Home რუბრიკები პოლიტიკა შემოიყვანს თუ არა ნატო საქართველოში თურქ ჯარისკაცებს და ვინ არიან «ცეერუს»...

შემოიყვანს თუ არა ნატო საქართველოში თურქ ჯარისკაცებს და ვინ არიან «ცეერუს» აგენტები ქართულ პოლიტიკურ ელიტაში?

653

20 წელზე მეტია, რაც საქართველო მიისწრაფვის ნატოსკენ, მაგრამ ნატოს თითო მიზეზი არ ელევა, რომ საქართველოს უარი უთხრას მიღებაზე, თანაც ნატო ჩვენგან მოითხოვს გარკვეულ დონეს, მაგრამ ამ დონის მიღწევის გზებს არ გვაჩვენებს. ექსპერტების დიდი ნაწილის აზრით, სერიოზული ეკონომიკური ზრდა რუსეთის ბაზრის გარეშე წარმოუდგენელია. გამოდის, რომ საქართველოს ნატო უბიძგებს რუსეთისკენ… «საქართველო და მსოფლიოს» უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია ესაუბრა.

 

_ ბატონო ვალერი, უშიშროების ყოფილი მინისტრი ხართ და, ბუნებრივია, ბევრი რამ იცით ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების შესახებ. ქვეყანაში რომ დღეს ეკონომიკური კრიზისია, ამაში, ალბათ, მეთანხმებით. თქვენი აზრით, როგორ აისახება რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება ქართულ ეკონომიკაზე?

_ რა თქმა უნდა, თუ ეს ურთიერთობები დარეგულირდება, ეკონომიკაზეც დადებითად აისახება იმიტომ, რომ რუსეთს აქვს უზარმაზარი ბაზარი. საერთოდ, ეკონომიკურ კრიზისებს იწვევს ბაზრის უქონლობა, წარმოებული საქონლის გაუსაღებლობა. ჩვენთან ორივე უბედურებაა. ჯერ ერთი, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკა რეალურად არაფერს აწარმოებს, გარდა სოფლის მეურნეობის პროდუქციისა, და მცირე საწარმოები მუშაობენ; მეორეც, არ არსებობს გასაღების ბაზარი. ამის გამო რუსული ბაზრის გახსნა დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე.

_ საქართველოს ხელისუფლება დღესაც დეკლარირებს, რომ ნატო არის ჩვენი მთავარი ორიენტირი. როგორ ფიქრობთ, დაუშვებენ თუ არა რუსეთის მმართველი წრეები, ბაზრები გაუხსნან ბოლომდე (ანუ ეკონომიკის განვითარებაში დაეხმარონ) ქვეყანას, რომელიც ნატოსკენ მიისწრაფვის?

_ მარტო ბაზრის გახსნა არ არის მთავარი, უნდა მოხდეს ჩვენი ეკონომიკური ინტეგრაცია რუსულ ეკონომიკურ სივრცეში. დღევანდელი სამყარო არის გლობალური სივრცეების სამყარო, რეგიონული სივრცეების სამყარო, ჩვენ თუ რომელიღაც ეკონომიკურ სივრცეში ჩვენი ინტეგრირება არ მოვახდინეთ,  საქართველოს ეკონომიკა ვერ არის თვითკმარი, ვერ შეძლებს თვითრეგულაციას და აღდგენას, ამიტომ ნებისმიერი კრიზისი მასზე დამანგრევლად მოქმედებს. მე ვთვლი, რომ ჩვენი სრული ეკონომიკური ინტეგრაცია რუსეთთან აუცილებელია. მაქსიმალურად უნდა გაკეთდეს ერთობლივი პროექტები, მით უმეტეს, დღევანდელ პირობებშიც კი საინვესტიციო კაპიტალის 70% ჩვენში არის რუსული, ამიტომ მარტო ბაზრის გახსნა კი არ არის პრობლემა, პრობლემაა მთლიანად ეკონომიკური ურთიერთობები და ერთობლივი საწარმოების შექმნა, ერთობლივი წარმოებების ორგანიზება და ერთობლივი სატრანსპორტო სივრცის ფორმირება. ვფიქრობ, ჩვენ თუ ვართ დერეფანი ერთი მხრიდან (დასავლეთიდან ან აღმოსავლეთიდან), მაშინ ამავე დროს უნდა ვიყოთ ტვირთის გამტარი ასევე ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. და ერთგვარ გზაჯვარედინად უნდა ვიქცეთ სატრანსპორტო დერეფნის თვალსაზრისით. აი, ამ შემთხვევაშია მხოლოდ ქართული ეკონომიკის გადარჩენა შესაძლებელი. ამერიკა საკმაოდ შორს არის იმისთვის, რომ ეს ფუნქცია იტვირთოს, ამიტომ ძირითადში ამერიკის აგენტურა მუშაობს ჩვენში და არა ამერიკის ეკონომიკური ერთობლივი პროგრამები.

