Home რუბრიკები საზოგადოება ოცი წლის განმავლობაში ნატოზე ოცნებით დაკარგული ტერიტორიების ოცი პროცენტი

ოცი წლის განმავლობაში ნატოზე ოცნებით დაკარგული ტერიტორიების ოცი პროცენტი

854

ოც წელზე მეტია, ქართველი ხალხი ნატოში შესვლასა და მისგან, ამ «მიწიერი სამოთხისგან», მოტანილ კეთილდღეობაზე ამაოდ ოცნებობს; უფრო ზუსტად, ხელისუფალნი აბრიყვებენ და აიძულებენ, იოცნებონ. ნატოში შესვლის მომხრეებზე მეტი ჩვენს ქვეყანაში მისი უარმყოფელია, მაგრამ ქართველთმოძულე, მარიონეტი პოლიტიკოსების გამო ამ თემაზე საუბარს ყველა გაურბის, რადგან იმ წამსვე სამშობლოს ღალატს მოგაწერენ და ერის მტრად გამოგაცხადებენ. ეს მარიონეტი რენეგატები ამ საკითხზე ღია დებატებს გაურბიან, რადგან იციან, რომ მრავალწლიანი მითი ნატოში შესვლასა და ოქროს მთების შესახებ უმალ გამოაშკარავდება.

 

2008 წელს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად პლებისციტი ჩატარდა, რის შედეგადაც ხალხს არჩევანი უნდა გაეკეთებინა _ გვინდა თუ არა ნატოში შესვლა? რამდენიმე ხნის წინ ჩვენს გაზეთთან საუბრისას ჯუმბერ პატიაშვილმა ამ პლებისციტთან დაკავშირებით ასეთი რამ განაცხადა: «ვთვლი, რომ ნამდვილი სახალხო გამოკითხვა ნატოს შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით ხელახლა უნდა ჩატარდეს. საარჩევო კომისია დანაშაულებრივი სტრუქტურაა, რომელიც, რასაც უნდა, იმას აკეთებს, ანუ რასაც უბრძანებენ. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობს. საარჩევნო კომისიის სიყალბეზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ რეფერენდუმის დღე მინდა გავიხსენო, დღე, როდესაც ქართველ ხალხს უნდა გადაეწყვიტა, ნატოში შესვლა გვინდოდა თუ არა. გახსოვთ, ალბათ, თავდაპირველად გამოქვეყნდა ციფრი _ 62 პროცენტი, მაგრამ დასავლეთმა არ მოიწონა და უცბად 75% გახდა. თუ შენ ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრობ და ნამდვილად გინდა დაბრუნება, რეფერენდუმში რატომ არ ითვალისწინებ აფხაზებისა და ოსების აზრს? ამ ტერიტორიებზე ხომ არ ჩატარებულა რეფერენდუმი, იქაურ მოსახლეობას ხომ არ გამოუხატავს საკუთარი მოსაზრება? ისინი ნატოში შესვლას მხარს არასოდეს დაუჭერენ, შენ კი ეს ზუსტად იცი და კიდევ უფრო უპირისპირდები აფხაზს, ოსს და რუსს. აქედან ლოგიკური დასკვნის გაკეთება შეიძლება _ შენ არ გინდა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება

კიდევ ერთხელ ობიექტურად გავაანალიზოთ, თუ რა მოგვიტანა ნატოზე უაზრო და არაფრისმომცემმა ოცნებამ? გვიღირდა თუ არა ამ ეფემერული ილუზიის გამო ტერიტორიების დაკარგვა? რამდენიმე ომის წამოწყება და სამარცხვინოდ წაგება? მეზობლებთან გაფუჭებული ურთიერთობა და საბოლოოდ განადგურებული, გამათხოვრებული და სხვის ჭკუაზე მოსიარულე ქართველი ერი? საქართველოში უკვე ყველასთვის ნათელია, რომ ნატო თავისი ჯარებით საქართველოს დასახმარებლად არ ჩამოვა, პირიქით, მას იქით მიჰყავს ჩვენი ჯარისკაცები, სადაც სისხლისღვრა და ომია. მოკლედ, ჩვენი არჩევანი მარტივია _ ან უარი უნდა ვთქვათ ტერიტორიულ მთლიანობაზე და შევეგუოთ იმას, რომ ნატოს ეგიდით საქართველოში თურქეთის ჰეგემონია დაკანონდება, ან შევეშვათ ბოდვას ევროატლანტიკურ ალიანსზე და საქმეს მივხედოთ.

