Home რუბრიკები საზოგადოება დღეები, რომლებიც მოგონებას შემორჩა

დღეები, რომლებიც მოგონებას შემორჩა

974

ქართულრუსული კულტურული ურთიერთობის ერთი ნათელი ფურცელი ორი ლეგენდარული მსახიობი ქალის _ ვერიკო ანჯაფარიძისა და ელენა გოგოლევას მეგობრობაშია გამოხატული. ჩვენს დღევანდელ პუბლიკაციაში, რომელიც ელენა გოგოლევას მემუარების _ «სცენასა და ცხოვრებაში» _ ერთგვარი მიმოხილვაა, შევეცდებით, ფრაგმენტულად მაინც გადმოგცეთ ამ დიდი მსახიობის დამოკიდებულება ქართული თეატრისა და მისი კორიფეების, საერთოდ საქართველოს მიმართ.

 

აღფრთოვანება, თაყვანისცემა _ ეს აღმატებული სიტყვებიც კი ვერ გადმოსცემს მოსკოვის მცირე თეატრის უპირველესი მსახიობი ქალის, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის ელენა გოგოლევას იმ დიდ სიყვარულს, რომელიც მას ქართული თეატრის დიდოსტატების მიმართ ჰქონდა. წმინდა და გულწრფელი სიყვარული, არავითარი ვალის მოხდა ოფიციოზური ინტერნაციონალური ერთობის წინაშე.

იგი წერს:

«ოციან წლებში განვითარდა ერთი მოვლენა, რომელმაც ჩემს გონებაში წარუშლელი კვალი დატოვა: მოსკოვში ჩამოვიდა ქართული თეატრი, რომელსაც კონსტანტინე მარჯანოვი (კოტე მარჯანიშვილი. _ . .) ხელმძღვანელობდა და წარმოადგინა გუცკოვის «ურიელ აკოსტა». ყველა ცდილობდა, დასწრებოდა ამ სპექტაკლს, რომელსაც დიდი წარმატება ახლდა თან. ხოლო მარჯანოვი იმ დროისთვის ლეგენდარული პიროვნება გახდა: ქვეყნის ერთერთმა საუკეთესო რეჟისორმა სახელი გაითქვა ჯერ კიდევ 1919 წელს კიევში «ფუენტე ავეხუნას» დადგმით».

«ფუენტე ავეხუნა» _ «ცხვრის წყარო», რომელიც მარჯანიშვილმა საქართველოში განახორციელა, ახალი თეატრალური ეპოქის დასაწყისადაა მიჩნეული ჩვენს ქვეყანაში. თეატრის ისტორიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები ერთხმად მიიჩნევენ ამ სპექტაკლს მარჯანიშვილისეული დიდი ნიჭის გამობრწყინებად. «ურიელ აკოსტას» მოსკოვში წარმოდგენამ კი ქართული თეატრის საერთო საკავშირო აღიარებას დაუდო სათავე.

მოსკოვის გასტროლებამდე «ცხვრის წყარო» მარჯანიშვილმა კიევში დადგა. სწორედ ამას იხსენებს ელენა გოგოლევა და განაგრძობს:

«დღეს, მარჯანოვის გარდაცვალებიდან მრავალი წლის შემდეგ, ძნელია, სრულად გაიზიარო ყველაფერი, რაც გააკეთა, არა, უფრო ზუსტად _ შექმნა ამ სულიერებითა და ნიჭით არაჩვეულებრივად დაჯილდოებულმა თეატრის კაცმა. მაშინ, სუმბურული ძებნისა და გარდაუვალი «იზმების» წლებში, მან შეძლო ერთმანეთისთვის შეეთავსებინა ბრწყინვალე თეატრალობა აბსოლუტურ გემოვნებასთან, უხვი რეჟისურის თეატრი _ ჭეშმარიტად აქტიორის თეატრთან. საკმარისია, გავიხსენოთ მარჯანოვის აღზრდილი მსახიობების სახელები: ვერიკო ანჯაფარიძე, თამარ ჭავჭავაძე, უშანგი ჩხეიძე, აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, სერგო ზაქარიაძე, პიერ კობახიძე და სხვები. ეს სახელები დიდებაა არა მხოლოდ ქართული, არამედ მთელი საბჭოთა თეატრის.

