Home რუბრიკები პოლიტიკა აღვადგენ სოფლის მეურნეობის ძირძველ დარგებს!

აღვადგენ სოფლის მეურნეობის ძირძველ დარგებს!

652

ყურადღებით გავეცანი იმ ხუთ შეკითხვას, რომლებითაც სამართლიანად და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გადასარჩენად მიმართავს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს, საქართველოს ენოლოგთა ეროვნული კავშირის თავმჯდომარე, ამ დარგის დიდი ქომაგი და გულშემატკივარი, ბატონი მურმან ქურიძე.

 

სოფლის მეურნეობის დღევანდელი მდგომარეობა მართლაც საგანგაშოა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის დარგის მნიშვნელობის იგნორირებამ და ჩადენილმა (ხშირად წინასწარ დაგეგმილმა) უამრავმა შეცდომამ სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანა. მოხმარებული სოფლის მეურნეობის პროდუქტების 80 პროცენტზე მეტი გარედან შემოდის, თანაც უმეტესობა სრულიად უკონტროლოდ. არანაირი კომპრომისების დაშვება არ შეიძლება მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარჯზე.

დასმულ შეკითხვებზე არაერთხელ გამიცია პასუხი ამომრჩევლებთან შეხვედრისას. ჩვენს პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის, საქართველოს ეკონომიკის ძირძველი დარგის, აღორძინების და სამართლიანობის აღდგენის საკითხებს.

მე, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, საჯაროდ ვაფიქსირებ ჩემს პასუხს დასმულ შეკითხვებზე:

მე მხარს დავუჭერ საქართველოს ეკონომიკაში თანამედროვე, ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის, საქართველოს ტრადიციული დარგის, პრიორიტეტს, ამ დარგის რეალურ სუფსიდირებას, თანახმად ჩვენ მიერ შემუშავებული პროგრამისა, განსაკუთრებით მთიან, სასაზღვრო ზონებში, რაც ასევე საიმედოს გახდის ჩვენი ქვეყნის საზღვრების დაცვითუნარიანობას;

მე მხარს დავუჭერ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაფართოებას და მის ჩამოყალიბებას სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროდ. საქართველოს ამ დარგის სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი, დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, შემორჩენილი კვალიფიციური კადრები იძლევა იმის გარანტიას, რომ ვაწარმოოთ არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის ნედლეული, როგორც ეს ხდება ჩამორჩენილ აგრარულ ქვეყნებში, არამედ გამოვუშვათ კონკურენტუნარიანი მზა პროდუქცია.

მე მხარს დავუჭერ სოფლის მეურნეობის მიმართულების, ჩვენი ქვეყნისთვის ტრადიციული სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტების დაუყოვნებლივ აღდგენას თანამედროვე, დამოუკიდებელ სამეცნიეროპრაქტიკულ ცენტრებად _ მათი ექსპერიმენტული ბაზებით, კოლექციებით, სათბურებით, სანერგეებით. განა შეიძლება ქვეყანაში, რომელიც აღიარებულია ვაზისა და ღვინის სამშობლოდ, არ იყოს მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი? მეჩაიეობის, მეფუტკრეობის, ხეტყის, მეცხოველეობისა და საკვების წარმოების, ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის, მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის და, რაც მთავარია, ნიადაგმცოდნეობისა და მცენარეთა დაცვის ინსტიტუტები? თურმე შეიძლებაო! _ ამტკიცებენ ისინი, ვისაც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ შეუძლია ამგვარი მოსაზრების დამკვიდრება. საქმე ეხება ყოფილი მთავრობის იმ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს, რომელთა მიხედვითაც აგრარული უნივერსიტეტი და მასთან დანაშაულებრივად მიერთებული 14 უნიკალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი უსასყიდლოდ შეიძინა ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის დარგის დაუძინებელმა მტერმა, ბატონმა კახა ბენდუქიძემ, ყოველგვარი წესებისა და კანონების დარღვევით. ამ სამეცნიერო ცენტრების აგრარულ უნივერსიტეტში განთავსებით მან დაითხოვა უამრავი აღიარებული მეცნიერი, გააუქმა ყოველგვარი სამეცნიერო-კვლევითი სათბურები, სანერგეები თაღლითურად გაყიდვისა და ელიტარული კორუფციის (სოფლის მეურნეობის ნედლეულისა და პროდუქციის ძირითადად გარედან შემოტანისთვის) ხელშეწყობის მიზნით.

მე მხარს დავუჭერ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისთვის ყოვლად გაუმართლებელი, შეზღუდული ფუნქციების აღდგენას. აღდგენილ სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრებს სამეურნეო-ადმინისტრაციული და ფინანსური ადმინისტრირება უნდა გაუწიოს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტრომ, ხოლო სამეცნიერო ხელმძღვანელობა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ.

მე მხარს დავუჭერ ბენდუქიძის მიერ თაღლითურად შეძენილი აგრარული უნივერსიტეტის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტად აღდგენას, როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამედიცინო და ტექნიკური უმაღლესი სასწავლებლები, კანონმდებლობის სრული დაცვით, სადაც ძირითადად სოფლის მეურნეობის დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მომზადდებიან.

დასახელებული საკითხების კვალიფიციურად და სამართლიანად გადაწყვეტით საქართველო კვლავ მოწინავე თანამედროვე, ინდუსტრიულაგრარული ქვეყანა გახდება. ახლო მომავალში, ჩვენ გარედან კი არ შემოვიტანთ სოფლის მეურნეობის უხარისხო პროდუქტებს, არამედ ჩვენ თვითონ ვაწარმოებთ მაღალხარისხოვან, კონკურენტუნარიან პროდუქციას არამარტო შიგაბაზრისთვის, არამედ საექსპორტოდაც. აღვადგენთ ამოძირკვული ვაზისა და ხეხილის უნიკალურ ენდემურ ჯიშებს, რომელთა ფართობები სამჯერაა შემცირებული; ჯართადაა გაყიდული ჩაის, საკონსერვო და ეთერზეთების ქარხნები; განადგურებულია მეაბრეშუმეობის, მეთამბაქოობის დარგები, მეცხოველეობის ფერმები, სანერგეები. ყველაფერი ის, რაც გარედან შემოჰქონდათ ელიტარული კორუფციით გამდიდრებულ, წინა მთავრობის წევრებს. ყოვლად მიუღებელია მათ მიერ შეგნებულად გამოთავისუფლებული მიწის ნაკვეთების უმოწყალოდ გაყიდვა უცხოელებზე.

გპირდებით, გეორგიაში აღვადგენთ და განვავითარებთ სოფლის მეურნეობის ყველა იმ დარგს, რომლებიც საქართველოსთვის ძირძველია. ახლო მომავალში სოფლად უფრო მეტი ადამიანი დაბრუნდება, ვიდრე ამ ბოლო ათწლეულში გაჭირვების გამო აქედან წავიდა _ სახლ-კარი მიატოვა, მიაშურა ქალაქებს ან საერთოდ დატოვა ქვეყანა.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი

ნინო ბურჯანაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here