავზე ვიწვნიეთ.

თავხედობა, მთელი ერის დაცინვა, ქვეყნის ღალატი, სხვა რა უნდა ეწოდოს თავქარიანი მიშას მიერ ათასობით უცხოტომელზე საქართველოს მოქალაქეობის ასე ფლავივით დარიგებას. ამ პოლიტიკურ გვამად ქცეულმა მეძავმა საქართველოს მოქალაქეობა არ მისცა ბიძინა ივანიშვილს, რომლის ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდეს ღვაწლზე ყველამ კარგად იცის. ასევე უარი უთხრა ღირსეულ ქართველ მამულიშვილს _ ალექსანდრე ებრალიძეს. იმ დროს, როდესაც თავქარქაშა მიშა და მისი ხროვა მთელი თავისი ბინძური არსენალის გამოყენებით ებრძოდნენ შემოქმედებით ინტელიგენციას და მის გადაგვარებას ცდილობდნენ, პეტერბურგში მცხოვრებმა სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულმა მამულიშვილმა დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია დააარსა, რომლითაც შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლებს აჯილდოებდა და ხელი შეუშალა ამ მუხთალთა ხროვას, რომ ქართულ გენში შემოქმედებითი ცეცხლი ჩაექრო და ბინძურ უზნეოთა გარყვნილებას ეზეიმა. გასაკვირი და გამაოგნებელია, რომ «ნაციონალები» სასიკეთოდ ამოძრავებულ ცხოვრების ფორანს მიწოლის მაგიერ თვალებში ეჩხირებიან და მიშას ოინბაზობას ახალი ენერგიით უქშევენ ხელს.

ქვეყანა დაქცევამდე მიიყვანეს, მიწები გაყიდეს, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომი დაიწყეს, ტერიტორიები გაანიავეს, დამარცხება გამარჯვებად იზეიმეს, ახლა საქართველოს საბოლოოდ დაქუცმაცების პარლამენტში სხედან და «ქართული ოცნების» ნაკლოვანებათა, თავიანთი ჭკუით მოგროვილი, ჩხრიმლით ტივის შეკვრას ცდილობენ ქვეყნის დასაქცევად მეორედ მოსვლისთვის ხალხის ბობოქარ ოკეანედ ქცეულ რისხვის გადასაცურად. იმდენი მსხვილ-წვრილი, ღალატთან წილნაყარი დანაშაულობანი აქვთ ქვეყანაში გაფანტული, რომელთა ამოშანთვის გარეშე ნორმალურად განვითარება შეუძლებელია. მცირედი ნამუსი მაინც რომ ჰქონდეთ შერჩენილი, სადმე ბნელ კუთხეში მიჯდებოდნენ და შენდობის ხვეწნა-მუდარით შეაწუხებდნენ მათზე ესოდენ განაწყენებულ ქართველთა მფარველ ღვთაებას. ესენი კი, რაც დრო გადის, უფრო უმატებენ სამსალას თავიანთ გაუკუღმართებულ საქმიანობას, რომლის სტიმულატორი «მეოცნებეთა» კოჰაბიტაციით დადონდლებული სახედარია, რომელსაც ევროატლანტიკური ჭინკა გადასჯდომია და «ნაციონალთა» უკუღმართ კვალზე უპირებს გაჭენებას.

თურმე «ნაციონალების» მიერ პარლამენტის შესახებ კონსტიტუციაში შეტანილ კანონს ვერ ცვლიან; ასევე კანონს პრეზიდენტის უფლებების შესახებ. ასე რომ, მიშას ჯიბის პარლამენტის ნაბოდვარზე გვიხდება სიარული? რადგან დღევანდელი ხელისუფლება კანონმორჩილია, მუხთალთა მიერ დაკანონებული ვერაგობა უნდა მოვითმინოთ?

კაცო, ის პრეზიდენტი ტუტუცი და მოღალატე რომ იყო, ახლისა რა ბრალია, რძისგან შეშინებულები დოს რატომ უბერავენ. გუბერნატორებია თუ რწმუნებულები, თავისი აპარატით ზედმეტი რომ არის, მე ვატყობ და თვითონ რატომ ვერ მიმხვდარან? ეგ შევარდნაძის მოგონილი მეჭეჭი მას სჭირდებოდა, ხალხის რომ ეშინოდა. ამ ახალ ხელისუფლებას, რომელსაც ხალხის ნდობა და მხარდაჭერა აქვს, რაში სჭირდება მათზე ბიუჯეტის გადაყრაო. ასეა, დღეს საქართველოს ბიუჯეტის ასე მიშასეულად ხელაღებით განიავების ფუფუნების უფლება არ გვაქვსო.