სწორედ მაშინ სპექტაკლში «ურიელ აკოსტა» პირველად ვნახე ვერიკო ანჯაფარიძე, დღესაც რომ პირველი მსახიობია საქართველოსი, და უშანგი ჩხეიძე, რომელიც, სამწუხაროდ, უდროოდ წავიდა ჩვენგან».

იხილა და აღფრთოვანდა. მას შეეძლო შეედარებინა ვერიკოს ივდითი სხვა მსახიობების ივდითთან. შეადარა და პირდაპირ თქვა, რომ ყველა სხვა «ხალტურა» იყო. ვერიკო კი საოცრებაა, წერს იგი, ტანკენარი და პლასტიკური, გარეგნულად ლამაზი, ღრმა და ტემპერამენტიანი შინაგანად:

«არ შემიძლია მისი დავიწყება, თეთრად გამოწყობილი მისი ფიგურის. იგი ისმენდა რაბინის წყევლას, იხრებოდა, როგორც ყვავილის გატეხილი ღერო, თავით თითქმის ეხებოდა იატაკს, უცებ მკვეთრად გაიმართებოდა და მგზნებარედ, მრისხანე პროტესტით აღგზნებული ისროდა ფრაზას: «შენ ცრუობ, რაბინ!..» მე მშურდა მისი, რადგან ვოცნებობდი, მეთამაშა ივდითი, მშურდა და ვტკბებოდი მისი თამაშით, მშურდა და შეძრული ვიყავი მისით, მშურდა და ვაღმერთებდი».

იშვიათად თუ იპოვით მსახიობის მიერ თავისი კოლეგის ესოდენ ამაღლებულ შეფასებას, აღფრთოვანების ასეთ მაღალ ხარისხს. ასეთი ცეცხლის დანთება მხოლოდ გულწრფელობას შეუძლია.

ამ პირველი შეხვედრით გამოწვეული აღფრთოვანება და პატივისცემა, ემოცია მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვა გოგოლევას.

გავიდა წლები და მოსკოვის თეატრალურმა საზოგადოებამ ვერიკო ანჯაფარიძეს საიუბილეო საღამო გაუმართა. ამ ერთგვარ შემოქმედებით ანგარიშზე ქართველი პრიმა რამდენიმე როლით წარსდგა ორი სპექტაკლიდან _ კასონას «ხეები ზეზეულად კვდებიან» და «ქალი კამელიებით» და ორი სცენით შექსპირის «მაკბეტიდან», რაც, როგორც ელენა გოგოლევა წერს, მისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო იმიტომ, რომ ერთ-ერთი სცენა მას არა და არ გამოსდიოდა თავისი თეატრის წარმოდგენაში. ეს იყო სცენა, როცა ლედი მაკბეტი კითხულობს წერილს, რომლითაც შეიტყობს, რომ დუნკანი ჩამოვა მათთან და ღამესაც იქ გაათევს. «ვერიკომ ისეთი ტემპერამენტით ითამაშა, _ წერს გოგოლევა, _ ისეთი გიჟური სიხარულით, რომელიც გვირგვინის შესაძლო ხელში ჩაგდებით იყო გამოწვეული, რომ მისი თამაში შეგძრავდა და მოგაჯადოებდა. და მე არ მრცხვენოდა, მესწავლა ვერიკოსგან. აი, სიშლეგის სცენას კი, ასე მეგონა, მე უკეთ ვასრულებდი. ჩვენ გვაახლოებდა ის, რომ ორივე ერთსა და იმავე როლებს ვთამაშობდით».

ქართული თეატრის უსაზღვრო სიყვარული საქართველოზე ვრცელდებოდა. ამ სიყვარულს იგი არ მალავდა, პირიქით, აფიშირებდა და ამბობდა, რომ ეს ქვეყანა უყვარდა ძალიან და დიდი ხანია.