«საქართველო და მსოფლიო» აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებრივ დისკუსიას იწყებს და სხვადასხვა სფეროს კომპეტენტურ წარმომადგენელთა მოსაზრებებს გთავაზობთ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი:

_ რამდენად გვიღირს ნატოში შესვლა ტერიტორიების დაკარგვის ფასად?

_ ტერიტორიების დაკარგვის ფასად არაფერი გვიღირს და მითუმეტეს ნატოში შესვლა. მე თუ მკითხავთ, ნატოში შესვლა არაფრადაც არ ღირს. თუ გავეკიდებით ნატოს, ტერიტორიებს დავკარგავთ და ვიქნებით იმ ორგანიზაციაში, რომელმაც შეიძლება 10 წელი იარსებოს. მან თავისი შესაძლებლობები ამოწურა.

ქართველი პოლიტოსები, თუ შესაძლებელია, მათ ასე ვუწოდოთ, ოცი წელია, იმ ორგანიზაციებისკენ მიილტვიან, რომელთაც მომავალი არ გააჩნიათ და მათ შორის უპირველესი ნატოა. ასე რომ, ნატოს გამო ტერიტორიებზე უარის თქმა დაუშვებელია და ნატოზე საუბარიც უპერსპექტივოა.

_ რა მოგვიტანა მთელი ოცი წლის მანძილზე ნატოზე ოცნებამ? როგორი საქართველო შეგვრჩა ხელში?

_ ნატოზე ოცნებით, შეგვრჩა ის სიტყვა, რიტუალების სასახლეს რომ ადარებენ-ხოლმე. ვოცნებობთ უაზროდ, ეს ოცნებაც ასე არ გაიდგამდა ფესვს, ქართული საზოგადოება კარგად გათვითცნობიერებული რომ იყოს. ქართველები პოლიტიკაზე ისე საუბრობენ, როგორც ფეხბურთზე. ყველას ჰგონია, რომ ეს საქმე იცის, მაგრამ სერიოზულად პოლიტიკაში ვერავინ ერკვევა, არ იციან, ეს პოლიტიკა იჭმევა თუ ისმევა. ამ უცოდინარობის ფონზე, კარგად ლავირებენ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიც არიან: «ნაციონალები», რესპუბლიკური პარტია, ალასანიას გაურკვეველი პარტია და სხვები. ისინი დაბეჯითებით საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენი გზა არის დასავლეთისკენ, ნატოსკენ, ევროკავშირისკენრა მოგვცა «ნატონატოს» ძახილმა?! მოგვცა ის, რომ ჩვენ დავძაბეთ ურთიერთობა რუსეთთან, რამაც გამოიწვია ტერიტორიების დაკარგვა. დავრჩით ცარიელტარიელი, იმედისა და ოცნების ამარა. ფაქტობრივად, ქართველი ხალხი დარჩა იმ დონეზე, რა დონეზეც ვიყავით მაშინ, როდესაც ნატოზე ფიქრი დავიწყეთ. ასე რომ, ოცი წლის განმავლობაში სწორედ ნატოზე ოცნებით და ცუდი სიზმრების ხილვით დავკარგეთ ტერიტორიების ოცი პროცენტი, რუსეთის ბაზარი, რუსეთის ნდობა, პოლიტიკური ურთიერთობები, რაც საქართველოსთვის ძალიან ცუდია.

_ ბატონო ჰამლეტ, თქვენ ახსენეთ: «ნაცები», რესპუბლიკელები, ალასანია. რამდენად შესაძლებელია, რომ ამ სამმა ძალამ, რომლებიც, შესაძლოა, გაერთიანდნენ კიდეც, ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ ნატოში შესვლა გადაწყვიტონ?

_ მათ, შესაძლოა, ამის სურვილი ჰქონდეთ და თან ძალიან ძლიერი, მაგრამ ნატო კარს გაგვიღებს? კარის გაღებაზე ნატო რასმუსენისა და გაურვეველი წარმოშობის აპატურაის პირით ხშირად საუბრობს. მაკვირვებს ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკა, რომ ნატოში აუცილებლად შევლენ. ნატოს გენერალური მდივანი გამუდმებით საუბრობს იმაზე, რომ ქართველი ჯარისკაცების ავღანეთში, სისხლისღვრაში მონაწილეობის მიღება არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო აუცილებლად შევა ნატოში. ჩვენნაირი ქვეყნის ნატოში მიღება თავსატკივარია. საქართველოს არ აქვს დელიმიტირებული და დემარკირებული საზღვარი არც ერთ ქვეყანასთან, გარდა თურქეთისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი საკითხია. ნატოში არ მიიღებენ ქვეყანას, რომელსაც დიდი პრობლემები აქვს რუსეთთან, ისინი გაიზიარებენ, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის პოზიციას და ის კატეგორიული წინააღმდეგია საქართველოს ნატოში შესვლის.

