Home რუბრიკები საზოგადოება საქართველო ნატოში _ ზარის დარეკვის და ცის გახსნის ამაო მოლოდინი

საქართველო ნატოში _ ზარის დარეკვის და ცის გახსნის ამაო მოლოდინი

635

გაზეთი «საქართველო და მსოფლიო» აგრძელებს დისკუსიას თემაზე _ გვინდა თუ არა ნატო? დისკუსიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რედაქციას საკუთარი მოსაზრებები რიგითმა მკითხველებმაც გამოუგზავნეს, ყველა მათგანი საინტერესო აღმოჩნდა და უცვლელად გთავაზობთ. თავად რედაქცია კი კვლავ დაუკავშირდა საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ და შევეცადეთ, თითოეული მათგანისგან მოგვესმინა, უნდა შევეშვათ ბოდვას ევროატლანტიკურ ალიანსზე და საქმეს მივხედოთ თუ განვაგრძოთ მითებში ცხოვრება.

ვალერიან ირემაშვილი, დროებით უმუშევარი:

_ ძალიან კარგი საქმე დაგიწყიათ. დროული და აუცილებელი იყო ნატოსთან დაკავშირებულ თემაზე დისკუსია. წლებია, ადამიანები საკუთარი მოსაზრების გამოთქმას ვერ ახერხებენ. ყველა ხელისუფლებამ ეს თემა ისე მნიშვნელოვნად აქცია, გეგონება, ნატოს გარეშე დავიღუპებით. არადა, ეს ასე სულაც არ არის. თანაც ამ ქვეყანაში ხომ ჩვენც ვცხოვრობთ და თითო-ოროლა ადამიანის ჭკუაზე რატომ უნდა წავიყვანოთ ეს ქვეყანა, დარწმუნებული ვარ, საქართველოში ნატოს მოწინააღმდეგე უფრო მეტი ცხოვრობს, ვიდრე მომხრე.

ერთი უბრალო კაცი ვარ, შესაძლებელია, ჩემი აზრი არც არავის აინტერესებს, მაგრამ მეც ხომ ქართველი ვარ. მადლობელი ვარ «საქართველო და მსოფლიოსი», ჩემი აზრის გამოთქმის საშუალება რომ მომცა.

მართლაც, რა მოგვიტანა ნატოზე ოცნებამ? _ ერთი და ყველაზე მთავარი ფუჭად დაკარგული დრო, სხვისი ხელის შემყურეებად ვიქეცით, ველოდებით ვიღაც გადამთიელებს, რომ მოსამსახურეებად მაინც აგვიყვანონ.

რუსეთის გინებით რა მოვიგეთ? _ დაკარგული ტერიტორიები შეგვრჩა ხელში, რამდენიმე ომი გადავიტანეთ და მე, «შეშფოთებული» უცხოელის გარდა, ჩვენს დასახმარებლად ჩამოსული არავინ მინახავს. ასე იქნება ყოველთვის. გარდა ამისა, ჰამლეტ ჭიპაშვილი გარკვევით ამბობს, რომ ნატო ათ წელიწადში აღარ იქნებაო და ასეთ შემთხვევაში რა უნდა გვიპასუხოს ჩვენმა მთავრობამ?! უი, შევდიოდით და დაშლილაო?! მაშინ რა პასუხი უნდა გაგვცენ, ამდენი დრო და ტერიტორიები რომ დაგვაკარგვინეს?!

გონს უნდა მოვეგოთ და აუცილებლად ხმა ამოვიღოთ ხალხმა, კატეგორიულად ვუთხრათ ჩვენს ხელისუფალთ, ადამიანებს, რომლებიც ჩვენს ბედს ჩვენგან დამოუკიდებლად წყვეტენ, რომ ნატო არ გვინდა!

