Home რუბრიკები პოლიტიკა კაცის კაცი, ანუ პლასტილინის ფარშავანგი

კაცის კაცი, ანუ პლასტილინის ფარშავანგი

683

ვგონებ, თანდათან იკვეთება, თუ საით მიემართება ჩვენი ფილოსოფოსის აზრთა მსვლელობა: მისი თვალთახედვით, ნორმალურ ერად ჩამოყალიბებისა და სახელმწიფოებრიობის აღსადგენად საჭირო ყოფილა ქვეყნიდან გადახვეწა, აზროვნების სტრუქტურისა და ცხოვრების წესის შეცვლა. მოკლედ, ახალი ქართველის ჩამოყალიბება, თუ უფრო დავაზუსტებთ, ამერიკელი ქართველის ჯიშის შექმნა.

 

გიორგი მარგველაშვილი არც ისე ბრიყვი ყოფილა, ერთი შეხედვით რომ გვეჩვენება. ის შეფარვით იმას გვაპარებს, რასაც დღევანდელი გლობალისტურ-მასონური მოძღვრება ქადაგებს და რასაც ჩვენი ე. წ. ნეოლიბერასტები შერყვნილი და ყოვლად ანტიეროვნული ტელევიზიების მეშვეობით თავს გვახვევენ. დღესაც ხომ ამ სატანისტურ აზრს თავგამოდებით ავრცელებენ «თავისუფლების ინსტიტუტი» და თაღლითი მილიარდერის, სოროსის, ფონდი «ღია საზოგადოება _ საქართველო», რომლებთანაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მჭიდრო სულიერი და მატერიალური კავშირი აქვს გ. მარგველაშვილს. ეს ყველაფერი გასაგებია. მაგრამ ვერ გავიგე, რას ნიშნავს «ძირითადი ვექტორის შეცვლა, რომელიც ორი საუკუნის მანძილზე გარედან შიგნით აზიდინებდა ქართველებს». ვერ გავიგე-მეთქი იმიტომ, რომ სრულიად გაუგებარია, რას ეზიდებოდა ქართველი გარედან შიგნით?! ღა, ასეთ მნიშვნელოვანსა და უსაშველოს, რომ, თუკი შიგნიდან გარეთ დაიწყებდა ზიდვას, მაშინ ძირითადი ვექტორი შეიცვლებოდა. ვექტორის რა მოგახსენოთ, მაგრამ ამ ჩვენ ფილოსოფოსს აზროვნების ღერძი რომ გამრუდებული და შეცვლილი აქვს, ეს უდავოა. მოკლედ, მის ღრმად ფილოსოფიურ მსჯელობას ორი საყრდენი აქვს _ შინ და გარეთ, ორი მიმართულება _ გარედან შიგნით და შიგნიდან გარეთ და მისით… «მზე შინა და მზე გარეთა»-ო?!

მაგრამ ჩვენ რომ გვეხუმრება, არც ისე კარგად ყოფილა საქმე!.. ფილოსოფოსის გაგებით, ამ ვექტორის შეცვლა, ე. ი. გარედან შიგნით, ადვილი როდია?! რადგან ამის შეცვლით თურმე «ჩვენ ასე უცებ, ერთ ღამეში ვიქცეოდით ნორმალურ ერად». ყველასთვის ცნობილია, რომ «გამრუდებული ფსიქიკის მორჩენა ერთ დღეში კი არა, პრაქტიკულად, შეუძლებელია». ჩვენ კი ორი საუკუნის განმავლობაში გვაკნინებდნენ და ამიტომაც ჩამოვყალიბდით ერად, რომელიც «ყველას უყვარს და ყველას ეცოდებამაგრამ, რომელსაც ვერ შველიან საკუთარი სისულელის, სიჯიუტისა და სიჩლუნგის გამო». მოკლედ, დიდი ფსიქოლოგის _ გიორგი მარგველაშვილის თვალთახედვით, ქართველი ერი ყოფილა «გამრუდებული ფსიქიკის», სულელი, ჯიუტი და ჩლუნგი, რომლის განკურნებაც საერთოდ შეუძლებელია. უფრო მეტიც, ფსიქოლოგფილოსოფოსის მიერ დადგენილი დიაგნოზი ამგვარია: «დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია: გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით, ანუ ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ ფორმამდე: ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისთვის შესაფერისი აზროვნება _ აი, საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა».

