Home რუბრიკები საზოგადოება სკოლის დირექტორის «ნაციონალური» დევნა

სკოლის დირექტორის «ნაციონალური» დევნა

591

ყოფილი ხელისუფლების დროს სამეგრელოში განხორციელებული სისასტიკისა და მოსახლეობაზე ზეწოლის ფაქტების შესახებ ინფორმაცია დღეს  საიდუმლოს აღარ წარმოადგენს. წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალის სკოლის დირექტორი დალი კვარაცხელია თანამდებობიდან მისი გათავისუფლების პოლიტიკურ მიზეზებზე საუბრობს.

 

_ 2008 წელს, ომის შემდეგ, მეზობელ სოფელში, კანთში, რუსეთის ჯარი იდგა და ჩვენც ჩვეულებრივ ვაპროტესტებდით ამ ფაქტს, აქციებს ვმართავდით. ერთ დღესაც რესურსცენტრიდან გამაფრთხილეს, თქვენთან ტელეკომპანია «რუსთავი 2»-ის ჟურნალისტები მოვლენ, ინტერვიუ უნდათო. არც მიკითხავს, რა საკითხზე სურდათ საუბარი. ერთი მეგობარი მახლდა. მოვიდნენ ჟურნალისტები, რას იტყვით, რუსები რომ დგანან მეზობელ სოფელშიო, _ მკითხეს. რა უნდა ვთქვა, თავის ქვეყანაში უნდა დაბრუნდნენთქო, ვუპასუხე. დაახლოებით ასეთი ემოციური განცხადება გავაკეთე. არაო, _ მითხრა, _ ეს არ მინდა. ტელეკამერების წინ თქვენ უნდა თქვათ, რომ გუშინ ღამით, იარაღითა და ტანკებით მოვარდნენ თქვენს სახლში რუსი ჯარისკაცები, მოგცეს რუსული პასპორტი და იარაღით დაგემუქრნენო.

_ თქვენ რა პასუხი გაეცით?

_ ვუთხარი, მთელი სოფელი გაიგებდა, ასე რომ მომხდარიყო და ასეთ ტყუილს სკოლის დირექტორი ქალი როგორ ვიტყვიმეთქი. ჩემმა მეგობარმაც უარი განაცხადა მსგავსი ტყუილის თქმაზე და გაგიჟებულები გაიქცნენ.

ჟურნალისტების წასვლიდან ათი წუთი არ იყო გასული, რესურსცენტრიდან დამირეკეს, რა მოხდა, რა უთხარი ასეთი, გაგიჟებულები არიანო. ვფიქრობ, ეს ჟურნალისტები წალენჯიხის კუდის მაშინდელი უფროსის, ზაალ ღურწკაიას, გამოგზავნილები იყვნენ. ამ ადამიანმა გაანადგურა მთელი რაიონი, სულიერება ჩაკლა. შიში იყო გამეფებული. ისეთი სიტუაცია შექმნა, მეზობელი მეზობელს აღარ ენდობოდა.

არავის დავურბევივარ და ტყუილი როგორ მეთქვა? სხვათა შორის, მე არა, მაგრამ სხვა სკოლის დირექტორმა თქვა სიცრუე. აქედან დაიწყო ყველაფერი. ამის შემდეგაც ბევრ საკითხში შევეწინააღმდეგე, ყოველთვის დაუფარავად ვამბობდი, რაც არ მომწონდა და 2011 წელს უკვე სამსახურიდანაც გამათავისუფლეს. ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მიზეზების გასარკვევად წავედი განათლების სამინისტროში და მითხრეს, რომ თქვენი რაიონის მთავრობა გემდურითო. ამის შემდეგ ავდექი და პირდაპირ ზაალ ღურწკაიასთან მივედი.

_ ზაალ ღურწკაიამ რა გითხრათ?

_ ვკითხე, რატომ გამათავისუფლეთ-მეთქი. თქვენ აქტიური იყავითო,  მიპასუხა. სიტყვა-სიტყვით ასე მითხრა. ვკითხე, ეს აქტიურობა მაინც რაში გამოიხატება, სკოლის საქმე რომ წინ მიმყავდა, გამოდის, თურმე ეს ცუდი ყოფილა-მეთქი. ისეთი სიტყვები მაკადრა… აქედან თუ არ გახვალ, ჩემს ხალხს დავუძახებ და გაგიყვანენო. პასუხს ვითხოვ თქვენგან: რატომ გამათავისუფლეს უსამართლოდ, როცა თქვენ გარეშე რაიონში დამლაგებელსაც არ ნიშნავენ-მეთქი?! იმ დროს მას ამდენს ვერავინ უბედავდა, მაგრამ ჩემი ძმაც პოლიციაში მუშაობდა და გავბედე და შევეპასუხე. სხვათა შორის, მერე ჩემი ძმაც გაათავისუფლეს სამსახურიდან; მან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ შეძლო სამსახურში დაბრუნება.