 

იოსებ მაისურაძე, ინჟინერი, დროებით უმუშევარი:

_ კარგი და დროულია თქვენი დისკუსია თემაზე _ გვინდა თუ არა ნატო? კარგია იმიტომ, რომ, ალბათ, ყველას მიეცემა საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება და დროულია იმიტომ, რომ ხელისუფლებაში საშიში ადამიანები დარჩნენ. იმის თქმა კი არ მინდა, წინამორბედები ნაკლებად საშიშნი იყვნენ-თქო. არა, იმას ვამბობ, რომ წინა ხელისუფლებისგან არაფრით განსხვავდებიან, თანაც ცდილობენ, ყველაფერი მათზე უკეთ და მათზე სწრაფად გააკეთონ, ვგულისხმობ, ნატოში შესვლასაც, ტერიტორიებზე უარის თქმის სანაცვლოდ.

ახლა პარლამენტში უფრო მეტი ძალაა ისეთი, რომლებიც ერთნაირად აზროვნებენ, ერთი ბუდიდან ამოფრინდნენ, ერთნაირად აქვთ სისხლი მოწამლული ევროპითა და ამერიკით. დიდი საშიშროების წინაშე დავდექით _ აქეთ თურქეთიც ჩვენი ხილული, მაგრამ უხილავი მოქმედებებით გვიტევს და განმკითხავი არავინ არის.

რუსეთს აგინებენ, ახალი ხელისუფლება თითქოს წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით ნაკლებად, მაგრამ ის, რომ კვლავ ხმამაღლა აცხადებენ ევროატლანტიკურ ალიანსში უნდა გავწევრიანდეთო, ეს უკვე ნიშნავს, რომ რუსეთი ჩვენი პრობლემებით აღარ დაინტერესდება. იმ დეტალებზე საუბარს, თუ როგორ იხსნა რუსეთმა აჭარა, აღარ დავიწყებ, მაგრამ ხომ ყველას კარგად გვახსოვს, ასეთი ფაქტები ბევრია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში. ისტორია შეცვალეს, ბავშვებს დამახინჯებულად ასწავლიან, რუსეთი შეაძულეს ახალგაზრდებს, რაც არასწორია. ისტორია დაეტოვებინათ და თავად მიხვდებოდნენ ვინ ვინ არის, თავად გადაეწყვიტა ყველას, რა უნდოდა.

ნატო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მიმართული ორგანიზაცია იყო, ჩვენ კი ამ ძლევამოსილი ქვეყნის შემადგენლობაში შევდიოდით, ახლა კი, როგორც მათხოვრები, ისე ვართ, ვიღაცის «შეშფოთების» მოლოდინში, იმ ვიღაცის, რომელსაც დღემდე უკვე არარსებული საბჭოთა კავშირის შიში აქვს.

საქართველოს ნატოში გაწევრიანების გაჭიანურების რეალურ მოტივს, ანუ რუსეთისადმი ამერიკის შიშს (ნუ მოგვერიდება ამ სიტყვის), ამერიკელი დიპლომატები დღემდე «დიპლომატიურად» ნიღბავენ საქართველოში დემოკრატიის განვითარების გზაზე გარკვეული ნაკლოვანებების არსებობით თუ რაღაც სხვა ამდაგვარი მიზეზებით, რომლებიც სინამდვილეში სრულიადაც არ არის რეალური მიზეზი საქართველოს ნატოში გაწევრიანების გაჭიანურებისა.

 

ილია გოქაძე, პენსიონერი:

_ მომწონს თქვენი წამოწყება, დისკუსია თემაზე «გვინდა თუ არა ნატო?». წლებია, ნატოში შესვლას ველოდებით. მახსენდება ჭაბუა ამირეჯიბის უკვდავი «დათა თუთაშხია», სეთურის მონები ზარის დარეკვას რომ ელოდნენ გვირაბის ბოლოს, იმ გვირაბის, რომელსაც ბოლო არასოდეს ექნებოდა. როდემდე უნდა ველოდოთ ზებოს ზარის დარეკვასა და ცის გახსნას?

ძალიან მომეწონა იდეა იმის შესახებ, რომ დაიწყოს საყოველთაო განხილვა ნატოსთან დაკავშირებულ საკითხზე, აუცილებლად უნდა მოვისმინოთ მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების მოსაზრებები, რადგან ზუსტად გავერკვეთ, სიკეთის მომტანია ჩვენთვის თუ დამღუპველი. პირადად მე მოწინააღმდეგეთა ბანაკში ვარ, მაგრამ იქნებ ვცდები და მართლაც სადღაც ძველ დროში ჩავრჩი, როგორც ხშირად მეუბნებიან-ხოლმე.

