Home რუბრიკები სამართალი «სააკაშვილი და თემურ ალასანია ჰააგის სასამართლომ უნდა გაასამართლოს»

«სააკაშვილი და თემურ ალასანია ჰააგის სასამართლომ უნდა გაასამართლოს»

810

«საქართველო და მსოფლიოს» მკითხველმა კარგად იცის, რომ საქართველო უკრაინისგან იარაღს ყიდულობდა. ერთი შეხედვით, თითქოს ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ ჩვენი ყურადღება ერთმა მნიშვნელოვანმა დეტალმა მიიპყრო. უკრაინაში ქართველი სამხედროების მიერ კონსპირაციულად მოპოვებულ მასალებში აღნიშნულია, რომ უკრაინის სახელმწიფომ საბრძოლო მორიგეობიდან მოხსნა ტექნიკა და საქართველოს მიჰყიდა. ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იქნებოდა ეს უკრაინისთვის და მითუმეტეს, ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს საბრძოლო ტექნიკა საქართველოში არ არის, ის მესამე ქვეყანაში გაიყიდა. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები, კერძოდ კი, გენერალი ტრისტან წითელაშვილი, თვლის, რომ მაშინდელი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი იარაღს ირანსა და სირიაში ყიდდა.

ტრისტან წითელაშვილი:

_ იარაღს ქართული მხარე იმ ქვეყნებში ყიდდა, რომლებშიც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, მაგალითად, სირიაში. ამ ინფორმაციას ვარკვევთ. C-200 საქართველომ უკრაინისგან შეიძინა, არის ასეთი ფირმა «უკრსპეცექსპორტი», რომელსაც ოფშორში რეგისტრირებული ფირმა «ბელტრედინგი» ურიცხავდა თანხას, ამ უკანასკნელ ფირმაში კი თანხები საქართველოდან ირიცხებოდა. საბრძოლო იარაღი ნამდვილად ნაყიდია, ფოთის პორტშიც ჩამოვიდა და თავდაცვის სამინისტრომ მიიღო, შემდეგ უკვე სხვა ქვეყანაში გაიყიდა.  

C-200  საქართველოში არ არსებობს. ოფიცრები, რომლებიც დღესაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ, ამბობენ, რომ მსგავსი იარაღი საქართველოს არ გააჩნია.

2004 წლიდან მოყოლებული თითოეული კაპიკის ხარჯვის ნუსხა გვაქვს გაკეთებული წვრილმან დეტალამდე; საბუთები შევიტანე პროკურატურაში და ყველა იმ უწყებაში, რომელსაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეაგირება ევალება. პირადად შევხვდი პროკურორს და მითხრა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. პროკურატურასთანაც და თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, რადგან გვეშინია, რომ გამოძიებისთვის ხელისშემშლელი პრობლემები არ გამოჩნდეს.

დიდი ფიქრი და თავისმტვრევა არ სჭირდება იმას, რაც აგვისტოს ომამდე მოხდა, ყველა ტექნიკა ომის დროს ჩამოწერეს; თქვეს, რომ რუსებმა გაიტანეს, მაგრამ ომის შემდგომ, ახალაიას მინისტრობის დროს, ნაყიდი საბრძოლო ტექნიკაა მნიშვნელოვანი. სწორედ 2009 წელს ნაყიდი, ქვეყნისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ტექნიკის ბედი გვაინტერესებს, თუ სად წავიდა.

თუ დამტკიცდა, რომ იარაღი სხვა ქვეყანაში იყიდებოდა, რადგან შეძენილი იარაღი საქართველოში, ვიცით, რომ ნამდვილად არ არის, მაშინ ქართულმა მხარემ უნდა დაადგინოს ის ქვეყნები, რომლებშიც ეს იარაღი შედიოდა და ასეთ შემთხვევაში საერთაშორისო სამხედრო დანაშაულთან გვექნება საქმე, რომელიც ჰააგის ტრიბუნალმა უნდა განიხილოს. სააკაშვილი და თემურ ალასანია ჰააგის სასამართლომ უნდა გაასამართლოს. ყველას კარგად მოეხსენება თემურ ალასანიას ურთიერთობებისა და კლანების შესახებ განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებშიც სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს, ვიცით დაახლოებით, თუ როგორ და რა პრინციპით ამარაგებდა ის ასეთ ქვეყნებს. მასალები და ფაქტები კომპლექსურად უნდა შეიკრიბოს და ჰააგის ტრიბუნალს უნდა გადაეცეს. სააკაშვილთან ერთად უნდა გასამართლდეს ყველა ის მინისტრი, რომლებიც ამ პროცესებში იყვნენ ჩართულნი. ორგანიზებული და შეთანხმებული მუშაობაა საჭირო და ვფიქრობ, ყველაფერი გამოგვივა.

_ ბატონო ტრისტან, თუ ყველამ ყველაფერი იცის, რატომ არ აქვთ შესაბამისი მუხლი წაყენებული არც ახალაიას და არც კეზერაშვილს? შემთხვევით, დანაშაულის დაფარვა ხომ არ სურთ?

