Home რუბრიკები პოლიტიკა სანამ არ მიიღებენ კანონს დეპუტატების გამოწვევაზე, ხიდაშელები იგრიალებენ!

სანამ არ მიიღებენ კანონს დეპუტატების გამოწვევაზე, ხიდაშელები იგრიალებენ!

510

ჩვენმა გაზეთმა ორი წერილი მიუძღვნა იმ ტრაგიკომიკურ ვითარებას, რომელიც შეიქმნა და დღემდე არ შეცვლილა საგარეჯოს რაიონის სოფელ გომბორში. მოკლედ შეგახსენებთ ამ ამბავს.

 

2010 წელს გაიხსნა თბილისიგომბორითელავის ტრასა. მისი დამპროექტებლებისა და მშენებლების უპასუხისმგებლობის გამო (კონკრეტულად საუბარია გომბორის ეკლესიის ქვეშ გამავალ გზაზე და მიმდებარე ხევის დამეწყრილ უბანზე) ვითარება ძალზე სახიფათო გახდა.

ტრასის ამ მონაკვეთის რეაბილიტაციის შემდეგ მშენებლებმა მოსალოდნელი დამეწყვრის თავიდან ასაცილებლად ხევში სახიფათო ადგილის სამუშაოები დაიწყეს, თუმცა პირიქით უნდა ყოფილიყო _ ჯერ ფერდი უნდა გაემაგრებინათ და მხოლოდ მერე მოეხდინათ გზის რეაბილიტაცია. პროექტის მიხედვით, დამეწყრილ ფერდობს დამცველი კონსტრუქცია აუგეს, სამწუხაროდ, დამპალი სალიანდაგო შპალებისგან. საინჟინრო თვალსაზრისით, ამ უაზრო ნაგებობამ აღაშფოთა ხევის ქუჩის მოსახლეობა, რომელმაც 2011 წლის 14 ივნისს საგანგებო წერილით მიმართა საგარეჯოს გამგეობას, რომლითაც აფრთხილებდა ამ უკანასკნელს, რომ ყოვლად გაუგებარმა კონსტრუქციამ მდინარის კალაპოტი 5 მეტრით შეავიწროვა, რაც ძლიერი წვიმების დროს აუცილებლად გამოიწვევდა მოსახლეობის დატბორვას.

2012 წლის 19 ივლისის წყალდიდობამ თვალნათლივ დაადასტურა მოსახლეობის შიში. უხარისხოდ და არაკომპეტენტურად აგებულმა კონსტრუქციამ ვერ გაუძლო სტიქიის პირველივე შემოტევას. მოვარდნილმა წყლის ნაკადმა . . გაბიონიდან გამორეცხა ქვის ლოდები და წალეკა ხიდისკენ. ლოდებს დაემატა მოგლეჯილი ხეები. ხიდი გადაიქცა ხელოვნურ კაშხლად. დაიწყო მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა; და ხევის ქუჩის მცხოვრებლები იმ უზარმაზარ ლოდს უნდა უმადლოდნენ («ხელთუქმნელ» ძეგლად რომ წამოიჭიმა გომბორულას ნაპირზე), რომელიც შეეჯახა ხიდს და მოწყვიტა ის. წყალმა სწრაფად დაიწყო კლება.

ამ წყალდიდობამ ააოხრა და წალეკა მდინარე გომბორულას პირას მცხოვრები ზალიევებისა და სიხარულიძეების ოჯახების ნაკვეთები. ნაწილობრივ წყალი შევარდა რეზო ქოჩიშვილისა და გივი წივილაშვილის ნაკვეთებშიც. წყალმა ხიდის მიმდებარე სოფლის გზაც დატბორა.

სტიქიის შემდეგ დარჩნენ გომბორელები უხიდოდ. და აი, 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათ «მხსნელად» მოევლინა «ქართული ოცნებიდან» დეპუტატობის კანდიდატი _ თინათინ ხიდაშელი. რა თქმა უნდა, ქალბატონი ხიდაშელი დაჰპირდა ადგილობრივებს სოფლისთვის მართლაც სტრატეგიული ხიდის აღდგენას; დაჰპირდა, აგრეთვე, სხვა გასაჭირის მოგვარებას, ხმების სანაცვლოდანუ: მე თქვენ _ ხიდს, თქვენ მე _ ხმებს.