ქართველ მკითხველს ვთხოვ, ეს დიაგნოზი წაიკითხოს და თავად დაასკვნას ამ დიაგნოზის დამდგენის ფსიქიკური მდგომარეობა. ჩემი «კადნიერი» აზრით კი, ის ამგვარია: ეს არის გულბოროტი ადამიანის თვალთახედვა, ფსიქიკური და ნერვული აშლილობის შედეგად ამოფრქვეული!.. მართალია, ის მართებულად ხსნის «დებილობა ინდივიდში და გონებრივი სისუსტე» ერში განსხვავებულად გამოიხატება და «სხვადასხვა პარამეტრთა ანალიზს გულისხმობსო», მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში საპირისპირო და განსაკუთრებულ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ეს ის შემთხვევაა, როცა პიროვნება თავის პიროვნულ დაავადებებს, კერძოდ კი დებილობას განაზოგადებს და ნებსით თუ უნებლიეთ (ვგონებ მიზანმიმართულად) მთელ ერს მიაწერს, ამაზე ქვემოთაც გვექნება საუბარი და აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებ. ოღონდ შევნიშნავ, რომ იგი ცალკეულ ინდივიდს, ქართველს, თავისი თავის ჩათვლით, ინდობს, მაგრამ ზოგადად ერს _ არა და აცხადებს: «სწორედ ეს ცოცხალი ორგანიზმი ჩვენი ერისა არის მძიმედ ავად». ამგვარ გამიჯვნას, ვფიქრობ, არა ქართველი კაცის სიყვარულით მიმართავს, არამედ ახალი მსოფლიოს არქიტექტორთა იმ «დემოკრატიულ თეზას» ეხმიანება, რომლის მიხედვითაც ინდივიდი, როგორც ცალკეული ადამიანი, უნდა დავიცვათ, წინ წამოვწიოთ მისი უფლებები, ერი კი, როგორც ერთ-ერთი წინაღობა პლანეტარული იმპერიისა და გლობალისტური მსოფლგანცდის მიუღებელი ცნება, უნდა დაიგმოს და განადგურდეს. ამიტომაც გაქრა ჩვენი პირადობის მოწმობიდან ეროვნების გრაფა და მამის სახელი. ამიტომაც გაუჩინარდა გენეტიკური წარმომავლობის კოდი და, საერთოდ, ცნება და ყველა ერი ერთ ვეება ქვაბში მოიხარშა!..

სავსებით ცხადია, რომ ღრმად მოაზროვნე მარგველაშვილმა მრავალსაუკუნოვან ქართველ ერს, ასაკთან შეუსაბამო გონებრივი განვითარებისა გამო, დებილობის დიაგნოზი დაუდგინა.

ახლა ამ «დიაგნოსტიკოსმა» ერთხანს ყური მოგვიგდოს: შენ, ყმაწვილო, კალამი ხელთ რომ გიპყრია და ათასგვარ სისულელეს ჩმახავ, თავი კი პლატონად წარმოგიდგენია, რას ფიქრობ, რა არის ამის მიზეზი? ეს ხომ არ არის თავის თავზე ზეწარმოდგენა, ასაკთან შედარებით შეუსაბამო აზროვნება, რაც აშკარად შეიცავს დებილობის სინდრომს?

