Home რუბრიკები პოლიტიკა აფხაზებსა და ოსებს თავად უნდა ვკითხოთ, რა სურთ

აფხაზებსა და ოსებს თავად უნდა ვკითხოთ, რა სურთ

538

საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით რუსი ექსპერტები და პოლიტოლოგები ჩამოვიდნენ. სტუმრები საქართველოს, «კავკასიური სახლის» ინიციატივით, პროგრამის _ «ქართულრუსული დიალოგის პერსპექტივის» ფარგლებში ეწვივნენ და ქართველ ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს შეხვდნენ. როგორ ესახებათ რუსეთში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარების პერსპექტივა, საქართველოში ვიზიტით მყოფ რუს ექპსერტებს არასამთავრობო ორგანიზაციის «გლობალური კვლევების ცენტრის» (ნანა დევდარიანის ხელმძღვანელობით) მიერ გამართულ შეხვედრაზე  ვკითხეთ.

 

რუსეთის სტრატეგიული კვლევების ცენტრის (РИСИ) უფროსი მეცნიერთანამშრომელი, არტურ ატაევი, ქართულრუსულ ურთიერთობებს დადებითად აფასებს და მიაჩნია, რომ ის ურთიერთობა, რომელიც დღეს ორ ქვეყანას შორის არსებობს, ამ ეტაპზე სრულიად საკმარისია. «საქართველოში პროგრამის _ «რუსულ-ქართული დიალოგის პერსპექტივის» ფარგლებში, ჩამოვედით და შევხვდით ქართველ ექსპერტებს, როგორც მთავრობის, ასევე არასამთავრობო და კომერციული სექტორის წარმომადგენლებს _ ზურაბ აბაშიძეს, გია ნოდიას, ზაზა შათირიშვილს და სხვებს… ჩვენ შორის გულახდილი საუბრები გაიმართა, მაგრამ გარკვეულ საკითხებს მხოლოდ დახურულ კარს მიღმა განვიხილავთ, ექსპერტები შევთანხმდით, რომ ჯერჯერობით მათი გახმაურება და განხილვა არ ღირს.

რაც შეეხება უშუალოდ რუსეთთან ურთიერთობას, რეალურად უნდა შევხედოთ სიტუაციას. ომი ჯერ სულ ახლახან, 2008 წელს იყო და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში რაიმე სერიოზული ცვლილებები რომ მომხდარიყო, ეს უფრო გასაკვირი იქნებოდა. სხვათა შორის, სანამ საქართველოში წამოვიდოდი, რუს ექსპერტებს ვეკითხებოდი, როგორ ხედავენ ისინი ქართულ-რუსული ურთიერთობების მომავალს და მინდა გითხრათ, აქაც აზრთა სხვადასხვაობაა. მე პირობითად ამ ექსპერტებს სამ ჯგუფად დავყოფდი. მაგალითად, ექსპერტების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ეს ურთიერთობები მხოლოდ მას შემდეგ გაუმჯობესდება, რაც საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას სცნობს. ექსპერტების მეორე ნაწილი ამბობს, რომ დიალოგი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაიწყოს. მესამე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ შეხვედრების აუცილებლობას საერთოდ ვერ ხედავს.

თუმცა ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დღეს ურთიერთობა არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, პოლიტიკოსებს შორის ჯერჯერობით არავითარი მოლაპარაკების დაწყება საჭირო არ არის. ცოტა ხნის წინ ანსამბლი «ერისიონი» იყო მოსკოვში, ამას გარდა, მოსკოვში თბილისობის დღესასწაული გაიმართა. ასევე სასიამოვნოდ გამაკვირვა იმ ფაქტმა, რომ თბილისში ბევრი რუსი ტურისტი შემხვდა. იმ დღეს ნარიყალაზე ვიყავით და ტურისტების 70% რუსია. ხალხს არანაირი პოლიტიკა არ სჭირდება, ხალხი პოლიტიკოსების გარეშეც ახერხებს ურთიერთობას».

რუსი ექსპერტი, პოლიტოლოგი, ანდრეი სუშენცოვი ამბობს, რომ მისი ვიზიტის მიზანია, რუსეთთან დაკავშირებით, ქართული მხარის აზრებსა და არგუმენტაციას გაეცნოს. «ომის შემდეგ არ შეიძლება ასე უცებ ვითარების ნორმალიზება. ყველაფერი პატარა ნაბიჯებით უნდა დაიწყოს, როგორც  დაიწყო კიდეც. კარასინი და აბაშიძე შეხვდნენ ერთმანეთს, ქართული პროდუქცია დაბრუნდა რუსეთის ბაზარზე, არსებობს შესაძლო პერსპექტივა სატრანსპორტო დერეფნის გაკეთების, სავიზო რეჟიმის გამარტივების, ჯერ მთელი რიგი საკითხებია, რომელთა გადაწყვეტის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ურთიერთობების აღდგენაზე ვიფიქროთ, ვინაიდან ასე უცებ შეუძლებელია ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური და კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენა. საქართველოს ეს არ შეუძლია, სანამ რუსეთი უკან არ წაიღებს აფხაზეთისა და ოსეთის აღიარებას, რუსეთს კი არ შეუძლია ამ აღიარების უკან წაღება.

