Home რუბრიკები საზოგადოება საქართველო დაშლის რეალური საშიშროების წინაშე დგას

საქართველო დაშლის რეალური საშიშროების წინაშე დგას

641

მივესალმები «საქართველო და მსოფლიოში» ნატოს საკითხთან დაკავშირებით დაწყებულ დისკუსიას. ფართო საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ ვინ, რას და რა მიზნით გვახვევს თავს. ამიტომ ეს უდავოდ კარგი წამოწყებაა, მაგრამ აქვე უნდა შევნიშნო: ნატოს წევრობასთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებრივ აზრს, ცხადია, მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არა _ გადამწყვეტი. აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ურთიერთობა ჩამოყალიბდება რუსეთსა და აშშ შორის, რამდენად მოხდება მათი ინტერესების შეჯერება ან პირიქით _ რამდენად გაღრმავდება მათ შორის კონფრონტაცია.

 

სადღეისო ვითარება ისეთია, რომ ნატოს შემდგომი გაფართოება შეჩერებულია. ნატოს წევრი ქვეყნები იძულებულნი არიან, ამ მხრივ რუსეთის ინტერესები გაითვალისწინონ, რადგან რუსეთს მათზე ზეგავლენის მრავალი ბერკეტი გააჩნია. ამის შესახებ პირდაპირ გვითხრა რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა «რუსთავი 2»-ის კორესპონდენტისთვის მიცემულ ინტერვიუში: ნატოს წევრობასთან დაკავშირებით პრობლემებს რუსეთი კი არა, თვითონ ნატო გიქმნითო. ეს ნათქვამი იმას ნიშნავს, რომ მართალია, რუსეთის ინტერესებს თქვენი პატარა სახელმწიფო არ ითვალისწინებს, მაგრამ ნატოს წევრი სახელმწიფოები ითვალისწინებენო. ეს ძალიან საყურადღებო მომენტია.

დღეს ჩვენ რუსეთი იმაში კი არ უნდა დავარწმუნოთ, რომ ნატოში შესვლის სურვილზე ხელს ვიღებთ (ამ საქმეს ის უჩვენოდაც მიხედავს), არამედ იმაში, რომ ჩვენ მზად ვართ რუსეთთან თანამშრომლობისთვის, მასთან ახალი ურთიერთობის დასაწყებად, რომელიც ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების პრინციპზე იქნება აგებული. რუსეთს ის კი არ აწუხებს, რომ ჩვენ ნატოს წევრი სახელმწიფო გავხდებით, არამედ ის აწუხებს, რომ საქართველოსთან დიალოგი, მასთან ნორმალური და კონსტრუქციული ურთიერთობები შეუძლებელია.

საიმისო ბერკეტები, რომ საქართველო ნატოს წევრი ვერ გახდეს, რუსეთს გააჩნია, მაგრამ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის (თუნდაც, ნატოს) წევრობით ხომ არ შემოიფარგლება. თანამშრომლობის ათასი სხვა ფორმა და შინაარსი არსებობს, მათ შორის ისეთები, რომელთა გადაწყვეტის ბერკეტები (ჩვენი მზაობის გარეშე) რუსეთს არ გააჩნია. ამიტომ რუსეთში ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ პროცესებს. საქართველო თუ შეძლებს ისეთი ხელისუფლების არჩევას, რომელსაც ეყოფა გონიერება, ცოდნა, წინდახედულება რუსეთთან პრინციპულად და თვისებრივად ახალი მიდგომების მოსანახად, რუსეთი მზადაა ასეთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ საქართველოში ასეთი ხელისუფლება თუ ვერ მოვა, მაშინ რუსეთი შეეცდება, საქართველოსთან დაკავშირებით იძულების პოლიტიკა გაატაროს და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ის ამას შეძლებს. გაიხსენეთ, რა ერქვა 2008 წელს რუსეთის მიერ ჯერ ცხინვალში, შემდეგ კი მთელ საქართველოში ჩატარებულ სამხედრო ოპერაციას _ იძულება მშვიდობისთვის! ამ ოპერაციას აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება მოჰყვა, რამაც საქართველოს დაშლას დაუდო სათავე. რუსეთს კიდევ რომ დასჭირდეს ანალოგიური იძულება სხვა რომელიმე მიმართულებით, ვის შეუძლია დაგვარწმუნოს, რომ ის ამაზე არ წავა?!

მრავალჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: საქართველო დაშლის რეალური საშიშროების წინაშე დგას. ნურავინ წარმოიდგენს ამას შეუძლებლად. ჩვენ ურთულეს ეპოქაში ვცხოვრობთ. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ევროპაში იყო ერთი ლამაზი და აყვავებული სახელმწიფო. მას იუგოსლავია ერქვა. ხომ არ გახსოვთ, სად გაქრა ის სახელმწიფო?! არაფერს ვამბობ საბჭოთა კავშირზე ან სხვა ისტორიულ პრეცედენტებზე. ვინმე თუ იტყვის, ისინი იმპერიები იყვნენო, მათ შევახსენებ, რომ საქართველოს, თავის დროზე, უკვე უწოდეს პატარა იმპერია, რაც შემთხვევით არ მომხდარა. ამიტომ ნუ გამოვრიცხავთ, რომ საქართველო, იმ გეოპოლიტიკურ კონტექსტში თუ ვერ ჩაეწერება, რომელშიც იმყოფება, შესაძლოა, დაშალონ, როგორც პატარა იმპერიული წარმონაქმნი, რასაც ქართველთა შემდგომი ვიშვიში (რაშიც ძლიერები ვართ) ვეღარ უშველის. გეთანხმებით, ძნელი იქნება რუსეთისთვის ასეთი რადიკალური ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ მან არაერთგზის დაგვიმტკიცა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ის ამაზე წამსვლელია. სამაგალითოდ 2008 წლის ომი, შემდგომ კი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებაც კმარა.

როგორც ვთქვი, რუსეთი საქართველოში შექმნილ ახალ სიტუაციას გამადიდებელი შუშით უყურებს. ქვეყანას ახალი პრეზიდენტი და პრემიერი ჰყავს, სიტუაცია თითქოს შეიცვალა, მაგრამ გულწრფელად და, როგორც იტყვიან, გულზე ხელის დადებით თუ ვიტყვით, რეალურად რა შეიცვალა? ისე ხომ არ მოხდა, რომ სახელებისა და გვარების მეტი არაფერი შეცვლილა? ეს შეკითხვები ლეგიტიმური შეკითხვებია, ყოველ შემთხვევაში, საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით, დასავლეთთან და რუსეთთან მიმართების თვალსაზრისით, ნატოსთან მიმართების თვალსაზრისით… პირადად მე, ქვეყნის ამ ახალი პოლიტიკური ხელმძღვანელების ბიოგრაფიიდან, მათი მსოფლმხედველობიდან და მათ მიერვე დეკლარირებული მისწრაფებებიდან გამომდინარე, დიდი იმედი არ გამჩენია. ასე რომ, საქმე რთულად არის. დრო ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს. ახლა ყოველი წუთი, ყოველი წამი აფხაზეთისგან და ცხინვალის რეგიონისგან გვაშორებს.

ქართულ სახელისუფლო პოლიტიკურ სპექტრში ერთ ადამიანსაც ვერ ნახავთ, ნატოსკენ რომ არ ისწრაფვოდეს, რუსეთში მარადიულ მტერს არ ხედავდეს და, საერთოდ, იმ მოჯადოებულ  წრეში არ ტრიალებდეს, რომელ წრეშიც ჩვენმა დასავლელმა «მეგობრებმა» ჩაგვაყენეს და იქიდან გამოსვლის საშუალებას არ გვაძლევენ. ეს პოლიტიკოსები შემთხვევას არ უშვებენ ხელიდან, რომ დასავლეთს ერთგულება არ დაუმტკიცონ. ამ დროს ყველამ (დასავლეთმაც, ნატომაც და ამ პოლიტიკოსებმაც) შესანიშნავად იციან, რომ ჩვენთვის ნატოს პერსპექტივა, დიდი ხანია, აღარ არსებობს, მაგრამ ყოველი მათგანი, ცალცალკე და ერთად აღებული, თავის ინტერესს აქსოვს იმაში, რომ ქართველი ხალხი ამ სიცრუეში აცხოვროს. ხომ გახსოვთ, ივანიშვილი რომ საყვედურობდა სააკაშვილს, _ ხალხს სიცრუეში რატომ აცხოვრებდიო. სააკაშვილის ყველაზე დიდი სიცრუე ნატოს სიცრუე იყო, მაგრამ ახალი ხელისუფლებაც ხომ ამ სიცრუეში გვახრჩობს, ნატოს ღია კარის იმედად გვამყოფებს და დასავლურ ბედნიერებას გვპირდება, ანუ ჯიუტად მიჰყვება იმ გზას, რომელი გზითაც საქართველო უფსკრულში გადაიჩეხა. სამწუხაროდ, არც ახალ ხელისუფლებას აღმოაჩნდა ნება და შინაგანი ძალა ამ სიცრუის დაძლევისა, ვინაიდან მათი პირადი ინტერესების დაკმაყოფილების გზა სწორედ ამ სიცრუეზე გადის.

