Home რუბრიკები პოლიტიკა ნიკოლოზ მჟავანაძე: გაუგებარია, როგორ შეიძლება, ადამიანი იყოს ბოკერიას მეგობარი და მან აღადგინოს...

ნიკოლოზ მჟავანაძე: გაუგებარია, როგორ შეიძლება, ადამიანი იყოს ბოკერიას მეგობარი და მან აღადგინოს სამართლიანობა…

826

გასულ კვირას პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ღიად განაცხადა, რომ «ქართული ოცნების» საპრეზიდენტო კანდიდატის უალტერნატივობაში დარწმუნებულია. მეტიც, მისი თქმით, თუ კი მარგველაშვილი არჩევნებს დამაჯერებლად ვერ მოიგებს, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმას ურჩევს. პრემიერის ეს განცხადება ექსპერტების ნაწილმა ამომრჩეველზე ზეწოლად შეაფასა, ნაწილმა კი მას პროცესების სწორად შეფასებისკენ მოუწოდა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების რიტორიკა უცვლელია და კოალიციის ლიდერი საკუთარი კანდიდატის 70-პროცენტიან გამარჯვებას ვარაუდობს. რამდენად ჯანსაღია დღეს საარჩევნო გარემო და რას უნდა ველოდოთ 27 ოქტომბრის შემდეგ _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება «უფლებადამცველთა გაერთიანების» თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე.

 

_ ბატონო ნიკოლოზ, არჩევნებამდე ხუთი დღე დარჩა, პოლიტიკური ვნებათაღელვა პიკს უახლოვდება. ყველას აინტერესებს, რა იქნება და როგორ დამთავრდება ეს პროცესი. თქვენი აზრით, რამდენად ჯანსაღია ჩვენი საარჩევნო გარემო, რას უნდა ველოდოთ მომავალი არჩევნებისგან?

_ ვფიქრობ, ის განცხადებები, რომ, თუკი 60 პროცენტზე ნაკლები ექნება მარგველაშვილს და დამაჯერებლად ვერ მოიგებს, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი უნდა თქვას, სხვა არაფერია, თუ არა ზეწოლა ამომრჩეველზე. ჩემი აზრით, ქართველ ხალხთან ასეთი ტონით საუბრის უფლება არ აქვს ხელისუფლებას, ვინაიდან ის ძირითადი დანაპირები, რომელიც ეხებოდა სამართლიანობის აღდგენას, არ შესრულებულა. როგორც ჩანს, ამათ ჰგონიათ, საზოგადოება კმაყოფილია. ამ დროს განწყობა «ქართული ოცნების» მიმართ რადიკალურად შეცვლილია. ერთადერთი, რაც მოსახლეობას აკავებს და მოქალაქეები ქუჩაში არ გამოდიან, ისაა, რომ კიდევ რაღაც მოლოდინი არსებობს. ბევრს ისევ სჯერა ივანიშვილის, მაგრამ სანამდე გაგრძელდება ეს, კაცმა არ იცის.

_ ესე იგი, ივანიშვილის ავტორიტეტი რომ არა, თქვენი აზრით, საპროტესტო გამოსვლები იქნებოდა?

_ რა თქმა უნდა. გაიხსენეთ, რა მოხდა ოცი წლის წინ: ზვიად გამსახურდიას, რომელსაც არავისზე ნაკლები ავტორიტეტი არ ჰქონდა, 6 თვე არ აცალეს. ამის მიზეზი ის იყო, რომ ხალხს იმედი გაუცრუვდა. არადა, 6 თვეში რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას?!

_ «ქართულმა ოცნებამ» დაპირებების უმრავლესობა ვერ შეასრულა, ეს კი, გამსახურდიას ხელისუფლების მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, ალბათ, საკმარისი მიზეზია საზოგადოებრივი მღელვარებისთვის.