ამიტომ, რეალურად თუ შევხედავთ, უფრო მართებული იქნება, თუ საქართველო გაიაზრებს, რომ მისთვის ეს ტერიტორია დაკარგულია და სწორედ ეს აღიარება იქნება მისთვის პირველი ნაბიჯი ტერიტორიების დასაბრუნებლად. არ ვიცი, იქნება ეს ფედერაციული რესპუბლიკა თუ არა, მაგრამ, როცა ჰუმანიტარული ურთიერთობები აღდგება, ერთობლივი თანაცხოვრების რაღაც ფორმა მოიძებნება, მაშინ გამოსავალიც გამოჩნდება. არ არის სიმართლე, თითქოს აფხაზებსა და ოსებს საქართველოსთან საუბარი რუსეთის ფაქტორის გამო არ უნდათ, ჩვენ მოხარულნი ვიქნებოდით დიალოგის, მაგრამ აფხაზებსა და ოსებს პოსტკონფლიქტური სინდრომი აქვთ და მათი გაგებაც შეიძლება».

ჟურნალ «ექსპერტის» კორესპონდენტი გევორქ მირზაიანი უკვე მეხუთედ იმყოფება საქართველოში. «კავკასიური სახლის პროექტის ფარგლებში ჩვენ შევხვდით ქართველ პოლიტოლოგებს, ჟურნალისტებს, ექსპერტებს. ჩვენი ამოცანაა, დავიწყოთ დისკუსია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გავიგოთ ერთმანეთის პოზიციები ამა თუ იმ საკითხზე და საერთო ინტერესებთან დაკავშირებით რუსეთისა და საქართველოს პოზიციები დავაახლოვოთ.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში ცვლილებები, რა თქმა უნდა, არის, ვინაიდან 2012 წლამდე ძალიან ცუდი ურთიერთობა იყო რუსეთსა და საქართველოს შორის. ამას, უბრალოდ, დაძაბულ ურთიერთობასაც ვერ დავარქმევდი. იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ ჰქონდათ ომი, არ შეიძლება ასე უცებ ურთიერთობის ნორმალიზება, მაგრამ ამ ერთ წელიწადში, ჰუმანიტარული თუ ეკონომიკური მიმართულებით არცთუ ისე ცოტა გავაკეთეთ. არ შეიძლება ეს არ დავინახოთ და შევაფასოთ. თანამედროვე მსოფლიოში, დიპლომატიური ურთიერთობების თვალსაზრისით, რაც საქართველომ და რუსეთმა გააკეთეს, ძალიან ბევრია. მით უმეტეს ომი ახლახან იყო. არგენტინასა და ბრიტანეთს შორის 70-იანი წლების ბოლოს იყო ომი და დღემდე არ აქვთ ის ურთიერთობა, რაც ჩვენ ამ ერთ წელიწადში შევძელით.

რუსეთსა და საქართველოს შორის ნამდვილად არის დიპლომატიური ურთიერთობის პრობლემა, მაგრამ ეს აფხაზეთისა და ოსეთის საკითხს უკავშირდება, რაც მხოლოდ საქართველოს ან რუსეთის კომპეტენციის საკითხი არ არის. აფხაზებსა და ოსებს თავად უნდა ვკითხოთ, რა სურთ. ამის დრო მოვიდა, ვინაიდან საქართველოს ყოფილი ხელისუფლება პირდაპირ კონტაქტებს აფხაზებთან და ოსებთან ბლოკავდა.

საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და ჩვენთვის საინტერესოა, ვიცოდეთ, ვინ იქნება სათავეში, ვის ვენდოთ. თუ ქართულ მხარეს ექნება განზრახვა კეთილმეზობლური და კონსტრუქციული ურთიერთობის რუსეთთან, რუსეთი მზადაა ამისთვის, რათა ეს ურთიერთობები პარტნიორულ დონეზე განვითარდეს. ორივე მხარისთვის გასაგებია ის პრობლემები, რომლებიც მათ აშორებს. ახლა უნდა ვეცადოთ, კომპრომისები მოვძებნოთ».

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here