 რასმუსენი იტყვის, რომ ნატოზე გავლენა არ აქვს რუსეთს, მაგრამ ეს ტყუილია. ნატო თავს საქართველოს გამო არასოდეს არ აიტკივებს, რადგან ჩვენი ამ ორგანიზაციაში შესვლა მათთვის რუსეთთან დაპირისპირებას ნიშნავს.

მოკლედ, ნატოზე საუბარი დიდი სატყუარაა, რასაც ხალხი ვერ იგებს, მათ ჰგონიათ, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას ნატოში აუცილებლად გააწევრიანებს, თუმცა საქართველოს მოსახლეობის ნაწილმა არ იცის, რას ნიშნავს ნატო. არ იციან, რატომ უნდა ქართველობას ნატოში შესვლა? მიუხედავად იმისა, რომ ნატოს საინფორმაციო ბიუროები არსებობდა, მაინც არავინ იცის, რას მოგვიტანს ნატო. იციან მხოლოდ ერთი, რომ ეს არის რუსეთისგან თავის დაცვის გარანტი, მაგრამ იმაზე არავინ ფიქრობს, რუსეთისგან თავდასხმის აცილება ნატოში უნდა ვეძებოთ თუ ჩვენს საღ გონებაში. რუსეთიდან თავდასხმა არასოდეს მოხდებოდა, რომ გვეაზროვნა, რომ 2008 წელს თავად სააკაშვილს არ გამოეწვია გაღიზიანება. საქართველოს პრეზიდენტი მძინარე ცხინვალს რომ არ დასხმოდა თავს, არაფერი მოხდებოდა.

 თანაც საქართველოს ისეთი საშინაო დავალებები აქვს, რომელთაც რუსეთის გარეშე ვერასოდეს შეასრულებს. ამასთანავე, ნატოსთან დაკავშირებით ქართველი ხალხის დამოკიდებულება შეცვლილია. მიმაჩნია, რომ სრულიად საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვა ნატოში გაწევრიანება-არგაწევიანების შესახებ ხელახლა უნდა ჩატარდეს, ეს ხელს შეუწყობს ხელისუფლებას, რეალური სურათი დაინახოს.

 ოღონდ გამოკითხვა სამართლიანად უნდა ჩატარდეს და არა ისე, როგორც უკანასკნელი არჩევნები, ივანიშვილის ზეწოლით. ზეწოლის გარეშე მშვიდ ვითარებაში კი, ვიცი, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი უარს იტყვის ნატოში გაერთიანებაზე. 

თემურ ქორიძე, ეროვნული მთავრობის წევრი:

_ მე საზოგადოების იმ ნაწილს მივეკუთვნები, რომელიც თვლის, რომ ევროკავშირსა და ნატოს ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს ძველი და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ვითომ მხარს უჭერდნენ ნატოსა და ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას, მაგრამ რეალურად ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქართული კანონმდებლობა ყველასთვის მიუღებელი ყოფილიყო, რომ მიუღებელი ყოფილიყო ქართული სოციალურპოლიტიკური ცხოვრება ევროპელებისთვის, რის გამოც ნატოს კარი ჩვენთვის ყოველთვის დახშული იყო. ევროპასთან საქართველოს ნორმალური ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

_ გასაგებია, ბატონო თემურ, მაგრამ ჩვენი ძალიან დიდი მცდელობისა და სურვილის მიუხედავად, ნატო ამ კარს არ გვიღებს.

_ ნატოში საქართველოს შესვლის დიდი ენთუზიასტი მეც არ გახლავართ, მაგრამ ჩვენ ნატოში შეუსვლელობის შიშით სხვა კარი არ უნდა გავხსნათ, ვგულისხმობ ევრაზიულ კავშირს, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

_ ქართველ ხალხს კვლავ რომ ჰკითხონ, უნდათ თუ არა ნატოში შესვლა, როგორც ეს 2008 წელს გააკეთეს, როგორ ფიქრობთ, მოსახლეობის რა ნაწილი დათანხმდება?

_ დღეს ეს შეკითხვა რომ დასვან, რა თქმა უნდა, მოსახლეობის იგივე რაოდენობა მხარს აღარ დაუჭერს. ეს დაახლოებით ისეთივე პროცესია, რაც მე-19 საუკუნეში მოხდა ჩვენს სინამდვილეში. აღა-მაჰმად ხანმა იმდენად დაუნდობელი პოზიცია დაიჭირა ქართველების მიმართ, რომ პირდაპირ უბიძგა ქართლ-კახეთს იმისკენ, რომ რუსეთთან ღრმა ინტეგრაცია ჰქონოდა. რის გამოც, აღა-მაჰმად ხანს ირანელები კარგა ხანს წყევლიდნენ; ეს მათი პოლიტიკური შეცდომა იყო.

