Home რუბრიკები პოლიტიკა მცოცავი ოკუპაცია და მხოხავი მთავარსარდალი

მცოცავი ოკუპაცია და მხოხავი მთავარსარდალი

723

საოცარი ხალხი ვართ ქართველები. ძალიან საოცარი და, ალბათ, უფრო იმიტომ, რომ მუდამ რამეს ან ვინმეს ველოდებით. ველოდებით პენსიას, ველოდებით შეყვარებულს, ველოდებით არსენალიჩელსის X2-, კოაბიტაციის დასასრულს ან ახალ სატელევიზიო შოუს. ველოდებით და, სანამ ჩვენ ბოლთას ვცემთ ან დივანზე წამოწოლილნი ტელეეკრანიდან სასურველი ინფორმაციის გაგონებას ველოდებით, მავანნი ჩვენს სახნავსათეს მიწებს ყიდიან, სტრატეგიულ ობიექტებს ასხვისებენ, ისეთ დოკუმენტებს აწერენ ხელს, რომ შედეგად . . მცოცავ ოკუპაციას ვღებულოთ, რომლის საპასუხოდაც ჩვენი . . სტრატეგიული პარტნიორები ყოველ სამ ფასიან შეშფოთებაზე ერთ უფასო აღშფოთებას გამოთქვამენ. მოკლედ რომ ვთქვა, ვზივართ, ველოდებით. არადა, ჰოი, საოცრებავ! ზოგჯერ მოლოდინიც ამართლებს.

 

მაგალითად, პენსია გაიზარდა და 15-ის ნაცვლად 12-ში ჩაირიცხა (მერე რა, რომ სამ დღესაც არ ეყოფათ. მთავარია, რომ გაიზარდა და ჩაირიცხა); არსენალმა ფრე ითამაშა (მერე რა, რომ «ბავარიამ» წააგო და «მაგარკუშიანმა» ბილეთმა «გაასხა». ფრე ხომ ითამაშა?); სოფელ N-ის რწმუნებული საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვისთვის მოხსნეს (მერე რა, რომ დედაქალაქის მერი ისევ უგულავაა და კიდევ დიდხანს იქნება; პრინციპში, ოდესმე ხომ გადაირჩევენ? მთავარია, რომ სამართლიანობა აღდგა და სოფელ N-ის რწმუნებული მოხსნეს). ეს და კიდევ ბევრი სხვა მაგალითის მოყვანაც შემეძლო იმის დასადასტურებლად, რომ მოლოდინი ხანდახან ამართლებს. კარგი, მოდით ამ ლიტერატურულ და პათეტიკურ წიაღსვლებს თავი დავანებოთ და მოკლედ მიმოვიხილოთ ის მოლოდინები, რომლებმაც გასულ კვირაში გაამართლა (ან არ გაამართლა).

მცოცავი ოკუპაცია და პროტესტი სოჭის ოლიმპიადას

წერილის ამ ქვეთავს სოციალურ ქსელ «ფეისბუქში» გამოქვეყნებული რამდენიმე სტატუსით დავიწყებ:

«მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებენ მხოხავი მთავარსარდლის მომხრეები. რა მაგარი ქვეყანაა».

«საოცრება: ლგბტ სასტავის ქომაგები სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას უზნეობას ადარებენ».

კიდევ სხვა მრავალი სტატუსი დაიწერა. ისაუბრეს და გამოთქვეს თავიანთი (თავიანთი?) მოსაზრებები სხვადასხვა არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. აკრიტიკეს მთავრობა (აღარ ვაკონკრეტებ, რომელი, რადგან ჯერჯერობით თითქმის ერთი და იგივეა), სპორტსმენები. გამოთქვეს შეშფოთება, შეაგროვეს როგორც ვირტუალური, ისე «ნამდვილი» ხელმოწერები და საკუთარი პიარისთვის საკმაოდ ბევრი «იღვაწეს».

შედეგი?