_ ზუსტად ამას ვამბობ. ჩვენ რას ველოდით? _ რომ დაისჯებოდა დამნაშავე რეჟიმი, ხალხს დაუბრუნდებოდა წართმეული ქონება და აღდგებოდა სამართლიანობა. ამ კუთხით არაფერი გაკეთდა. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას, აქაც იგივე პოლიტიკა მიდის, ისევ ორმაგი სტანდარტია და გვესმის საუბარი, ერთის მხრივ, ნატოზე; მეორე მხრივ კი _ კრემლთან საერთო ენის გამონახვაზე. ასეთი რამე თანამედროვე გეოპოლიტიკურ ასპარეზზე არ ხდება, კურსი უნდა იქნეს არჩეული ან აქეთ, ან იქით

_ შეუსრულებელ დაპირებებზე რადგან ვსაუბრობთ, გავიხსენოთ, რა იყო «ქართული ოცნების» მთავარი გზავნილი ხალხისადმი 1 ოქტომბრის არჩევნებამდე, _ რეჟიმის მოშორება. ამას მივაღწიეთ, ახლა გვეუბნებიან, რომ დანარჩენი დაპირებები შემდეგ წლებში შესრულდება.

_ კი, ბატონო, ძალიან კარგია, რომ რეჟიმი მოვიცილეთ, ხალხს აღარ იჭერენ და თავისუფლად შეგვიძლია გავლა, მაგრამ რეალურად დღეს ამის აუცილებლობა არ არსებობს. ასე თუ ისე, «ოცნებას» მაინც საკმარისი მხარდაჭერა აქვს, ამიტომ მათ არ სჭირდებათ რაიმე სახის ზემოქმედება მოსახლეობაზე. სხვათა შორის, პირველი ერთი და ორი წელი სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც არ იყო რეპრესიული მანქანა ამოქმედებული. ეს მერე მოხდა, როცა საზოგადოების მხარდაჭერა დაკარგეს და მათი რეიტინგი, ფაქტობრივად, განულდა. ამით რის თქმა მინდა: რატომ უნდა ვუმადლოდეთ ჩვენ ვინმეს, რომ რეჟიმის წნეხისგან გავთავისუფლდით? ან რატომ უნდა გველაპარაკებოდეს ვიღაც ასეთი კატეგორიული ტონით? თუ 60 პროცენტზე ნაკლებს მომცემთ, ასე და ასეო; მაშინ მე ვუსვამ მათ შეკითხვას: რატომ უნდა მისცეს «ქართულ ოცნებას» ხმა ამომრჩეველთა უდიდესმა ნაწილმა? რა დაიმსახურეს ასეთი? ენერგომატარებლებზე ფასი შემცირდა? არ შემცირდა. რუსეთთან პოლიტიკა დათბა? არ დათბა. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ? რაც ხელისუფლებაში არიან, რამე გაკეთდა? რა შეიცვალა, გამოვიდნენ და გვითხრან.

_ თქვენ თქვით, რომ «ნაცმოძრაობამ» რეპრესიები დაიწყო მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი დაეცა. დღეს «ქართული ოცნების» რეიტინგიც ვარდნას განიცდის. როგორ ფიქრობთ, რამდენად მოსალოდნელია, მომავალში კოალიციამაც ისეთივე ძალადობრივი პოლიტიკა გაატაროს საზოგადოებასთან მიმართებაში, როგორიც მის წინამორბედს ჰქონდა?

_ შეკითხვის არსი და პათოსი გასაგებია, ასეთი განცდა დღეს, შესაძლოა, ბევრს უჩნდებოდეს, მაგრამ იმაზე მკაცრი რეპრესიების გატარება, რომელსაც «ნაციონალები» აკეთებდნენ, უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია. ადამიანებს აუპატიურებდნენ და ქუჩაში ხვრეტდნენ, უარესი რა უნდა მოხდეს?! თუ ესენი ამაზე წავლენ, მაშინ აქ მართლა საშინელება მოხდება. ხალხი უკვე აღარ მოითმენს იმას, რაც სააკაშვილის რეჟიმს ცხრა წელი უთმინა.

_ პოლიტიკას მთლიანობაში გულისხმობთ თუ კონკრეტული ასპექტები გაქვთ მხედველობაში?

