Home რუბრიკები საზოგადოება გიორგი გოგოლაშვილი: განათლების სამინისტროში პასუხიც არ გვაღირსეს

გიორგი გოგოლაშვილი: განათლების სამინისტროში პასუხიც არ გვაღირსეს

1019

იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება, რომელიც 2007 წელს დაარსდა, დღემდე ელოდება განათლების სამინისტროში გულისხმიერი ადამიანის გამოჩენას, რომელიც იაკობ გოგებაშვილის «დედა ენას» უპატრონებს. ორგანიზაციის ერთერთმა დამფუძნებელმა და თანათავმჯდომარემ, პროფესორმა გიორგი გოგოლაშვილმა «საქართველო და მსოფლიოსთან» საუბარში გულდაწყვეტილმა განაცხადა, ახლადდაკომპლექტებული განათლების სამინისტროც საიმედოს ვერაფერს გვპირდება იმასთან დაკავშირებით, რომ «დედა ენას» გრიფს მისცემენ და სკოლებში თავდაპირველი სახით დააბრუნებენ.

 

_ ბატონო გიორგი, ვინ არიან ჩხენკელი, გორდელაძე, რონდელი? ის ადამიანები, რომელთაც «დედა ენის» გადაკეთება, მისი ჩანაცვლება და მითვისება მოინდომეს? ვინ დგას მათ უკან?

_ მინდა, ცოტა შორიდან მოგიყვეთ, თუ რა ხდება «დედა ენის» გარშემო. 2009 წელს ჩვენ, გოგებაშვილის საზოგადოებამ, წარვადგინეთ კონკურსზე ჩვენ მიერ მომზადებული გოგებაშვილის «დედა ენა», მაშინ ამ წიგნმა გრიფი მიიღო. 2011 წელს შაშკინმა იგივე კონკურსი ჩაატარა და გოგებაშვილის წიგნი ვეღარ გავიდა, იმ მიზეზით, რომ მოძველებულიაო, ხოლო სხვა ავტორების სახელმძღვანელოები დაამტკიცა.

ვახტანგ როდონაია ამ რამდენიმე ხნის წინ გარდაიცვალა, ლიტერატურათმცოდნე გახლდათ, ხელმძღვანელობდა რაღაც ჯგუფს და თითქმის ყველა კლასის სახელმძღვანელოს ავტორი იყო. მისმა ჯგუფმა შეადგინა საანბანე სახელმძღვანელოც. მათ საკუთარი მოსაზრება აქვთ, რაც ბუნებრივია.

გახსოვთ, ალბათ, წიგნები გოგებაშვილის მიხედვით კეთდებოდა, მისი ავტორი იყო ვალერიან რამიშვილი, და ეს აბსოლუტურად ნორმალური პროცესი იყო, მაგრამ  ჩემთვის მიუღებელია სახელმძღვანელოს ის ვარიანტი, რომელიც ვახტანგ როდონაიას ჯგუფმა გააკეთა. მას არ უნდა ერქვას «დედა ენა».

გვანცა ჩხენკელი და ნინო გორდელაძე _ ორივე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის «პროდუქტები» არიან. სულაკაურმა ჯგუფი შექმნა, დაუსახა ამოცანა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყველგან გაემარჯვათ.

_ რა გავლენა აქვს ამისთანა ბაკურ სულაკაურს?

_ არ ვიცი, მაგრამ ის ძალიან დაახლოებული იყო ყოფილ ხელისუფლებასთან. 2009 წელს ბაკურ სულაკაურმა სხვა «დედა ენა» წარმოადგინა, რომელშიც ასევე უარყოფილი იყო «აი ია». მაშინ ჩვენ ამაზე დიდი ხმაური ავტეხეთ. იყო ასეთი ტექსტი: «რა ლამაზი შადრევანია», რომელიც პირველ კაცს, ალბათ, ძალიან მოეწონებოდა. აქედან გამომდინარე, მას დაუბეჭდეს, შეისყიდეს და სკოლებში დაარიგეს. ასეთი წიგნით სწავლობდნენ ნახევარი საქართველოს ბავშვები. ეს იყო მომგებიანი კომერციული გარიგება.

იაკობ გოგებაშვილი ამბობდა ასეთ რამეს: «არ შეიძლება სახელმძღვანელო კუჭის პრინციპზე და სახსრის ტრფიალზე აიგოს». დღევანდელობამ კი მოიტანა ის, რომ გოგებაშვილი განზე დგას.

