Home რუბრიკები პოლიტიკა თურქეთი _ საქართველოს ახალი მფარველი?

თურქეთი _ საქართველოს ახალი მფარველი?

1039

საქართველოს საზოგადოებრივი აზრი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ საზღვართან მავთულხლართების გადაადგილების საკითხში ისე გაიხლართა, რომ პრაქტიკულად მეორე პლანზე გადაიტანა პრობლემა, რომელმაც არამარტო გადმოლახა ჩვენი სამხრეთი საზღვარი, არამედ ისე გაიდგა ფესვები ქვეყნის შიგნით, რომ ქართულ იდენტურობას აშკარად დაემუქრა. ლაპარაკია მეზობელი თურქეთის გავლენაზე, რომელიც, კარგა ხანია, ფართო მოხმარების საქონლითა და პროდუქტებით ქართულ ბაზარს დაეპატრონა და ახლა ჩვენს თვითმყოფადობასა და რწმენაზე გავლენის მოხდენას ცდილობს. ამას ამჩნევენ ექსპერტები და, განგაშის არა, მაგრამ გაფრთხილების ზარს შემოჰკრავენ. მათ შორის არის ვლადიმერ ავატკოვი, რომელიც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობის სახელმწიფო ინსტიტუტში ასწავლის _ სამხედრო კათედრის ლექტორია და ამ უმაღლეს სასწავლებელში თურქული კლუბის ჩამოყალიბების ინიციატორი და პირველი თავმჯდომარე იყო (2009-2011). ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება, გაეცნოს მოსკოვიდან დანახული ქართულთურქული ურთიერთობის დღეისთვის ჩამოყალიბებულ სახეს. გთავაზობთ მისი წერილის თარგმანს.

 

საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობა ისტორიულად მარტივი ხასიათისა არ ყოფილა. თურქები აქტიურად ცდილობენ, ქართველების ეროვნულ შეგნებაზე იმოქმედონ და შექმნან თურქეთის პოზიტიური იმიჯი, საწინააღმდეგოდ აგრესორი რუსეთისა. მაგრამ იმიჯის ტრანსფორმაციის პროცესი ჯერჯერობით ნელა მიმდინარეობს და ქართული საზოგადოებრიობის სხვადასხვა ფენის წინააღმდეგობას აწყდება. ამასთან ერთად, თურქეთისა და საქართველოს სახელმწიფოთაშორისმა კონტრაქტებმა დღეისთვის უპრეცედენტო დონეს მიაღწია, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ მოსკოვისა და თბილისის არცთუ მარტივ ურთიერთობას, ასევე, ანკარის მაღალი ხარისხის დაინტერესებას თავისი გავლენის სფეროში ამიერკავკასიის პარტნიორის ჩართვას ხანგრძლივი დროისთვის გათვლილი ამოცანების სარეალიზაციოდ.

სსრკ-ის დაშლისთანავე თურქეთმა საქართველოს მიმართ აქტიური პოზიცია დაიკავა. 1991 წლის 16 დეკემბერს აღიარა მისი დამოუკიდებულობა, 1992 წლის 21 მაისს კი მხარეებმა ხელი მოაწერეს ოქმს დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ. საელჩოების გარდა ამ ქვეყნებმა გახსნეს საკონსულოები: თურქეთმა _ ბათუმში, საქართველომ _ ტრაბზონსა და სტამბოლში. მოცემულ ეტაპზე ორ ქვეყანას შორის არსებობს შეთანხმება უვიზო რეჟიმის თაობაზე ტურისტული მიზნით 90 დღის ხანგრძლივობით, ასევე, _ 2011 წლიდან საზღვრის გადალახვაზე შიდა პასპორტებით, თანაც «ერთი სარკმლის» პრინციპის მეშვეობით.

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე მითითებულია, რომ თურქეთი ისწრაფის განახორციელოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის საკითხი საქართველოს საყოველთაოდ აღიარებული საზღვრების შენარჩუნების ჩარჩოებში.