«ვერიკო ჩემთვის ახლობელი იყო იმიტომაც, რომ ჩემი სათაყვანებელი მარჯანოვის უსაყვარლესი მოწაფე იყოჩვენს სულიერ ნათესაობას დღესაც ვგრძნობ

ჩვენი მეგობრობა, უფრო დაუსწრებელი და არცთუ მდიდარი შეხვედრებით, ურთიერთგაგების გრძნობას ეფუძნება. ეს კი ჩემთვის ყოველთვის ძალიან ძვირფასია…»

თითებზე ჩამოსათვლელი ადამიანები თუ მოიძებნებიან დღეს საქართველოში, ვისაც ქართულ სცენაზე უნახავს უშანგი ჩხეიძე. ელენა გოგოლევა მას გამორჩეულ მსახიობად მიიჩნევდა, უაღრესად საინტერესო აქტიორად და ტრაგიკული ბედის ადამიანად: «იგი საოცრად თამაშობდა ურიელ აკოსტას. მე ვანსახიერებდი ივდითს ოსტუჟევთან ერთად სრულიად ახლებურ დადგმაში: უფრო დამიწებულ, მაგრამ შინაარსით უფრო ღრმა და ინტელექტუალურ სპექტაკლში. ოსტუჟევი უფრო ძლიერად გამოკვეთდა აკოსტას საფიქრალს, იდეას, დარწმუნებულობას. ჩხეიძე, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ოსტუჟევზე გაცილებით ახალგაზრდა იყო, იმის გამოც, რომ სხვა სტრუქტურის მსახიობი გახლდათ, მისი აკოსტა ძალიან რომანტიკული, მსუბუქი, მოხდენილი იყო. ასეთნაირად დახატული როლი ზუსტად ეწერებოდა მარჯანოვის დადგმაში, ასეთსავე რომანტიკულ და მოხდენილ სპექტაკლში».

ადვილი წარმოსადგენია, როგორ იმოქმედებდა ელენა გოგოლევაზე, დიდი ხელოვნების ჭეშმარიტ დამფასებელზე, სამწუხარო ამბავი სცენიდან უშანგი ჩხეიძის წასვლის, რაც ფსიქიკური აშლილობთ იყო გამოწვეული _ მას ეშინოდა ხალხის წინაშე გამოსვლა.

ერთია თანაგრძნობა, თუნდაც გულწრფელი, სხვაა, გაცილებით მაღალია ქმედება, რომელსაც იგი იქმს მისი სათაყვანებელი მსახიობის ამ უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსაყვანად.

«ერთხელ, როცა ბორჯომში ვიყავი, შევიტყვე, რომ უშანგიც იქ იმყოფებოდა. და თუმცა ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით, გადავწყვიტე, მივსულიყავი მასთან. მსახიობი ყოფილი მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში ისვენებდა. ძლივს მოვახერხე მასთან შეხვედრა. ძალიან მინდოდა, დამერწმუნებინა, დაბრუნებოდა თავის პროფესიას. უშანგი ისეთივე მომხიბვლელი, ისეთივე ძალღონით სავსე იყო, როგორიც ურიელიდან მახსოვდა. ყოველნაირად ვცდილობდი, დამერწმუნებინა, დაბრუნებოდა თეატრს. ვეუბნებოდი, რომ იგი დიდებული მსახიობია და დანაშაულია, სცენაზე რომ არ არის.

უშანგი ყურადღებით მისმენდა, იყო ზრდილობიანი და მოკრძალებული, მაგრამ სევდის ჩრდილი ედო სახეზე. ვისმენდი მის პასუხებს: «არა», «შეიძლება…», «არა», «მე ვიფიქრებ» და ისევ _ «არა»! ვხედავდი, რომ მის დაყოლიებას მთელი ჩემი ტემპერამენტისა და მისი ნიჭისადმი მთელი ჩემი პატიოსანი, გულწრფელი თაყვანისცემის მიუხედავად, ვერ შევძლებდი.

სამწუხაროა და საწყენი, რადგან იგი მართლაც დიდი მსახიობი იყო».

ასე აფასებდა უშანგი ჩხეიძეს ელენა გოგოლევა, თავად დიდი მსახიობი, რომელიც ბრწყინავდა მოსკოვის მცირე თეატრის სცენაზე, სახელგანთქმული იყო მთელ საბჭოთა კავშირში და მის საზღვრებს გარეთაც.