_ და მაინც, რამდენად რეალურია საქართველოს ნატოში შესვლა?

_ ჩვენი ნატოში შესვლის შანსი მინიმალურია, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს და მის გამო სისულელე არ უნდა ჩავიდინოთ. ფინეთზე ბევრს საუბრობენ, ამბობენ, რატომ არ გავითვალისწინეთ ფინეთის სასიკეთო გამოცდილება, ის ნატოში არ შედის, მაგრამ მაინც კარგად არისო. ფინეთი არც საბჭოთა კავშირში არ შევიდა.

ვახტანგ ხარჩილავა, მწერალი, «საერთო გაზეთის» რედაქტორი:

_ ნატოს ხელმძღვანელები შიგადაშიგ კი გვეუბნებიან, რომ ამ ორგანიზაციის კარი ჩვენთვის ღიაა, მაგრამ ამ ღია კარში უამრავი ვალდებულება და მოთხოვნილებაა «ჩაყენებული» დარაჯად, რომელთა შესრულების გარეშე მასში შესვლის უფლებას არავინ მოგცემს.

ეს ვალდებულებები და მოთხოვნები, რომლებიც პერმანენტულად იცვლება, დელიკატური უარი უფროა, ვიდრე რეალური მიზეზი.

ჩვენ გვეუბნებიან, რომ უნდა გავაძლიეროთ დემოკრატიული ინსტიტუტები, უნდა ვისწავლოთ არჩევნების სამართლიანად და მიუკერძოებლად ჩატარება, პატივი ვცეთ ადამიანის უფლებებს, სასამართლო გავხადოთ დამოუკიდებელი, განვავითაროთ თავისუფალი მედია, თუმცა არავინ გვეუბნება მთავარს: _ მოვაგვაროთ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და მხოლოდ ამის შემდეგ გაგვიჩნდება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შანსი.

რატომ არ საუბრობენ ნატოს ხელმძღვანელები ამ თემის გარშემო და რატომ არ გვეუბნებიან ღიად და ნათლად, რომ ნატოში გაწევრიანებაზე ფიქრიც კი ზედმეტია, სანამ საქართველო აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» საკითხს არ გადაწყვეტს?

დამოუკიდებლობა 1999 წლამდე არ გამოუცხადებიათ.

მთელი შვიდი წელი ელოდნენ აფხაზები კონკრეტულ შემოთავაზებას საქართველოდან, მაგრამ საქართველო ზოგადი ფრაზების იქით არ წასულა.

არსებობდა და დღესაც არსებობს ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლების მაღალ ეშელონებში იყვნენ და არიან ისეთი ფრიად გავლენიანი პოლიტიკური ძალები, რომლებიც შეგნებულად უშლიან ხელს ქართულაფხაზური, ქართულოსური კონფლიქტის მოგვარებას და ამას აკეთებენ ერთერთი ზესახელმწიფოს მოთხოვნით და დავალებით.

აფხაზებთან და ოსებთან საერთო ენის გამონახვა ავტომატურად ნიშნავს რუსეთთან საერთო ენის გამონახვას და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ახალ კონსტრუქციულ რეჟიმში გადაყვანას.

როგორც ჩანს, სწორედ საქმის ასე შემოტრიალება არ აძლევდა ხელს ზოგიერთ ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოს, არ არის გამორიცხული, სახელმწიფოთა გარკვეულ თანამეგობრობასაც, რადგან რუსეთ-საქართველოს შორის შეთანხმება ნიშნავდა რუსეთის კონტროლის დამყარებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ამ გეოპოლიტიკურად უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი ქვეყნიდან მათი ინტერესების ავტომატურად ამოვარდნას.

კულუარულად გავრცელებულ ინფორმაციებს თუ დავუჯერებთ, 2003 წელს «ვარდების რევოლუცია» მოხდა არა იმიტომ, რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა (ეს მხოლოდ საბაბი იყო), არამედ იმიტომ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის, ფაქტობრივად, მიღწეული იყო შეთანხმება აფხაზეთთან დაკავშირებით და ეს შეთანხმება პარლამენტის დაკომპლექტების შემდეგ ოფიციალურად უნდა შესულიყო ძალაში.