ამასთან, ცალკე წინადადებით თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს აჭარის განსაკუთრებულ სტატუსს.

თურქეთსა და საქართველოს შორის მოქმედებს მთავრობათაშორისი შეთანხმებების მთელი რიგი. ერთ-ერთი ყველაზე უფრო ქმედითი მექანიზმი ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობის სფეროში არის ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ. უკანასკნელ წლებში ორ ქვეყანას სავაჭრო ბრუნვა 1,1 მილიარდი დოლარის ნიშნულს აღემატება, ხოლო თურქეთის წილი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 20 პროცენტს უახლოვდება.

ორი ქვეყნის თანამშრომლობის მთავარ ასპექტებად გვევლინება ენერგეტიკა, ტრანზიტი, კოოპერაცია უშიშროებისა და განათლების სფეროებში. თურქეთი და საქართველო ერთობლივად განახორციელებენ ნავთობსადენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, გაზსადენ ბაქო-თბილისი-ერზრუმის პროექტებს. ამას გარდა, გაიმართა საქართველოსა და თურქეთის ერთობლივი საკომანდო-საშტაბო სწავლება «უსასრულობა-2013» (Eternity-2013), რომელშიც მონაწილეობდნენ ამ ქვეყნების სამართალდამცავი სტრუქტურებისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

თურქეთისა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა მაღალ დონეზეა, ბათუმში ხშირად ტარდება სწავლება ამერიკელებთან და თურქებთან ერთად. ამასთან, საქართველოში განლაგებულია აშშ სამხედრო ბიოლაბორატორია, რომელმაც უკვე გაუჩინა კითხვები «როსპოტრებსოიუზს» რუსეთის სამხრეთი რეგიონების უსაფრთხოების კონტექსტში.

თავის საგარეო პოლიტიკაში თურქეთი ფსონს დებს არა ხისტ ძალაზე ნატოს ჩარჩოებში, არამედ რბილ ძლიერებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრის ა. დავითოღლუს კონცეფციის მიხედვით _ «ნული პრობლემა მეზობლებთან» _ რესპუბლიკა, რომელიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ ისწრაფვის, შეიძლება გახდეს პლაცდარმი არა იმდენად ნატოსი, რამდენადაც თურქეთის, რომელიც უკვე წვრთნის საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პროგრამით, აფართოებს თანამშრომლობას ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებთან. 2013 წლის აგვისტოს ბოლოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეწვია ანკარას, სადაც თავის თურქ კოლეგებს შეხვდა, ერთ-ერთი მათგანი დააჯილდოვა მედლით «განსაკუთრებული დამსახურებისთვის», განიხილა მათთან ერთად ორი ქვეყნის პოლიციური სტრუქტურების ურთიერთობის საკითხები და მოინახულა ეროვნული პოლიციური აკადემია და ნარკოტიკებთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის აკადემია. ამავე კონტექსტში გაიმართა სექტემბრის ბოლოს შეხვედრა აზერბაიჯანში. საქართველოში განხორციელების აქტიურ ფაზაშია რკინიგზის მაგისტრალის ბაქო-თბილისი-ყარსის მშენებლობა, რომელიც ერთმანეთს დაუკავშირებს ამიერკავკასიის ორ ქვეყანას და თურქეთს, და საქონლის ევროპასა და აზიაში რუსეთისა და სომხეთის გვერდის ავლით გადაზიდვის საშუალება გაჩნდება. ბოლო დროს რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით ვითარდება კონფლიქტი _ პროცესი შენელებულია, ხდება გაფიცვები _ კერძოდ, აგვისტოს ბოლოს საქართველოს ქალაქ მარნეულში გზის მშენებლები გაიფიცნენ ხელფასების დაგვიანების გამო.