იგი იხსენებს კოტე მარჯანიშვილის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საღამოს თბილისის ფილარმონიის ახალ შენობაში, სადაც მან მართლაც ამაღელვებელი სიტყვა წარმოთქვა. აქ იგი შეხვდა უშანგი ჩხეიძის დას, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს ნინო ჩხეიძეს, ვისთანაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ურთიერთობა არ გაუწყვეტია. «ნინო დიდად აფასებდა ჩემს დამოკიდებულებას უშანგისადმი. იმ საღამოს საზეიმო კონცერტზე წარმოადგინეს შესანიშნავი ნომერი: ვერიკო კითხულობდა სცენას «აკოსტადან», პროჟექტორები კი ანათებდნენ ერთ ადგილს სცენაზე და ვერიკოს უპასუხებდა უშანგის ხმა»…

ოცდაათიან წლებში, როგორც ცნობილია, მოსკოვში გაიმართა რუსთაველის თეატრის გასტროლები, რომელსაც გოგოლევას თქმით ხელმძღვანელობდა «ძალიან საინტერესო, ტემპერამენტიანი რეჟისორი სანდრო ახმეტელი, ასევე, მარჯანოვის მოწაფე. ორი წარმოდგენა ჩამოიტანეს _ «ლამარა» და «ანზორი», რომლებშიც დაკავებულმა სამმა მსახიობმა შეძრეს დედაქალაქი: ხორავამ, ვასაძემ და დავითაშვილმა. შემდეგ, უფრო გვიან, ხორავამ და ვასაძემ არაერთხელ ითამაშეს მოსკოვში «ოტელო». სრულიად განსხვავებული, სამხრეთული, ქართული ტემპერამენტი იგრძნობა ხორავას (ოტელო) და ვასაძის (იაგო) თამაშში».

ელენა გოგოლევა სისტემატურად ჩამოდიოდა თბილისში. გრიბოედოვის სახელობის თბილისის დრამატული თეატრის მოწვევით ჩამოვიდა 1961 წელსაც, როცა საქართველოში გასაბჭოების 40 წელი აღნიშნეს. «მიმიწვიეს, რათა მეთამაშა იგივე როლი, რომელსაც იმ დროს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ვერიკო თამაშობდა. თეატრის დირექტორმა ჩემს პატივსაცემად თავის სახლში პატარა საღამო მოაწყო, მიწვეულთა შორის იყვნენ ვერიკოც და ხორავაც. ვერიკო საოცრად მხიარული და სიტყვამოსწრებული იყო».

მადლიერი შემოქმედი სიყვარულით იხსენებს ლიკანში გატარებულ საღამოებს, ბორჯომში გამართულ კონცერტებს, შეხვედრებს ფაშისტების მიერ რაიხსტაგის დაწვით კომუნისტების საწინააღმდეგოდ პროვოცირებული სასამართლო პროცესის ლეგენდარულ გმირთან გიორგი დიმიტროვთან, «საოცარ, უბრალო, კარგ საღამოებს».

ერთხელ ზეკარის უღელტეხილზე ექსკურსიიდან ლიკანში დაბრუნებულ გიორგი დიმიტროვს საინტერესო, სალაღობო თამაში წამოუწყია, ცეკვითა და სიმღერით. «შემდეგ მოითხოვა მისთვის მოეტანათ «ყველაზე ლამაზი თაიგული». დიმიტროვმა ყველანი წრედ დასვა, თაიგული მისცა ყველაზე პატარა ბიჭს, ერთერთი სტუმრის შვილს, ორივე ხელით თავზე მოეფერა და სთხოვა იქ მსხდომთა შორის ყველაზე ლამაზი დეიდისთვის მიეცა». ბიჭს ეს თაიგული ელენა გოგოლევასთვის მიურთმევია. «დიმიტროვმა აიტაცა ბიჭი, მაღლა შეაგდო და მხიარულად თქვა, რომ ბიჭს კარგი გემოვნება ჰქონია და არაფერი შეშლია.

წლების შემდეგ მცირე თეატრი თბილისში მართავდა გასტროლებს. საქართველოს მთავრობამ მოგვიწყო მიღება. როგორი იყო ჩემი გაოცება, როცა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ერთერთმა მდივანმა წარმოთქვა ჩემი სადღეგრძელო და გამახსენა ის საღამო დიმიტროვთან ერთად ლიკანში და თაიგული, რომელიც ბიჭმა მომართვა: «ის ბიჭი, ძვირფასო ელენა ნიკოლაევნა, მე ვიყავი

დევი სტურუას ჩემი თანდასწრებითაც გაუხსენებია ის საოცარი საღამო. დიახ, ეს პატარა ბიჭი დევი სტურუა იყო.