_ მართალია, თქვენი ეჭვი საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციას ყველა ინსტანციაში ფლობენ, საქმესთან დაკავშირებით დიდი აქტივობა არ ჩანს. ოფიციალურად არც ერთ ძალოვან უწყებას არ განუცხადებია, რომ ძიება მიმდინარეობს, შესაბამისად, არც დაკავებულ პირთა საქმეებში ჩანს, რომ ამ კუთხით გამოძიება მიმდინარეობს. ნამდვილად შეიძლება, რომ ყბადაღებული კოჰაბიტაციის ბრალი იყოს. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს დაველოდოთ და მერე უფრო გაათმაგებულად ვიმოქმედებთ, ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით. პროკურატურაცა და თავდაცვის სამინისტროც მუდმივად წნეხის ქვეშ გვეყოლება, რომ ძიება ბოლომდე მიიყვანონ და საქმის დეტალები სააშკარაოზე გამოიტანონ. არ დავუშვებთ, რომ ვინმე რაიმე გარიგებაზე წავიდეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იარაღით ვაჭრობა განსაკუთრებით მძიმე საერთაშორისო სამხედრო დანაშაულია.

C-200 

_ ბატონო ტრისტან, როგორ ფიქრობთ, საქართველო იარაღს სირიაში ამბოხებულებს აწვდიდა?

_ ძალიან დიდია ეჭვი, კიდევ ველოდები რაღაც საბუთებს და საბოლოოდ ზუსტ ინფორმაციას მალე შევიტყობ. თუმცა გეტყვით, რომ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოდან იარაღი სირიაში ჩადიოდა, ნამდვილად არსებობს, იარაღი კიდეც გადაჰქონდათ და შესყიდვაგაყიდვის ოპერაციებსაც ატარებდნენ, მაგრამ ვიმეორებ: ზუსტ ინფორმაციას ველოდები.

უკრაინიდან ჩამოვიდა შესყიდული ტექნიკის დამადასტურებელი საბუთები და ახლა სირიიდანაც მომაწვდიან. 

_ საკუთარი არხებით ახერხებთ ინფორმაციის მოპოვებას თუ სახელმწიფოც გეხმარებათ?

_ არავინ გვეხმარება. ჩვენ პროფესიონალი, მებრძოლი სამხედრო მოსამსახურეები ვართ, ყველა ომის მონაწილეები. ბოლო, აგვისტოს ომის დროს რომ ვნახეთ, რაც მოხდა, გადავწყვიტეთ, სიმართლე გაგვერკვია, გვაინტერესებდა, ომში ასე შეუიარაღებლები რატომ ვიყავით. საქმის ძიება მაშინვე დავიწყეთ და, როგორც კი მიხვდნენ, რასაც ვაპირებდით, დაგვაპატიმრეს. ციხიდან გამოვედი თუ არა, ისევ შევუდექი მასალების მოძიებას და ამ წუთისთვის ხელში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაქვს.

სახელმწიფო გვერდით არ გვიდგას, ყველაფერს საკუთარი ნაცნობობით ვახერხებთ, ძალიან წვალებით გვაქვს ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია მოპოვებული.

მას შემდეგ, რაც გენერალ წითელაშვილს ვესაუბრეთ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს, დავუკავშირდით და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ.

_ ბატონო ირაკლი, ჩვენ ხელთ გვაქვს დოკუმენტები, ნათლად ჩანს, რომ საქართველო იარაღს უკრაინაში ყიდულობდა. აქვე მითითებულია იარაღის დასახელება, შესყიდვის თარიღი, გამომგზავნი ფირმის დასახელება და პორტიც. სამხედროები ამბობენ, რომ აღნიშნული იარაღი საქართველოში, კერძოდ კი, ფოთის პორტში, ნამდვილად შემოვიდა და თავდაცვის სამინისტრომ ჩაიბარა, მაგრამ დღეს ქვეყანას მსგავსი ტექნიკა არ გააჩნია.

_ ვიცი ამ დოკუმენტების არსებობის თაობაზე, ვნახე კიდეც და სამხედროებსაც ვუთხარი, რომ, რაც მანდ წერია, სისულელეა. ამბობენ, სპეციალისტები ვართო, მაგრამ რა სპეციალისტები არიან, აბრევიატურები გაშიფრონ და ნახავენ, მაგ დოკუმნტებში რაც წერია.

_ სხვა რაღაც წერია და ისინი სულ სხვას ამბობენ?

_ ხო, თქვენც ვერ ხვდებით და მერე მაგას დაწერთ. ჩემთან იყვნენ და ავუხსენი ყველაფერი, მარტივ რაღაცასაც ვერ ხვდებიან და ამბობენ, სპეციალისტები ვართო. იცით თუ არა, რა ღირს C-200?

_ გასაგებია, რომ ძვირი ეღირება, მაგრამ საბუთებით, რომლებიც ხელთ მაქვს, ნათლად ჩანს, რომ მილიარდი ლარია დახარჯული.