                           

გულბაათ რცხილაძე, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი:

_ გვინდა თუ არა ნატო? ამ თემაზე ხალხის სახელით ვერ ვილაპარაკებ. ამას სჭირდება სერიოზული გამოკითხვა, პლებისციტი, არა ისეთი, როგორიც სააკაშვილმა გააკეთა… თუმცა, სანამ აქამდე მივალთ, საჭიროა დისკუსია და ძალიან კარგია, რომ თქვენმა გაზეთმა ეს დაიწყო. აუცილებლად უნდა აიწონოს და განისაზღვროს დადებითი და უარყოფითი მომენტები იმისა, რაც შეიძლება ნატოსთან თეორიულ ინტეგრაციას ახლდეს. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი არარეალურია. დეტალებს გადახედვა სჭირდება და ყოველივე ამის შემდეგ, შესაძლებელია, რომ ჩატარდეს მოსახლეობის გამოკითხვა. წლების მანძილზე, ვიანგარიშოთ სააკაშვილის ცხრა წელიწადი და შევარდნაძის მმართველობის ბოლო რამდენიმე წელიწადი, მიმდინარეობდა ნატოს ღია და აგრესიული პროპაგანდა, თან არავის ეძლეოდა საშუალება, საკუთარი მოსაზრება გამოეთქვა, განსაკუთრებით უარყოფითი, რადგან იმ წუთშივე ხალხის მტრად გამოგაცხადებდნენ. პირადად ჩვენ, ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენლები, ნატოსთან დაკავშირებულ საკითხს სხვანაირად ვუყურებდით და ახლა ძალიან მიხარია, რომ თქვენ ხართ ინიციატორები ამ თემის გაშლისა და განხილვის საგნად ქცევის.

_ შეიძლება თუ არა ფუჭად ჩავლილად ჩაითვალოს ის ოცი წელიწადი, რომელიც საქართველომ ნატოში შესვლის მოლოდინში გალია?

_ მოლოდინი ოც წელიწადზე მეტი გრძელდება. ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, ვისი ინიციატივა იყო ნატოში შესვლა და ვინ გააჟღერა პირველად. ეს იყო ეროვნული მოძრაობის წევრი ირაკლი წერეთელი, ნატო მისი პატენტია. რა მოგვიტანა ამ ინიციატივამ, ყველანი ვხედავთ _ დანგრეული ქვეყნის წინაშე ვდგავართ, ქვეყნის, რომელსაც არც ეკონომიკა აქვს, არც საზღვრები, არც სუვერენიტეტი და არც ღირსება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი კი, ჩვენს ასეთ მდგომარეობამდე მიყვანაში იმ ქიმერას აქვს, ნატოში შესვლა რომ ჰქვია.

ეს არის ინსტრუმენტი, რომ საქართველო გამოიყენონ საკუთარი ინტერესებისთვის, ქართველი ხალხი მოატყუონ და მოლოდინის რეჟიმში ამყოფონ.

_ ბატონო გულბაათ, ნატოსთან და ევროკავშირთან ჩვენი ინტეგრაცია ნიშნავს თუ არა საქართველოში თურქეთის ჰეგემონიას?

_ თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, თუ ჩვენს რეგიონში სიტუაცია გართულდა და ნატომ დაგაწყვიტა ჩართვა, სავსებით ლოგიკურია, რომ, ვინც საქართველოში თავის კონტინგენტს გამოაგზავნის, თურქეთი იქნება. მართალი ხართ ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენს საზოგადოებას ამის გათვალისწინებაც მართებს. ვერ ვიტყვი, რომ დანიამ ან ჩეხეთმა რომ გამოაგზავნონ თავიანთი ჯარები, ეს კარგი იქნება, მაგრამ მეზობელი სახელმწიფოა თურქეთი, რომელსაც, მოგეხსენებათ, გეოსტრატეგიული ინტერესები აქვს საქართველოში, რაც ჩვენს მდგომარეობას უფრო ამძიმებს.