შედეგად კი მივიღეთ რამდენიმე აქცია, რომელთაც არანაირი შედეგი არ მოჰყოლია! მივიღეთ მრავალნაცადი «ცოცხალი ჯაჭვი», მუსიკოსთა პროტესტი და ამ აქციების ორგანიზატორთა მიერ დახარჯული თანხები. თანხები, რომელთა არც წარმომავლობას და არც რაოდენობას არავინ იტყვის, მაგრამ დამერწმუნეთ, იმდენი კი იქნებოდა, რომ საკმაოდ სერიოზულ დახმარებას გაუწევდა იმ რამდენიმე ოჯახს, რომლებსაც წინა და ახალი ხელისუფლებების დანაშაულისა და უნიათობის გამო თავიანთი მამაპაპისეული მიწებიდან აყრა მოუწიათ. ხოლო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მართლაც უანგაროდ იდგნენ იმ .. ცოცხალ ჯაჭვში, ერჩივნათ, ფიზიკურად დახმარებოდნენ მავთულხლართს იქეთ დარჩენილი მოსავლის აღებაში (იმ რამდენიმედღიან ვადაში, რომელიც რუსმა სამხედროებმა მისცეს) ან ახალი საცხოვრებლის მოწყობაში (პრინციპში, ჩემი ეს მოსაზრება დვანში ჩასულ ბევრ «მარიაჟს» ეხება).

სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებში, ძირითადად, ბოიკოტი და ნახევარბოიკოტი დომინირებდა.

«ბოიკოტელების» შეხედულება ყველასთვის ცნობილია და ოსტაპ ბენდერის ფრაზას ჰგავს: – ჩვენი მკაცრი არა სოჭის ოლიმპიადას! Заграница нам поможет!

იმ ხალხისგან, რომლებიც ასე თავგამოდებით ეწინააღმდეგებიან ქართველი სპორტსმენების ოლიმპიადაზე წასვლას, სხვა რამეს არც ველოდი. არ მინდა ძალიან მკაცრი ვიყო ჩემს შეფასებებში, მაგრამ ყველა ისინი ნანახი გვყავს იმ სატელევიზიო გამოსვლებში, რომლებშიც მართლმადიდებელი სასულიერო პირების დასჯას მოითხოვდნენ, ამიტომ მათზე ყურადღების შეჩერება ჯერჯერობით არ ღირს.

რაც შეეხება ე. წ. ნახევრადმებოიკოტეებს, ეს მოქალაქეები «არც მწვადი დავწვათ და არც შამფურის» პრინციპიდან გამოდიან და ელოდებიან, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება, ანუ, მოკლედ რომ ვთქვა, ჯერჯერობით პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

მათი მოთხოვნა ძალიან საინტერესო და სასაცილოა: «დაე, საქართველოს წარმომადგენლებმა ოლიმპიური დროშის ქვეშ იასპარეზონ. ამით ვაჩვენებთ, რომ ვაპროტესტებთ, მაგრამ თან ვმონაწილეობთ

არიან უფრო «რადიკალური ფრთის» წარმომადგენლებიც, რომლებმაც მოითხოვეს, რომ ქართველ სპორტსმენებს ერთიანი საქართველოს რუკა ჰქონდეთ გამოსახული მაისურებზეო.

ჰო, რა ვიცი, რა ვიცი (პრინციპში გაგრძელება შემეძლო, მაგრამ არ ღირს). ამ ყველაფერთან დაკავშირებით ერთი კითხვა გამიჩნდა: ვინ აღმოაჩინა 4000 მეჩირაღდნეში იმ ავადსახსენებელი რუსი პილოტის გვარი (ახლა არ მითხრან, რომ სახეზე ვიცანითო)?

წინასაარჩევნო შეხვედრები

გასული კვირაც გადატვირთული იყო საპრეზიდენტო კანდიდატებისა და მოსახლეობის წინასაარჩევნო შეხვედრებით.

