Home რუბრიკები პოლიტიკა დროა, შეიქმნას ახალი, ალტერნატიული ეროვნული პოლიტიკური ძალა

დროა, შეიქმნას ახალი, ალტერნატიული ეროვნული პოლიტიკური ძალა

531

არც ივანიშვილის მეხოტბე ვარ და არც მავანთა მგალობელი, მაგრამ სიმართლეს გაუმარჯოს და, მიუხედავად იმისა, რომ, «ნაცების» ტერორის დროს ჩატარებული არჩევნებისგან განსხვავებით, ამ წინასაარჩევნოდ ქვებს არ ისვრიან, მაინც უცნაური არჩევნების მოლოდინშია ქვეყანა! ამ «მოლოდინში» კი ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან ბოლო შეხვედრის დროს, როგორც იტყვიან, «ცეცხლზე ნავთი დაასხა» და ადვილი შესაძლებელია, საპრეზიდენტო არჩევნებმა ისეთი აბსურდის, ფარსის სახე მიიღოს, რომლის მსგავსი «ნაცების» ზეობის ჟამსაც არ გვინახავს!..

 

თავად განსაჯეთ: მარგველაშვილის გამარჯვება მხოლოდ 60%-იანი ჰანდიკაპით მაძლევს ხელს, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმის კეთების ენთუზიაზმი შემიმცირდებაო და ყველაზე მთავარი _ მეორე ტურის შემთხვევაში, მარგველაშვილს ვურჩევ, მასში მონაწილეობა აღარ მიიღოსო! რასაც იმავე საღამოს გამოეხმაურა პლასტელინის კანდიდატი, _ მეორე ტურის შემთხვევაში საკუთარ კანდიდატურას მოვხსნიო?!

ასეა, ზოგისთვის ბიძინას «რჩევა» ბრძანებაა…

და რას ნიშნავს ეს, ერთი შეხედვით, აბრაკადაბრა ამომრჩევლისთვის გასაგებ ენაზე?

რამდენიმე ვარიანტია: პირველი, პრემიერი ქართულ საზოგადოებას აშანტაჟებს _ ხათრი ბოლომდე შემინახეთ, არჩევნებზე მოდით და, როგორც შარშან ჩემ მიერ მიწაში ჩარჭობილ «სარებს» მიეცით ხმა, მაჟორიტარების თუ საერთო სიის სახით, ახლაც იგივე გააკეთეთ «ქსლისა მბეჭველი პლასტელინის» მიმართო! თუ არა და?..

ჰოდა, აი, ამ «თუ არადაშია» დამარხული, როგორც იტყვიან, «ძაღლის თავი»…

თუ არადა, მაშინ მარგველაშვილი მოხსნის კანდიდატურას და იქნება მეორე ტური მარტოდენ ბაქრაძის მონაწილეობით, ანუ აღსრულდება ის, რაც

აშშ-ში «დაწერილ არს» _ «ნაცმოძრაობის» კანდიდატი არათუ მეორე ადგილზე გავა და ერთადერთ, მთავარ ოპოზიციურ ძალად ოფიციალურად დარეგისტრირება, არამედ ეროვნული კატასტროფის ტოლფასი ფაქტი დაფიქსირდება _ დავით ბაქრაძე გაპრეზიდენტდება!

დიახ, არ მოგჩვენებიათ, აქამდე ბაქრაძის მეორე ადგილი მიაჩნდა ქართველი საზოგადოების უმეტეს ნაწილს ეროვნულ კატასტროფად და ახლა «მექანიკური თოჯინას» მეორე ადგილს ვინღა დაეძებს? იმ «რასკლადით», რომელიც «ოცნების» მეცადინეობით იქმნება, რუსებთან დანაჩანგლით «მეომარი რაინდის» გაპრეზიდენტებაც სავსებით რეალურია!

ჭეშმარიტად «შეუცნობელ არს გზანი კოჰაბიტაციისანი» და მწარედ ცდებოდა «საქართველოს პატრიოტთა ალიანსის» ლიდერი, ბატონი დავით თარხანმოურავი, როდესაც «ობიექტივიდან» სულ ცოტა ხნის წინ გვიმტკიცებდა _ დასავლეთში, ამერიკაში «ნაცების» მხარდამჭერ ძალებს სურთ დავით ბაქრაძის მეორე ადგილი, თუმცა ისეთებიც არიან, რომელთაც მისი პირველი ადგილიც ეოცნებებათ, რაც ყოვლად უტოპიური, განუხორციელებელიაო _ როგორც ჩანს, არც მთლად უტოპიაა ეს ყველაფერი.

