Home რუბრიკები პოლიტიკა სამართლიანობის აისბერგი და სოციალისტური რევოლუცია

სამართლიანობის აისბერგი და სოციალისტური რევოლუცია

748

გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციამ, როგორც მოსალოდნელი იყო, მშვიდად, შინაურულად, ზედმეტი პათეტიკისა და მელოდრამატული ჟესტების გარეშე ჩაიარა. მიხეილ სააკაშვილი ცერემონიას არ დასწრებია, რაც საზოგადოების არცთუ უმნიშვნელო ნაწილს ძალიან(აც) მოეწონა; მათი აზრით, 2008 წლის არჩევნების გამყალბებლის და, შესაბამისად, უზურპატორის დასწრება დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ყოვლად უადგილო იყო.

 

17 ნოემბერს მოხდა ძველ რეჟიმთან კავშირის სიმბოლური გაწყვეტა, რომელსაც ეს ადამიანები ამდენხანს ელოდნენ _ ინაუგურაცია «ნაციონალების» გარეშე ჩატარდა, ახალმა პრეზიდენტმა კი საბოლოოდ უარი თქვა ავლაბრის რეზიდენციაში გადაბარგების იდეაზე, რომლის აშენებაზე სააკაშვილმა უსინდისოდ დიდი თანხა დახარჯა და სადაც ამდენი რეპრესიული, ანტიდემოკრატიული გადაწყვეტილება მიიღო. ახლა გასარკვევი მხოლოდ ის დაგვრჩა, გადაიქცევა თუ არა ეს სიმბოლური დისტანცირება წარსულისგან შესაბამისი პოლიტიკის პირველ მერცხლად.

ამ პოლიტიკის დაყვანა მხოლოდ მაღალჩინოსანი დამნაშავეების დასჯამდე ან თუნდაც სააკაშვილის მმართველობის წლებში მოქალაქეებისთვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნებამდე, ალბათ, დიდი შეცდომა იქნება. ყოველივე ეს, აქტუალურობის მიუხედავად, მხოლოდ აისბერგის ხილული ნაწილია. სამართლიანობის აღდგენის პრობლემა არაერთ სხვა ასპექტს მოიცავს და უკანონობის აღმოფხვრით როდი შემოიფარგლება.

თუ ჩვენ დავუბრუნდებით ეროვნული მოძრაობის პერიოდს, ვნახავთ, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დამოუკიდებლობის აღდგენის გულისთვის სავსებით შეგნებულად უარი თქვა სოციალურ უსაფრთხოებაზე, რომელსაც საბჭოთა სახელმწიფო სთავაზობდა. ბევრი მოაქალაქე (ყველა ნამდილად არა) აცნობიერებდა, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდებოდა და წარსულს ჩაბარდებოდა (სსრკ-ის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებზე დაფუძნებული) სახელმწიფოს ვალდებულება, უზრუნველეყო მოქალაქე საცხოვრებლით, სამუშაო ადგილით, უფასო ჯანდაცვით, განათლებით (და . .) და შეენარჩუნებინა დაახლოებით ისეთი სიტუაცია, როდესაც კომუნალური გადასახადები ოჯახის შემოსავლის 3%- არ აღემატებოდა. სსრკ-ს ბევრი მინუსი ჰქონდა, მაგრამ, ალბათ, არავინ იდავებს იმაზე, რომ ყოველივე ჩამოთვლილი რეალურად იყო, განსაკუთრებით ბრეჟნევის მმართველობის წლებში, როდესაც (მაგალითად) ახალ ბინებში 161 მილიონი საბჭოთა მოქალაქე შესახლდა. მაგრამ უარი ამ გარანტიებზე არ ნიშნავდა თანხმობას საბჭოთა საქართველოს მატერიალური მემკვიდრეობის იმგვარ განაწილებაზე, რომელსაც ადგილი ბოლო ოცი წლის განმავლობაში ჰქონდა, თავისი ძარცვა-გლეჯვით, «პრიხვატიზაციით», ფაქტობრივი კონფისკაციებით და კონტრკონფისკაციებით.

