Home რუბრიკები პოლიტიკა როგორ ვიშოვოთ ერთი მილიარდი

როგორ ვიშოვოთ ერთი მილიარდი

835

სათაურმა დაგაინტერესათ, არა? მართალი გითხრათ, მეც. მაგრამ, სანამ მილიარდის შოვნის ერთერთ ქართულ მეთოდზე გადავალ, მანამდე გასული კვირის მთავარ თემას შევეხები. გასული კვირის ერთერთი უმთავრესი განსახილველი თემა ბეჭდური მედიისა და რადიომაუწყებლების რედაქტორებთან ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა იყო. შეხვედრამ ჩვეული ფორმატით ჩაიარა, ანუ დაახლოებით ისე, როგორც ექსპერტებთან და . . «ცნობად» ტელეწამყვანებთან. ამიტომ ამ შეხვედრაზე საინტერესოა არა თავად შეხვედრა, არამედ პრემიერმინისტრის მიერ ზოგიერთ პოლიტიკოსზე გამოთქმული მოსაზრებები, მათი წარსული საქმიანობების შეფასებები  და შანტაჟი. დიახ, თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ პირდაპირი შანტაჟი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოსაზრებები უკვე თითქმის ყველა ბრუნვაში განიხილეს სხვადასხვა მედიასაშუალების, საპარლამენტო უმრავლესობაუმცირესობის თუ ექსპერტთა გილდიის წარმომადგენლებმა, მეც გამიჩნდა ორიოდე გულუბრყვილო კითხვა, რომლებზეც პასუხს, ალბათ, ოდესმე კი მივიღებ, მაგრამ იმ დროისთვის მათი აქტუალურობა რატომღაც საეჭვო მგონია. მოდი და პოლიტიკოსებზე გამოთქმულ მოსაზრებებს წერილის მეორე ნაწილისთვის გადავდებ, ხოლო პირველ ნაწილში შანტაჟზე ვისაუბრებ.

 

მაპატიეთ, მაგრამ ბუნებით ძალიან გულუბრყვილო ადამიანი ვარ, ძალიან გულუბრყვილო და ამიტომაცაა, რომ მჯერა, რასაც ხელისუფალი იტყვის. მჯერა და ამიტომაცაა, რომ მცირეოდენი დაფიქრების შემდეგ უცებ შემეშინდება ხოლმე.

როდესაც ბიძინა ივანიშვილის საკმაოდ მკაცრი ნოტა იმის შესახებ, რომ, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური დაინიშნება, ის «ურჩევს» მარგველაშვილს კანდიდატურის მოხსნას, შევჩქვიფდი (იმერული სიტყვაა და არ შეგეშინდეთ). ზუსტად რამდენიმე წუთში გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს იგივე გაიმეორა.

ვერაფერს იტყვი. რაც მართალია, ლოჯისტიკის (ანუ კომუნიკაციის) სამსახური მაგრად მუშაობს.

კიდევ ერთხელ მაპატიეთ ჩემი გულუბრყვილობისთვის, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებას და გიორგი მარგველაშვილის ამ «გამოხმაურებას» შანტაჟის მეტს ვერაფერს დავარქმევ.

რატომ?

ახლავე მოგახსენებთ!

როგორც გავიგე, ბატონმა პრემიერმინისტრმა ბრძანა:

_ თუ მეორე ტური დაინიშნება და თანაც მეორე ადგილზე ჩვენი დათვლილი რეიტინგებით «ნაციონალების» კანდიდატი დავით ბაქრაძე გავაო, მაშინ მე ვუბრძანებ პლასტელინის კაც გიორგი მარგველაშვილს, თავისი კანდიდატურა მოხსნას და პრეზიდენტის პოსტი უბრძოლველად ჩააბაროს «ნაციონალებსო».

ეჰეჰეიიიი! რაიო? რაცხა ვერ გევიგე სწორად, ბატონო პრემიერმინისტრო, თუ რაფრაა საქმე? ვინცხა იმისი არ იყოს, გზაზე მარგალიტად მიმავალი, ისევლე «ნაცები» მოგყავს რიკინრიკინით თუ გვეღადავები?

გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, ეს სქემა ვინ დაგიხატათ?

იმათ ხომ არა, რომლებიც, «გამოსაძერწი» პრეზიდენტის არჩევის შემთხვევაში, პედერასტებს წაახალისებენ? ხოლო როდესაც მათს «ცისარტყელურ» აქციებს გაზაფხულამდე მივიღებთ, ხალხის პროტესტის შემთხვევაში უკვე თქვენ მიერ «არჩეული» პრეზიდენტი უკანალ მოქიცინეთა უფლებების დარღვევასა და ლიბერალიზმის სიმცირეში დასდებს ბრალს საქართველოს მოსახლეობის აშკარა უმრავლესობას.

საზოგადოება კი კვლავ  დაიწყებს წუწუნნარევ ყვირილს: «ჩვენ მაგიტომ არ მოგვიცია ხმა», «მოგვატყუეს», «ეს არაა ჩვენი ოცნება» და სხვ.

არადა, მართლა ვინ უნდა ავირჩიოთ?

რაღა დაგიმალოთ და, სიტყვა «ავირჩიოთ» ხანდახან ძალიან სასაცილოდ ჟღერს, რადგანაც ყველამ კარგად ვიცით, რომ, მიუხედავად ჩვენი დემოკრატიის «მაღალი ხარისხისა», მაინც არავინ არაფერს გვეკითხება.

ძალიან საოცარია, მაგრამ უსუფაშვილი დავით ბაქრაძის სარეკლამო კლიპში მონაწილეობს.

რატომ?

მე მგონი, ყველა მიხვდით იმას, რომ აქ იმაზე არაა საუბარი, თუ რა თანხა აიღო უსუფამ კლიპში გადაღებისთვის («სტავკა» 50-დან 100 ლარამდეა). აქ მე მინდა ყურადღება გავამახვილო იმ «უყურადღებობაზე», რაც «მეოცნებეებმა» გაატარეს» (შალვა ნათელაშვილის სარეკლამო კლიპში რომ გამოჩენილიყო პარლამენტის თავმჯდომარე, ნეტა რას იტყოდნენ?).

ჰო, შალვაზე გამახსენდა:

«პრემიერმინისტრი შეშფოთებულია ჩემი მზარდი რეიტინგით. მან ძალიან კარგად იცის, რომ ამ სამეულს პულსიც არ ესიჯნებათ და ხალხში არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ. მათი გაყვანა მხოლოდ მისი მილიარდებით, ტანკებით ან მასობრივი ფალსიფიცირებით შეიძლება და სწორედ ეს ჩემი რეიტინგი აწუხებს და იმიტომ მომიძღვნა დღევანდელი ბრიფინგი მე», _ განაცხადა ნათელაშვილმა.

ვერაფერს იტყვი. ერთადერთი «დაუნ ვი დიქტეიტე» აკლდა, თორემ სხვა ყველაფერი თქვა.

რადგან სარეკლამო კლიპებს შევეხე, ვერაფრით ავუვლი გვერდს იმ მოსიარულე კაცს, რომელიც აქეთიქეთ დადის და თავისი ოჯახის მრავალრიცხოვნობაზე გვიყვება. არადა, მინდა დავუზუსტო, რომ «მისი ოჯახის წევრთა» რაოდენობა 4 მილიონ 438 კი არა, 4 მილიონ 500 ათას 438-ია.

პრინციპში, მიხეილ სააკაშვილი აქტიურად «ზრუნავს» ამ ლაფსუსის გამოსასწორებლად და თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, უკვე ვინ იცის, ათასმერამდენე თურქი გახადა სერგო ჯავახიძის ისედაც დიდი ოჯახის წევრი.

შეფასებები პოლიტიკოსებზე ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება შალვა ნათელაშვილთან, ზურაბ ადეიშვილთან და მიხეილ სააკაშვილთან არ ახალია. ნინო ბურჯანაძეს «ლაითად», ანუ მოკრძალებით შეეხო. ბაქრაძე პირდაპირ მეორე ადგილზე «გაიყვანა», ამიტომ მათზე არ შევჩერდები და პირდაპირ გიორგი თარგამაძისა და მისი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი «მოღვაწეობის» შესახებ გამოთქმულ შეფასებაზე გადავალ.

