Home რუბრიკები პოლიტიკა იძულება აღიარებისკენ

იძულება აღიარებისკენ

472

საქართველოს მოქალაქეთა სიძულვილის ტალღა დღეს თუ ხვალ პირისაგან მიწისა აღგვის «ნაციონალურ მოძრაობას» და ეს უკანასკნელი, ხავსიც რომ არ დარჩენია მოსაჭიდებლად, თავის სისულელეებს ებღაუჭება _ 10 წლის მანძილზე ჩადენილ სახელმწიფოებრივ ბოროტ უაზრობებს. მაგალითად, ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების მისეული «სტრატეგიის» განსახორციელებლად ისეთი «ტაქტიკური» ნაბიჯები გადადგა, რომ მკვდარსაც კი გაეცინებოდა, მაგრამ, ვაი, რომ სატირალ არს: მისი ნოვაციები დღეს ჩვენვე შემოგვიბრუნდა ახალ პრობლემებად, ახალ თავსატეხად და გართულებად. «სამხრეთ ოსეთის» მის მიერ შექმნილი ადმინისტრაციის ლეგიტიმურობისთვის საფუძვლის შესაქმნელად ამ ავტონომიური ერთეულის ადმინისტრაციული საზღვარი ახალგორს აქეთ გადმოწია და, საერთოდ, ტერიტორია, რომელიც იმ მიჯნას იყო მიმდებარე, ხალიან-ჩასუქებული ჩინოვნიკის, ვინმე სანაკოევის გამგებლობას დაუქვემდებარა. ახლა რუსი მესაზღვრეები(!) საქართველოს პრეზიდენტის მიერ ვოლუნტარისტულად დადგენილ საზღვარს მავთულხლართებით რომ ამაგრებენ, ბიძინა ივანიშვილისკენ და ახალი ხელისუფლებისკენ იშვერს ხელს პატივცემული მიხეილი _ სად არიან, რას აკეთებენ, დედას რატომ არ აგინებენო რუსეთს!

 

ეს თემა გახდა განხილვის საგანი «ეხო კავკაზა»-ს თოქშოუში, რომელშიც მონაწილეობდა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ჯორჯთაუნისა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტების (აშშ) მოწვეული მკვლევარი, პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ანდრეი სუშენცოვი. პირდაპირ ეთერში თოქშოუს წამყვანი დემის ფოლანდოვი წარადგენს მოსკოველ ექსპერტს და შეეკითხება:

_ ანდრეი, მე კარგად მახსოვს 2008-2009 წლები, როცა რიგმა ქვეყნებმა (ასეა ტექსტში. _ რედ.) აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. მაშინ არ გაჟღერებულა აზრი იმის თაობაზე, რომ ამ რესპუბლიკების ფართო აღიარება რუსეთს არ აინტერესებს. ახლა კი პოლიტოლოგი სერგეი მარკედონოვი ამის შესახებ ლაპარაკობს, როგორც გარკვეულ მოცემულობაზე, იმაზე, რომ რუსეთი შემდეგ მიხვდა, რამდენად მომგებიანია მისთვის ასეთი ექსკლუზიური, ანუ ვიწრო აღარება. მიგაჩნიათ, რომ ფართო აღიარების იდეა, რომელიც 2008-2009 წლების შემდეგ გაჩნდა, საჭირო არ არის? და არსებობს კი საერთოდ საკითხისადმი ამგვარი მიდგომა?

ანდრეი სუშენცოვის პასუხი ასეთია:

_ მოდით, განვიხილოთ ის პირობები, რომლებშიც რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარა. ეს პირობები რუსეთისთვის სულაც არ იყო კომფორტული. ფაქტობრივად, მოსკოვი იძულებული იყო, გადაედგა ეს ნაბიჯი იმიტომ, რომ მედვედევ-სარკოზის შეთანხმების მსვლელობის დროს მოიხსნა უშიშროების ღონისძიებათა უზრუნველყოფის საკითხი აფხაზეთისა და ოსეთის (SIC!) მიმართ. რუსეთმა ერთთვიანი პაუზის შემდეგ ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება უსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე. იმ მომენტშიც კი გასაგები იყო, რომ ეს ფაქტი დასავლეთის პარტნიორების ყურადღების ღირსი არ გახდებოდა, და მოსკოვი მზად იყო, ამ გადაწყვეტილების დანახარჯები მთლიანად საკუთარ თავზე აეღო, თუნდაც რიგ სფეროებში თანამშრომლობის შეზღუდვის ფასად. მიუხედავად იმისა, რომ ასე არ მოხდა, იმ მომენტში მოსკოვში ესმოდათ _ ამ გადაწყვეტილებას ფართო რეზონანსი არ ექნებოდა.