თუმცა ამ ვაიფილოსოფოსისგან უარესსაც უნდა მოველოდეთ…

აკი თანდათან უფრო გვანცვიფრებს თავისი დაკვირვება-აღმოჩენებით. მისი ხედვით, ქართველი ერის უმწიფრობა და შეუსაბამობა ვლინდება სახელმწიფოსთან მიმართებაში. ირკვევა, რომ მარგველაშვილს ძალიან უყვარს ბავშვები. ეს ცუდი როდია, მაგრამ რატომღაც ისინი მაშინ ახსენდება, როცა სურს, ქართველი ერის უდღეურობასა და სიჩლუნგეში დაგვარწმუნოს. ჩვენი პლატონი გონებამახვილურ კითხვას სვამს: რანაირ სახელმწიფოს ააშენებდნენ ბავშვები, სახელმწიფობანა რომ ეთამაშათ? და იქვე პასუხობს: საქართველოს მსგავსსდა აგრძელებს: «რა არის ქართული სახელმწიფო, თუ არა სახელმწიფობანას თამაში, რომელიც ბავშვების თამაშის ძირითად წესს ეფუძნება: «არაუშავს», «მაპატიე, რა», «არ მინდოდა» და ა. შ. თუმცა ამ სახელმწიფოში ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც არ უნდა ხდებოდეს _ აღმოაჩენს მარგველაშვილი და მისეული სიღრმით გვიხსნის: «ერთნი მდიდრდებიან, მეორენი ღატაკდებიანეს დისბალანსია, რომლის გამოსწორებას უნდა ცდილობდეს ერიმაგრამ ამას არ იქმს, დისბალანსი არ იცვლება, რადგან ერთი «ჟილკობით» იგებს, მეორე კი არ ცდილობს, ეს «ჟილკობა» დაგმოს, არამედ ცდილობს, თვითონაც იხეიროს სხვათა ხარჯზემოკლედ, საქართველოს სახელმწიფო «პამპულობის» თამაშს ჰგავს: თუ წაგართმევენ ბურთს, შენ ხარ პამპულა, თუ შენ წაართვი _ სხვა. მაგრამ ბურთი არსად მიდის, იგი მოთამაშიდან მოთამაშესთან გადადის. დღეს შენ გაპამპულებს, ხვალ შენ გაქვს ბურთი». ხოლო თუ თამაშისას ერთმა მეორეს ფეხი წამოსდო, ეტყვის: მაპატიე რა, არ მინდოდა. და სხვებიც ეტყვიან: «არა უშავს, თამაშია, რა»…

ეს ჩვენი არისტო(ტელე) მართლაც მასხრად იგდებს თუ «აპამპულავებს» ქართველ ხალხს და ქართველ ერს! ძალიან ბეცი და ახლომხედველი თუ სკლეროტიკი უნდა იყო, რომ არ გახსოვდეს, თუ როგორ ჩამოაყალიბა ქართველმა ერმა ათასწლეულის მიღმა სახელმწიფო და როგორ იცავდა საუკუნეთა განმავლობაში მას, ვითარცა ეროვნების ვინაობისა და ქართველობის დამცველ აბჯარს, რომელიც აუგ ჟამთა ვითარებისა გამო ხანდახან ემსხვრეოდა კიდეც. თუმცაღა, მუდამ ცდილობდა და დღესაც ცდილობს მის გამოჭედვას და აღდგენას. ალბათ, ქართველი ერის ეს შეუპოვარი და წმიდათაწმიდა ბრძოლა «პამპულაობა» ჰგონიათ დღევანდელ მართლაცდა «პამპულებს»…

ეს ერთი და მეორეც: დედამიწის ზურგზე ვერ მოიძიებთ ისეთ სახელმწიფოს, რომელშიც არ არსებობდეს მდიდრებსა და ღარიბებს შორის დისბალანსი და გაჩაღებული არ იყოს მათი ფარული თუ აშკარა ბრძოლა, რომელიც, როგორც წესი, აკრძალული ილეთებით _ «ჟილკობით» მიმდინარეობს. ძალიან სამწუხაროა, რომ XX-XXI საუკუნეების საქართველოში გაბატონებული უზნეობა და უსამართლობა, ზღვარდაუდებელი კორუფცია და ლაგამაწყვეტილი ძალმომრეობა მარგველაშვილს «პამპულაობის თამაშს» აგონებს და სხვას არაფერს. ის, ნებსით თუ უნებლიეთ, ამგვარი უკბილო იუმორით ხელს აფარებს იმ თავზარდამცემ სატანისეულ რეჟიმს, რომელიც სააკაშვილებმა, რამიშვილებმა, ბოკერიებმა, მერაბიშვილებმა, ახალაიებმა, კუბლაშვილებმა, ადეიშვილებმა და სხვ. შექმნეს.

