Home რუბრიკები პოლიტიკა არჩევნების შემდეგ «ქართულ ოცნებაში» დიდი გაწევ-გამოწევა იქნება?!

არჩევნების შემდეგ «ქართულ ოცნებაში» დიდი გაწევ-გამოწევა იქნება?!

568

რა ხდება «ქართულ ოცნებაში», რატომ უპირისპირდებიან ერთმანეთს დეპუტატები, რა ვერ გაიყვეს? ამბობენ, არჩევნების შემდეგ მოსარიდებელი არავისთან არაფერი ექნებათ და დიდი ამბავი იქნება «საყველიაშიო»… «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება «ქართული ოცნების» დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე.

 

_ იცით, ახლა რომ გითხრათ, «ქართულ ოცნებაში» სერიოზული დაპირისპირებაა-მეთქი, მოგატყუებთ, თუმცა არის აზრთა სხვადასხვაობა. ჩვენთვის მთავარი განმსაზღვრელი არჩევნების საკითხია – როგორ ვართ რეალიზებულნი და ვართ ამ პროცესში აქტიურად ჩართულნი თუ არა. აი, ეს იყო და არის ჩვენთან აქილევსის ქუსლი. დეპუტატების გარკვეულ ნაწილს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა აქვს, ფიქრობს, ბოლომდე არ ვარ ჩართული საარჩევნო კამპანიაშიო. რაიონის საარჩევნო შტაბებიც ცენტრალური შტაბიდან უფრო მეტ დავალებებს იღებენ და უფრო მეტად არიან მათთან ანგარიშვალდებულნი, დეპუტაციასთან სინქრონში მუშაობა ძალიან უჭირთ. არადა, ადგილზე შტაბები არ არის იმ დონის კომპეტენციით აღჭურვილი, როგორც იმ რაიონის დეპუტატი.

გარდა ამისა, ძალიან მწვავედ განვიცდი იმ ადამიანების ბედსა და განწყობილებებს, რომლებმაც თავისი თავი «ოცნებას» 2012 წელს დაუკავშირეს. მრავალი ადამიანი საკუთარი თავისა და ოჯახის რისკის ფასად დადგა ივანიშვილის გვერდით და, რომ არა ეს ადამიანები, მერწმუნეთ, მარტო ბატონი ბიძინას აქტივობა შედეგს ვერ მოიტანდა. აი, ეს ადამიანები არიან დასაფასებელნი, მაგრამ ასე არ მოხდა. არადა, ბიძინამ ჩვენთან შეხვედრისას არაერთხელ განაცხადა, რომ, პირველ რიგში, ეს ადამიანები უნდა იყვნენ რეალიზებულნი, შემდეგ კი ის ადამიანები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ, რომ გადმოვიდნენ ჩვენთან, ოღონდ დიდი დაკვირვების, გაშიფვრის შემდეგ უნდა იყვნენ მიღებულნიო.

_ რა უშლის ხელს, რომ ეს ადამიანები იყვნენ რეალიზებულნი? ამის ნაცვლად ყველა საკვანძო პოსტი» ოცნებამ» «ნაცებს» შეუნარჩუნაგარდა ამისა, საქმეს არ აკეთებთ, ვინ არის პასუხისმგებელი შეუსრულებელ დაპირებებზე?

_ გეთანხმებით, ბევრი პრობლემაა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ 4 წლით ვართ არჩეული და არა ერთით. ერთ წელიწადში ყველაფერი ისე ვერ გაკეთდება, როგორც 4 წელიწადში უნდა მოესწროს. შეუსრულებელ დაპირებებზე პასუხისმგებლობა არის კოლექტიური, მთავრობა და პარლამენტი ერთობლივად იქნება პასუხისმგებელი, თუ რამე არ შესრულდება 4 წლის განმავლობაში.

რაც შეეხება ამ ადამიანებს, ივანიშვილი პრემიერმინისტრია, ქვეყნის მთელი პრობლემატიკა მის კისერზეა და შიდაპარტიული და საშტაბო ინტრიგები მის დონემდე ვერ აიწევა. ყველა, ვერც ახერხებს, რომ ეს პრობლემა მასთან მიიტანოს. არადა, დრო არ იცდის, დღე დღეს მისდევს და ეს პრობლემა მოუგვარებელია. დღეს ჩვენ, იცით, როგორი სურათი გვაქვს? ადამიანებმა, რომლებმაც 2013 წლის საახალწლო ღონისძიებები მოითავეს, გადახედეს, გადმოხედეს, დაინახეს, რომ ნამდვილად გაუმარჯვია ივანიშვილს და შემდეგ გადაწყვიტეს «ქართულ ოცნებაში» გადმობარგება, მივიღეთ და მივიღეთ კი არა, წინ გაგვასწრეს… რაიონებში სულ ეს ადამიანები არიან მოკალათებულნი.

_ კი მაგრამ, ვინ წყვეტს საკადრო პოლიტიკას?