მოკლედ რომ ვთქვათ, ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოში მოხვეჭილ სიმდიდრეს მოსახლეობის დიდი ნაწილი ლეგიტიმურად არ აღიქვამს. ის მიიჩნევს, რომ მისი მოპოვება კანონისა და ზნეობის ნორმის გადაბიჯებით მოხდა, არსებითად უსამართლოა, შესაბამისად, შექმნილი სიტუაცია არამყარი და დროებითია. ეს ადამიანები შინაგანად არ ეგუებიან იმ რეალობას, რომლის ფარგლებში მოქალაქეები «ა» და «ბ» მდიდრები უნდა იყვნენ, «გ» და «დ» ქვეყანას მართავდნენ, «ე» და «ვ» მათთან კომპრომისზე წასულ საშუალო კლასს წარმოადგენდნენ, ხოლო ანბანის ყველა დანარჩენი ასო შიმშილის ზღვარზე არსებობისთვის იბრძოდეს. ისინი თვლიან, რომ მათ 90-იანებიდან მოყოლებული ატყუებენ, ძარცვავენ და არსებითად არა რომელიმე პარტიას ან პოლიტიკას, არამედ მთელ ამ რეალობას უპირისპირდებიან. მათ არ ტოვებს განცდა, რომ უსამართლოდ ექცევიან. ამ ნიადაგზე ყალიბდება ორი ცხოვრებისეული სტრატეგია: ) მიბაძვისა და კონფორმიზმის, ანუ ათასი უკანონო, ამორალური ხრიკის გამოყენებით გამდიდრების, პოლიტიკაში «შეძრომის» და შესაბამისი სოციალური პლაცდარმის მოპოვების; ) ტოტალური უარყოფის, ამ სისტემის (და შესაბამისად, ქვეყნის) მუდმივი დესტაბილიზაციით. ორივე შემთხვევაში სტრატეგიის მწვერვალს, ფაქტობრივად, წარმოადგენს სხვისი ქონების ექსპორპრიაცია, გამდიდრება მისი გადანაწილების ხარჯზე; ამ მიდგომების ფართო გავრცელება ზღუდავს, დევნის ქართული რეალობიდან ადამიანებს, რომელთაც სურთ, პატიოსნად იშრომონ და დალაგებულ სახელმწიფოში იცხოვრონ.

ინტელექტუალების დიდი ნაწილი სააკაშვილის რეჟიმს არ ეკარებოდა, ხოლო ის, ვინც მის სამსახურში ჩადგა, ვერ მოახერხა, აეხსნა გაღატაკებული მოსახლეობისთვის, რატომ უნდა იყოს «ასე და არა სხვაგვარად», რატომ უნდა მდიდრდებოდნენ და სარგებლობდნენ ყველა უფლებით ერთნი, ხოლო მეორენი შიმშილობდნენ და პოლიციელების შიშით თავს მაღლა ვერ წევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ ხელთ იყო უმძლავრესი პროპაგანდისტული მანქანა, მათ ვერაფერი შესთავაზეს საზოგადოებას პრიმიტიული სოციალური რასიზმის და ანტირუსული ისტერიული შეძახილების გარდა (იმ ფონზე, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნები მშვენივრად თანამშრომლობდნენ მსხვილ რუსულ კომპანიებთან). ამიტომაც მოხვდნენ ისტორიის სანაგვეზე, თუმცა ეს გარემოება პრობლემას არ ხსნის.

ახალ ხელისუფლებასაც, თუ სიტუაციას არ გააუმჯობესებს, მსგავსი პრობლემები შეექმნება _ ერთის მხრივ, პრობლემებს სწრაფ (ნებისმიერ ფასად) გამდიდრებაზე ორიენტირებული «თავისიანები» შეუქმნიან; მეორე მხრივ, სოციალურ სამართლიანობაზე მეოცნებე უზარმაზარი მასა, რომელიც პრაქტიკულად გარანტირებულად გადაიქცევა ფეთქებადსაშიშ რესურსად უპასუხისმგებლო დემაგოგების ხელში.