საყურადღებო ფაქტი: ქალბატონი თინათინი არჩევნების შემდეგ სოფელში საერთოდ არ გამოჩენილა, ხოლო 15-მეტრიანი მოგლეჯილი ხიდი დღემდე «განისვენებს» გომბორულასთან. არადა, ამ ხიდით ყოველდღიურად სარგებლობდა როგორც ხევის ქუჩის, ასევე სოფელ გომბორის ზედა ნაწილში მცხოვრები მოსახლეობა. მდინარის მოპირდაპირე მხარეს არსებული საძოვრებით 54 ოჯახი სარგებლობს, რამდენიმე ათეული ოჯახი კი იმ ადგილებში სახნავ მიწას ფლობს და ხიდის გარეშე მათ ძალიან უჭირთ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება. იქვეა სასაფლაო… არ ვიქნები მართალი, რომ მარტო მაჟორიტარ დეპუტატზე _ თინათინ ხიდაშელზე გადავტეხო ჯოხი. აინუნშიც არ აგდებენ გომბორელების გასაჭირს, ასევე, საგარეჯოს რაიონის გამგეობა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროც. თუმცა ობიექტურებისთვის მათი არაერთი კომისია ჩამოვიდა, ათვალიერებდა ადგილს, აწკლაპუნებდა ენას და ტრადიციისამებრ ჰპირდებოდა დახმარებას, ამხნევებდა ხალხს: ხიდის აღდგენისთვის სახელმწიფომ თანხა გამოყოო… თუმცა, დღემდე საგარეჯოს გამგეობასა და ზემოხსენებული სამინისტროს შორის დაუსრულებელი, ცვალებადი წარმატებით იმართება «პინგპონგის» თამაში _ წავლენ გომბორელები საგარეჯოს გამგეობაში, იქ კი «პინგ»: სათანადო სახსრები ხიდის აღდგენაზე არ გვაქვსო, მიმართეთ სამინისტროსომიაკითხავენ გულუბრყვილო გომბორელები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, აქედან კი _ «პონგ»: მაგ თხოვნით მიმართეთ თქვენივე რაიონის ხელმძღვანელობასო

_ ჩვენ შეგნებულად მოვიქეცით და პრეზიდენტის წინასაარჩევნო პერიოდში არ გადავკეტეთ თბილისი-გომბორი-თელავის ცენტრალური გზატკეცილი, _ მეუბნება ხევის ქუჩის მცხოვრები ტარიელ სიხარულიძე. _ მიუხედავად ჩვენი დეპუტატის _ ხიდაშელის უსინდისობისა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვენდეთ «ქართულ ოცნებას» და ხმა მივეცით მის კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს. მაგრამ, თუ კიდევ გაგრძელდა ჩვენი გაჭირვების უგულებელყოფა ხელისუფლების მხრიდან, სხვა გზა არ გვრჩება _ გადავკეტავთ გზას იმ დრომდე, სანამ ხიდს არ აღგვიდგენენ! ბოლოს და ბოლოს, სირცხვილია ხალხისადმი ასეთი დამოკიდებულება!

ხიდი ადგილიდან ვერც «საქართველო და მსოფლიოში» ორმა გამოქვეყნებულმა წერილმა დაძრა და ვერც გომბორელების მიერ ხიდაშელის სახელზე დაწერილმა წერილმა, რომელიც ასე მთავრდებოდა:

«ქალბატონო თინათინ! ჩვენ, სოფელ გომბორის თითოეული მცხოვრები, უმორჩილესად გთხოვთ, დაავალოთ სათანადო სამინისტროს (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს _ გ. კ.), გამოგზავნოს სპეციალური კომისია, რომელიც პროფესიონალურ დონეზე შეისწავლის ჩვენ მიერ დასმულ საკითხებს და შემდგომ გაგვიწევს სათანადო დახმარებას, რათა ხიდის აღდგენის საკითხი იყოს დადებითად გადაწყვეტილი»…

ძალზე ყურადსაღები ფაქტი: ამ წერილის დაწერიდან და ადრესატამდე გაგზავნიდან გავიდა შვიდი (!) თვე. ქალბატონ მაჟორიტარის პასუხი კი სამარისებული დუმილია!.. შეიძლება თქვათ: ხიდაშელი უფრო დიდი საქმეებითა დაკავებულიო. აგერ, აშშ-ის სენატში თვალი მოვკარითო, იქეთ _ ნატოს შტაბ-ბინაშიო. მაპატიეთ და, აი, ეს მე ერთ ძველ და ბრძნულ ანდაზას მაგონებს: «ძაღლი შინ არ ვარგოდაო და სანადიროდ გარბოდაო». ერთი სიტყვით, საგარეჯოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თინათინ ხიდაშელი არ ასრულებს თავის პირდაპირ მოვალეობას! გამოდის, რომ სახელმწიფო მას უხდის უზარმაზარ ხელფასს მხოლოდ ლაყბობაში და, გომბორელების შემთხვევაში, ყალთაბანდობაში?! ან რას იძლევა მისი ძვირადღირებული ვიზიტები საზღვარგარეთ, რომლის დაფინანსება, ასევე, სახელმწიფო ხაზინიდან ხდება?! თავი იმით ვინუგეშოთ, რომ ქვეყანა ხიდაშელის დღეს გაკეთებული საქმით ასი წლის შემდეგ ისარგებლებს?! ყველაზე სამწუხაროა, რომ ამგვარი დეპუტატის მორჯულება კანონით შეუძლებელია. ოთხი წლის განმავლობაში იგი ხელშეუხებელია!