არსებობს კადრები, რომლებზეც პარლამენტის კიბესთან მდგარ შევარდნაძეს «ნაციონალებთან» შეხლაშემოხლის დროს დასისხლიანებული ჯემალ გოგიტიძე ეუბნება: _ ახლაც არ გჯერათ, რომ ესენი მოღალატეები არიან და მათ აფხაზეთის დაბრუნება არ უნდათ?

შევარდნაძე პასუხს არ სცემს გოგიტიძეს და გამეხებული სახით სადღაც გაურკვეველი მიმართულებით იყურება.

ძნელი სათქმელია, მართლაც არსებობდა თუ არა რუსეთ-საქართველოს შორის რაღაც კონკრეტული შეთანხმება აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ფაქტია, რომ ხელისუფლებაში «ნაციონალების»  მოსვლის შემდეგ ძალიან მალე საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა, ხოლო ის დათბობის მომენტები, რომლებიც ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის ურთიერთობაში გამოიკვეთა, ერთბაშად გაცივდა და კვლავ კონფრონტაციულ რეჟიმში გადავიდა.

ერგნეთის ბაზრობის დახურვით საბოლოოდ თუ არა, დიდი ხნით დაიხურა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შანსი…

ერგნეთის ბაზრობის დახურვის მთავარ მიზეზად ამ ბაზრობიდან საქართველოს ტერიტორიაზე კონტრაბანდის შემოდინება დასახელდა…

ერგნეთის ბაზრობის გაუქმების შემდეგ კონტრაბანდით დატვირთული ტრაილერების ქარავანი კიდევ დიდხანს მიემართებოდა გორისკენ და ამ ქარავანს, როგორც ამბობენ, ირაკლი ოქრუაშვილი აკონტროლებდა.

ეს ის ოქრუაშვილია, რომლის მიერ დაგეგმილმა «სამხედრო ოპერაციამ» ერთი უმნიშვნელო გორაკის ასაღებად 15 მებრძოლის სიცოცხლე შეიწირა, ცოცხლად დარჩენილები კი ოსებმა თუ რუსებმა მუხლებზე დაჩოქილები ახოხეს.

ეს ის ოქრუაშვილია, რომლის პროვოკაციულმა ფრაზებმა _ რუსებს ფეკალიებიც რომ გაუგზავნო, იმასაც კი მიიღებენო _ კიდევ უფრო გაართულა ისედაც დაძაბული სიტუაცია რუსებთან.

საერთოდ, ამ კაცის, ბატონი ოქრუაშვილის, «ღვაწლი» ქართული სახელმწიფოს წინაშე სათანადოდ არ არის შესწავლილი და გამოკვლეული, თორემ მას საქართველოში ასე ამაყად და თავაწეულად ვერ უნდა ევლო.

ძნელი დასაჯერებელია, რომ ის ფაქტები, რომლებიც ე. წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ხდებოდა, ხდებოდა შემთხვევით, გაუაზრებლად, უნებლიეთ.

ასე იყო თუ ისე, მსოფლიოს პოლიტიკური ძალები საქართველოს წლების განმავლობაში იყენებდნენ რუსეთის წინააღმდეგ, როგორც მუდმივი დავის საგანს, როგორც რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების მამხილებელ თემას, რომელიც მუდმივ დისკომფორტს უქმნის რუსეთს საერთაშორისო არენაზე.

როგორც ჩანს, აი, ეს როლი გვაქვს ჩვენ დაკისრებული მსოფლიოს სცენაზე მიმდინარე სპექტაკლში და, აქედან გამომდინარე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალურ კალაპოტში ჩადგომა ამ სპექტაკლის მთავარ რეჟისორებს, ეტყობა, ხელს არ აძლევთ.

მაინც რას ეფუძნება საქართველოს ხელისუფლების ოპტიმიზმი, რომ საქართველო აუცილებლად შევა ნატოში?

საქართველოს ნატოში გაწევრიანების ერთადერთი შანსი არსებობს _ საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» დამოუკიდებლობა. მოიშოროს ნატოში შესვლის ხელისშემშლელი ეს ორი უმთავრესი ფაქტორი და «აღიდგინოს» ტერიტორიული მთლიანობა, რაც მას საშუალებას მისცემს, უფრო თამამად და კატეგორიულად დააკაკუნოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღია კარზე.

აი, ამის აღიარება, ამის ხმამაღლა გაცხადება უჭირთ როგორც საქართველოს მხარეს, ასევე ნატოს ხელმძღვანელობასაც, რადგან ამის თქმას შეიძლება ძალიან დიდი პროტესტი და წინააღმდეგობა მოჰყვეს საქართველოს მოსახლეობის მხრიდან.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები ყველამ ვიცით, თუმცა ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გაშიფრული და შესწავლილი ის ამბები, რაც ამ ომს წინ უძღოდა.