პრონაცური და შესაბამისად მათგან ფინანსირებული ლუის ნავაროს თუ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული ზურაბ ბიგვავას მიერ ჩატარებული კვლევები, რომლებშიც დავით ბაქრაძეს მეორე ადგილთან დაკავშირებით ტყუპისცალებივით თითქმის ერთნაირი პროცენტები დაფიქსირდა, იმის ნათელი დასტურია, დავით ბაქრაძის მეორე ადგილზე «გათრევის» საკითხში სრული კოჰაბიტაციური ჰარმონია სუფევდა…

იმ ძველი საარჩევნო სიების გათვალისწინებით, რომლებიც მიზანმიმართულად  «ვერ გაცხრილა» «ქართულმა ოცნებამ» (ყვარყვარეს დროშის არ იყოს, რა იცი, როდის გამოგვადგებაო), რადგან იქ, როგორც მინიმუმ, მილიონიანი ლუფტია გაყალბებისთვის, ჰოდა, აკი გამოადგებათ კიდეც. ამ სიებით სულ ადვილად შეიძლება რომანტიკული კოჰაბიტაციური ჰარმონიის პრაგმატულ შედეგში ტრანსფორმირება. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ამ არჩევნებზე მისვლის დიდი ენთუზიაზმი არ იგრძნობა ამომრჩევლებში, მსგავსი  ტექნიკური მანიპულაციები უმარტივესად არის შესაძლებელი!

მაგრამ, ბიგვავა-ნავაროს «სიაბანდი» კვლევების გარდა, ხომ იციან ოცნება-ქოცებმა საზოგადოების რეალური განწყობები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ, ოდნავ მაინც ობიექტურად ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში, როგორც მინიმუმ, მეორე ტური თითქმის გარანტირებულია და პლასტელინის მეწყვილედ, უპირველესად, ნინო  ბურჯანაძე მოიაზრება, მიუხედავად წარსულში მისი მძიმე ბეგრაუნდისა!

არც ის არის საიდუმლო, რომ დასავლეთი, აშშ მხოლოდ ბაქრაძის მეორე ადგილის შემთხვევაში ცნობს ამ არჩევნებს ლეგიტიმურად. აქედან გამომდინარე, «ქართული ოცნება» დილემის წინაშეა _ ან მეტნაკლებად ობიექტური შედეგები დადოს, ან «ნაგლად» გააყალბოს შედეგები და დავით ბაქრაძე მეორე ადგილზე დაასკუპოს _ პირველ შემთხვევაში «ქართული ოცნება» ამერიკელი პატრონების რისხვას დაიმსახურებს, ხოლო მეორეში _ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისას!

აქედან გამომდინარე, ალბათ, შესაძლებელია, მესამე, კოშმარული ვარიანტის «შემოგდება» _ ბურჯანაძის ჩაძირვა, მარგველაშვილის უარი მეორე ტურზე და დავით ბაქრაძის გაპრეზიდენტებაზე ერთობლივი კოჰაბიტაციური მუშაობა.

მანამდე კი სახეზეა არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური თამაშები _ ჯერ ისა ვთქვათ, რომ აქამდე სხვადასხვა ტელევიზიის ე. წ. თოქშოუებში «ოცნების» ლიდერები არ ჯდებიან ე. წ. არასაპარლამენტო ოპოზიციასთან დებატებში, რადგანაც უფრო კომფორტულად გაკოტრებულ «ნაცებთან» გრძნობენ თავს!

თუნდაც საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში პირველი საპრეზიდენტო დებატები ავიღოთ «საზმაუწყზე» _ ბურჯანაძეს თავი დავანებოთ და ნუთუ კობა დავითაშვილი უფრო წონადი (პოლიტიკურ წონას ვგულისხმობ) კანდიდატი არ არის, ვიდრე «გალსტუკიანი ხვლიკი» გიორგი თარგამაძე და არჩევნების ცნობილი გამყალბებელი ზურაბ ხარატიშვილი, რომლებიც მარგველაშვილ-ბაქრაძესთან ერთად ძირითად საპრეზიდენტო კანდიდატებად შერაცხეს, ხოლო კობა დავითაშვილსა და ბურჯანაძეს «მეორე ლიგაში» მიუჩინეს ადგილი?