_ რა მილიარდი? რას ამბობთ? კარგად ნახეთ, რამდენი ერთეულია, იმ ერთეულის ფასი გაიგეთ და ნახავთ, რამდენია დახარჯული. გაარკვიეთ, რა ღირს C-200. ძალიან სულელური დოკუმენტია და კომენტარის გაკეთებაც არ ღირს. ყველაფერი ავუხსენი მაგ დოკუმენტების მფლობელებს და მაინც ჟურნალისტების ხელში ჩააგდეს.

ირაკლი სესიაშვილთან საუბრის შემდეგ კვლავ გენერალ ტრისტან წითელაშვილს ვთხოვეთ განმარტება და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოსაზრება გადავეცით.

_ ირაკლი სესიაშვილს პირადად შევხვდი და ყველაფერი ავუხსენი, მაგრამ მისგან ამ საქმის მიმართ დიდი ინტერესი ვერ ვიგრძენი, რადგან, ალბათ, სიტუაციის დაძაბვა და გამწვავება არ სურს, ისიც კოჰაბიტაციურ რეჟიმშია.

_ იქნებ თქვენ მართლა ცდებით?

_ ნამდვილად მილიარდი ლარია დახარჯული და თავადაც კარგად იცის, მინდა გითხრათ, რომ სესიაშვილს, საბუთები რომ ვაჩვენეთ, ძალიან გაუკვირდა, ეს საიდან გაქვთო?!

_ მაგრამ თქვა, რომ ეს სისულელეა და ჟურნალისტებს არ უნდა გაგვეგო.

_ ჩემთვის არ უთქვამს, რომ სისულელეა. ყველა საბუთი დაიტოვა. შეხვედრა ისე დამთავრდა, რომ გარკვევით ჩამოვუყალიბეთ ყველაფერი და მანაც გაიგო. ამ საკითხებს სამხედრო სპეციალისტები სწავლობენ. თუ სესიაშვილისთვის ეს სისულელეა, არ ვიცი. შეუძლია თავად გადაამოწმოს ფაქტები, მას ხელი ჩვენზე უკეთ მიუწვდება ინფორმაციაზე და, ვიდრე არ გადაამოწმებს, ასეთ განცხადებას ნუ გააკეთებს.

_ იქნებ გადამოწმებულიც აქვს ყველაფერი, მაგრამ დანაშაულს ხელს აფარებს, ამაზე არ გიფიქრიათ?

_ უფრო იმას ვფიქრობ, რომ მან ინფორმაცია უკრაინაში არ გადაამოწმა, მან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართა, იმ სამინისტროს, რომელიც ზემოაღნიშნულ დანაშაულს ჩადიოდა და, ბუნებრივია, ისინი არ დაუდასტურებდნენ. თავდაცვის სამინისტროში დღესაც მუშაობენ ის ადამიანები, რომლებიც მაშინ ამ საქმეებზე აწერდნენ ხელს, ასეთ ვითარებაში კი, რა თქმა უნდა, სესიაშვილს ეტყოდნენ, რომ სისულელეაო.

_ ასეთ ვითარებაში სიმართლის გარკვევის რა იმედი გაქვთ? ირაკლი სესიაშვილს საკმაოდ დიდი თანამდებობა აქვს იმისთვის, რომ ვინმეს ხელი დააფაროს და დანაშაულიც დამალოს.

_ ხმამაღლა ვაცხადებ: ვინც არ უნდა გადაწყვიტოს ამ პროცესის შეჩერება, ვერ შეძლებს. ბოლომდე, ჰააგის ტრიბუნალამდე მივიტანთ ამ საქმეს. ნება იბოძონ და მთელ საქართველოს აუხსნან, სად წავიდა ჩვენი ფული და რატომ არ იყო ომის დროს საბრძოლო ტექნიკა, სად წავიდა ომის შემდგომ სამხედრო ძალების ხელახალი აღჭურვისთვის გამოყოფილი თანხები და შესყიდული საბრძოლო იარაღი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰაერივით სჭირდებოდა. მინდა მათ იცოდნენ, რომ, თუ ამდენი რამის გაგება შევძელით, სხვა დანარჩენსაც გავიგებთ, არავისი დახმარება არ გვჭირდება. შიშველი ხელებით ომში ვიბრძოდით და ახლა ინფორმაციის მოპოვებას ვერ შევძლებთ?

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. სესიაშვილს,ნამდვილად არ ეკადრება იმის თქმა,რომ ეს ნაბრძოლი ხალხი სისულელეებში გაიბლანდა! სირცხვილია,მაშინ თვითონ დაამტკიცოს,სად წავიდა ნაყიდი ტექნიკა:(

  2. სესიაშვილმა როგორ არ იცის მთელი ქვეყანა მაგას ლაპარაკობს რომ ომში იარაღი ჩამოიწერა. ეს ნამდვილად მოხდა და აზრი არ ააქვს ამის უარყოფას.ბატონო ტრისტან თქვენ კიდევ ბრთხილად იყავით ესეთი ინფორმაციის პატრონი არავის არ აწყობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here