_ პლიუსები და მინუსები ყველა ხელისუფლებას აქვს, ასე კატეგორიულადაც ვერ იტყვი, რომ ამათში ყველაფერი ცუდია, მაგრამ, კოჰაბიტაციაზე როცა ვსაუბრობ, ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ადამიანი იყოს გიგა ბოკერიას მეგობარი და მან აღადგინოს სამართლიანობა?! პირდაპირ გეტყვით, მე არ მჯერა, რომ მარგველაშვილის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოში კოჰაბიტაცია დასრულდება

_ ისე, ივანიშვილმაც განაცხადა, ადეიშვილი ნიჭიერიაო

_ ჰოდა, ვსვამ შეკითხვას: იმ 28 ათას ფაილზე რომ საუბრობენ დღეს, წამებებსა და გაუპატიურებებზე, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან, ვისგან მოდიოდა ბრძანებები?! ივანიშვილის ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, ჰიტლერიც ნიჭიერი კაცი იყო და მთელი მისი იდეოლოგიური გარემოცვაც… ადეიშვილზე ძებნაც არაა გამოცხადებული. ის კი არა, ლამის თვითონაც რეჟიმის მსხვერპლად შერაცხონ. დარწმუნებული ვარ, კეზერაშვილსაც მალე გამოუშვებენ, იმიტომ, რომ ესენი არასაკმარის მტკიცებულებებს წარადგენენ…

_ «ნაცმოძრაობის» აკრძალვის მოთხოვნით კობა დავითაშვილიც გამოვიდა. თქვენ როგორ და რა მექანიზმებით მიგაჩნიათ, რომ ეს შესაძლებელია?

_ თავის დროზე, როცა 28 ათასი ფაილი აღმოაჩინეს, ჩვენ მივმართეთ პროკურატურას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილიყო სარჩელი. მერე, თუ კი პროკურატურა ამ 28 ათას ფაილში გამოკვეთდა «ნაცმოძრაობის» მაღალი თანამდებობის პირთა დანაშაულებებს, სასამართლოს ექნებოდა სამართლებრივი საფუძველი, აეკრძალა ეს პარტია. ამის დამთავრება შეიძლებოდა და ახლაც შეიძლება ძალიან მარტივად, მაგრამ კიდევ ვიმეორებ: ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენის ნება არ გააჩნია.

_ დასაწყისში თქვენ რამდენიმეჯერ აღნიშნეთ, რომ ხალხი ჯერ კიდევ ენდობა ივანიშვილს და ბევრი არჩევნების შემდეგ ელოდება რეალურ ცვლილებებს. თუ ეს მოლოდინი არ გამართლდება, როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება მოხდეს?

_ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ, თუკი არჩევნების შემდეგ ორ-სამ თვეში რამე რეალურად არ შეიცვალა, ხალხი ქუჩაში გამოვა. ეს იქნება ძალიან დიდი საზოგადოებრივი მღელვარება და მერე ამას ვერავინ შეაჩერებს; ამიტომ ხელისუფლებას ურჩევნია, დროულად იმოქმედოს.

_ ბოლო დროს იმაზეც საუბრობენ, რომ არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, კოალიცია დაიშალოს. თქვენ რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ეს?

_ მე არ ვიცი წინასწარ, რა იქნება არჩევნების შემდეგ, მაგრამ თვითონ კოალიციის შემადგენლობაა ძალიან არასაიმედო. ნახეთ, რა ხალხია: მედროვეები, რომლებიც ყველა ხელისუფლებასთან თანამშრომლობდნენ, პარტიიდან პარტიაში გადადიოდნენ; ესენი არიან პოლიტიკური პროსტიტუტკები და ეწევიან პოლიტიკურ მეძავობას, ამიტომ აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თქვენ რა გგონიათ, «ნაცმოძრაობას», რომელსაც ისევ ის ბიზნესები აქვს და უზარმაზარ ფულს ატრიალებს, გაუჭირდება, ვინმეს მოსყიდვა, 20-30 მილიონის «გამაზვა» თუ რა?!

_ გინდათ, თქვათ, რომ კოალიციაში შემავალი ზოგიერთი სუბიექტი მომავალში, შესაძლოა, «ნაცმოძრაობას» შეეკრას?

_ რა თქმა უნდა. ბიძინა ივანიშვილი უკვე გახდა იმ სიტუაციის მძევალი, რომელიც 1 ოქტომბრის შემდეგ შეიქმნა. აქედან გამომდინარე, ის ახლა ვეღარ აკონტროლებს ადრინდელივით ბოლომდე პროცესებს. თქვენ გამორიცხავთ, რომ ალასანია და რესპუბლიკელები ერთად შეიკრან «ნაციონალებთან»? ვფიქრობ, ამის რეალური საფრთხე არსებობს და, თუ ეს მოხდება, მივიღებთ «ნაცმოძრაობის» უმრავლესობას პარლამენტში. რაც შეეხება მთავრობას, აქაც საქმე გვაქვს დიდ უმეცრებასთან და არაადეკვატურობასთან, იმიტომ, რომ კადრების მნიშვნელოვანი ნაწილი შერჩეულია აბსოლუტურად არასწორად.