«ამ კაცს მუდამ ქვეყნის საწინააღმდეგო პოზიცია ეჭირა. მოღალატის ეტალონს ჰგავს ეს კაცი ჩემს თვალში. სულ ყოველთვის იქ იდგა, სადაც ქვეყანას არ სჭირდებოდა, და ქვეყნის საპირისპირო პოზიცია ეჭირა. იმასაც 1-2% აქვს. მე ამ მოსახლეობასაც გაგებით ვეკიდები. მესმის, რომ ბევრს არ აქვს სწორი ანალიზის გაკეთების უნარი და ისინი ახერხებენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას», _ განაცხადა ივანიშვილმა.

ძალიან საინტერესოა, რომ ბიძინა ივანიშვილმა გიორგი თარგამაძეს «ნიჭიერის» ან თუნდაც «კარგი მენეჯერის» მსგავსი სტატუსი არ მიანიჭა და პირდაპირ მშრალად, ყოველგვარი მიკიბვმოკიბვის გარეშე «მოღალატის ეტალონი» უწოდა.

ამ საკითხზეც შეგვეძლო გვემსჯელა და ჩავკითხვოდით ბატონ ბიძინას, თუ რატომ არ არის ნიჭიერი ან კარგი მენეჯერი ადამიანი, რომელმაც ორთვიანი ისტორიის მქონე პარტიით, რომლის ლიდერებსაც წარსულში პოლიტიკური ბრძოლის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდათ, საპარლამენტო არჩევნებში წარმატებას მიაღწია, მაგრამ, რადგანაც დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ბიძინა ამ შეკითხვასაც ჩვეულ სტილში გასცემს პასუხს, ამიტომ აღარ ჩავეძიები და ისევ «ღალატის თეორიის» გიორგი თარგამაძისეულ კურსს დავუბრუნდები.

რაღა დაგიმალოთ და, ამ შემთხვევაში მოცემული პოლიტიკოსის _ ბიძინა ივანიშვილისეული დახასიათება აბსოლუტურად ემთხვევა საზოგადოების შეხედულებებს.

ემთხვევა, რადგანაც ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორ მოვიდა გიორგი თარგამაძე პოლიტიკაში. გვსმენია იმ ხმების შესახებაც, თუ როგორ «გადააგდო» მან ასლან აბაშიძე თბილისის საკრებულოს არჩევნების დროს 2 მილიონ დოლარში. გვსმენია «იმედის» ამბებიც. ახლა დაწვრილებით არ მოვყვები, მაგრამ დაინტერესებულ პირებს ვაცნობებ, რომ შეუძლიათ იხილონ მედიაკავშირ «ობიექტივის» გადაცემა, რომელშიც მანანა გიორგობიანი ჟურნალისტ მამუკა ბაკურიასთან დაწვრილებით საუბრობს «იმედში» განვითარებულ მოვლენებზე http://obieqtivi.net/tv1.php?id=13393 (1.03 წთ-დან) და, ფაქტობრივად, ანადგურებს წინა საღამოს იმავე ტელეკომპანიის ეთერით გამოსულ გიორგი ახვლედიანს, რომელიც ყველანაირად ცდილობდა, თავისი პარტიული ლიდერის გაპრავებას.

«ქრისტიანდემოკრატების» ლიდერი პრემიერისგან მოითხოვს, მისი მოღალატეობის დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენას.