რა თქმა უნდა, დღეს წარმოუდგენელია საბჭოთა კავშირის დროინდელი სოციალური გარანტიების დაბრუნება და ასევე ფიზიკურად შეუძლებელია თავის დროზე მიტაცებული ქონების ხელახალი, სამართლიანი განაწილება. მაქსიმუმი, რასაც ხელისუფლება მოახერხებს, განსაკუთრებით ცინიკურ შემთხვევებში ქონების ძველი მფლობელებისთვის დაბრუნებაა. მდიდრები, მიუხედავად იმისა, რა გზით გამდიდრდნენ თავის დროზე, დარჩებიან მდიდრებად, ხოლო ღარიბები _ ღარიბებად, შესაბამისად, არსად გაქრება უსამართლობის განცდა და მისგან გამომდინარე რადიკალური ცვლილებების მოთხოვნაც. ახალ ხელისუფლებას მანევრის შესაძლებლობა არ აქვს _ ეკონომიკა პრაქტიკულად მკვდარია და გაჭირვებულთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მას მხოლოდ მოკრძალებული ნაბიჯების გადადგმა ძალუძს.

შესაძლოა, ამ სიტუაციაში ქვეყნისთვის დადებითი როლის შესრულებას შეძლებდნენ ახალი, პასუხისმგებლობის მქონე მემარცხენე ძალები, რომელნიც, ერთის მხრივ, აიყოლიებდნენ გაღატაკებულ მასებს უფრო სამართლიანი, სოციალურად კომფორტული წყობის დამკვიდრების იდეებით, მაგრამ, მეორე მხრივ, თავს შეიკავებდნენ რადიკალური დესტაბილიზაციისგან და დასახული მიზნების მიღწევას ნაბიჯ-ნაბიჯ, ეკონომიკის გაძლიერების პარალელურად შეეცდებოდნენ. არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ქართველმა ლეიბორისტებმა საკუთარი შესაძლებლობები მნიშვნელოვანწილად ამოწურეს და «მარცხენა ფლანგზე» სასურველია ახალი, გაცილებით მიმზიდველი, გონიერი ძალა გამოჩნდეს. საერთოდ, მოთხოვნა ახალ მემარცხენეებზე აქტუალურია მთელ დღევანდელ, კრიზისში მყოფ მსოფლიოში; საქართველოში კი ჰაერივით საჭიროა ახალი იდეები, იმისთვის, რათა მოქალაქეების კრიტიკულად დიდ ნაწილს თანდათან გაუქრეს განცდა, რომ გამოსავალი შექმნილი, აშაკარად უსამართლო სიტუაციიდან არ არსებობს. მათ უნდა დაინახონ სამართლიანი, სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფოს შექმნის მიმზიდველი და, ამავე დროს, რეალისტური პროგრამა.

ნუთუ სამართლიანობის აღდგენა, როგორც უმნიშვნელოვანესი ეტაპი ქვეყნის ცხოვრებაში, გულისხმობს მხოლოდ დამნაშავე მაღალჩინოსნების დასჯას ან თუნდაც მათ მიერ მიტაცებული ქონების კონფისკაციას, მაშინ, როდესაც საქართველო პირველ ადგილზეა ევროპაში 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობით? არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები შიმშილით იღუპებიან, ემიგრაციის მასშტაბმა ყველა ზღვარს გადააჭარბა, ქართველი ქალის მუშაობა ბორდელში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, ხოლო მამაკაცების არცთუ მცირე ნაწილს მონათმფლობელობის ხანისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგია და უნარ-ჩვევები გამოუმუშავდა. აღვიქვამთ თუ არა ასეთ საქართველოს სამართლიანად, თუნდაც ციხეში სააკაშვილის რეჟიმის უკლებლივ ყველა წარმომადგენელი მოხვდეს, რომელთაც ამ სიტუაციის შექმნაში უდიდესი წვლილი მიუძღვით? შესაძლოა, სამართლიანობის აღდგენა გაცილებით მასშტაბური რამ არის, ვიდრე წარმოგვიდგენია და, შესაბამისად, გაცილებით დიდ ძალისხმევას მოითხოვს. როდესაც 2012-ში უამრავი ადამიანი სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგს გაჰყვა, ბევრი მათგანი ქვეტექსტში სოციალურ სამართლიანობასაც გულისხმობდა და ეს მოტივი არსად გამქრალა.