_ უნდა ჩატარდეს თუ არა ხელახალი პლებისციტი ნატოსთან დაკავშირებით?

_ დაუყოვნებლივ პლებისციტის ჩატარებას მხარს არ ვუჭერ, ჯერ მსჯელობა უნდა გაიშალოს ფართოდ, კარგია, თუ თქვენს მაგალითს ტელევიზიებიც მიმართავენ და უფრო დიდი მასშტაბებით დაიწყება ამ თემის განხილვა. ჩვენ, ყველას, უნდა მოგვეცეს ტრიბუნა იმისთვის, რომ არგუმენტირებულად ვისაუბროთ და მხოლოდ ამის შედეგ არის შესაძლებელი პლებისციტის ჩატარება. ამას კი, რამდენიმეთვიანი მუშაობა სჭირდება, თუმცა მოქმედება დღეიდან უნდა დაიწყოს.

პეტრე მამრაძე, პოლიტოლოგი:

_ ნატო გვინდა, მაგრამ რიგი პირობების შესრულების შემთხვევაში. არის საკითხები, რომელთა შემდეგაც იტყვი ჰო-ს, და არის საკითხები, რომელთა განხილვის შემდეგაც იტყვი არა-ს. სააკაშვილის მთავრობა წლების მანძილზე ასე სპეკულირებდა, გვინდა თუ არა?! როგორც კი უარყოფითი მოსაზრება გაგიჩნდებოდა, მაშინვე გეტყოდნენ _ შენ მოღალატე ხარ! მე სულ ვამბობ, _ გვინდა ნატო რიგი პირობების შესრულების შემთხვევაში.

_ მაშინ ასე გკითხავთ: ამ პირობების შესრულების შემდეგ უფრო მეტი კი არის თუ არა?

_ გრძელვადიან პერსპექტივაში _ დიახ და, რა თქმა უნდა, რუსეთთან ერთად.

_ ეს როგორ გამოვა?

_ ძალიან მალე რუსეთის მომავალია ღირსეული ადგილი ევროპულ ოჯახში, რასაც ევროპა დიდი იმედით უყურებს და, როდესაც რუსეთი ამ ადგილს დაიმკვიდრებს და მსოფლიო უსაფრთხოებაშიც ღირსეულ ადგილს დაიკავებს, მაშინ ყველაფერი შესაძლებელი იქნება.

_ საქართველოში ძალაუფლება რესპუბლიკელების, ალასანიას პარტიისა და «ნაციონალების» ხელშია. როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია, რომ ამ ადამიანებმა ტერიტორიების სანაცვლოდ ნატოში შესვლა გადაწყვიტონ?

_ ეს გამორიცხულია. ერთი იმიტომ, რომ ხელისუფლებაში სულაც არ დარჩნენ ეს ძალები, რადგან რეალური ძალაუფლება ჩვენს ხელში არ არის, ჯერჯერობით ჩვენ ასეთი ქვეყანა არ ვართ, რომლის ხელშიც ძალაუფლებაა. ასე რომ, ყველანაირად გამორიცხეთ, ნატო საქართველოს არ მიიღებს. 2008 წლის შემოდგომაზე ნატოს წევრმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო არასოდეს მიიღონ ნატოში. ეს გადაწყვეტილება საჯაროდ არ გაცხადებულა, ეს მათ უთხრეს უდიდეს პარტნიორ რუსეთს, ამით ერთგვარად სრული გარანტია მისცეს რუსეთს, რომ საქართველოს არასოდეს მიიღებენ ნატოში.

_ რადგან ეს ამბავი თქვენ იცით, ალბათ, იცის ყველამ. მაშ, რაღა საჭიროა ამაზე დროის ხარჯვა, ჩვენ ხომ ისედაც დიდი დრო დავკარგეთ?