ელენა გოგოლევა გულდაწყვეტით წერს: «ასე მიფრინავენ წლები! აი ასე, ჩვენ თვალწინ იზრდება ახალი თაობა, და ტკივილამდე გულდასაწყვეტია, როცა იხსენებ იმათ, ვინც ამ ცხოვრებიდან წავიდა».

დასანანია და გულდასაწყვეტია, რომ დღეს აღარც ის ბიჭია ცოცხალი.

ბოლოს დევი სტურუა გოგლაობაზე ვნახე, პატარძეულში, გიორგი ლეონიძის ძველი სახლის აივანზე, პირველი არხის ტელეჟურნალისტის თხოვნით გოგლას შესახებ ლაპარაკობდა.

იწერდნენ დევის სიტყვას, რომელიც მან გოგლას ლექსით «ყივჩაღის პაემანი» დაამთავრა:

«ყურღანებიდან გნოლი აფრინდა,

ყაბარდოს ველი გადაიარა

ისევ აღვსდექი!

მუხრანის ბოლოს

ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს…»

გოგლას ბოხი ხმის მიბაძვით კითხულობდა, ბუბუნებდა, ბობოქრობდა, განიცდიდა.

დაამთავრა და ჟურნალისტ გოგონას სთხოვა: ჩემი ნათქვამი, თუ გინდათ, წაშალეთ, ოღონდ ეს ლექსი დატოვეთო.

მოსწონდა თავისი წაკითხული.

მაგრამ მე ხომ ჩემი გამოცდილებით ვიცოდი და იმ ჟურნალისტმაც იცოდა, რომ ტელეხელმძღვანელობა მაინცდამაინც ამ ლექსს წაშლიდა…

«როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი,

ქართლის ხეობებს ასდით ნისლები…»

ნისლივით ქრება იმედიც და სურვილიც. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა…

«მოგონებებს გარდასულ დღეთა» უმეტესად წუხილის შავი არშია დაჰყვება. ელენა გოგოლევას ეს მოგონებაც ამ რიგისაა:

«თბილისის ქუჩებს ნელა მიჰყვება პროცესია. ზემოთ კი, ერთერთი სახლის სახურავზე თეთრ, მოფრიალე სამოსში გამოწყობილი იდგა ვერიკო ანჯაფარიძე და შორს ისმოდა მისი ძლიერი, ლამაზი ხმა. საქართველო კრძალავდა კოტე მარჯანიშვილს _ კონსტანტინე ალექსანდრეს ძე მარჯანოვს, დიდ რეჟისორს, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა მოსკოვში შემოქმედებით ძალთა გაფურჩქვნის ჟამს. ამ დროს მიმდინარეობდა გენერალური რეპეტიციები მცირე თეატრში მისი დადგმული სპექტაკლის _ შილერის «დონ კარლოსის». როგორ სჭირდებოდა მარჯანოვი ქართულ თეატრს! და როგორი აუცილებელი იყო იგი აქ, მოსკოვში, მცირე თეატრშითეატრში, რომლის ცენტრი იყო მსახიობი, ურეჟისორობა ამუხრუჭებდა შემოქმედებით ზრდას. მაგრამ რეჟისორის პოვნა, რომელიც დაჯილდოვებული იქნებოდა დამდგმელის ფანტაზიით და შესწევდა უნარი, ეს ფანტაზია განესახიერებინა, უწინარეს ყოვლისა, მსახიობის საშუალებით, დღეს არცთუ ისე ადვილია. მაშინ, 30-იან წლებში ეს პრობლემა უკვე იდგა დღის წესრიგში. მხოლოდ ასეთი რეჟისორის «მიღება» შეეძლო მცირე თეატრს. და სწორედ ასეთი რეჟისორი აღმოჩნდა კონსტანტინე ალექსანდრეს ძე მარჯანოვი.