მეჩვენება, რომ რუსეთის დიპლომატიის რეაქცია ოსეთისა (SIC!) და აფხაზეთის აღიარების თაობაზე ასეთი სერიოზული არ იყო. ვერ ხედავდნენ კოსოვოს ტიპის რაიმე დიდ კამპანიას, როცა ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნებიდან არცთუ უშედეგოდ მოუწოდებდნენ სახელმწიფოებს, ეღიარებინათ კოსოვოს დამოუკიდებლობა. რუსეთის დიპლომატია ამის მსგავსს არაფერს აკეთებდა და ეს იმდენად ცხადი იყო, რომ რუსეთის ნაბიჯებისადმი ქართული დიპლომატიის ზედმეტად დიდი ყურადღება ამ მიმართებით, იმ ძალისხმევის პროფილობაზე მაღლა ასწია, რაც სინამდვილეში იყო. რუსეთისთვის მთავარი იყო დსთ-ში ჩვენი მოკავშირეების პოზიცია, კერძოდ, ბელარუსის, რადგან ჩვენ ვართ ნაწილები სამოკავშირეო სახელმწიფოსი. მაგრამ ესეც კი, და აქ შემიძლია დავეთანხმო ალექსანდრე ლუკაშენკოს, არ არის ცხოვრებისეულად მნიშვნელოვანი საკითხი. ის, რაც მან თქვა და ისიც, რასაც ყურადღება მიაქცია ჩემმა პატივცემულმა კოლეგამ სერგეი მარკედონოვმა, არის ის, რომ ბელარუსი მზადაა, აღიაროს ოსეთი (SIC!) და აფხაზეთი, თუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხასიათის საკითხად დადგება. მადლობა ღმერთს, ასეთი გარემოება დღეს არ ჩანს. ამიტომ შემიძლია დავეთანხმო, რომ ბელარუსისთვის დღეს მაინცდამაინც ხელსაყრელი არ არის ოსეთისა (SIC!) და აფხაზეთის აღიარება.

_ ანდრეი, თუ ლაპარაკი არ არის ფართო აღიარებაზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო დონეზე გაყვანაზე, სიტუაციის რაღაცნაირი განვითარების პროგნოზირება ხომ მაინც ხდება? რამენაირად მაინც და არა სამუდამო სტატუსკვოს პრეტენზიულობით? შევამჩნიე, რომ თქვენ ყოველთვის ამბობთ ოსეთს. შეკვეცილად ასახელებთ სამხრეთ ოსეთს თუ განაზოგადებთ სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთს? როგორ აფასებთ პროექტს, რომელსაც დღეს ძალიან ხშირად იმეორებენ სამხრეთ ოსეთში, რუსეთთან გაერთიანებისა და მის შემადგენლობაში შესვლის შესახებ? რამდენად რეალურია ასეთი ახლო თუ შორეული პერსპექტივა?

_ შეგახსენებთ, რომ უკვე 2008-2009 წლების რაიონში რუსეთის ხელმძღვანელობა, ცალკეული რუსი პოლიტოლოგები, ისეთები, როგორიც ნიკონოვია, მხარს უჭერდნენ რუსეთის მიერ აღიარების იდეას. მაშინ არსებობდა კონტექსტი, რომ საკმარისია ნებისმიერი ერთი დიდი სახელმწიფოს მიერ აღიარება, რათა სახელმწიფო აღიარებულად ჩაითვალოს. როცა მოსკოვი იძულებული იყო, ეღიარებინა, იგი, ფაქტობრივად, დამორჩილდა, ჯერ ერთი, მოსალოდნელ ნეგატიურ საგარეო რეაქციას; მეორე მხრივ, _ ხანგრძლივი დროის პარტნიორის, სპონსორის როლს. საეჭვოა, რომ მაშინ ჰქონდათ რამენაირი სტრატეგიული ხედვა იმისა, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო 20-30 წლის შემდეგ. 2008 წელს არ ჩანდა ისიც კი, რომ სააკაშვილი წავიდოდა ხელისუფლებიდან, არაფერი რომ არ ვთქვათ იმის თაობაზე, რომ რუსეთს აფხაზეთისა და ოსეთის მიმართ რაიმე სტრატეგიული გეგმა გააჩნდა.