_ რესურსცენტრიდან რა პასუხი გაგცეს?

_ რესურსცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან სამუშია მეუბნებოდა, აზრზე არ ვარ, რატომ გაგათავისუფლესო, არადა, ძალიან კარგად იცოდა ყველაფერი. მთელმა წალენჯიხამ იცის, ღურწკაიასა და სამუშიას რა ურთიერთობაც ჰქონდათ. ეს მათი პირადი ცხოვრებაა და შეიძლება არავის საქმე არ არის, მაგრამ თავის პირად ცხოვრებას მთელი წალენჯიხა გადააყოლეს. ფაქტობრივად, მთელს რაიონს მართავდნენ. პედაგოგებს შეურაცხყოფას აყენებდნენ.

_ საბოლოოდ რა პასუხი მიიღეთ, რა გახდა თქვენი სამსახურიდან გათავისუფლების მოტივი?

_ ოფიციალური მოტივი ის იყო, რომ სკოლების შეერთება მოხდა, მაგრამ კანონმდებლობით, მე სკოლაში უნდა დავებრუნებინე. სკოლის შემოერთება ჩემი გათავისუფლების საფუძველი არ უნდა გამხდარიყო. ჯერ ორი თვე მალოდინეს, დაგაბრუნებთო და კომპენსაციაც არ მომცეს. შემდეგ კი რესურსცენტრში გამომიცხადეს, დაგიწუნესო. როცა მე 6-წლიანი ვადით არჩეული დირექტორი ვიყავი.

_ რა პარტიული დავალებების შესრულებას ითხოვდნენ თქვენგან?

_ გვთხოვდნენ, მაგალითად, ანაკლიაში წასვლას და მასწავლებლებისა და ბავშვების წაყვანას. პრეზიდენტი ჩამოდის და უნდა წამოხვიდეთო, გვეუბნებოდნენ. როგორია, შუა სწავლების დროს მიატოვო სკოლა და ანაკლიაში წახვიდე? შემიძლია ვთქვა, რომ მე არც ერთხელ არ ვყოფილვარ ანაკლიაში. ამას გარდა, რაიონში იყო მაღაზია და რესურსცენტრიდან გვთხოვდნენ, ამ მაღაზიაში ფული ჩაგვერიცხა. ინდმეწარმე სახოკიას მაღაზიას ეძახდნენ, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ არაოფიციალურად რესურსცენტრის მაღაზია იყო და ისე ჰქონდათ ყველაფერი გაკეთებული, ვერც ვერაფერს დაუმტკიცებდი. რაღაცები უნდა გეყიდა. ეს ყველამ იცოდა.

მიყვარს ჩემი საქმე და ერთ-ერთი კარგი მუშაკი ვიყავი, მაგრამ მათ ეს არ აინტერესებდათ, ყველა დავალების უსიტყვოდ შესრულებას მოითხოვდნენ. რატომ გაუშვეს მარინე ფიფია _ საუკეთესო სკოლის დირექტორი? ან მზია არონია? ზოგ დირექტორს გენინსპექცია შეუგზავნეს.

არჩევნების დროსაც გვავალებდნენ მასწავლებლებზე გვემოქმედა, მაგრამ გულწრფელად ვამბობ, არასდროს ასე არ მოვქცეულვარ. თათბირებზე არასდროს პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია. სწორედ ეს დაუმახსოვრებია ღურწკაიას. ჩემი ნათესავი მუშაობდა ღურწკაიასთან და ჩემზე უთქვამს, ეგეც ოპოზიცია ყოფილაო. ჩემი უფროსი ძმა დაიჭირეს ყველაფერი წაართვეს, რაც გააჩნდა, უმცროსი ძმა კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მათ ხომ ასეთი წესი ჰქონდათ, თუ ვინმეს გადაეკიდებოდნენმთელ ოჯახს ამოძირკვავდნენ.

როცა პედაგოგების გათავისუფლება მომთხოვეს, მაშინაც შევეწინააღმდეგე, ასე უსაფუძვლოდ როგორ გავათავისუფლო-მეთქი. კითხვებს რომ ვსვამდი და ჩემი აზრი რომ მქონდა, სწორედ ეს არ მოსწონდა ღურწკაიას. უსიტყვოდ უნდა შეგესრულებინა ყველა მათი დავალება.

_ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თუ მიმართეთ ვინმეს სამსახურში აღდგენის მოთხოვნით, რას საქმიანობთ ახლა?

_ დირექტორების სასერტიფიკაციო გამოცდები ჩავაბარე, ველოდები გასაუბრებას. პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა კომისიას მივმართე,  შევიტანე განცხადება. ჯერჯერობით პასუხი არ ჩანს, ველოდები, როგორ აღადგენენ სამართალს. ძალიან შეურაცხყოფილი ვარ და ღირსების აღსადგენად ვიბრძვი.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here