_ «ქართული ოცნება» არის ექვსპარტიული კოალიცია და ძნელია, ეს ყველაფერი აკონტროლო. როდესაც რომელიღაც რაიონში «ნაცების» ყოფილი აქტივისტი ცდილობს, კოალიციას მიეტმასნოს და ვერ ახერხებს ივანიშვილის პარტიაში შესვლას, არსებობს კიდევ 5 პარტია ხომ? ჰოდა, მიდის რომელიმეს თავმჯდომარესთან და ეუბნება, ჩემი ადამიანური რესურსით დავდგები შენს გვერდითო და ამ პოლიტიკოსსაც პოლიტიკური ცხოვრება კარნახობს, რომ ადგილებზე შეიქმნას დასაყრდენი და იღებს ამ ადამიანს. აი, ასე აკეთებენ თურმე. და სად იყვნენ ეს ადამიანები არჩევნებამდე? მოდით, ვანის მაგალითზე გეტყვით. ვანში არჩევნებამდე ჩავატარე ბრიფინგი, მოვუწოდე, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს (ვანში წლების წინ ვმუშაობდი და კარგად ვიცნობ ამ ადამიანებს), შემოგვიერთდით-მეთქი. სამწუხაროდ, ეს ნაბიჯი არავინ გადადგა. მეგონა, 2012 წლის 23 სექტემბრის ღამეს მაინც გადადგამდნენ ამ ნაბიჯს, მაშინ, როცა «ნაცების» დეპუტატობის კანდიდატი, კრიმინალი პაატა ლეჟავა ერთ-ერთ ვანელ ბიზნესმენს სუფთა პოლიტიკური მოსაზრების გამო ფიზიკურად გაუსწორდა (ამ ბიზნესმენმა მეორე დღეს ღიად ისაუბრა ამის შესახებ), მაგრამ, ვაი, რომ მაშინაც არ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ასეთი რაღაცები აქვთ ნაკეთები და ახლა აეხილათ თვალები და დაიწყეს «ოცნებაში» გადმოდინება. ეს ადამიანები არ იმსახურებენ დიდ სიმპათიას ჩვენი მხარდამჭერების თვალში და ბუნებრივია, ხალხი უკმაყოფილოა.

პრემიერი ამბობს, რომ ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენ ვერ დავემსგავსებით «ნაცებს» და ასე ხელაღებით ვერ გავყრით ადამიანებს სამსახურებიდანო. ამაში ნაწილობრივ ვეთანხმები, მაგრამ მიდგომა უნდა იყოს სხვანაირი – ადამიანი, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი, უნდა დაისაჯოს. და თუ სამართალდამცავი ორგანოები მოინდომებენ, მარტივად შეიძლება ამ ყველაფრის დადგენა; ყველაფერი ისედაც ხელის გულზე დევს.

კვლავ ვანის მაგალითზე გეტყვით. ვანში შენობა, რომელშიც «ნაცების» ოფისია განთავსებული, თავის დროზე შეიძინა პაატა ლეჟავამ, გაარემონტა, მაგრამ არ არსებობს არც პროექტი, არც ხარჯთაღრიცხვა. წლების განმავლობაში ეს ოფისი იყო გაჩახჩახებული და ერთი თეთრი არ აქვს გადახდილი გახარჯული ელექტროენერგიის. წარმოიდგინეთ, ჩვენმა ერთმა მოქალაქემ ათი თეთრი ერთი საათით რომ დააკლოს, რას უზამენ, გაუთიშავენ დენს, არა? მიერთებული ყოფილა გარეგანათებაზე და იქიდან იხდიდნენ თურმე. გარდა ამისა, ამ კრიმინალმა სექტემბერში, ჩემი შვებულების პერიოდში, აშანტაჟა საკრებულო და გამგეობა. ითხოვდა შვებულებაში მყოფი გამგებლის, რომელიც მას აღარ ემორჩილებოდა, გადაყენებას. და როგორ აკეთებდა ამას, იცით? მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის _ ლაშა ნაცვლიშვილის სახელის გამოყენებით; ხალხს ეუბნებოდა, ნაცვლიშვილმა მომცა უფლება, რომ გამგებელი გადავაყენოო.

_ ჯერ ერთი, ნაცვლიშვილს ვინ ეკითხება გამგებლის გადაყენებას, მეორეც _ ნაცდეპუტატთან მეგობრობს?

_ როცა ადამიანთან მიდიხარ სოფელში და ეუბნები, შენ თუ ამას არ გააკეთებ, დაგიჭერ, რადგან ნაცვლიშვილმა ასე მითხრაო, რას იზამს ის ადამიანი? და ეს არის ფაქტი. ამის შესახებ მივწერე კიდეც მთავარ პროკურორს (ჯერ პასუხი არ მიმიღია), მოვითხოვე, დაადგინონ, რა უფლებამოსილება ჰქონდა პარლამენტის წევრ ლეჟავას, იმერეთის გუბერნატორის _ ბალავაძის მოქმედ მოადგილე მატარაძესა და საკრებულოს გადაყენებულ თავჯდომარე კაკაბაძეს, ამას რომ ითხოვდნენ. ეს სამი კაცი იყო ამ საქმეში ჩარეული. პირდაპირ აშანტაჟებდნენ საკრებულოს წევრებს, რათა გამგებელი გადაეყენებინათ.