_ კონკრეტულად ვის გულისხმობთ?

_ შეხედეთ თუნდაც სამინისტროების მუშაობას… რუსეთთან ურთიერთობას დავალაგებთო, ხომ იძახიან… ფანჯიკიძე რომ გეყოლება საგარეო საქმეთა მინისტრად, რის იმედი უნდა გქონდეს? მისი გაკეთებული ერთი საქმე მანახეთ. არის კიდევ ბევრი რამ, რასაც ვერ ვიტყვი და საჯაროდ ვერ გამოვიტან…

_ დასასრულს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზეც გკითხავთ: თქვენი აზრით, რამდენად საჭიროა ეს და როგორ ფიქრობთ, მოხერხდება თუ არა ამის მიღწევა?

_ მარგველაშვილმა თქვა, რომ მისი მოსვლის შემთხვევაში ვადამდელი არჩევნები არ იქნება, თუმცა არ მიმაჩნია, რომ «ქართული ოცნების» კანდიდატს გამარჯვება ხელში უჭირავს. ამას წინათ ივანიშვილის აღშფოთების საგანი იყო ის, რომ, როდესაც ზუგდიდში ჩავიდა, სულ რაღაც ხუთასი თუ ოთხასი კაცი დაახვედრეს მას; ასე რომ, აქ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. ცალკე კითხვებს აჩენს კოალიციაში შემავალი ზოგიერთი სუბიექტიც. მაგალითად, ჩვენ გვაქვს ვიდეომასალა, რომელშიც ახალაიებისა და ალასანიას კავშირი იკვეთება. ამას საუბრობს დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი და ეს ყველაფერი წარვადგინეთ პროკურატურაში. აწი დანარჩენი თვითონ გამოიძიონ. ისე, შემთხევითი არაა, რომ პრემიერი ყოველთვის გარკვეულ კრიტიკულ დამოკიდებულებას იჩენს ხოლმე ალასანიას მიმართ.

_ თქვენი აზრით, ხელისუფლების მხრიდან ჩარევა რამდენად იქნება მომავალ არჩევნებში? ბევრი თვლის, რომ ივანიშვილი მეორე ტურამდე არ მიიყვანს საქმეს.

_ სიმართლე გითხრათ, გოგორიშვილსა და იმერლიშვილს შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. ეს არის ერთი პროტოტიპი. ჩარევას რაც შეეხება, აქ გადაჭრით რამეზე საუბარი ძნელია. ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული, თუკი სამოქალაქო საზოგადოება მოდუნდება, მმართველ ძალას, შესაძლოა, რაღაცებზე ხელი წაუცდეს. მოკლედ, რაც მეტი იქნება აქტივობა, მეტი შანსია, პროცესმა ნორმალურად ჩაიაროს, ამიტომ 27 ოქტომბერს არც ერთი მოქალაქე სახლში არ უნდა დარჩეს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. არასოდეს არ ვყოფილვარ რომელიმე პარტიის წევრი და არც სურვილი მქონდა ამ თაღლითურ კასტებთან რაიმე საქმე მქონოდა.
    როცა კავშირი იშლებოდა ერთმა ნაცნობმა კომპარტიის გავლენიანმა მუშაკმა მითხრა, თავი რომ მოგაქვს უპარტიობით, ქვეყანა რომ დაიშალოს და წყობა შეიცვალოს შენ შემასწრებ იქო?
    ასეთი მედროვეებითაა ახლანდელი ხელისუფლება ამოვსებული, დარბიან პარტიიდან პარტიებში, მთელი ცხოვრება მეტს არაფერს არ აკეთებენ გარდა იმისა, რომ მოკალათდებიან პარლამენტში და მინისტრების სავარძლებში და ტყავს აძრობენ ხალხს. არავინ არ ცხოვრობს ხალხის ტკივილით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here