რაც შეეხება ნატოს, მის ინტერესებშიც არის, რომ ქართველი ხალხი დიდხანს ამყოფოს მის მიერვე მოგონილი სიცრუის ტყვეობაში, რომელსაც ხან აიპაპი, ხან მაპი, ხან მაპზე უკეთესი, ხან ასპირანტურა და სხვა სახელები ჰქვია, მაგრამ რეალურად ერთი დიდი სიცრუეა, შეურაცხმყოფელი სიცრუე და სხვა არაფერი. დასავლეთი ამ სიცრუეში გვამყოფებს არა იმიტომ, რომ ოდესმე იგი სიმართლედ აქციოს, არამედ იმიტომ, რომ ნატოს ღია კარის ხიბლში ჩავარდნილმა ქართველმა ხალხმა სხვა მიმართულებით არ გაიხედოს, მეზობელ სახელმწიფოებთან რომელიმე რეგიონული კავშირის წევრობაზე (ვთქვათ, საბაჟო კავშირი ან ევრაზიული კავშირი და ა.შ.) არ იფიქროს. ნატო ჩვენს ხალხს იმ ოჩანი ვირის მდგომარეობაში აყენებს, რომელსაც მასზე ამხედრებული პატრონი ცხვირწინ ჯოხზე წამოცმულ თივას უტრიალებს და იძულებულს ხდის, გაუთავებლად ირბინოს სატყუარას მიმართულებით…

რამდენიმე დღეში პრეზიდენტის ინაუგურაციაც შედგება, ახალი პრემიერმინისტრიც დაინიშნება, მთავრობაც დაკომპლექტდება და, ვნახოთ, რა როგორ წარიმართება, მაგრამ გული რატომღაც ცუდს მიგრძნობს…

ვალერი კვარაცხელია

 

1 COMMENT

  1. დაუჯერებელი ამბები ხდება საქართველოში.მთავრობამ ახალმაც და ძველმაც ხალხს სულ ში ჩააფურთხა.2008 წელს რუსეთმა რატო მთლიანად არ დაგვიპყრო და მავთულხლართები საქართველოს სამხრეთ საზღვარზე არ გააბა,ლამის სანანებლად გამიხდეს.200 წელი იყო საქართველო რუსებტან ერთად და არც ეროვნება,არც რელიგია არ დაგვიკარგავს.არც ლუკმაპურის საძებნელად არ გვჭირდებოდასაზღვარგარეთ წანწალი.არც ქუჩაში ხელგაწვდილი ბავშვი არ მახსოვს და არც ნაგავში მქექველი მოხუცი.არ სჭირდებოდათ ქართველ ქალებს ბორდელებში წასვლა და სხეულის გაყიდვა.პატიოსანი ოჯახის ქალები მუშაობენ თურმე დღეს თურქულ და არაბულ ბორდელებში პროსტიტუტკებად. ისტორიიდან ვიცით,რომ ქართველი ქალები თავს იკლავდნენ თუ ასეთი სირცხვილი დაემუქრებოდათ.თკბილი სიტყვით მოსულ დამპყრობლებს კი ყველაზე ძალიან პატარა ბავშვებთან მოსწონთ სექსი და უარსაც არავინ ეუბნებათ,ისე გადავგვარდით ამ 20 წელში,რაც რუსებს დავშორდით.ზალიან ადვილია ამ ბორდელების დახურვა,რომ მოინდომონ.თუნდაც ერთი ფაქტიც კი,რომ გამოააშკარაონ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებისა ,კანონის ძალით შეუძლიათ დახურვა ძალიან ადვილად .მაგრამ, მერე მთავრობაში მოკალათებული ის ნაძირლები,ვინც მფარველობს ამ ერის გარწნით დაკავებულ დამპყრობლებს,ფულად შემოსავალს დაკარგავენ.ამიტომ არავინ არ იღებს ხმას მათ წინააღმდეგ.

  2. ბატონო ვალერი, 100%ით მართალი ბრძანდებით, როგორც ყოველთვის, მაგრამ ოჩანი ვირი ოჩან ვირად დარჩება! ბრმა ხალხი ღირსია იმისა, რა მდგომარეობაშიც ის არის. ნატო, ვატო, პატო, კატო, დიმპიტაური-დამპიტაური…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here