Home რუბრიკები პოლიტიკა ღარიბაშვილის მთავრობა «მარტო სახლში»

ღარიბაშვილის მთავრობა «მარტო სახლში»

585

ორი წლის წინ ყველას როდი სჯეროდა, რომ ბიძინა ივანიშვილი დაწყებულ საქმეს ტრიუმფალური გამარჯვებით დააგვირგვინებდა და სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟი სისხლისღვრის გარეშე მოხერხდებოდა. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება: უმძიმესი სასტარტო პირობების მიუხედავად, ქართული საზოგადოების უმრავლესობამ სასურველ მიზანს მიაღწია, თანაც ისე, რომ ქვეყანა ძმათამკვლელი ომის უფსკრულში არ გადაჩეხა, რაც მსგავს სიტუაციაში არაერთ უცხო ქვეყანაში არაერთგზის მომხდარა. ორწლიანი, დრამატული ბრძოლა დასრულდა და საქართველოს უახლეს ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო; ქართული პოლიტიკა, სავარაუდოდ, გაცილებით მშვიდი და პროგნოზირებადი გახდება, მაგრამ, ამავე დროს, მაინც საინტერესო იქნება.

 

არმაგედონი ჯერ არ მოხდება

მომავალი კვირის ცენტრალური მოვლენა, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის ცერემონიაა. ის, სავარაუდოდ, ორწლიანი მოღვაწეობის შედეგებს შეაჯამებს და ახალ მთავრობას ძირითად ორიენტირებს დაუსახავს, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა, ცნობილი კომედიის «მარტო სახლში» გმირის მსგავსად, როგორც ძველი ისე ახალი, ჯერაც ამოუცნობი გამოწვევების პირისპირ დარჩება.

მიუხედავად იმისა, რომ კონსპიროლოგები უახლოეს მომავალში მწვავე პოლიტიკურ კრიზისს გვიწინასწარმეტყველებენ, ახალ მთავრობას ხელშესახებ პერსპექტივაში განსაკუთრებული არაფერი ემუქრება. ახალი საკონსტიტუციო ნორმების შესაბამისად, მისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დაყენებაც კი (არათუ უნდობლობის გამოცხადება) «ნაციონალებთან» ალიანსში მმართველი კოალიციის რომელიმე ფრაქციის, მაგალითად, რესპუბლიკელების ან «თავისუფალი დემოკრატების» (ნაკლებად სავარაუდოა, ეს რომელიმე სხვა ფრაქციამ გააკეთოს) შესვლას მოითხოვს, რადგან ამისთვის საჭიროა სიითი შემადგენლობის 2/5-ის მხარდაჭერა. შემდეგ, თუ საკითხი დღის წესრიგში დადგება, პროცესის დაწყებისთვის «შეთქმულებს» სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი დეპუტატის მობილიზება მოუწევთ, ხოლო «ნაციონალების» და ორი ხსენებული ფრაქციის ძალები ამისთვის საკმარისი არ არის. თუ ჩვენ თეორიულად დავუშვებთ, რომ ისინი კიდევ რამდენიმე დეპუტატს დაითანხმებენ და ახალი პრემიერმინისტრის კანდიდატურაზეც შეთანხმდებიან, პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება, ვეტოს უფლება გამოიყენოს, რომლის გადალახვას და ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას უკვე სიითი შემადგენლობის 3/5 დასჭირდება. მოკლედ რომ ვთქვათ, ღარიბაშვილის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება უახლოეს პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელი ჩანს. 2010 წელს მიღებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა, რომელთა მეშვეობით მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ხელისუფლების «ჩაბეტონებას» ლამობდა, ეს პროცესი მეტად გაართულა. ამასთანავე, რესპუბლიკელები ან «თავისუფალი დემოკრატები» მანიაკები არ არიან და დაუფიქრებლად არ წავლენ ავანტიურაზე, რომელიც, წარუმატებლობის შემთხვევაში, სრულ პოლიტიკურ ანიჰილაციას (წარმოვიდგინოთ ამომრჩეველთა უმრავლესობის რეაქცია მსგავს ნაბიჯებზე) უქადის. საუბარი ამ თემაზე ძალზე ნაადრევია, არააქტუალური და, ალბათ, სასაცილოც.

მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილის მთავრობის დათხოვნა ხელშესახებ პერსპექტივაში თითქმის წარმოუდგენელია, ოპონენტები მის წინააღმდეგ, დიდი ალბათობით, ფართომასშტაბიან საინფორმაციო ომს გააჩაღებენ, თანაც ძალიან მალე, ვიდრე გაძლიერდება მისი მთავარი დასაყრდენი, დღესდღეობით ფრიად ამორფული პარტია (და არა კოალიცია) «ქართული ოცნება», რომლის ყრილობა ასევე 24 ნოემბერს ჩატარდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის _ ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, პარტიას ეყოლება ახალი თავმჯდომარე, ახალი გენერალური მდივანი და განახლებული პოლიტსაბჭო, ამასთანავე, «პარტიამ ყრილობის შემდეგ განახლებული ენერგიით უნდა გააგრძელოს მუშაობა, რათა იგი გახდეს რეალურად გამარჯვებული პოლიტიკური ძალის სახე და იყოს ჭეშმარიტად მმართველი პარტია საქართველოში, შეიძინოს მეტი შესაძლებლობები და პოტენციალი, რათა მხარში დაუდგეს მთავრობას» (ინტერპრესნიუსი). ალბათ, არავინ იდავებს იმაზე, რომ, რაც უფრო გაძლიერდება ეს პარტია, მით უფრო დაკნინდება მისი კოალიციური მოკავშირეების მნიშვნელობა და გავლენა და ნაკლებად სავარაუდოა, ეს პერსპექტივა მათ ხიბლავდეს.

მიუხედავად იმისა, რომ კვირას ყრილობაზე, სავარაუდოდ, ბევრს ისაუბრებენ შიდაპარტიულ დემოკრატიასა და იდეურ სიახლოვეზე, ჩვენ გარკვეული დროის შემდეგ, დიდი ალბათობით, მივიღებთ კიდევ ერთ ჩვეულებრივ პოსტსაბჭოთა სახელისუფლო პარტიას, რომელიც მთლიანად მიბმული იქნება ერთი კაცის ნებასურვილზე და რომლის შიგნით გაჩაღდება სხვადასხვა ჯგუფის ფარული ბრძოლა გავლენის გაფართოებისთვის, როგორც ეს, თავის დროზე, «მოქალაქეთა კავშირსა» და «ნაციონალურ მოძრაობაში» მოხდა; რაღაც მომენტში ის შეიძლება თვითგანადგურების ფაქტორად გადაიქცეს. კრიზისი «მოქალაქეთა კავშირში» კარგად შესწავლილია, ხოლო «ნაცმოძრაობაში» _ ჯერჯერობით ნაკლებად, მიუხედავად იმისა, რომ მან სააკაშვილის რეჟიმის კრახში არცთუ უმნიშვნელო როლი შეასრულა. მაგრამ ის, რომ მწვავე შიდა დაპირისპირება მსგავსი წარმონაქმნების შიგნით გარდაუვალია, არ ნიშნავს იმას, რომ ის «ქართულ ოცნებაში» მალევე დაიწყება; გავლენის გაფართოებისა და გაძლიერების ეტაპზე მსგავსი რამ, როგორც წესი, არ ხდება, განსაკუთრებით ნორმალური პარტიული მენეჯმენტის პირობებში. ეს ცოტა სხვა, ადრეული სტადიაა, როდესაც ახალი მმართველი პარტია ძალას იკრებს და პოლიტიკურ პროცესში ჩართულ სხვა ჯგუფებზე გაცილებით ძლიერი ხდება.

ვაშინგტონი თუ მოსკოვი?

რესპუბლიკელების სურვილი, შეინარჩუნონ უცაბედად მოპოვებული, არაპროპორციულად დიდი გავლენის ზონა, ირაკლი ალასანიას დაუკმაყოფილებელი ამბიციები, «ნაციონალების» შიში და ყოვლისმომცველი სიძულვილი ახალი ხელისუფლების მიმართ, პარლამენტს გარეთ დარჩენილი ძალების სურვილი _ საკუთარი პოზიციები გაიუმჯობესონ _ ყოველივე ეს ობიექტურად არსებობს, მაგრამ არასაკმარისია იმისთვის, რომ მთავრობას და გაძლიერების გზაზე მდგომ სახელისუფლო პარტიას სერიოზული პრობლემები შეექმნას. საბოლოო ჯამში, ეს განსხვავებული მოტივებია (უფრო ფართოდ კი პოლიტიკური ვექტორებია) და ამ ფუნდამენტზე ძლიერი ოპოზიციის ჩამოყალიბებას მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მასშტაბის მოთამაშე (ასეთი არ ჰყავთ) ან მძლავრი უცხო სახელმწიფო თუ შეძლებს. ასეთად ამერიკის შეერთებულ შტატებს მოიაზრებენ, მითუმეტეს, რომ ჩამოთვლილი ძალების უმრავლესობა აღიქვამს ვაშინგტონის პოზიციას ჭეშმარიტებად უკანასკნელ ინსტანციაში, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამერიკელებმა უახლოეს მომავალში მათი გავლენის ქვეშ მყოფ ძალებს ახალი ხელისუფლების  წინააღმდეგ ფრონტალური შეტევის დაწყება ურჩიონ. ობიექტური წინაპირობები ამისთვის არ არსებობს, ხოლო ხელისუფლება სავარაუდო ოპონენტებზე გაცილებით ძლიერი ჩანს.