არ ვიცი, ლეჟავა მეგობრობს ნაცვლიშვილთან თუ სხვა საქმით არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი, ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ მე მყავს ვანში ათასობით მხარდამჭერი და ამ ადამიანებს აქვთ კითხვა და სჭირდებათ პასუხი: არჩევნებიდან ერთი წლის თავზე «ნაცების» კრიმინალ დეპუტატ ლეჟავას რატომ აქვს ახლაც ამხელა ძალაუფლება? და ეს ის ლეჟავაა, რომელიც 26 მაისს მოკლული ასათიანის ოჯახს ატერორებდა. ლეჟავა მიდიოდა ოჯახში და ეუბნებოდა გარდაცვლილის მეუღლეს, _ თუ არ იტყვი, რომ დენმა მოკლა შენი ქმარი, მასზე უარესი დაგემართებაო. არჩევნებამდე მე და ბიძინა მივედით ამ ოჯახში, დახმარებას დავპირდით და ქალბატონმა შორენამ, იცით, რა მითხრა? ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემი მეუღლე გამიცოცხლდაო. მას გაუჩნდა იმედი, ხელისუფლება რომ შეიცვლებოდა, საქმეს გამოიძიებდნენ, თუმცა დიდი წინსვლა არც ამ საქმეშია. დღეს ასათიანის ოჯახს თვალებში ვერ ვუყურებ…

_ მერე ვერ ჰკითხავთ ღარიბაშვილს, რატომ არ არის დიდი წინსვლა ამ საქმეში?

_ გეუბნებით, თვალებში ვერ ვუყურებ ოჯახს, თუმცა იციან, რომ ეს ჩემს ძალებს აღემატება. სხვათა შორის, ასათიანის ოჯახიც არ არის ჩართული ვანის შტაბის მუშაობაში, რაც დასანანია. ამ დროს შტაბის უფროსად დანიშნეს ის ადამიანი, რომელიც წინა არჩევნებშიც იყო და სამარცხვინოდ წააგო სოფელი. რატომ? მოდით, გავხსნათ კარტები, თუმცა ნუ მომთხოვთ სახელებისა და გვარების დასახელებას, მაქსიმალურად თავს ვიკავებ არჩევნების შედეგებამდე, შემდეგ ამასაც ვიტყვი. ადამიანების გარკვეული კატეგორია თვლის, რომ ეს არჩევნები მაინც გამარჯვებით დასრულდება, ამიტომ ცდილობს, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ რაიონებში შექმნას თავის მხარდამჭერთა ჯგუფები, რომლებსაც შემდეგ დაეყრდნობა. ახლა კარს მომდგარია 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები და იქ მოხდება ის, რომ ადგილებზე შტაბები, საარჩევნო ადმინისტრაციები დაკომპლექტდება იმ ადამიანებით, რომლებმაც ვითომ გაიმარჯვეს სოფლებში, მაგრამ ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ჩვენ, დეპუტაცია, დღეს იმიტომ ვართ გაჩერებული, რომ უდიდეს პატივს ვცემთ ივანიშვილს და არ გვინდა, დისონანსი შევიტანოთ ადგილებზე, არჩევნების შემდეგ კი მოსარიდებელი არავისთან არაფერი გვექნება და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი.

_ აცხადებთ, ივანიშვილის წასვლის შემდეგ დიდი ამბავი იქნებაო. «ოცნებაში» მყოფ კუდის აგენტებსაც დაერევით თუ არ გჯერათ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის?

_ იმ ადამიანებს, რომელთაც ძალაუფლება აქვთ, ამ ძალაუფლებას გამოვართმევთ ხელიდან. ჩვენ, ვისაც ქვეყნის ბედ-იღბალი გვაინტერესებს, ბევრად მეტნი ვართ, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც სიტუაციას რევენ. სხვათა შორის, საგანელიძემაც დაინახა, რომ მხოლოდ 2 დეპუტატი კი არა, ბევრნი ვართ… რაც შეეხება კუდის აგენტებს, მჯერა, რომ «ოცნებაში» ძალიან ბევრი აგენტია შემოგზავნილი, თუმცა უშუალოდ ამ პიროვნებებზე არ შემიძლია ეს ვთქვა, რადგან ეს იქნება ძალიან ტუტუცური განცხადება ჩემი მხრიდან.

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

1 COMMENT

  1. ეს დეპუტატი საკმაო სიპატიას იმსახურებს იმიტომ რომ ეტყობა არ ერიდება სიმართლის დაფიქსირება…

  2. ბ-ნო ბიძინა,ყური უგდეთ გუნდის შიგ სიმართლის მთქმელ ადამიანებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here