როცა თეატრში დაიწყეს საუბარი მარჯანოვის მოწვევაზე «დონ კარლოსის» დასადგმელად, მე სიხარულით შევხვდი ამ ამბავს, რადგან ნანახი მქონდა მისი უკვდავი დადგმა «ურიელ აკოსტასი»…

გოგოლევა იხსენებს, როგორ შეიკრიბნენ სარეპეტიციო დარბაზში მსახიობები, როგორ შევიდა მარჯანიშვილი, «ის, ვისზეც ამდენი რამ გაგვეგონა, წაგვეკითხა, ვიცოდით». განსაკუთრებით მოხიბლულა მსახიობი ქალი რეჟისორის დიდი, შავი და მწველი თვალებით, მისი გამოხედვა არამარტო დაკვირვებული იყო, არამედ «გამგმირავი».

მარჯანიშვილის შემოქმედებით მეთოდზე საუბრისას ელენა გოგოლევა განსაკუთრებით ხაზს უსვამს, რომ რეჟისორი მკაცრად მოექცა შილერს. «იგი აკეთებდა დიდ კუპიურებს, ამბობდა, რომ ზედმეტი სენტიმენტური მრავალსიტყვაობის გამო იკარგება პიესის ძირითადი იდეა. იმ დროს კლასიკოსისადმი ასეთი «ბარბაროსული» დამოკიდებულება ბევრმა დაუშვებლად მიიჩნია და ზოგიერთი უცებვე განაწყო მარჯანოვის წინააღმდეგ… სპექტაკლი საინტერესოდ იყო ჩაფიქრებული და მცირე თეატრისთვის _ უჩვეულოდ. ახლა, მრავალი წლის შემდეგ, დამდგმელები ხშირად იყენებენ მარჯანოვის მიერ გამოყენებულ მეთოდებს. მაგრამ მაშინ ეს იყო სიახლე და გაბედულება, ვიტყოდი, რომ წარმოჩნდა როგორც მცირე თეატრის განვითარების ახალი საფეხური…

მაგრამ მოულოდნელმა სიკვდილმა ხელი შეუშალა მარჯანოვს გამოეშვა «დონ კარლოსი» _ იგი ერთ-ერთი პირველი გენერალური რეპეტიციის დროს გარდაიცვალა.

ძალიან, ძალიან დამნაშავეა მის მიმართ მცირე თეატრი. არა, მთელი დასი არა, მაგრამ _ ზოგიერთები. ისარგებლეს უპირველესი მიზეზით _ ჩემი ავადმყოფობით და სპექტაკლის მოხსნა მოინდომეს. ჩვენ, მონაწილენი წინ აღვუდექით, არ დავეთანხმეთ და ჩვენსას მივაღწიეთ

პრემიერამ ტრიუმფით ჩაიარა. ჩვენ გამოვდიოდით თავის დასაკრავად და ხელში გვეჭირა მარჯანოვის პორტრეტი. იგი თითქოს ჩვენთან იყო, აქ, ცოცხალი და იღებდა ოვაციებს მისი დიდებული ნამუშევრის გამო».

ბარემ აქვე ვთქვათ, რომ გოგოლევა მარჯანიშვილს მარჯანოვად მოიხსენიებდა ერთგვარი თეატრალური ტრადიციების გამო, ეს ისეთივე გაშინაურებაა საუკეთესო გაგებით, თავისიანად მიღება, როგორც იმავე «ურიელ აკოსტას» მხოლოდ «ურიელად» მოხსენიება: შეკვეცა, ერთგვარი მეტსახელი _ თბილი, შენიანის. არა მგონია, რომელიმე მსახიობი ბრეხტის «კავკასიურ ცარცის წრეზე» ლაპარაკისას სტურუასეულ ამ შედევრს სრულად მოიხსენებდეს. როგორც წესი, იტყვიან «ცარცის წრე», ან «კავკასიური».

ასეა და არავითარ შემთხვევაში გარუსულება გვარის იმ გაგებით, როგორც ეს რუსეთის იმპერიის პირობებში ხდებოდა ეროვნულ უმცირესობათა მიმართ.