(ამასთან დაკავშირებით, უნდა შევნიშნოთ, რომ გაზეთი «საქართველო და მსოფლიო» კვალში უდგას ამ მშენებლობას, მონაწილეობს სამუშაოთა ინსპექტირებაში და აქვეყნებს შესაბამის მასალებს. ამიტომ შეგვიძლია პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ არაფერი ექსტრაორდინალური, რომელზეც ამ პუბლიკაციაშია ლაპარაკი სინამდვილეში არ ხდება, მშენებლები მუშაობენ ისეთი ტემპით, რომელიც უზრუნველყოფს სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში წარმოქმნილი ჩამორჩენის სრულად დაძლევას (იმ დროს შესრულებულმა სამუშაომ საერთო მოცულობის მხოლოდ 31 პროცენტი შეადგინა). ახალი ხელმძღვანელობის განცხადებით, მაქსიმუმ წელიწადსა და 9 თვეში მაგისტრალს გადასცემენ საექსპლუატაციოდ. ამასთან, წლევანდელი ხელფასების ყველა დავალიანება უკვე გასტუმრებულია. _ რედ.)

რიგი ექსპერტებისა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ რკინიგზის მნიშვნელობა მხოლოდ ის კი არ არის, რომ ტვირთები გადაიზიდოს რუსეთისა და სომხეთის გვერდის ავლით, არამედ ის, რომ ამ გზით გამოიყვანონ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კონტიგენტი ავღანეთიდან, ამისთვის კი ამიერკავკასიაში შექმნან ნატოს საყრდენი პუნქტების მთელი რიგი.

საქართველო თავისი საგარეოპოლიტიკური ვექტორით ყოველნაირად, ყველა მეთოდით _ რელიგიიდან და კულტურიდან განათლებამდე _ ცდილობს, მიაღწიოს ამ რთულად განსახორციელებელ მიზანს. სწორედ ამ კონტექსტში ღირს მეჩეთების აშენება-აღდგენის (მაგალითად, აჭარაში), აგრეთვე, საგანმანათლებლო კავშირების განხილვა.

ამიერკავკასიაში ყოველთვის ძლიერი იყო თურქოლოგიის სკოლა _ უმაღლეს სასწავლებლებში ასწავლიდნენ თურქულ ენას. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში დღეს მოქმედებს თურქოლოგიის 7 განყოფილება. სსრკ დაშლის შემდეგ უმაღლესების საგანმანათლებლო სფეროში, სადაც თურქოლოგიის განყოფილებებია, აქტიურად დაიწყეს თურქების ჩანერგვა, ადგილობრივი ლექტორების სამეცნიერო შრომების დაფინანსება დაიწყო საზღვარგარეთიდან. ამასთან, საქართველოს უმაღლესებში ურთიერთგაცვლის პროგრამით 250 თურქი სტუდენტი სწავლობს, რომელთაც თავიანთ ქართველ კოლეგებთან ერთად, რომლებიც აღზრდილი და განათლებამიღებულები არიან ახალი «თურქული» ტრადიციებით, გააჩნიათ პოტენციალი, ჩამოაყალიბონ ლობისტური ჯგუფები ქართული საზოგადოების სხვადასხვა ფენებში სამუშაოდ.

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, 2013 წლის 13 სექტემბერს, მხოლოდ ამ ერთ დღეს მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა თურქეთის 936 მკვიდრს. საინტერესოა, საქართველოს ხელისუფლებას სურს, იხილოს თავისი ქვეყანა მხოლოდ ნატოსა და ევროკავშირის წევრად თუ მიისწრაფის სხვა ხასიათის შერწყმისა და შთანთქმისკენ? და მთავარი _ რამდენად ყურადღებითა და გულდაგულ აქვს გათვლილი საქართველოს ხელმძღვანელობას ასეთი ხასიათის ნაბიჯები? ცნობილია, რომ პატარა ნაბიჯები ბადებს დიდ ცვლილებებს.

ვლადიმერ ავატკოვი

რუსეთისაქართველო: ექსპერტთა დიალოგი

mgimo.ru

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here