ომის დაწყებამდე თითქმის ორი წლით ადრე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოველგვარი ეგრეთ წოდებულის გარეშე იწყებს სახელწოდება სამხრეთ ოსეთის დამკვიდრებას, ატარებს იქ არჩევნებს, პრეზიდენტად სანაკოევს ირჩევენ და ყოველივე ამას საქართველოს იმჟამინდელი პარლამენტი პოლიტიკურ და იურიდიულ დასტურს აძლევს.

პარალელურად ხდება კოდორის (დალის) ხეობისთვის სახელის გადარქმევა _ კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთს არქმევენ, ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც ხეობას წლების განმავლობაში გმირულად იცავდა, იარაღს ათმევენ, რის შემდეგაც ხეობა აბსოლუტურად დაუცველი რჩება.

ამ უკიდურესად საეჭვო ფაქტების ანალიზის დროს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს საქართველოს ხელისუფლება ამ ორ სეპარატისტულ რეჟიმთან დაკავშირებული დიდი ცვლილებებისთვის ამზადებს ნიადაგს, რაღაც იურიდიულ-სამართლებრივ წინაპირობებს ქმნის ამ ცვლილებების განსახორციელებლად და სწორედ ამ მიზნით არქმევს კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთს, ხოლო სახელწოდება სამხრეთ ოსეთს ლეგიტიმურობას ანიჭებს.

2008 წლის აგვისტოს ომამდე ვერც აფხაზეთის და ვერც ე. წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმები სრულად ვერ აკონტროლებდნენ «თავიანთ» ტერიტორიებს, რის გამოც მათი დამოუკიდებელ «სახელმწიფოებად» ცნობა შეუძლებელი იყო.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეს «უხერხულობა» მოიხსნა _ ორივე სეპარატისტულმა რეჟიმმა სრულად აღიდგინა ტერიტორიული მთლიანობა თავიანთ ადმინისტრაციულ საზღვრებში, რის შემდეგაც მათი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა რუსეთს არ გასჭირვებია.

რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ეს მოსაზრება, მაინც უნდა ვთქვა: ამ ორი რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადება ქართულ მხარეს იმ ბარიკადებსა და ბარიერებს უხსნის, რომლებიც აგვისტოს ომამდე არსებობდა.

არაფერს ვამტკიცებთ, უბრალოდ, გამოვთქვამთ ვარაუდს: _ სწორედ ამ მიზნით ხომ არ იქნა 2008 წლის აგვისტოს პროვოკაციული ომი წამოწყებული, რომ ქართულ მხარეს საბოლოოდ ჩამოეხსნა მხრებიდან ეს ორი ხელისშემშლელი ტვირთი, რის გამოც ის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღია კარში ვერ «შეეტია»?

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში «ნაცმოძრაობამ» ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა _ ახალი ხელისუფლება აბსოლუტური სიზუსტით აგრძელებს წინა ხელისუფლების საგარეოპოლიტიკურ კურსს და ამას ისეთი ხაზგასმული ერთგულებითა და თავგანწირვით აკეთებს, რომ მის ოპონენტებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ «ქართული ოცნების» ლიდერი რუსული პროექტია, ამ თემაზე საუბრის ხალისი, დიდი ხანია, დაეკარგათ.

როგორც ჩანს, არსებობს საქართველოს ნატოში გაწევრიანების გრძელვადიანი, დროში გაწელილი პროექტი, რომლის ბოლომდე მიყვანა «ნაცმოძრაობამ» ვერ მოასწრო და ახლა მისი რეალურ შედეგამდე მიყვანა ახალ ხელისუფლებას მოუწევს, ანუ მას მოუწევს საქართველოს სხეულისთვის იმ ნაწილების «ამპუტირება», რომელიც ამ სხეულს, ზოგიერთების აზრით, განგრენასავით ნელნელა ჭამს და ფიტავს.

კულუარულ ინფორმაციას თუ ვენდობით, საქართველოს ახალ ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევენ გავლენიანი პოლიტიკური ძალები საერთაშორისო თანამეგობრობიდან, რომ შეეგუოს აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» დამოუკიდებლობას და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში სრულუფლებიან წევრად მიღებისთვის მოემზადოს.

კონფიდენციალური წყაროს ცნობით, ბიძინა ივანიშვილი კატეგორიული წინააღმდეგია მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში და სწორედ ამით არის განპირობებული მისი გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ.