_ სააკაშვილი ხშირად უწოდებდა ივანიშვილს რუსეთის აგენტს. შეუძლებელია, თქვენ არ იცოდეთ უცხო ქვეყნის, მაგალითად, «ცეერუს» აგენტების არსებობა «ნაცმოძრაობისა» და სააკაშვილის გარემოცვაში, ასევე ზოგადად _ ქართულ პოლიტიკურ ელიტაში. იქნებ დაგვისახელოთ, ვინ არიან ისინი?

_ რა არის, იცით? ძველი, ცივი ომის პერიოდის ცნება აგენტი აღარ არსებობს, რომლებიც ფარულ დავალებებს იღებდნენ და აგზავნიდნენ მათ «დამავერბოვკებელ» ქვეყნებში. ის დრო წავიდა, ეს იყო ორ დიდ ბანაკს შორის, კომუნისტურ ბანაკსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის, დაპირისპირებისას. დღესდღეობით რა საჭიროა აგენტურა, როდესაც არის ხალხი, რომელიც ღიად ატარებს ამა თუ იმ ქვეყნის ინტერესებს და ამას არ სჭირდება რაღაც სია და რაღაც ფარული თანამშრომლობა, ეს არის ღია თანამშრომლობა და ეს არის მთლიანად «ნაციონალური მოძრაობა». ვიმეორებ, აბსოლუტურად მთელი «ნაციონალური მოძრაობა» ამ წუთას არის რაღაც, მათი გაგებით, ტრანსფორმირებული ამერიკული თუ დასავლური ინტერესების გამტარებელი, ზოგჯერ ეს ინტერესები მაინცდამაინც შეიძლება არც ემთხვეოდეს დასავლურს და «ნაციონალურმა მოძრაობამ» თავისი გაგება შექმნა დასავლური ინტერესების. ეს არის რაღაც ლიბერალური ტიპის საზოგადოების შექმნა დაძალებით, დიქტატორული ხერხებითა და მეთოდებით.

_ რა ხდება ამ მხრივ «ქართულ ოცნებაში»?

_ «ქართულ ოცნებაშიც» არიან დასავლური ინტერესების აქტიური გამტარებლები. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პარტია «თავისუფალი დემოკრატები»,  რესპუბლიკური პარტია. დანარჩენებს უფრო, ასე ვთქვათ, ნაციონალური შუა ხაზი უჭირავთ.

_ მივედით იქამდე, რომ ქართული საზოგადოების ინტერესებს კი არ აყენებენ პირველ ადგილზე, არამედ დასავლეთის დაკვეთებს, ანუ ეროვნული ხელისუფლება არ ჰყავს საქართველოს?

_ დიახ, დასავლეთიდან დაკვეთას (და თანაც ეს დასავლეთიდან დაკვეთა მათ არასწორად აქვთ კიდევ ტრანსფორმირებული, რაღაც თავისი გაგება აქვთ ამ დასავლური დაკვეთის). რა თქმა უნდა, საქართველოს სჭირდება ეროვნული ხელისუფლება, მაგრამ ეროვნულმა ხელისუფლებამ სწორი ვექტორი უნდა აირჩიოს ქვეყნის შემდგომი განვითარების. ჩვენი განვითარების ვექტორი უნდა იყოს მიმართული იქით, საიდანაც ჩვენ რეალურ სარგებელს მივიღებთ და არა რაღაც მოსალოდნელი ჰიპოთეტური სარგებელი, რომელიც არასდროს გვექნება. კარგია ევროპაში ცხოვრება, კარგია ევროპასთან ერთად ცხოვრება, კარგია ევროპული კარგი ღირებულებები, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი სივრცისა და ამ სივრცის შერწყმა არ და ვერ ხერხდება. ევროპა ვერ მიგვიღებს, არაფერში ვჭირდებით ჩვენი პრობლემებით. დანარჩენი ეს ყველაფერი _ ურთიერთობები, ასოცირების ხელშეკრულება, მისი პარაფირება _ არის სატყუარა, რაც შეეხება ევრაზიულ სივრცეს, აქაც, სამწუხაროდ, შეიძლება დადგეს დრო, რომ არ მიგვიღონ და ჩვენ საერთოდ აღმოვჩნდეთ რეგიონული გაერთიანებების გარეშე. მარტო კი ძალიან გაგვიჭირდება არსებობა და ცხოვრება, ამიტომ ჯერჯერობით სადაც არის თავისუფალი შესვლის საშუალება, სადაც ჩვენ ჩვენი შესაძლებლობებით უფრო თანაბარნი ვართ სხვებთან, შეგვიძლია იქ წარმოვჩინდეთ ერთად და დროულად უნდა მოვახდინოთ ჩვენ იმ სივრცეში ინტეგრირება, თორემ იმ სივრცესაც კი დავკარგავთ, რომელსაც ევრაზიული სივრცე ჰქვია.