რატომ, ქოცებო? ასე რისი გეშინიათ, მითუმეტეს _ ურეიტინგო ბურჯანაძედავითაშვილის? დაუჯექით პირდაპირ ეთერში და «მიწაში ჩადეთ» ეგ პოპულისტები, მაგრამ ვერ იზამთ მაგას, რადგან თქვენც კაი «კოსტაიეპროსტაიები» ხართ

ვიმეორებ: მე არც ბიძინა ივანიშვილის მეხოტბე ვარ და არც ბურჯანაძე-დავითაშვილის მგალობელი, მაგრამ, როგორც ჰავლაბარში იტყვიან, «ნამუს ჩკაა, ვაფშემც ჩუნეს», რომ გიორგი თარგამაძეს და განსაკუთრებით ზურა ხარატიშვილს, რომელიც პრეზიდენტობაზე კენჭს იყრიდეს კი არა, არჩევნების გაყალბებისთვის «სროკი» უნდა ჰქონდეს «გაყრილი», პრეზიდენტობის ძირითადი კანდიდატების გვერდით ასახელებ?

მოკლედ, ერთი რამ ცხადია: მართლაც საინტრესო მოვლენების მოწმენი გავხდებით. ამ რამდენიმე დღეში გაირკვევა ზემოთ გამოთქმული სავარაუდო ვარიანტებიდან რომელს აირჩევს ქოცების ბელადი!

ბოლო 20 წელიწადია, საქართველო პრაქტიკულად თავისუფლების ინსტიტუტის, ანუ ჯორჯ სოროსის კადრებით იმართება, რომლის პირველი ნაკადი შევარდნაძის ხელისუფლებას «თეთრი მელას» მეორედ გაპრეზიდენტებისას შეეპარა მცირედი დოზით, მაგრამ სწორედ ამ «მცირე დოზამ» მოუღო ბოლო ედიკას.  «ვარდების რევოლუციის» შემდეგ ამ ხალხმა სააკოვის მეთაურობით აბსოლუტური ძალაუფლება იგდო ხელთ _ ეს თავისუფლების ინსტიტუტის მეორე ნაკადი იყო ხელისუფლებაში. ბიძინა ივანიშვილმა კი შარშან თავისუფლების ინსტიტუტის მესამე, «ნაცების» მიერ «მიჭირხნული» ნაკადი მოიყვანა ხელისუფლებაში რესპუბლიკელებ-თავისუფალი დემოკრატების სახით. ამიტომ აღმოჩნდა უტოპია ხალხის იმედი, რომ «ნაცების» ფაშისტური რეჟიმის გასამართლება მოხდებოდა _   «ქოცი» «ნაცის» ტყავს არ დახევს, რადგან არც ერთი არის დემოკრატი და არც მეორე _ ქართველი, ორივენი ჯორჯ სოროსის ძუძუნაწოვი ხლისტები არიან!

ამიტომ, «სიტყვა ვინ _ ვის, ბებერ გულში ლახვრად მაჩნია» და, რადგან სხვა სამშობლო მართლაც არ გაგვაჩნია, როგორმე უნდა გადავაგოროთ ეს არჩევნები და ახალი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისთვის უნდა ვიმოქმედოთ. დროა, შეიქმნას ახალი, ალტერნატიული ეროვნული პოლიტიკური ძალა, რათა ერთხელ და საბოლოოდ ამოვძირკვოთ თავისუფლების ინსტიტუტის ფესვები საქართველოს პოლიტიკური ნიადაგიდან და მათ მაგივრად ხელისუფლებაში მამულიშვილები მოვიყვანოთ!

აი, მაშინ კი ნამდვილად გვეშველება…

ახალი ალტერნატიული, ეროვნული ძალა და ვადამდელი არჩევნები კი, «ქოცებ»-»ნაცებში» განფენილო სოროსის ხლისტებო, აუცილებლად იქნება!!!

დავით მხეიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here