დასასრულს, გ. მარგველაშვილი თავისი ფილოსოფიური ტრაქტატის ბოლოს ცდილობს, კვლავაც განგვიმარტოს, რა არის ქართველი ერის გონებრივი სისუსტის მიზეზი. ზოგადად ამის მიზეზი სხვადასხვაა, _ ფიქრობს ის, _ შეიძლება იყოს ტრავმული ან თანდაყოლილი. ჩვენ შემთხვევაში კი «უფრო კომპლექსურ, კომბინირებულ მიზეზთა კონგლომერატთან გვაქვს საქმე». აკი გვარწმუნებს აქიმი, რაღაც მოურჩენელი გჭირსო, ამიტომაც გულდასმით უნდა მივადევნოთ თვალი იმ მიზეზებსაც, რომლებმაც წარმოშვა ჩვენი განუკურნებელი სენი: უპირველესი ყოფილა ჩვენი მძიმე ბავშვობა და არასწორი აღზრდა! ამ შემთხვევაში იგი პასუხისმგებლობას ერთმნიშვნელოვნად რუსეთის იმპერიას აკისრებს, რომელიც «ლოთი, მფლანგველი, ემოციურად დაუბალანსებელი» აღმზრდელი გამოდგა, ნებისმიერი ბავშვის ფსიქიკას რომ გაამრუდებდა. ამ ლოთბაზარამ არ მოგვხედა, არ გვიპატრონა და არ გვასწავლა სახელმწიფოდ და ერად ცხოვრება. და არც ჩვენ მოგვცა ჩვენი ღირებულებებისა და უნარების შენარჩუნების უფლება. იმავე დროს გვინერგავდა მუქთახორობას, მექრთამეობას და წაგვგვარა საზოგადოებრივი აზროვნება თუ ღირსების გრძნობა. მოკლედ, ფაქტობრივად, დაგვღუპა, მოგვიშალა ფსიქიკა…

ჩვენი ფილოსოფოსი ქართველ ერს ხომ მიწასთან ასწორებს, მაგრამ არც რუსეთის იმპერიას ინდობს და ჩვენი ერის ყველა «ცოდვაბრალს» მას ჰკიდებს კისერზე. მართლაც, რუსეთის იმპერიის გავლენით მრავალი ცუდი ზნე დაინერგა ჩვენ ცხოვრებაში, მაგალითად, მექრთამეობა, სახელმწიფო მოხელეებში დღესაც რომ იფურჩქნება. მაგრამ რა ვუყოთ იმ დიდ კულტურას და აზროვნების სიღრმისეულ დონეს, ტოლსტოიმ, დოსტოევსკიმ, ტურგენევმა, პუშკინმა, ლერმონტოვმა, ბლოკმა, მანდელშტამმა, ახმატოვამ, ცვეტაევამ, სოლოვიოვმა რომ შექმნეს?! განა ამ კულტურაზე არ აღიზარდნენ თერგდალეულები, ჩვენი კლასიკოსები, ჩვენი სულიერი მამები? ვის შეუძლია ამის უარყოფა, გარდა გონებაჩლუნგი პირისა? ეს ერთი და მეორეც, ჩვენი საქართველო ხომ გაცილებით უძველესი ქვეყანაა, გნებავთ, რელიგიური და გნებავთ, სახელმწიფოებრივი ტრადიციების თვალსაზრისით. ასე რომ, რაც უნდა დაუძლურებულნი ვყოფილიყავით, თუნდაც კოლონიის მდგომარეობაშიც, რა გვჭირდა რუსეთის საძიძაო, ანდა მას ჩვენთვის «ერად და სახელმწიფოდ» ცხოვრება როგორ უნდა ესწავლებინა?! დასასრულს, ლოთობა, როგორც სოციალური მოვლენა და ფენომენი, უცხოა ქართველისთვის და მას ვერა ძალა ვერ გაალოთებდა და ვერც გაალოთა. მაგრამ დღეს რომ უსასოობისა და უზნეობის სინდრომი შეეყარა, ეს უკვე ერთობ ფხიზელი და ვერაგი მამის _ ამერიკის დამსახურება გახლავთ!