 მართალი გითხრათ, ამ შეხვედრებში ბევრი ვერაფერი ახალი ვერ დავინახე. იფრქვევა დაპირებები «რძის მდინარეებისა და კისელის ნაპირების» შესახებ და არის შეფარული რისხვა ოპონენტების მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტობის სულ რაღაც 23 კანდიდატია დარეგისტრირებული (აბა, იმ ქვეყნებს ხომ არ დავემსგავსებით, რომლებსაც სამი, ჰა და ჰა, გაწელე, ოთხი კანდიდატი ძლივს უგროვდებათ. ეგ არაამბიციურები ეგენი!), მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად მხოლოდ ექვსი საარჩევნო სუბიექტი: ნინო ბურჯანაძე, გიორგი მარგველაშვილი, შალვა ნათელაშვილი, გიორგი თარგამაძე, ზურაბ ხარატიშვილი და დავით ბაქრაძე მართავენ. ყოველ შემთხვევაში . . ნაციონალური არხებით მხოლოდ მათი გადაადგილებები შუქდება. სრულიად შესაძლებელია, რომ დანარჩენი ჩვიდმეტიც  აქტიურად მუშაობდეს ელექტორატთან, მაგრამ, სავარაუდოდ, ჩემს ტელეკოლეგებს უბნის ბირჟაზე ან სამეგობროში გამართული დებატები, მაინცდამაინც არ აინტერესებთ (პრინციპში, არც დანარჩენ მოსახლეობას).

 ამ ექვიდანაც, გინდა არ გინდა, მაინც სამ კანდიდატს შესცქერის მთელი დემოკრატიული სამყარო.

 იმაზე, თუ ვის რა შანსი აქვს ან რა შიდა დინებებია საარჩევნო პროცესში, თითქმის ყველა ექსპერტი და ჟურნალისტი განიხილავს. განიხილავს და ათას ჭორ-მართალს გვიყვება. მე მხოლოდ იმ შეხვედრების მოკლე მიმოხილვით შემოვიფარგლები, რომელთა დროსაც კანდიდატებმა თავიანთი უპირატესობა უნდა დაამტკიცონ.

 საზოგადოება ამ ფართიფურთს სხვადასხვაგვარად აღიქვამს და საკმაოდ ნათლადაც გამოხატავს თავის შეფასებებს.

 საზოგადოების სოციალურად აქტიური ნაწილის გარკვეული რაოდენობა სოციალურ ქსელებში აფიქსირებს თავის მოსაზრებებს. ეს შეფასებები თუნდაც იმიტომაა საინტერესო, რომ, გარდა სუბიექტური პოზიციისა (რაც აშკარად ჩანს), მრავლად გვხვდება ისეთი სტატუსები, რომლებიც იმ ხალხის შეხედულებებს გამოხატავს, რომელთაც ინტერნეტთან და კომპიუტერთან ხელი არ მიუწვდებათ.

ასევე მრავლად არის სხვადასხვა «არაცნობადი» სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციები, რომლებიც ცდილობენ, მაქსიმალურად მეტი სკანდალური მასალა მოიპოვონ და, რადგანაც მათს ჟურნალისტებს პრეზიდენტობის კანდიდატთა პრესსპიკერები საკმაოდ აქტიურად ბლოკავენ, ამიტომ ინტერნეტმომხმარებელს რიგითი მოქალაქეების ფრაზებს თუ გამონათქვამებს აცნობენ.

 რაღა დაგიმალოთ და, სოციალურ ქსელებში ყველაზე მეტად ბურჯანაძის, მარგველაშვილისა და ბაქრაძის მხარდამჭერები აქტიურობენ და ერთმანეთისგან ცა და მიწასავით განსხვავდებიან.