_ თანაც ნატოს კარი დახურულია

_ დიახ, ეს არის ღიად დახურული კარი. ეს რომ ხალხისთვის არის სატყუარა, 20 წელმა აჩვენა. ჩვენ ნელ-ნელა ამ სატყუარას ჯერ ვქმნიდით, მერე შევქმენით, შემდეგ ჩამოვკიდეთ და ამდენი ხანია, ხალხი შესციცინებს, მაგრამ რეალურად არავინ იცის, რა არის ნატო ჩვენთვის, რა სტანდარტებს ითხოვს ჩვენგან და რას მოგვცემს ამ შესრულებული სტანდარტების სანაცვლოდ. რომ გავამარტივოთ საკითხი, უცნაური პერსპექტივა გვაქვს _ თუ შევასრულეთ ის სტანდარტები, რომელსაც ჩვენგან მოითხოვენ, გამოდის, ძლიერი ქვეყანა ვიქნებით. ჩვენ თუ თვითონვე უზრუნველვყავით ჩვენი უსაფრთხოება, მაშინ დამატებით ინტეგრირება რაღაც რეგიონული უსაფრთხოების სივრცეებში პრობლემებს უფრო შეგვიქმნის, ვიდრე უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოახდენს. რაში გვჭირდება ნატო, თუ საკუთარი თავი ჩვენ თვითონ დავიცავით და ამის შესაძლებლობები გვექნა? ნატოში ყოფნა, რაღაც რეგიონულ ტერიტორიად ქცევა გულისხმობს ნატოს შესაბამისი შეიარაღების ჩვენს ტერიტორიაზე განლაგებას, გულისხმობს იმავე რაკეტების განლაგებას. მე ვერ წარმომიდგენია რუსეთიდან თბილისზე დამიზნებული რაკეტები. ჩემი ოჯახი თბილისში ცხოვრობს, მეც თბილისში ვაპირებ ცხოვრებას და ნამდვილად არ მინდა და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რუსეთიდან არ იყოს დამიზნებული რაკეტები საქართველოზე.

_ ნატოს ბაზის საქართველოში განთავსება იმას ნიშნავს, რომ თურქი ჯარისკაცის ჩექმა გაჩნდება საქართველოშითურქები ისედაც მასპინძლად გრძნობენ თავს ჩვენთან. ხომ არ გამოიწვევს ეს, ფაქტობრივად, საქართველოს «ოკუპაციას»?

_ თუ ნატოს ბაზა საქართველოში განლაგდება, რა თქმა უნდა, იქ დომინანტი იქნება თურქეთი, ანუ საქართველოში შემოსვლას ნატო განახორციელებს თურქეთის მეშვეობით. ტერიტორიულად ყველაზე ახლოს ის არის, მას უფრო შეუძლია ლოჯისტიკური საკითხების გადაწყვეტა და ამავე დროს, თურქეთს გარკვეული პოლიტიკური ინტერესებიც გააჩნია საქართველოში. ამდენად, იმედია, ეს არ მოხდება, მაგრამ უნდა მოველოდეთ, რომ, თუ ასეთი რამ იქნა, ეს აუცილებლად თურქეთის მეშვეობით მოხდება. აქ არ განალაგებენ ინგლისელებს, ფრანგებს, გერმანელებს, აქ განალაგებენ აუცილებლად თურქებს.

_ აშშ ისედაც უხეშად ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში, ახლა თურქეთიც რომ დაემატოს?..

_ საერთოდ, ნებისმიერი ჩარევა არასწორია, მაგრამ ნებისმიერ ჩარევას ახლავს რაღაც თანმდევი პროცესი. მაგალითად, ჩარევის სანაცვლოდ შეიძლება მიიღო ერთგვარი სარგებელი. ვფიქრობ, რომ აშშ-ს მცირე კაპიტალი მაინც რომ ჩაედო საქართველოში, ჩვენს ეკონომიკას რომ წადგომოდა აშშ-ის კაპიტალი, ამ თვალსაზრისით რომ ყოფილიყო პროტექციონალური ხასიათის მცირედი ღონისძიებები მაინც, რაღაცნაირად ქართული საზოგადოება ჩაყლაპავდა ამ შიდა პოლიტიკაში ჩარევას. დღეს არათუ რეკომენდაციებს გვაძლევენ, არამედ არსებობს გარკვეული მოთხოვნები შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით და ამ დროს არ არსებობს არავითარი დახმარება და ხელისგაწვდენა ეკონომიკური საკითხების მოგვარების მიზნით. აშშ უხეშად ერევა ჩვენს საქმეებში და ამის სანაცვლოდ არაფერი სასიკეთო ჩვენთვის არ მოაქვს. ვიმეორებ: ჩარევა მიუღებლად მიმაჩნია, მაგრამ, თუ იქნება ჩარევა, უნდა იყოს რაღაც სასიკეთოს სანაცვლოდ, ჩვენ კი ეს რაღაცაც არ გვაქვს.

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here