მაგრამ ლოთი მამის აჩრდილი იმიტომ მოიხმო მარგველაშვილმა, რომ ქართველი დედა, ქართველთათვის ყველაზე წმინდა და ამაღლებული სიმბოლო, დაემცრო და მთავარ დამნაშავედ გამოეყვანა. ის მისთვის ჩვეული სარკაზმით წერს: «მაგრამ, არა მხოლოდ რუსეთი, ლოთი მამის პირობებში მნიშვნელოვნად ამრუდებდა ჩვენ აზროვნებას, ჩვენი დედაც _ ქართლის დედა _ ერთ ხელში თასი და მეორეში ხმალი… ქართლის დედა აკეთებდა იმას, რაც, პრინციპში, ლოთი მამის პირობებში, ქალისთვის ბუნებრივია _ დაიწყო თავისი ბავშვის დაცვა და ზედმეტად მოფრთხილება. ქართლის დედამ გააკეთა ისე, რომ ბავშვი არამც და არამც არ შედგა კაცად. ისიც ლოთი მამასავით ყველაფერს უსრულებდა, გაათავხედა და გაამაიმუნა… მარტო დარჩენილს, ლოთი ქმრის ხელში, სულ ეშინოდა შვილის დაკარგვის და შეეცადა, მისი ბავშვობა მაქსიმალურად გაეწელა ისე, რომ არ მისცა განვითარების შესაძლებლობა»… მართალია, «მას ეს არ უნდოდა, მაგრამ შედეგად მიიღო _ კაცი ბავშვის ფსიქოლოგიით. კაცი, რომელსაც ზრდასრული ადამანის … ძირითადი თვისება _ პასუხისმგებლობა და სოციალურად აზროვნება არ გააჩნია. ასეთია ქართველი, მას არ ეშინია შეცდომის დაშვების, ცუდად მოქცევის, რადგან დედა ყველაფერს აპატიებს» (ჯარიდანაც იხსნის, მილიციიდანაც გამოიყვანს, უმაღლესში მოაწყობს და სამსახურსაც უშოვნის, ცოლსაც შერთავს…) ასეთ პირობებში, როგორც ფიქრობს აქიმი მარგველაშვილი, «ძალიან მძიმდება კლინიკა და ის შედეგი, რაც დღეს სახეზეა». გარდაუვალია, ბავშვს, რომელსაც ასეთი მშობლები ჰყავს, ჰქონდეს პრობლემები ზრდასრულობის ასაკში, ისევე, როგორც ჩვენ»!..

და ბოლოს, ჩვენი ფილოსოფოსი, თავის მცირე «ფილოსოფიურ ტრაქტატს» «დიდი სიბრძნის» შემცველი ეპილოგით ამთავრებს: «მაგრამ ასეთ ხალხს, ჩვეულებრივ, გარემო ლმობიერად ექცევა, ისევე, როგორც ჩვენ _ ნი-ჩურტა – გვაპატიეთ ვალები, ჩვენ ქართველები ვართ».

ამგვარია ამ «დრამატული სკეტჩის» ფინალი, მისი ავტორი, ალბათ, ელოდება დარბაზის ხორხოცს და აპლოდისმენტებს!..

მაგრამ, ვიდრე საზოგადოება თავის აღტაცებას გამოხატავდეს, თუ არ განგვირისხდებით და არ დაიღალეთ, ჩვენ მოგვისმინეთ, ბატონო გიორგი!