მსგავს შეტევებს (თუკი ჩვენ თეორიულად დავუშვებთ, რომ ის დაიგეგმება) წინ უძღვის საკმაოდ ხანგრძლივი ან ზეინტენსიური პრელუდია, დამკვეთის მიერ კონტროლირებადი არასამთავრობოებისა და მედიის მუდმივი იერიშებით; «სამხედრო მეტაფორას» თუ გამოვიყენებთ, ამ შემთხვევაში «ტანკების» (პოლიტიკოსების) გადასვლას შეტევაზე წინ უნდა უძღოდეს საარტილერიო მომზადება (საინფორმაციო სივრცისა და საზოგადოებრივი აზრის ინტენსიური დამუშავება), ამის ნიშნები კი ჯერჯერობით არ ჩანს. საქართველოს ახალი ხელისუფლება საკმარისად დამჯერია და უამრავი სხვა ამოცანის გადაწყვეტით დაკავებულ ვაშინგტონს მის შეცვლაზე ზრუნვა ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, არაფერში სჭირდება. ხოლო მსჯელობა იმაზე, რომ ივანიშვილის ხელისუფლება შეეცდება, თანდათან დააღწიოს თავი დასავლელი პარტნიორების მკაცრ კონტროლს, რომელიც სააკაშვილის მმართველობის წლებში ლამის ყოვლისმომცველი გახდა და გადაწყვეტილების სივრცე გაიფართოვა, აქტუალური მას შემდეგ გახდება, რაც ამის პირველი ნიშნები გამოჩნდება (თუ გამოჩნდება). 

მიხეილ სააკაშვილი სასტიკი, ზოგჯერ კი აშკარად პათოლოგიური გადაწყვეტილებებით, ოპონენტებს პრაქტიკულად ყოველდღე აძლევდა საბაბს მწვავე კრიტიკისთვის, ხოლო ახალი მთავრობა წინამორბედთან შედარებით გაცილებით ფრთხილი ჩანს. ნაკლებად სავარაუდოა, მან სააკაშვილს მიბაძოს და მკვლელ პოლიციელებს ხელი დააფაროს, სადისტურად დაარბიოს მიტინგები, ტელეკომპანიები, ცინიკურად წაართვას მოქალაქეებს ქონება და ა. შ. ამ მხრივ, საფრთხე შედარებით მცირე ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე სიტუაციური შეცდომებისგან არც ერთი მთავრობა დედამიწის ზურგზე დაცული არ არის. მოკლევადიან პერსპექტივაში ყველაზე სერიოზული საფრთხეები, ალბათ, ორ პრობლემურ ზონას დაუკავშირდება: ) ურთიერთობები რუსეთთან; ) მზარდი დაძაბულობა და შესაძლო დაპირისპირება მძიმე შედეგებით ეროვნულ ან რელიგიურ ნიადაგზე, მაგალითად, ქართველებისა და თურქების ჯგუფებს შორის (თბილისში, აჭარაში და ზოგიერთ სხვა რეგიონში ტემპერატურა, ამ მხრივ, აშკარად მატულობს).

კრემლს არ მოსწონს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ევროინტეგრაციული მისწრაფებები (ეს გაღიზიანება ვილნიუსის სამიტის წინ განსაკუთრებით საგრძნობია) და მათ წინააღმდეგ შეიძლება გარკვეული სანქციებიც აამოქმედოს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაპირისპირებამ ძალისმიერი ხასიათი შეიძინოს. მარტივად რომ ვთქვათ, ომი ამის გამო არ დაიწყება, თუმცა რუსულ ბაზარზე შეიძლება ახალი პრობლემები შეგვექმნას. მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი საბოლოოდ დარწმუნდება, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება არ აპირებს, ნატოში სწრაფი ინტეგრაციის გზას გადაუხვიოს და ალიანსში მისი მიღების ალბათობა გაზარდოს. ამ სიტუაციაში რუსები, სავარაუდოდ, გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, მკვეთრად გააძლიერებენ ზეწოლას საქართველოზე და უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება კიდევ ერთხელ იომონ, რადგან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არშეშვება სამხრეთ კავკასიაში მათთვის ზეპრინციპული საკითხია.