არადა, მდგომარეობა გომბორში სავალალოა. ამა წლის 21 სექტემბერს მოსულმა ძლიერმა წვიმამ კვლავ მწყობრიდან გამოიყვანა მშენებლების მიერ «აღდგენილი» გაბიონი, დააზიანა დილბარა ზალიევას ეზოსთან რიყის ქვებით აგებული უხარისხო რკინის ბადით შეკრული დამცავი კედელი და ამ ქალბატონს კიდევ ერთხელ დაეტბორა ეზო, ბოსტანი, რამაც მოუსპო კარტოფილისა და ლობიოს წლევანდელი მოსავალი! როგორც ვგრძნობ, ადგილობრივ ხელისუფლებას ხიდაშელითურთ, მხოლოდ ადამიანის მსხვერპლი თუ გამოაფხიზლებს და ისიც დროებით… საშველი?

1937 წლის 12 დეკემბერს პირველად სსრკ-ს უზენაესი საბჭოს არჩევნები ჩატარდა. ერთი დღით ადრე _ 11 დეკემბერს, იოსებ სტალინი შეხვდა თავის ამომრჩევლებს. ყურადღებით წაიკითხეთ სტალინის სიტყვა, რომელიც, ჩემი აზრით, იმაზე მეტად დააინტერესებს დღევანდელ ამომრჩეველს, ვიდრე იმდროინდელი დააინტერესა.

აი, რა თქვა სტალინმა: «ამხანაგებო, მე მინდა მოგცეთ რჩევა, რჩევა, რომელსაც აძლევს დეპუტატობის კანდიდატი თავის ამომრჩევლებსთუ ავიღებთ კაპიტალისტურ ქვეყნებს, მანდ დეპუტატებს და ამომრჩევლებს შორის არსებობს თავისებური, მე ვიტყოდი, საკმაოდ უცნაური ურთიერთობები. სანამ არჩევნები მიმდინარეობს, დეპუტატები ელაქუცებიან თავიანთ ამომრჩევლებს, ეფიცებიან ერთგულებას, იძლევიან უამრავ დაპირებას. გამოდის, რომ დეპუტატები მთლიანად არიან დამოკიდებული ამომრჩევლებზე. მაგრამ, როგორც კი არჩევნები ჩატარდება და კანდიდატები დეპუტატებად იქცევიან, მათი ურთიერთობა ძირფესვიანად იცვლება. ამომრჩევლებზე დამოკიდებულების მაგიერ ხდება მათი სრული დამოუკიდებლობა ამომრჩევლებისგან. ოთხი თუ ხუთი წლის განმავლობაში, ანუ ახალ არჩევნებამდე დეპუტატი გრძნობს საკუთარ თავს სრულიად თავისუფალს, დამოუკიდებელს ხალხისგან, საკუთარი ამომრჩევლებისგან. მას შეუძლია ერთი ბანაკიდან მეორეში გადასვლა, მას შეუძლია სწორი გზიდან გადავიდეს არასწორ გზაზე, მას შეუძლია გაიხლართოს სამარცხვინო მაქინაციებში, მას შეუძლია ყირაზეც დადგომა _ იგი დამოუკიდებელია».

არ გაგონებთ ეს სურათი ჩვენს გულისამრევ აწმყოს?! გავაგრძელოთ:

«შესაძლოა თუ არა, ასეთი ურთიერთობა იყოს ნორმალური? არავითარ შემთხვევაში, ამხანაგებო! საქმის ასეთი ვითარება გაითვალისწინა ჩვენმა კონსტიტუციამ და მან გაიყვანა კანონი, რომლის ძალით ამომრჩევლებს აქვთ უფლება, ვადამდე ადრე გამოიწვიონ თავისი დეპუტატები, თუ ისინი გზიდან უხვევენ, იწყებენ ყალთაბანდობას და თუ ისინი ივიწყებენ თავის დამოკიდებულებას ხალხისგან, ამომრჩევლებისგან».

სახელმწიფოსა და შესაბამისად, ჩვენ შველას მე ვხედავ «დეპუტატის ვადამდე ადრე გამოწვევის» კანონის მიღებაში! როდესაც დეპუტატობის კანდიდატს ეცოდინება, რომ ფუჭი დაპირებებისთვის და სხვა უმსგავსო საქციელისთვის მას, უკეთეს შემთხვევაში, პარლამენტიდან დაითხოვებენ, ხოლო უარესში _ აღუძრავენ სისხლის სამართლის საქმეს, იგი «პოლიტიკით» ფულის გაკეთებაზე ხელს აიღებს და საზოგადოებისთვის უფრო სასარგებლო მოღვაწეობით დაკავდება. დეპუტატის მორჯულების სხვა გზას პირადად მე ვერ ვხედავ. სანამ ზემოხსენებულ კანონს არ მიიღებენ, ხიდაშელების «ჰარი-ჰარალეს» ბოლო არ მოეღება!

გიორგი კორძაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here