ჯერ ერთი, დღეს არავინ არის ჩვენი ერის შემბრალებელი, პირუკუ, გლობალიზმის იდეებით შეპყრობილი არქიტექტორების ახალი მსოფლიოს აგების პრინციპი არის, მოსპონ მცირერიცხოვანი და სუსტი ერები. ამიტომაც, რაც უნდა თავი მოვისაწყლოთ და «ნიჩურტა» ვიძახოთ, ვალს არავინ გვაპატიებს, პირუკუ, ამ ვალის მეშვეობით გვიმონებენ ჩვენც და ჩვენ შთამომავლობასაც. მეორეც, თანამედროვე ახალგაზრდების ერთი ნაწილის არასრულყოფილებისა გამო «ქართლის დედის» დადანაშაულება არის ქვებუდანური ზრახვა, რომლითაც გსურთ, ერთის მხრივ, წარმოაჩინოთ ქართველი ერის ფსიქოლოგიური დავრდომილება, უპასუხისმგებლობა და სოციალური აზროვნების ნულოვანი დონე და, მეორე მხრივ, გწადიათ, შეფუთოთ ის სათავე, რომლიდანაც ეს სატანური აზრი საზრდოობს. თუმცა თქვენ პირველი არ ხართ, რომელიც ქართველი დედის წინააღმდეგ ილაშქრებს. თქვენმა ძვირფასმა კოლეგამ ჭიაბერაშვილმა უცხო თუ შინაური მეგობრების შეკვეთით, «ფროიდისეული ხედვით», უკვე გაგვიანალიზა, თუ რას ნიშნავს «ქართლის დედის» ერთ ხელში ხმალი და მეორე ხელში _ თასი. ამ ბაყაყჭამია ქვემძრომმა ამისთვის კარგ ჰონორარსაც გამოჰკრა ხელი. მართლაც დავძაბუნდით ქართველები, თორემ ეს ვიგინდარა ასე ამაყად კი არ უნდა «გუბერნატორობდეს», არამედ ჭაობში ჩაძირული, ყიყინით შველას ითხოვდეს.

თუმცა ვფიქრობ, «ქართლის დედის» სიმბოლოს გააზრებისას გ. მარგველაშვილი ჭიაბერაშვილის დონემდე არ დადის. მას სურს, ქართველი ერის განვითარების ავადმყოფური ფსიქიკა «ლოთი მამის» და ზედმეტად «მზრუნველი დედის» საქციელით ახსნას. აქვე უნდა დავძინო, რომ ამ ეპიზოდის გადმოცემისას ქვეცნობიერი შრეც (დონეც) მონაწილეობს, რაც მარგველაშვილის მძიმე ბავშვობის გამოძახილი უნდა იყოს. ვერ გეტყვით, ბავშვის სტრესული მდგომარეობა რამ გამოიწვია. ყოველ შემთხვევაში, რამდენადაც ვიცი, მისი მამაც და დედაც ღირსეული ადამიანები ბრძანდებიან. ასე რომ, უპრიანია, ისევ იმ მსოფლგანცდას მივაწეროთ, «თავისუფლების ინსტიტუტი» და სოროსის ფონდი რომ გვახვევდა და გვახვევს თავს. მათი იდეოლოგია კი პირდაპირ ებრძვის ილიასეულ გაგებას ქართლის დედისას, რომელიც იყო «ძუძუ ქართლისა», «უწინ მამულს რომ უზრდიდა შვილსა» და «უმზადებდა მომავალ გმირსა». მაგრამ, სამწუხაროდ, უმთავრესი მოვალეობა ქართველი ვაჟკაცისა, «წინ გაუძღვეს ჭეშმარიტებას, უკან ჰრჩეს კვალი განათლებული», დღეს მინავლებულია და თითქმის გამქრალი! და ეს არამც და არამც ქართველი დედის მზრუნველობის ბრალი არ არის, არამედ იმისა, რომ თავად შვილები, კოსმოპოლიტური, გლობალისტური ძუძუთი ნაზარდნი, გაიხრწნენ და გადაგვარდნენ; აღარც დედმამა უყვართ და აღარც _ სამშობლო. მსოფლიოს ცის კაბადონზე ავისმომასწავებელი ღრუბელივით დაცურავენ, თავი გაზაფხულის მაუწყებელი მერცხლები ჰგონიათ, სინამდვილეში კი ღამურები არიან, ნათელს რომ გაურბიან, ბნელეთს ეტრფიან და ქვეყნიერების წარღვნას წრიპინით გვაუწყებენ.

სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ მაინც, დასასრულისკენ უნდა შევაჯამო მარგველაშვილისეული დახასიათება-დიაგნოზები ქართველი ერისა:

გონებრივად სუსტი, მსუბუქი დებილობის ფორმით; მისი ფსიქიკური განვითარება შეჩერდა გარკვეულ ეტაპზე და ვერ მიაღწია ზრდასრულ ფორმამდე. მას აქვს ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისთვის შესაფერისი აზროვნება; ქართველი ერი ვერ აღწევს ზრდასრული ინტელექტის საფეხურს, გონებრივი განვითარების ეტაპს და ბავშვის ასაკის დონეზეა დარჩენილი, მისი ცნობიერება არ არის იმ სიმაღლეზე, რომელზეც ხდება პიროვნების სრული გამთლიანება. ამიტომაც აშენებს ისეთ სახელმწიფოს, როგორსაც ბავშვები აგებენ თამაშის დროს. მოკლედ, ის «პამპულაობას» თამაშობს; ქართველი გამოიყურება ემოციურად, იმპულსურად, მაგრამ სინამდვილეში არის ინფანტილური, რადგანაც მას რაციონალური აზროვნების სუსტი საფუძველი აქვს. ჩვენ ბავშვები ვართ, დავრჩით ბავშვებად და ბავშვების გარემოში ვტრიალებთ. შესაბამისად, ჩვენი ხელოვნებაც იმიტაციის დონეზეა. მაინც მთავარი მიზეზი ჩვენი გონებრივი სისუსტისა ყოფილა ლოთი მამა (რუსეთის იმპერიის სახით) და გადაჭარბებულად მზრუნველი ქართველი დედა, რომლის წყალობით მივიღეთ კაცი ბავშვის ფსიქიკით, ზრდასრული ადამიანის ძირითადი თვისებები _ პასუხისმგებლობა და სოციალური აზროვნება რომ არ გააჩნია. მოკლედ, ქართველი ერი ისეა დაავადებული, რომ მისი განკურნება ყოვლად შეუძლებელია.

ქართველი ერის ეს თავზარდამცემი დიაგნოზი თუ ავადმყოფობის ფურცელი ისეთი გულწრფელობით და შინაგანი მრწამსით არის გაწერილი, რომ ძალაუნებურად გაფიქრებინებს, მის ავტორს ყოველივე ეს განცდილი, გაშინაგანებული ხომ არა აქვს. მეტიც, არ იქნება საფუძველს მოკლებული, თუ ვიფიქრებთ, რომ ეს დასკვნა საკუთარი თავის შესწავლით და თვითშემეცნების შედეგად არის მიღებული. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის საკუთარ თვისებებს განაზოგადებს, ერის ობიექტურ რეალობად აცხადებს. ეს არის საკუთარი გრძნობის ორგანოებით აღქმული რეალობა, ანუ პერცეფცია. ასე რომ, იმ განუკურნებელი სენით, ქართველ ერს რომ მიაწერს, თავად არის შეპყრობილი. ჩემი დიაგნოზი მისი ავადმყოფობისა ამგვარია: ჭაობში გაზრდილი ლერწამივით აწოწილი, ტანსრული, ახოვანი, მაგრამ გონებრივად სუსტი, მსუბუქი დებილობის ფორმით; მისი ფსიქიკური განვითარება და აზროვნება შეჩერდა გარკვეულ, ადრეულ ეტაპზე. მაგრამ, სამწუხაროდ, თავის თავზე ზეაღმატებული წარმოდგენა აქვს და ყოვლისმცოდნე ფსიქოლოგფილოსოფოსად მიიჩნევს თავს. ამის მიზეზი, თუ მის მსჯელობას გავითვალისწინებთ, არის ბავშვის და ზრდის მძიმე და რთული პროცესი, რომელიც ჰორმონების რეგულაციით მიმდინარეობს და ხდება მისი სქესობრივი თუ პიროვნული ჩამოყალიბება: თუ იგი ირღვევა, მძიმე კლინიკურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ჭაბუკობის ასაკში რომ იჩენს თავს. ახლა ძნელი დასადგენია, როგორ მიმდინარეობდა მისი «სეკვესტრაციის» პროცესი, მაგრამ ერთი უდავოა, მთლად ნორმალურად არ წარიმართებოდა.

