Home რუბრიკები საზოგადოება მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის სასახლეში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უნდა განთავსდეს

მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის სასახლეში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უნდა განთავსდეს

661

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს, ახლადარჩეულ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს წერილით მიმართავენ. მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის სასახლეში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უნდა განთავსდეს. მათივე შეფასებით, პრეზიდენტის სასახლეში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განთავსება საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია. მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

 

«მას შემდეგ, რაც საზოგადოებაში დაიწყო დისკუსია დღევანდელი პრეზიდენტის სასახლის სამომავლო ბედის შესახებ, ქართველ მეცნიერებს შორისაც დაიბადა ერთი იდეა. მოგეხსენებათ, ქართველებს როგორი მდიდარი და საამაყო კულტურა გვაქვს. ამ მემკვიდრეობით სრულიად სამართლიანად ვიწონებთ თავს მსოფლიოს წინაშე, თუმცა გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ქართული კულტურის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი _ ქართული დამწერლობა ჯერაც ვერ ვაქციეთ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი კულტურის მთავარ სავიზიტო ბარათად. საქართველოს უძველესი და ამასთან, საოცრად მრავალფეროვანი სადამწერლობო კულტურა აქვს. ამას მოწმობს ჩვენი უნიკალური ხელნაწერი მემკვიდრეობა, რომელმაც ჩვენამდე მოიტანა უძველესი ქართული სამწიგნობრო ტრადიციის, ქართული სახელმწიფოებრიობის, ეკლესიის, საზოგადოების, კულტურის, მეცნიერების, თავად დამწერლობის განვითარების უტყუარი სურათი.

ვფიქრობთ, დღეს გვაქვს ისტორიული შანსი, ამ ფასდაუდებელ საგანძურს და დაწესებულებას, სადაც მას იცავენ და იკვლევენ, ჯეროვანი ადგილი მივუჩინოთ.

პრეზიდენტის სასახლეში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განთავსებით დღევანდელი ხელისუფლება საშვილიშვილო საქმეს გააკეთებს. ეს იქნება საქართველოს უახლეს ისტორიასა და საერთოდ, ქართული კულტურის ისტორიაში საეტაპო მნიშვნელობის მოვლენა! ამასთან, სასახლეში უმდიდრესი საგანძურის გადატანით საბოლოოდ დაესმევა წერტილი მომავალში შენობის ფუნქციის თაობაზე დისკუსიის შესაძლო გაგრძელებას.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექცია ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის მთელი ისტორიული მეხსიერებაა. აქ დაცულია დიდი ქართველი მწიგნობრების, წმინდა მამების, ქართველი მეფე-მთავრების, კათოლიკოს-პატრიარქების, მწერლების, მეცნიერების, ხელოვანების, პოლიტიკოსების, დიდი საზოგადო მოღვაწეების ავტოგრაფები, შრომები, მინიატურები, დოკუმენტები, არქივები. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა აჩვენებს, რომ ყველაზე გამორჩეული ნაგებობები დათმობილი აქვს სწორედ სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს კულტურულ-საგანმანათლებლო ტიპის დაწესებულებებს და არა სახელისუფლო ორგანოებს. ამით სახელმწიფო აცხადებს, რომ კულტურა მარადიული კატეგორია და მისი ქვეყნის უმთავრესი სავიზიტო ბარათია. ასეთი მიდგომა ჩვენს მეზობელ სომხეთშიცაა, სადაც «მატენადარანი» (ხელნაწერთა ინსტიტუტი) ქალაქის ყველაზე თვალსაჩინო ადგილას, გამორჩეულ შენობაშია განლაგებული (ბატონო ბიძინა, რამდენადაც ვიცით, სომხეთში ვიზიტისას თქვენც ეწვიეთ სომხური კულტურის ამ უმნიშვნელოვანეს ცენტრს). დაბოლოს, უნდა დავამატოთ, რომ პრეზიდენტის სასახლეში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განთავსება საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისთვისაც არის მნიშვნელოვანი. თბილისის უძველეს ნაწილში უპირველესად სწორედ ჩვენი უნიკალური დამწერლობის პოპულარიზების ცენტრი უნდა იყოს (სამწუხაროდ, უცხოელთა უმეტესმა ნაწილმა დღეს არც კი იცის, რომ ქართველებს ჩვენი ორიგინალური, მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი, თანაც სამი ტიპის დამწერლობა გვაქვს).

გასათვალისწინებელია ისიც, რომ კოლექციაში დაცულია, აგრეთვე, ძალზე საინტერესო უცხოენოვანი _ არაბული, სპარსული, თურქული, რუსული, სომხური, ბერძნული, ებრაული, გერმანული, იტალიური და სხვ. _ ხელნაწერები და ისტორიული დოკუმენტები. სახელმწიფოს უმაღლეს პირებს უმორჩილესად გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის, ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი ერის მომავლისთვის უმნიშვნელოვანეს იდეას, დააგვირგვინოთ ქართველი საზოგადოებისა და მისი თვალსაჩინო წარმომადგენლების _ ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის თითქმის ორსაუკუნოვანი ღვაწლი. ისინი აგროვებდნენ, უვლიდნენ, იკვლევდნენ, სამშობლოში აბრუნებდნენ ქართულ ხელნაწერებს _ იმ იმედით, რომ დადგებოდა დრო და საქართველო ამ უნიკალური მემკვიდრეობით ღირსეულად წარდგებოდა მთელი სამყაროს წინაშე».

წერილს ხელს აწერენ საქართველოს

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები:

მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი,

მზექალა შანიძე, ოთარ ჯაფარიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here