_ «მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი!» _ ამ ცნობილი ფრაზის წარმოთქმის შემდეგ მრავალმა წელმა ჩაიარა, თუმცა ჩვენს გაევროპელებას მაინც არ დაადგა საშველი

_ ხომ საინტერესოა, რატომ იმეორებდნენ და რატომ იმეორებენ ასე დაჟინებით საქართველოს ხელისუფლების ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები, რომ ქართველები ევროპელები ვართ, რომ საქართველო ევროპაა.

სხვა მრავალ მიზეზთა შორის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ახალი გეოგრაფიული ცნობარი, რომელშიც მითითებულია, რომ საქართველო მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში და არა ევროპის კონტინენტზე.

რა გამოდის _ საქართველოს ნატოში გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების მე-10 მუხლის, რაც მთავარია, გაეროს წესდების დარღვევას გამოიწვევს?

ალბათ, გამოიწვევს, რადგან ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების მიხედვით, ნატოს სამოქმედო არეალი მოიცავს ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილს, ჩრდილოეთ ამერიკას და ევროპას და არა სამხრეთ-დასავლეთ აზიას.

აი, რატომ ვიმეორებთ თურმე ასე ხშირ-ხშირად, რომ ევროპელები ვართ.

კეთილი და პატიოსანი, ვართ ევროპელები და ნატოში შესვლასაც, დიდი ხანია, ვიმსახურებთ, მაგრამ ალიანსში მაინც არ გვიშვებენ.

ჩვენ მოხალისეებს ვგავართ, რომლებიც, სადაც კი ტყვია გავარდება, იქეთკენ გარბიან, ეს მაშინ, როცა საკუთარი ქვეყანა ვერ დაგვიცავს. ჩვენ ვერ დაგვიცავს, მაგრამ თურმე ნატო დაიცავს, მაგრამ, ვინ დაგვიცავს მერე ნატოსგან, ამაზე არავინ ფიქრობს.

ირაკლი ალასანიამ კი გააკეთა განცხადება, რომ 2015 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ნატოს სწრაფი რეაგირების ძალთა შემადგენლობაში შევლენ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო ალიანსის სრულუფლებიანი წევრი უნდა გახდეს, რაც იმასაც ნიშნავს, რომ საქართველო სულ მალე უნდა დაემშვიდობოს აფხაზეთსა და «სამხრეთ ოსეთს»…

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

P.S. «საქართველო და მსოფლიო» ნატოს თემაზე დისკუსიას მომავალშიც გააგრძელებს. თუ გსურთ საკუთარი აზრის გამოთქმა, დაგვიკავშირდით ტელ.: 591 195 907, ან ელექტრონული ფოსტით: ekanaskidashvili@mail.ru  ან გაზეთში მითითებულ მისამართებზე.

 

1 COMMENT

  1. ტელეფონზე დაკავშირება რად მინდა აქედან ვიტყვი ნატო არის იმპოტენტი გაერთიანება. იქ მხოლოდ ამერიკაა ზავადილა და ტავიანთი იმპერიული მიზნებისთვის იყენებს ყველა დანარჩენს!!!!

  2. ნატოს რომ ახსენებენ უკვე მეცინება)))))) მე მგონი ეს უბრალოდ ხალხის ტვინების გამოსარეცხად კეთდება თორემ თითონაც იციან რომ იქ არ მიგვიღებენ.

  3. რაო ხალხო რამ გამოგაშტერათ რა დროს ნატოა ქვეყანა თავზე გვემხობა ჩვენ თავს მივხედოთ ჯობია ვიდრე ვიღაც ვიღაცეების ინტერესებისთვის ჩვენი ბიჭები საზარბაზნე ხორცად ვაცზავნოთ ნატოს ეგიდით!!!!

  4. ნატოს დედაც ……. იცი რატომ ეგ ორგანიზაცია საბჭოტა კავშირის საწინააღმდეგოდ შეიქმნა და ის ქვეყანა კიდევ აღარ არსებობს ასე რომ ახალი რამე ჭირდებათ და ნუ გვაბოლებენ

  5. არ მესმის რაში გვჭირდება ეს ნატოში შEსვლა ნატო დაგვიბრუნებს აფხაზეთს და ოსეთს ?