ხალხს ვერაფრით მოატყუებ, მან ყველაფერი იცის და თავის დროზე ყველას სათანადოდ მიუზღავს. თუნდაც «ნაციონალების» მიერ გაპიარებულ სიღნაღზე ხმაური ავიღოთ. არაფერს ამბობენ, რატომ დააქციეს სიღნაღის შესასვლელთან მთელი ქიზიყის სიამაყედ აღმართული ამირანის უზარმაზარი ძეგლი. იქვე საუკეთესოდ კეთილმოწყობილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალის შენობა, კაცმა არ იცის, ვის მიჰყიდეს, რომელმაც დაანგრია და ბეტონის გროვად აქცია; კეთილმოწყობილი საავადმყოფო მიწასთან გაასწორეს; ბიბლიოთეკა, რაიონს რომ ემსახურებოდა, შენობიდან გამოასახლეს და უნიკალური წიგნების ფონდი სარდაფში შეყარეს;

სამამულო ომში დაღუპულთა ბრწყინვალე ობელისკი გაანადგურეს, რაიონიდან სამამულო ომში დაღუპული ხუთი ათასი ვაჟკაცის წმინდათაწმინდა ხსოვნის აღსანიშნავად რომ იყო აღმართული. რა უფლებით წყრებიან, როცა ამ  საძულველ «ნაციონალებს» ნეოფაშისტებად მოიხსენიებენ. თვითონ ბერლინში, სადაც ფაშიზმის ამოსაძირკვად ყველაზე მძიმე და დამანგრეველი ბრძოლა გაიმართა, ფაშიზმის საშინელებათა მომსწრე გერმანელი ხალხი ასე სათუთად უვლის და უფრთხილდება საბჭოთა მებრძოლების ძეგლებს.

«ნაციონალების» მიერ სიღნაღში ჩადენილ დანაშაულობათა პასუხის გარეშე დატოვება ამ ვანდალების წახალისების ტოლფასია; უამრავი მსგავსი დანაშაული აქვთ ჩადენილი «ნაციონალებს». რა პირით უნდა მოითხოვო ევროპელობა იქ, სადაც ფაშიზმის წინააღმდეგ დაღუპულთა ხსოვნას ასე სათუთად უფრთხილდებიან. აქ კი ეს ვანდალები მათ მიერ განადგურებულ და სისხლდანთხეული ობელისკის ადგილზე აშენებულ ცოდვიან შენობაში თავიანთ მუხთლობას არ იშლიან. როგორი ევროპელი ხარ, სად გინდა მიიტანო ამ ნეოფაშისტური მკბენარებისგან გაუწმენდავი სხეული?!

საქართველოს გაერთიანება ქუთაისიდან დაიწყო და მისმა ძლიერებამ თავის ზენიტს მიაღწია. უცხოეთის ლაქია «ნაციონალები» კი მის დაქცევადაქუცმაცების ზრახვებს ქუთაისისკენ მოახრიგინებდნენ. თუმცა დიდი ზიანი მიაყენეს ქვეყანას, მაინც ვერ დააქციეს. ხალხმა «ქართულ ოცნებას» დაავალა მათი დანაშაულობების გამოძიება, რომელიც ისედაც თვალნათლივ ტივტივებს.

ვინც «ნაციონალების» შესანარჩუნებლად თავს იდებს, აუცილებლად უნდა მოეკვეთოს კუდი, რომელიც ქვეყნის დამაქცევრებთან აქვს გადაბმული. ყოველი ნაბიჯი «ნაციონალებთან» თანამშრომლობის, ოპოზიციად ჩათვლის და ჩაკოჰაბიტაციებით ქართველი ერის ნდობის დაკარგვის ტოლფასია. ესენი სამშობლოს ღალატის კეთრის მატარებლები არიან. სამწუხაროდ, ამ დაავადების ნიშნები სხვებზეც შეინიშნება, ამიტომ ხალხი ასე დაჟინებით მოითხოვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. რომელიც ქარიშხლის მომასწავებელ გუგუნად გადაიქცევა, თუ მაღალ სკამზე მოკალათებული ზოგიერთი ბღენძი მისი ჩატარების წინააღმდეგ ხრიკების მოწყობას გააგრძელებს.

გივი სომხიშვილი

 

1 COMMENT

  1. სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ აქციები ერთადერთი მოთხოვნით:დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები!გაიხარეთ,ბატონო გივი!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here