ამას გვაფიქრებინებს თუნდაც გიორგი მარგველაშვილის ფეთქებადი ხასიათი. როგორც ამბობენ, წამიერად კარგავს თავის კონტროლს, სტრესულ მდგომარეობაში რას იქმს, თავადაც არ უწყის. მაგრამ, თუ მას ვერწმუნებით (და რომ არ ვერწმუნოთ, ამის საფუძველი არ გაგვაჩნია), იგი უკიდურეს სტრესულ მდგომარეობაში ამოიღებს ჩანთიდან გორგალს, საქსოვ ჩხირებს და ქსოვას იწყებს. სხვათა შორის, ამ ხერხით სასურველ შედეგსაც აღწევს, ქსოვა რომ ნერვებს აწყნარებს, ეს ცნობილია ფსიქოლოგიაში. მაგრამ ამგვარი ქმედება, ვგონებ, არ ეგების საქართველოს პრეზიდენტს. ერთმა უკვე თავი მოგვჭრა მთელ «დუნიაზე». დაძაბულ სიტუაციაში მიწაზე იფორთხიალა და მერე ჰალსტუხის ჭამა დაიწყო. ამ საქციელმა განსაკუთრებით «დააფრთხო» რუსი ჯარისკაცები. ახლა ჩვენი «მომავალი» პრეზიდენტი თუ დაძაბულ ვითარებაში გორგალს ამოიღებს და საქსოვი ჩხირებით ქსოვას დაიწყებს, ამას ექნება უზარმაზარი ფსიქოლოგიური ეფექტი! ჩვენი მტრები ისე დაფრთხებიან, რომ უმალ იარაღს დაყრიან და უკან მოუხედავად გაქუსლავენ… ვგონებ, ეს უფრო ეფექტური თავდაცვა იქნება, ვიდრე მისი კონკურენტის, ბაქრაძის, სტრატეგიული რჩევა, დანებითა და ჩანგლებით დაგვეცვა ჩვენი სამშობლო… მართლაცდა, ძნელად შესაცნობია ადამიანის ფსიქიკის სიღრმისეული შრეები.

და ბოლოს, მთელი სერიოზულობით გეკითხებით თქვენ, ბატონო გიორგი, მარგინალური ფსიქოლოგიის მკვლევარო, თავად მარგინალო, ნუთუ თქვენ გსურთ ამ დაავადებული, გონებასუსტი, ნახევრადდებილი, განუკურნებელი სენით შეპყრობილი, «მარგინალი» ერის პრეზიდენტობა?! ეს ხომ თქვენივე დასმული დიაგნოზია და განა ისეთი რა ჯადოქარი აქიმი ბრძანდებით, რომ შეგიძლიათ დაქცეული ქვეყანა და დაავადებული ერი ფეხზე წამოაყენოთ?! და თუ ეს არ შეგიძლიათ, გვერდზე გადექით და გიჯობთ, წინდების ქსოვას მიჰყოთ ხელი. ვგონებ, ასე უფრო უპრიანი იქნება ქვეყნისთვისაც და ქართველი ერისთვისაც! ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს ქართველი ხალხის დიდი ნაწილი!..

თუ რამე შემეშალა, არ გეწყინოთ, მომიტევეთ, ნი-ჩურტა, მეც ქართველი ვარ!

ელიზბარ ჯაველიძე,

5 ოქტომბერი, 2013 .

 

1 COMMENT

  1. ეს კაცი ვერ არის ხომ კარგად?ეგ მართლა ჩლუნგი.იმის მაგივად,რომ ხალხს მოეფეროს და მადლობა უთხრას გვერდში დგომისთვის,ბიჭი ადგა და სულ დებილებს არ გვეძახის?!მეტი ეკუტნის ქართველ ხალხს თქვენნაირები რომ მოიყვანეს სათავეში.ვაის გავეყარეთ,უი-უი-უი-ს შევეყარეთ დაგვემართა.ხალხმა რა დააშავა,თორე იმის ღირსები ხართ ნაცები მოვიდნენ ისევ და ამოგალპოთ ყველანი ციხეში რა.უსირცხვილო,უნამუსო და უძარღვო ადამიანები ხართ პოლიტიკოსები და თქვენი ატანა აგარ მაქვს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here