Home რუბრიკები საზოგადოება ლევან ადეიშვილი: ბაჩო ახალაიას განაჩენთან დაკავშირებით, დაცვის მხრიდან ერთი სამართლებრივი არგუმენტიც არ...

ლევან ადეიშვილი: ბაჩო ახალაიას განაჩენთან დაკავშირებით, დაცვის მხრიდან ერთი სამართლებრივი არგუმენტიც არ მომისმენია

1173

რას მოიმოქმედებს პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის მიერ ბაჩო ახალაიას შეწყალების შემდეგ და რატომ ისმის გამუდმებით პროკურატურის მიმართ საყვედურები, «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრა მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორი ლევან ადეიშვილი, რომელიც რამდენიმე გახმაურებულ პროცესზე, მათ შორის ბაჩო ახალაიას საქმეზეც, სახელმწიფო ბრალმდებელი გახლდათ.

 

_ თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ წარმოებულ უკვე მეორე საქმეზე გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. დღეს ყველაზე მეტი საყვედური პროკურატურის მიმართ ისმის, რატომ ვერ მოახერხა პროკურატურამ უფრო მყარი და სათანადო მტკიცებულებების წარდგენა ახალაიას წინააღმდეგ?

_ მე წარმოვადგენდი სახელმწიფო ბრალდებას მხოლოდ ე. წ. ციხის ბუნტის საქმეზე, სადაც ბაჩო ახალაია, მეგის ქარდავა, დავით ჭაკუა და რევაზ ჭარბაძე სასამართლომ დამნაშავეებად სცნო და ოთხივე მათგანს არაადამიანური, ღირსებისა და პატივის შემლახავი მოპყრობის გამო, რასაც თან ახლდა სისასტიკე და ფიზიკური ტკივილის მიყენება, შესაბამისი სასჯელები განესაზღვრათ. გარდა ამისა, მე სახელმწიფო ბრალდებას წარმოვადგენდი თენგიზ გუნავას საქმეზეც, რომელიც 49500 ლარისა და 3 ათასი ლიტრი ბენზინის მითვისებაში ასევე დამნაშავედ სცნო სასამართლომ. მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა შემდეგ როგორც გახსოვთ, ის პრეზიდენტმა შეიწყალა. გახმაურებული საქმეებიდან ამჟამად ასევე გამოვდივარ დგებუაძის, იმავე «მასტერას» საქმეზე, რომელსაც ასევე წამება და არაადამიანური მოპყრობა ედება ბრალად და იმედი მაქვს, აქაც გამამტყუნებელი განაჩენი დადგება. აქედან გამომდინარე, მოკლებული ვარ შესაძლებლობას, პასუხი გავცე თქვენს შეკითხვას და რაიმე კომენტარი გავაკეთო სხვა საქმეებზე, ვინაიდან აღნიშნულ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდებას სხვა პროკურორები წარმოადგენენ. როგორც ვიცი, პირველი ინსტანციის ერთი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში უკვე გასაჩივრებულია და საქმის განხილვა მიმდინარეობს.

_ ბაჩო ახალაია სასამართლომ . . ციხის ბუნტის საქმეზე დამნაშავედ სცნო არაადამიანური მოპყრობის მუხლით და 3 წელი და 9 თვე მიუსაჯა, მაგრამ ბაჩო ახალაია მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა. რას აპირებს პროკურატურა?

_ ჩვენი კანონმდებლობით, პრეზიდენტს აქვს უფლება, ნებისმიერი მოქალაქე შეიწყალოს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს განაჩენი შეეხებოდა  პატიმართა არაადამიანური და დამამცირებელი დასჯის ფაქტებს. სამართლებრივად, პრეზიდენტმა შეწყალება განახორციელა იმ ეპიზოდში, რომლითაც გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, ბუნებრივია, ამ ეპიზოდში გასაჩივრებას აზრი ეკარგება, მაგრამ რაც შეეხება ციხიდან უკანონოდ გაყვანის ფაქტებს, რაშიც ახალაია და ქარდავა არიან ბრალდებულები, ეს ეპიზოდი არ მოხვდა შეწყალებაში და სრული უფლება გვაქვს, გავასაჩივროთ სასამართლოში და მოვითხოვოთ, ბრალდებულებს ამ ეპიზოდშიც დაეკისროთ შესაბამისი სასჯელი.

_ თქვენ უკვე მესამე პროკურორი იყავით ახალაიას საქმეზეთქვენმა წინამორბედმა ია დარჯანიამ თვითაცილების შუამდგომლობა დააყენა, ვინაიდან მას, გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების საშუალება არ გააჩნდა და, როგორც აცხადებდა, ახალაიას ახლობლები მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ. თქვენზე თუ განხორციელებულა რაიმე სახის ზეწოლა?

_ ზეწოლას ჩემ მიმართ ადგილი არ ჰქონია. როგორც ნახეთ, დასკვნითი სიტყვითაც წარვსდექი სასამართლოს წინაშე და მოვითხოვე, ზემოთ დასახელებული მუხლებით ბრალდებული პირები სასამართლოს დამნაშავეებად ეცნო. მიმაჩნია, რომ სასამართლომ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ეპიზოდში დასაბუთებული გადაწყვეტილება გამოიტანა.

ჩვენ სასამართლოზე უამრავი მტკიცებულება წარვადგინეთ, გარდა დაზარალებულების ჩვენებებისა, გვქონდა 14 მოწმის ჩვენება, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მუშაობდნენ სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ ყველამ მამხილებელი ჩვენებები მისცეს ბრალდებულების, მათ შორის ბაჩო ახალაიას, წინააღმდეგ. საქმეში ასევე წარდგენილი იყო ექსპერტიზის დასკვნები და სხვა მტკიცებულებები, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით საკმარისი იყო, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოეტანა.

ჩემი დასკვნითი სიტყვის წაკითხვის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დაცვის მხარე საქმეს სრულყოფილად არ იცნობდა. ამის გარდა, სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია ყველა ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულება, მათ შორის დაზარალებულების და მოწმეების ჩვენება, და ეჭვი არ შეუტანია მათ სისწორეში. თუ რატომ არ იყო განაჩენი სამართლიანი, პოლიტიკური განცხადებების გარდა, დაცვის მხრიდან მე ერთი სამართლებრივი არგუმენტიც არ მომისმენია.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here