_ ახლა არის ასეთი გეგმა თუ ჯერ კიდევ არა?

_ ბევრი დამკვირვებელი ოსეთსა და აფხაზეთში დამეთანხმება, რომ რუსეთის პოლიტიკა ამ ორი სახელმწიფოს(!) მიმართ თანმიმდევრული იყო მათი არსებობის მთელი პერიოდის მანძილზე… მაგალითად, ამჟამად არსებობს ე.წ. ბორდერიზაციის პრობლემა სამხრეთ ოსეთში. პროგრამა ამ მიმართულებით რამდენიმე წლის წინათ მიიღეს, მაგრამ მხოლოდ ახლა დაიწყეს მისი რეალიზება. ეს დაემთხვა ქართულ-რუსული ურთიერთობის ნორმალიზების პროცესს, როგორც გამაღიზიანებელი ფაქტორი. სინამდვილეში ისინი ურთიერთდაკავშირებული არ არის, მაგრამ დაგვიანებით ხორციელდება.

ოსეთის გაერთიანების იდეა მოცემულ მომენტში რეალური არ არის. ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე ასეთი გეგმა მოსკოვში არავის აქვს. ამოცანა ის არის, რომ დავეხმაროთ ოსურ საზოგადოებას, დაძლიოს ომისა და იზოლაციის შედეგები, განჭვრიტოს თავისი მომავალი. დღეს ძნელია, წარმოვიდგინოთ, მაგრამ ვფიქრობ, მოსკოვში არიან ადამიანები, რომლებიც მზად იქნებიან, იფიქრონ ამ საკითხზეც.

_ ანდრეი, უნდა შეგეკითხოთ რუსეთის პოლიტიკაზე საქართველოს მიმართ: ბოლო დროს რაღაც წინააღმდეგობრივი ნაბიჯები იდგმება, თანაც, საკმაოდ ხმაურიანი. მხედველობაში მაქვს რუსეთის გმირის, სამხედრო მფრინავის ჩართვა ოლიმპიურ ესტაფეტაში. ამ კაცმა ეს წოდება 2008 წლის აგვისტოში მიიღო; ან სადემარკაციო სამუშაოები დეფაქტო საზღვარზე, შემდეგ _ ონიშჩენკოს განცხადება, რომ ქართული ღვინოები ბოლომდე არ უპასუხებს ხარისხის კრიტერიუმებს და შეიძლება მათზე უარი თქვან. მეორე მხრივ, რუსეთის ბაზარზე ქართული სასოფლოსამეურნეო პროდუქტები დაუშვეს. დიდი ხნის განმავლობაში რუსეთი არავითარ ქმედებას არ განახორციელებდა, ელოდებოდა ხელისუფლების შეცვლას საქართველოში. დღეს დაიწყო ამ ღონისძიებათა განხორციელება, მაგრამ ისინი ძალიან წინაღმდეგობრივია. ხედავთ რაიმე ლოგიკას ამ ქმედებაში ან ეგებ რუსეთს არ აქვს დამუშავებული სტრატეგია ახალი საქართველოს მიმართ?

_ ყურადღება მივაქციე, მასობრივი ინფორმაციის ადგილობრივ საშუალებებში, უწინარეს ყოვლისა, ქართულ მედიაში, ყველა ამ მოვლენას ერთ გროვაში რომ აქცევენ და შეფასება უფრო ხშირად კრიტიკულია. ვფიქრობ, აქ ერთი მეორისგან უნდა გამოვყოთ. აშკარაა, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობის ძირითადი ტენდენცია თანდათანობითი, ნაბიჯ-ნაბიჯ, სიმეტრიული ნორმალიზაციაა, რომელიც, ამასთან, ფრთხილად უნდა განხორციელდეს ორივე მხრიდან. ანგარიში უნდა გაეწიროს იმას, რომ ონიშჩენკო შიდარუსულ პროცესებშიც საკმაოდ თავისებური ფიგურაა და ცოტა იუმორისტული რეპუტაცია აქვს, ამიტომ ბევრ მის კომენტარს გარკვეული სკეპტიციზმით აღვიქვამ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here