«აღარ ვიცი, ამ ყველაფერზე გამეცინოს თუ ნაწყენი დავრჩე. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური შეფასება, ეს არის სერიოზული ბრალდება. არ მინდა, ამ შეურაცხყოფას შეურაცხყოფითვე ვუპასუხო. ამ ადამიანს, როგორც ჩანს, ამ საქმეში ვერ გავეჯიბრები. მინდა გითხრათ, რომ, როგორც ჩანს, პრემიერს, უბრალოდ, კარგად არ ესმის ზოგიერთი სიტყვის შინაარსი. ეს აღარ არის ზოგადი შეფასება. ის ბრალდება, რომ მე სახელმწიფო მოღალატე ვარ, აბსურდია. თუ მას არ ესმის ამ სიტყვის შინაარსი, მივმართავ სასამართლოს, სადაც მას დეტალურად აუხსნიან, თუ რას ნიშნავს სახელმწიფო ღალატი და როგორ უნდა აგოს პასუხი ადამიანმა მსგავსი განცხადებისთვის, რაც არ უნდა ბევრი ფული და მაღალი თანამდებობა ჰქონდეს. მე არ ვაპირებ სახელმწიფო მოღალატის სტატუსით ვიარო პოლიტიკაში. თუკი ივანიშვილს ამ ბრალდების მტკიცებულებები გააჩნია, სასამართლოში წარმოადგინოს, თუ არა და მან პასუხი უნდა აგოს ცილისწამებისთვის, როგორც ჩემი, ასევე ჩემი ამომრჩევლის წინაშე», – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

აი, ის მეთოდი, თუ როგორ შეიძლება იშოვო მილიარდი.

რატომღაც ისევ ოსტაპ ბენდერი და მისი მეგობარი შურა ბალაგანოვი გამახსენდა. თუ ბალაგანოვის «ოცნება» ექვსი ათას ორას ოცდაოთხი მანეთი იყო, გიორგი თარგამაძის «ოცნება» ერთი მილიარდი ყოფილა და ის ამ მილიარდის შოვნას დაახლოებით ისე აპირებს, როგორც დიდმა კომბინატორმა იშოვა ერთი მილიონი.

გასულ კვირაში კიდევ სხვა ბევრი ამბავი მოხდა _ ზოგი ტრაგიკული, ზოგი კომიკური, ზოგიც კიდევ ტრაგიკომიკური. ტრაგედიასა და კომედიას თავს დავანებებ და ერთ დაუზუსტებელ ტრაგიკომიკურს ამბავსაც გეტყვით.

რუს სამხედროებს ერთი ადამიანის ეზოშიც გაუბამთ მავთულხლართი, მაგრამ ბედის ირონიით, თუ არასწორი რუკების გამო ამ ადამიანის ტუალეტი საოკუპაციო ზოლს იქეთ მოხვედრილა. ეს ჩვენი მოქალაქე კი პროტესტის ნიშნად ტუალეტში არ მიდის, მე ჩემი ქვეყნის ტერიტორიაზე მინდა მოვისაქმოო.

ჩვენი მთავრობის პოზიცია ამ მოქალაქის მიმართ საკმაოდ მკაფიოდ გამოთქმულა, «ომს ხომ არ დავიწყებთ» და «მორიგ პროვოკაციაზე არ წამოვეგებითო».

ირონიას გვერდზე გადავდებ და ამჯერად ხელისუფლებას აბსოლუტურად სერიოზულად მივმართავ:

პატივცემულო ქვეყნის მამებო, ნუ გვაბოლებთ იმით, რომ თითქოს გვიფრთხილდებით და არ გსურთ ჩვენი «ცხელ» კონფლიქტში ჩართვა. ჯერ ერთი, ქართველებს ომით ვერ შეგვაშინებთ და მეორეც _ სწორი დიპლომატიური გზები ეძებეთ, რადგანაც ნამდვილად არ ხართ არც მეფე ერეკლე და არც გიორგი სააკაძე, ხალხი რომ ერთ დაძახილზე გამოგყვეთ.

ერთმა მეგობარმა მითხრა, რომ ამ პერიოდის ქართველები ისტორიაში «ოცნებით ილუზორულად მოხიბლული ერის» სახელით შევალთო.

არადა, საქართველო დღითიდღე პატარავდება, სუსტდება და, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ უკვე შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, თუ როგორ მოსწყინდათ ჩვენს ამერიკელ . . ძმებს ექსპერიმენტი, სახელად საქართველო.

წერილს ამ პესიმისტურ ნოტაზე ნამდვილად არ დავამთავრებ და, მიუხედავად იმისა, რომ გასული კვირის ანალიზი  არანაირად არ იძლევა ამის თქმის საშუალებას, მაინც ვიტყვი, რომ რატომღაც მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება.

გია გაბრიჭიძე

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here