სამინისტროს ოფიციალურადაც და არაოფიციალურადაც მივმართეთ. დიდი ხანია, ეს საკითხი ჩვენი საწუხარია. ზუსტად ერთი თვის წინ დავბეჭდეთ წერილი: «იაკობის «დედა ენის» პატრონი, რას ვეძებთ?». გოგებაშვილმა თავისი «დედა ენა» წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უანდერძა, რომლის სამართალმემკვიდრეც განათლების სამინისტროა. გოგებაშვილის საზოგადოება სამინისტროს მოუწოდებს, რომ შეიქმნას კომპეტენტური კომისია, რომელიც იაკობ გოგებაშვილის დანატოვარ «დედა ენას» დღევანდელობასთან შესაბამისობაში მოიყვანს. ამ დროისთვის კი არსებულ «დედა ენაში» ძალიან ბევრი გოგებაშვილისეული პრინციპი დარღვეულია. შეუძლებელია, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხს ერთი ადამიანი წყვეტდეს.

_ უმაღლეს სასწავლებლებში დაწყებითი კლასების პედაგოგებს როგორ ასწავლიან? ისწავლება თუ არა გოგებაშვილის «დედა ენის» მიხედვით ბავშვის აღზრდის მეთოდი?

_ რამდენადაც ვიცი, დაწყებითი კლასების პედაგოგი _ ასეთი ფაკულტეტი აღარ არსებობს. ბოლო ათწლეულში ბევრი რამ შეიცვალა, უმძიმესი რეფორმა გატარდა.

_ ბატონო გიორგი, რას ამბობენ დღევანდელ, ახალ სამინისტროში _ დაიწყება თუ არა «დედა ენასთან» დაკავშირებული საკითხის განხილვა? ეს, ალბათ, საქართველოში ყველა მშობლის უმთავრესი პრობლემაა.

_ არანაირი რეაქცია სამინისტროს არ აქვს. ჩვენ არ ვერიდებით სატელევიზიო გამოსვლებს, ოფიციალურ მიმართვებს, ხმაურს, სადაც შეგვიძლია და ხელი მიგვიწვდება, მაგრამ არსაიდან გამოხმაურება არ არის. განათლების სამინისტროში პასუხი არ გვაღირსეს. ახალი ხელისუფლებისთვის დღეს წაყრუება ყველაზე მომგებიანი პოზაა.

_ სცადეთ, პირდაპირ მინისტრს შეხვედროდით?

_ არა. მხოლოდ წერილებს ვაქვეყნებ სხვადასხვა გაზეთში, მივუთითებ, რომ ყურადღებას ვითხოვ განათლების მინისტრისგან და არა მხოლოდ მისგან, მაგრამ არსაიდან პასუხი არ მოდის.

_ ბატონო გიორგი, იქნებ გეცადათ და პირადად მისულიყავით, არა მგონია, მინისტრს რომ უთხრან, გიორგი გოგოლაშვილი მოვიდაო, უყურადღებოდ დაგტოვოთ.

_ იყო ასეთი შემთხვევა, რომ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მიაწვდინა ხმა და მაინც არ გამოიჩინეს დიდი ყურადღება. სამინისტროს პასუხი არის ძალიან ზოგადი: «ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართული სკოლა კარგად იყოს».

აი, ასეთი ზოგადი პასუხები მოდის იქიდან. ისინი თავს არიდებენ შეხვედრას. როცა ახალი ხელისუფლება მოვიდა, გოგებაშვილის «დედა ენასთან» დაკავშირებით, მაშინვე მივმართეთ სამინისტროს, ავუხსენით, თუ რა მოხდა გრიფირების დროს, რა უკანონობა ჩაიდინეს, როგორ გადადეს გვერდზე იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელო. პასუხი მივიღეთ ძალიან უცნაური, ანუ ზუსტად ისეთი, როგორიც წინა ხელისუფლების დროს. აღმოჩნდა, რომ დეპარტამენტის დონეზე არაფერი შეცვლილა, შეიცვალა მხოლოდ მინისტრი და მისი მოადგილეები. ჩვენი წერილები კი სწორედ ამ დეპარტამენტებს ეწერება.

_ პრემიერს უყვარს თქვენისთანა ადამიანებთან შეხვედრა, მოსმენამას არ შეხვედრიხართ?