_ 2004 წლის ზაფხულიდან მთელი ეს დრო არის არა თუ დაკარგული, არამედ კონტრპროდუქტიული. სააკაშვილი, რომელსაც სრული მონოპოლია ჰქონდა, როგორც საგარეო პოლიტიკაზე, ისე აფხაზეთსა და ოსეთში კონფლიქტების მოგვარებაზე, ყველა მიმართულებით კონტრპროდუქტიულად მოქმედებდა. მისი ქმედება ნატოს წევრი ქვეყნების ხელძღვანელობას ძალიან აღიზიანებდა, იმაზე მეტადაც, ვიდრე რუსეთის ხელისუფლებას. ნატოს წარმომადგენლები წლების განმავლობაში გვეკითხებოდნენ: _ ამ კაცს თუ მართლა უნდა ნატოში გაწევრიანება, რატომ ყვირის ყოვედღე, გაწევრიანებას არ უნდა ყვირილი და ეს უნდა გესმოდეთ, თუ მართლა სურს ნატოსთან ინტეგრაცია, ყვირილს თავი დაანებოს და საქმე გააკეთოსო. ასე რომ, ნატოს თავისი გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული აქვს, მაგრამ საჯაროდ არ ამბობს, თემა კი ტრიალებს სამკუთხედში _ საქართველო-ნატო-რუსეთი, რაც ერთგვარი პიარრეჟიმია.

_ იმავეს აგრძელებს ახალი ხელისუფლებაც?

_ ახალ ხელისუფლებას არ შეუძლია საჯაროდ განაცხადოს, ის, რასაც თავად ნატო არ ამბობს. მათ არ შეუძლიათ განაცხადონ, რომ არანაირი ფორმით ნატო საქართველოს არ მიიღებს, მაშინ ნატოს ხელმძღვანელობა საყვედურს ეტყვის და გაიკვირვებენ, რატომ ამბობთ ასე, ჩვენ თვეში ერთხელ საჯაროდ ვაცხადებთ, რომ ნატოს კარი საქართველოსთვის ღიაა. ეს ამბავი ერთხელ სააკაშვილს წამოსცდა და დიდი ამბავი მოჰყვა კიდეც.

ასეთ ვითარებაში, ივანიშვილის მიდგომა საკითხისადმი სწორია. ის ამბობს, რომ ჩვენ გავატარებთ შესაბამის რეფორმებს დემოკრატიის, თავისუფლების ხარისხისა და ცხოვრების დონის ამაღლებისთვის, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ვიყოთ მაღალ დონეზე და ამ პროცესში, როცა დრო დადგება, როცა რუსეთს არ გააღიზიანებს, რომელიმე მეზობელი, მათ შორის საქართველო, გახდეს ნატოს წევრი და ნატოც მზად იქნება საქართველო მიიღოს, მაშინ რატომაც არა.

_ ივანიშვილი მიდის. ხელისუფლებაში რჩებიან პროამერიკული და პროდასავლური, ლიბერალური ძალები.

_ ასე არ ვფიქრობ. როგორც პოლიტოლოგი და მეცნიერი, ვფლობ გრძელვადიან პერსპექტივას. ავთო წულუკიძემ, მოსკოვში მცხოვრებმა პოლიტოლოგმა, შესანიშნავად დაწერა: ახლა საქართველოს ამოცანაა, მოიგოს დრო.

_ თვლით თუ არა, რომ ქვეყანაში ხელახალი პლებისციტი უნდა ჩატარდეს ნატოსთან დაკავშირებით?

_ პლებისციტი და სოციოლოგიური კვლევა სულ უნდა ტარდებოდეს, ეს სასარგებლოა. ასეთი კვლევა ჩატარდება თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის, რა არის ნატო, როგორია მისი წესდება, რომელი ქვეყნებია გაერთიანებული და ა. შ. ასეთ პირობებში რაიმე გამოკითხვის ჩატარება და მსჯელობა იმაზე, ხალხს უნდა თუ არა ნატო, სისულელედ მიმაჩნია. მინდა გითხრათ, რომ, ახლა მე რომ მკითხოთ, რომელი ქვეყნებია ნატოს წევრიო, შემეშლება. უფრო სწორი იქნება, საზოგადოების განათლების დონე ავწიოთ და ხალხს უკეთ გავაგებინოთ ყველა წვრილმანი, დეტალი ნატოსთან დაკავშირებით. ამასთან, ხალხს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია სხვა დანარჩენი გაერთიანებების შესახებაც. 

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here