ამასთან დაკავშირებით, არსებობს მოსაზრება, რომ საკითხის გადაყვანა მუდმივი მოლოდინის რეჟიმში (ოფიციალური თბილისი, ვაშინგტონი და ბრიუსელი მუდამ ისაუბრებენ საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე, მაგრამ რეალურად არაფერი მოხდება) ამ საფრთხეს ანეიტრალებს. თუმცა მოსკოვი, სავარაუდოდ, შეეცდება, საკითხი დღის წესრიგიდან საერთოდ მოხსნას, როგორც ეს უკრაინაში მოახერხა, რადგან დღეს მისი გადაწყვეტა მიბმულია გერმანიისა და ალიანსის წევრი «ძველი ევროპის» სხვა ქვეყნების პოზიციაზე და მას არ სურს, ეს მდგომარეობა დიდხანს შენარჩუნდეს. მოკლედ რომ ვთქვათ, მოსკოვი არ იტყვის პრინციპულ უარს კონფრონტაციაზე, ვიდრე თბილისში ნატოზე ისაუბრებენ და ახალი მთავრობა მოულოდნელად შეიძლება სერიოზული გართულებების წინაშე აღმოჩნდეს.

ბორდელი უნდა დაიხუროს

ინციდენტი აღმაშენებლის გამზირზე, როდესაც ერაყულ ბარში ქართველების ჯგუფი არ შეუშვეს და მცირერიცხოვანი საპროტესტო დემონსტრაციები, რომლებიც ამას მოჰყვა, ბევრს პერიფერიულ მოვლენად ეჩვენება, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას არ იმსახურებს. თუმცა ფრთხილი და წინდახედული კომენტატორები ფიქრობენ, რომ სააკაშვილის «ღია კარის» პოლიტიკამ, რომლის შედეგად საქართველო უცხოელებისთვის «პროხოდნოი დვორად» იქცა, მომავალში შეიძლება უმძიმესი კრიზისი გამოიწვიოს. ბოლო წლებში ჩვენ არაერთგზის ვიხილეთ, თუ როგორ «კეთდება კონფლიქტი» _ დეტონატორის როლს ხანდახან ასრულებს ბანალური ჩხუბი ცივი იარაღის გამოყენებით (რომლის პროვოცირება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს), რის შემდეგაც პროცესები შეიძლება უმართავი გახდეს.

ქართველი ახალგაზრდების პროტესტი «ერაყულ ინციდენტთან» დაკავშირებით სავსებით გასაგები და ბუნებრივია, მაგრამ ახალი ნაციონალისტური ჯგუფების სტიქიური ფორმირება საფრთხეს მნიშვნელოვნად ზრდის, მათი რიცხობრივი სიმცირე არაფერი შეღავათი არ არის (დეტონატორიც პატარაა), ერთი ლოკალური დაპირისპირება შეიძლება იქცეს პირველი რგოლად საბედისწერო მიზეზშედეგობრივ ჯაჭვში, რომელსაც თურქეთთან ურთიერთობების სწრაფი დაძაბვა (ამოუცნობი შედეგით) ან საქართველოში (ალტერნატიული სცენარის ფარგლებში) რადიკალი ისლამისტების მკვეთრი გააქტიურება მოჰყვება.

ახალი კანონპროექტი, რომელიც (იდეაში) საქართველოში უცხოელი მიგრანტების ზღვარგადასული შემოდინების გარკვეულ შეზღუდვას და პროცესზე შსს-ს კონტროლის დაწესებას გულისხმობს, შესაძლოა, არასაკმარისი, თუმცა აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია. მაგრამ ამასთან ერთად, მთავრობამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რათა სტიქიური ნაციონალურისტური მოძრაობა კალაპოტს არ გასცდეს. ცხადია, ვერავინ გააუქმებს ერთბაშად სააკაშვილის გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგებს და მიგრანტების ტოტალურ დეპორტაციას ვერ მოახდენს (მსგავსი მოთხოვნების დაყენება არანორმალურია), მაგრამ ხელისუფლებამ თანდათან უნდა მოსპოს ის ნახევრადკრიმინალური ბიზნესი (უპირველესად, ბორდელები და საეჭვო კაზინოები), რომლებიც მათ საქართველოში გახსნეს. ეს იოლი საქმე სულაც არ არის, რადგან მათ მეპატრონეებს, 99%-იანი ალბათობით, მაღალჩინოსანი მფარველები ჰყავთ. სასურველია, ახალმა ხელისუფლებამ მთლიანობაში უარყოს გამანადგურებელი კონცეფცია, რომლის ფარგლებში ყოფილი ხელისუფლება საქართველოს განიხილავდა, როგორც საროსკიპოს და სამორინეს უცხოელი, უპირველესად, აღმოსავლელი სტუმრებისთვის და დაფიქრდეს ზოგიერთ ქვეყანასთან უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე. ეს პრობლემას არ მოხსნის, თუმცა კონფლიქტოგენური წერტილების ნაწილი ნამდვილად მოისპობა, რაც მოსალოდნელ საფრთხეს ნაწილობრივ მაინც შეამცირებს.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here