_ არ ვიცი, მას რა უყვარს. მე გახლავართ ერთ-ერთი იმათგანი, ვინც პროტესტის ნიშნად თავის დროზე უნივერსიტეტი დატოვეს. ჩვენ ვიყავით ძალიან დიდი ჯგუფი. როდესაც ეს ხელისუფლება მოვიდა, ოთხმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ: «ქართულმა აკადემიამ», «საუნივერსიტეტო დარბაზმა», «სოლიდარობამ განათლებული საქათველოსთვის» და «უნივერსიტეტელმა» ვრცელი მიმართვა მოვამზადეთ, ხელი მოვაწერეთ და პრემიერს მივმართეთ, ვთხოვეთ, განეხილათ ჩვენი მდგომარეობა, დაევალებინა შესაბამისი სამსახურებისთვის, რომ მოეკვლიათ, მისცემოდა პროცესს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება. მიმართვაში დაწვრილებით ვწერდით, რა გაფუჭდა და წახდა, ვინ დაზარალდა და ვისი ღირსებები შეილახა. ეს ამბავი თებერვალში მოხდა და ამ წერილზე პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ვიცით, რომ გადაეცა განათლების მინისტრს და მას პასუხი არ მოუცია; ისიც ვიცით, რომ იუსტიციის მინისტრს გადაეცა და არც მისგან ისმის რამე; ამბობენ, რომ პროკურატურას გადაეცა და ახლა, ალბათ, სავარაუდოდ, საქმე პროკურატურაში დევს.

აპრილში ისევ დავწერეთ მიმართვა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციის წარმომადგენლებს განათლების მინისტრი შეგვხვედროდა. სამწუხაროდ, მინისტრთან შეხვედრაც ვერ მოვახერხეთ.

ყოველივე ამ მცდელობების შემდეგ, როგორც იქნა, «იმედზე», ვახო სანაიას თოქშოუში გვედიგვერდ აღმოვჩნდით ჯემალ მებონია და მე მინისტრის პირველ მოადგილესთან _ დავით ზურაბიშვილთან, როგორც იქნა, შევთანხმდით და მან მიგვიღო. ორსაათიანი საუბრის შემდეგ, ჩვენ ვერანაირი სერიოზული დასკვნა ვერ გამოვიტანეთ და წამოვედით, ანუ, «რაც შევიტანეთ, ისევე ის გამოვიტანეთ…»

_ ბატონო გიორგი, მინდა უნივერსიტეტის ახალ რექტორზე _ ლადო პაპავაზე გკითხოთ: მას ბოლო დროს ძალიან საყვედურობენ, რომ ტელეფონს აღარ პასუხობსოროგორი რექტორი იქნება ის და დადგება თუ არა უნივერსიტეტი სათანადო დონეზე?

_ კონკურსში მონაწილე კანდიდატებიდან ყველაზე მეტად მხარს ლადო პაპავას ვუჭერდი. ვთვლიდი, რომ ის ყველაზე ღირსეული კანდიდატი იყო. კვლევებიც მის უპირატესობაზე მეტყველებდა, კარგია, რომ მთავარმა საბჭომ ჩვენი ხმა შეისმინა. ეს ამბავი 16 აგვისტოს მოხდა. ლადო პაპავა მუშაობას 2 სექტემბერს შეუდგა. მას მოუხდა ერთი კვირით ევროპაში წასვლა. მოკლედ, ერთი კვირაა, რაც აქტიურად დაიწყო მუშაობა. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ, არა მგონია, ლადო პაპავა იყოს ის კაცი, რომელიც შეხვედრას თავს აარიდებს.

ამ წუთში გესაუბრებათ უნივერსიტეტის რექტორის ოფიციალური მრჩეველი. ლადო პაპავა გამუდმებით საუბრობდა უნივერსიტეტში დატრიალებულ უკანონობაზე, როდესაც ის რექტორად აირჩიეს, პირადად დამირეკა მეც და ბატონ ჯემალ მებონიასაც, მან შეხვედრა გვთხოვა და ჩვენც, რა თქმა უნდა, შევხვდით. ორ საათს გასტანა ჩვენმა საუბარმა და სწორედ ამ შეხვედრაზე პაპავამ შემოგვთავაზა რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრობა. ასეთი საბჭო ხუბუას დროს არსებობდა, მაგრამ მერე გაუქმდა. დღეს ეს საბჭო აღდგა. ჩვენ მაშინვე ვუთხარით, რომ ასეთ თანამდებობას იმ შემთხვევაში დავთანხმდებოდით, თუ ჩვენს რჩევას რეალურად ვინმე შეისმენდა. ჯემალ მებონია და მე 2006 წელს წამოვედით უნივერსიტეტიდან და იმ დღიდან ერთი წუთითაც არ შეგვიწყვეტია ბრძოლა და ფიქრი უნივერსიტეტზე.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here