რა შეიძლება გააკეთოს ახალმა ხელისუფლებამ, ვიდრე ეკონომიკა არ გამოცოცხლდება (რაც ჯერჯერობით სათუოა), ხოლო ჰიპოთეტური «ახალი მემარცხენეები» (საიდან?) თავისი გენიალური იდეებით ასპარეზზე არ გამოჩნდებიან? რაოდენ ბანალურად უნდა გაიჟღეროს, მან უნდა მკაცრად დაიცვას კანონი და (როგორც მინიმუმი, შეეცადოს) ყველანაირად შეზღუდოს «წილში ჩაჯდომის» პრაქტიკა; შესაბამის მცდელობებს ადგილი, სამწუხაროდ, დღესაც აქვს. ამასთანავე, მან უნდა დაანახოს მოქალაქეებს, რომ არსებობს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების გაცილებით კარგი, უსაფრთხო გზები, ვიდრე პოლიტიკური კარიერა (მასთან დღესდღეობით დაკავშირებული ნეპოტიზმით და ლიდერების მონური მორჩილებით) ან ფსევდო-ბიზნესი, «ჩალიჩი» ხელისუფლების ქოლგის ქვეშ, კანონდარღვევის ზღვარზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მიიღებს დაძაბულობის მორიგ, ერთი შეხედვით, არალოგიკურ ზრდას, შემდეგ კი _ არსებითად სოციალურ უკმაყოფილებაზე დაფუძნებულ ბუნტს, ტოტალურ დესტრუქციას, რომელსაც ახალი ბელადები იმ დროისთვის აქტუალურ პოლიტიკურ ლოზუნგებში შეფუთავენ.

დათრგუნვის პოლიტიკა, რომელსაც სააკაშვილი მიმართავდა, უშედეგო გამოდგა და მის რეჟიმთან კავშირის გაწყვეტა, ალბათ, არამხოლოდ ხელკეტის ქნევაზე უარის თქმას უნდა გულისხმობდეს, არამედ იმის აღიარებასაც, რომ სახელმწიფო საფუძვლიან გარდაქმნას მოითხოვს. დღევანდელი ელიტისთვის კომფორტული პირობების ხელოვნური დაკონსერვების მცდელობას კარგი არაფერი მოჰყვება. საჭიროა არამხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის, არამედ მის მიერ შექმნილი სოციალური გენოციდის კონვეიერის დემონტაჟი. შესაძლოა, ამისთვის საჭიროა ახალი ელემენტი სისტემაში, ახალი მემარცხენე ოპოზიცია, რადგან დღეს პარლამენტში წარმოდგენილი ძალები ამ ამოცანას, 99%-იანი ალბათობით, ვერ შეასრულებენ; ხილული დაპირისპირების მიუხედავად, ისინი იდეოლოგიურად ერთმანეთისგან არც ისე შორს დგანან. ბევრ მათგანს, უბრალოდ, ვერ წარმოუდგენია სხვა პრინციპებზე დაფუძნებული, მოქალაქეთა კეთილდღეობასა და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული საქართველო და, შეიძლება ითქვას, «წარსულის დეპუტატები» არიან; მათი წინდაუხედაობა შეიძლება ახალი, ამჯერად ნამდვილი რევოლუციის ფასად დაგვიჯდეს. ნუ დაველოდებით ავანსცენაზე ქართველი ფიდელ კასტროს და ჩე გევარას გამოსვლას, თორემ იმ მომენტში ფიქრი სოციალურად ორიენტირებულ რეფორმებზე უკვე დაგვიანებული იქნება.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here