  6. რა არის რამ გამოაშტერა ეს ხალხი და ჩვენი ხელისუფლება არ ესმით რიომ აფხაზეთის გასაღები რუსეთშია და არა ნატოში და ნატოს ქვეყნებში

  7. ერთი ეს მაინტერესებს აფხაზებს და ოსებს არ ეკითხებიან უნდათ თუ არა ნატოში შესვლა თუ უკვე დაავიწყდათ მაგათი არსებობა

  8. ალტერნატივა არის მხოლოდ ის რომ თუ შევალთ ნატოში მაშინ უარი უნდა ვთქვათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასე რომ მე პირადად ნატოს წინააღმდეგი ვარ

  9. მე პირადად ევრაზიული კავშირი უფრო მიზიდავს ვიდრე ევროპა რადგან იქ მაჩანჩალები უნდა ვიყოთ ევრაზიულ კავშირში დღევანდელი მონაცემებით უფრო მოწინავე პოზიციებზე ვიქნებით

  10. მართალია სსრკ-ს დაშლის შემდეგ ნატო იმპოტენტ ორგანიზაციათ იქცა ამიტომ იქ შესვლა უაზრობაა რადგანაც რუსეთს არასდროს დაუპირისპირდებიან მითუმეტეს ჩვენი გულისთვის

  11. ის კაცი მაჩვენა ვინც პირველად ნატო ახსენა ენა რომ ამოვაცალო იქიდან დაიწყო ყველა ჩვენი უბედურება (მე მგონი ირაკლი წერეთელი იყო)

  12. ნატოს მომხრეებმა არ იციან რომ ნატოშინ სანამ არ მიგვიღებენ სანამ აქ რუსული ბაზებია და არსად გასვლას არ აპირებენ

  13. იმ დღეს პრემიერს უსმენდი და ერთი რამე ვერ გავიგე გაყალბებული იყოო საპრეზიდენტო არჩევნები 2008 წელს და თუ გაყალბებული იყო ესე იგი რეფერენდუმიც გაყალბებული იყო. ამიტომ საჩქაროდ უნდა მოხდეს რეფერენდუმის შედეგების გაუქმება და ახალი რეფერენდუმის გამარტვა

  14. მართლაც 20 წელია ნატო ნატოს ჩაგძახიან და ჯერაც ვერ გამიგია რისთვის გვჭირდება იქ შესვლა, თუ რუსეთთან დასაპირისპირებლად ეს უტოპიაა ხოლო თუ ვიღაც ვიღაცეების ხუშტურების გულისთვის ჯარისკაცების სხვის ომში მონაწილეობისთვის გასაგებია . მაგრამ მაშინ თავიანთი შვილები გაუშვან ჩვენებს რომ უშვებენ !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

  15. ნატო არის ქიმერა და უტოპია, რომლითაც ქართველ ხალხს აბოლებენ 20 წელიწადია! ის ვინც დღესაც ნატო, ნატოს გაჰყვირის (პოლიტიკოსებს ვგულისხმობ) ან სულელია, ან შეგნებული მტერი და რადგანაც ჩვენს პოლიტიკოსებს უჭკუობა ნაკლებად სჭირთ (ისევე, როგორც უფულობა), ამიტომ, რასთან გვაქვს საქმე, ნათელი და უეჭველია…

  16. ხალხმა არჩევნებში მონაწილეობა იმიტომ არ მიიღო,რომ არც ერთი კანდიდატის მომხრე არ იყო.მათ ეს ძალიან კარგად იციან და იმიტომ არ იღებენ ხმას.მიმაჩნია,რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში უბრალოდ ამერიკამ გაიმარჯვა.მარგველაშვილმა თქვა-არჩევნების მერე კოაბიტაცია დასრულდებაო.სწორია.კოაბიტაცია დასრულდა ორივე პარტიის: ნაცებისა და ქოცების გაერთიანებით.რაც შეეხება ნატოს.ეს ლტოლვა ნატოსადმი პოლიტიკური სიბეცეა და ხალხის გასაბრიყვებლადაა შემოგდებული.რუსეთთან ურთიერთობის მოუწესრიგების შემთხვევაში გავიზიარებთ იუგოსლავიის ბედს.თუმცა ჩვენს მთავრობას-ძველსაც და ახალსაც ეს არ ადარდებთ.მათ მხოდოდ თავიანთი ჯიბეების გასქელებაზე ზრუნვა ეხერხებათ.რაც გამოჩნდა მშვენივრად,როცადამშეული პენსიონერების პენსიის გაზრდაზე უარი თქვეს ინფლაციის შიშით,ხოლო თავიანთთვის მილიონები დაირიგეს პრემიებად.ეს არ გამოიწვევდა ინფლაციას იმიტომ,რომ საყიდლებზე თვითონ საზღვარგარეთ დაბრძანდებიან.სწორად თქვა მარგველაშვილმა განუვითარებელი ერიაო.ეს რომ ასე არ იყოს გადმოვაყირავებდით მათ თბილი სკამებიდან და მართლა ვისაც ერზე შეტკივა გული იმას ჩავაბარებდით ქვეყნის მართვას

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here