და ისევ გოგოლევა:

«მთელი ცხოვრების მანძილზე გამყვება მარჯანოვთან შეხვედრა და მასთან მუშაობა. იგი არ იყო მხოლოდ მცირე თეატრის რეჟისორი. იგი ჩემი რეჟისორი იყო, ვისთანაც შემეძლო შემექმნა ბევრი შესანიშნავი, შთაგონებული სახე, მაგრამმე ვერ ვიჯერებდი მის სიკვდილს…»

მსახიობი იხსენებს მეგობრების წრეში გატარებულ ერთ შესანიშნავ საღამოს მარჯანიშვილთან ერთად. მისულა იქ ლუნაჩარსკიც, რომელიც ოფიციალურ წრეებში კულტურის საკითხების უპირველეს ექსპერტად ითვლებოდა და იმ წლებში სსრკ სახკომსაბჭოსთან არსებული სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობდა. ელენა გოგოლევა იხსენებს: «ლუნაჩარსკის სჯეროდა მარჯანოვის და შესთავაზა მცირე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობა. ანატოლი ვასილის ძეს ესმოდა, რომ მარჯანოვი მცირე თეატრის შესანიშნავი, ნათელი მომავალიაასეთი ხელმძღვანელი ააცილებდა მცირე თეატრს ბევრ ჩავარდნას და უბედურებას, იმის დავიწყებასაც, რაც დიდი «ბერიკაცების» მიერ იყო ნაანდერძევი».

მარჯანიშვილს არ დასცალდა. მაგრამ უკვე ჩვენ დღეებში მოწმენი ვართ თემურ ჩხეიძის პეტროგრადის, რობიკო სტურუას მოსკოვის თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელად და მთავარ რეჟისორად მოღვაწეობის.

ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, რაც ცალკე და დიდი საუბრის თემაა.

ცხოვრება გრძელდება, მოგონებები რჩება: «მე კვლავ ვსწავლობ ამ მოგონებებისგან», _ ამბობს გოგოლევა თავის მემუარებში, რომლებიც კრიალოსანივით არის აწყობილი: «კრიალოსანი გრძელდება სახელგანთქმულ ქართველ მხატვართან ელენე ახვლედიანთან მეგობრობით, რომლის ნახატი დღესაც შინ მიკიდია.

საქართველოსთან მეგობრობა დღემდე ასაზრდოებს ჩემს ესთეტიკურ გრძნობას. მახსენდება რუსთაველის თეატრის ამასწინანდელი გასტროლები მოსკოვში, როცა მათ სპექტაკლს «სამანიშვილის დედინაცვალს» დავესწარი. მითარგმნიდა ვერიკო. მაგრამ თარგმანის გარეშეც მხიბლავდა თავისი რეჟისურით. მაშინ გავიგონე პირველად ეს გვარი: სტურუა. აქ, მოსკოვში ბუკვალურად შემძრა ამ რეჟისორის სპექტაკლმა . ბრეხტის «კავკასიური ცარცის წრემ». მთხოვეს, ტრადიციულად მადლობა გადამეხადა მსახიობებისთვის სპექტაკლის შემდეგ. მაგრამ ტრადიციული მისალმების ჩარჩოები დაიმსხვრა, როცა ბედნიერება მხვდა წილად მენახა ეს სპექტაკლი. მე გამოვვარდი სცენაზე და აზარტული აღგზნებით ვიყვირე, რომ ის, რაც მე და მაყურებლებმა ესესაა ვიხილეთ, სასწაულია! დარბაზმა ჩემს აღფრთოვანებას მხარი აუბა, რადგან ეს სპექტაკლი მართლაც სასწაულია!

ბედმა მარგუნა შეხვედრის სიხარული საბჭოთა ეროვნული თეატრების ბევრ მოღვაწესთან; მათ შორის _ შეხვედრები ქართულ ხელოვნებასთან, რომლის მხურვალე თაყვანისმცემელი ყოველთვის ვიქნები».

კარგი აკორდია _ ზეაწეული, გულწრფელი. გულდასაწყვეტი კი ისაა, რომ დღეს წინა თაობების ხელოვანთა მიერ საფუძველჩაყრილი კულტურათა ურთიერთობა მოგონებების სფეროშია გარდასული.

თუმცა რაღაც სინათლე მაინც კიაფობს გაუცხოების გვირაბის ბოლოს.

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here