მაგალითისთვის ვიტყვი, რომ ბურჯანაძის მომხრეები იშვიათად შედიან პოლემიკაში სხვა კანდიდატების მომხრეებთან. «მეოცნებეები» კი მთავარ კედელზე, ანუ «გალავინსკზე» შემომხტარ «ნაცებს», რომლებიც წერტილოვანი დარტყმებით ცდილობენ თავიანთი პოზიციის დაფიქსირებას, ისე მიესევიან, რომ კომპიუტერის ეკრანზეც კი ჩანს ადენილი ბდღვირი და გაქცეული «ნაცმოელის» ქუსლები.

მინდა შემოგთავაზოთ ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ის რამდენიმე ინფორმაცია თუ პოსტი, რომლებიც საპრეზიდენტო კანდიდატების შეხვედრებს «ეძღვნება».

«ხმას კი არა, სიკვდილს მივცემთ, ეს ორწუთიანი გამოსვლა რა იყო? წერილის გადაცემა მინდოდა, მაგრამ ამის საშუალება არ მოგვეცა. ტრიბუნიდან დაპირებები მოგვცეს, თუმცა ტრიბუნიდან ჩამოვლისთანავე ეს დაპირებები დაავიწყდათ. ქვეყანაში უმუშევრობა სუფევს და პირადად მინდოდა მეთხოვა, რაიმე დახმარება აღმოეჩინა. ყველა თავის სკამზე ზრუნავს _ აღნიშნა შეხვედრაზე მისულმა ქუთაისელმა ამომრჩეველმა ეთერ კაკაბაძემ (ნიუპოსტის ინფორმაცია).

«გამარჯობათ, მეგობრებო! აჭრელებული არის თბილისი ბაქრაძის სურათებით. იმის მაგივრად, რომ დაეწერათ «ძებნაშია», აწერია «პრეზიდენტობის კანდიდატი». ეს კოჰაბიტაციას დავაბრალო თუ იმას, რომ გამგებლები ჯერ კიდევ «ნაცბანდის» წევრები არიან

«ერთად ვაკონტროლოთ ხელისუფლება:

1. დავიწყოთ იმ 15 000 ლარით, რომელიც ბიუჯეტიდან დახარჯა ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის, ამჟამინდელი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის და საპრეზიდენტო კანდიდატის მეუღლემ ეგვიპტის ერთ-ერთი კურორტიდან მობილური ტელეფონით საუბარში (კი არაფერი, ახლა ვიღაცამ ტელეფონით იჭორავა, მარა რა ვიცი, თუ კონტროლია კონტროლი იყოს);

2. თბილისის მერიის მიერ რესტორნებში, სტრიპტიზ ბარებში, დედაქალაქის მერის მეუღლის ბოტოქსში და ა.შ. სისულელეებში დახარჯული თანხები (კი არაფერი, ახლა ვიღაცა გაერთო, მარა რა ვიცი, თუ კონტროლია კონტროლი იყოს).»

კიდევ ბევრი რამ მოხდა გასულ კვირაში, ძალიან ბევრი რამ.

გარდა იმისა, რომ რესპუბლიკელმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ბერძენიშვილმა ტელეკომპანია «მაესტროს» პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ «ქართული სიმართლე მაშინაა სიმართლე, თუ ეს სიმართლე ევროპულ სიმართლეს და ამერიკულ სიმართლეს ემთხვევაო და კიდევ ერთხელ დაგვანახა რესპუბლიკური პარტიის ნამდვილი სახე. შოუ «ცეკვავენ ვარსკვლავებიდან» გავარდა გია სურამელაშვილი. ინდოეთს ციკლონი დატყდა თავს, საქართველოს ნაკრებმა ვარჯიში დაიწყო. კიდევ სხვა უამრავი აქტუალური და საჭირბოროტო მოვლენა მოხდა, მაგრამ ბუნებრივია, ყველას ვერ განვიხილავ. ამიტომ ახლა დაგემშვიდობებით და შეგახსენებთ, რომ ახალ არჩევნებამდე დარჩა 12 დღე!

გია გაბრიჭიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here