Home რუბრიკები პოლიტიკა «ოპერაცია ლოკომოტივი» თუ «ბართლომეს ღამე»

«ოპერაცია ლოკომოტივი» თუ «ბართლომეს ღამე»

989

“…მარგველაშვილი და ბაქრაძე გაჭრილი ვაშლია, ორივეს ერთი «კუკლავოდი» მართავს და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, 5-ს შემოხაზავ თუ 41-ს, ამ არჩევნებსაც ძია სემი მოიგებს……”


რა მოხდება პრემიერის წასვლის შემდეგ? _ ეს შეკითხვა ყველას ძალიან აწუხებს. ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ (როგორც თვითონ თქვა, ახალი პრეზიდენტის არჩევიდან სულ მალე) საქართველო არალეგიტიმური პარლამენტის ხელში აღმოჩნდება. არალეგიტიმურის, რადგან ბიძინა ივანიშვილის, ანუ პირადად მისთვის მიცემული ხმების გარეშე, ამ შემადგენლობის პარლამენტის ლეგიტიმაცია ფანტასტიკის სფეროა… საზოგადოება არ მალავს, რომ მას ხმა არც ერთი იმ პოლიტიკოსისთვის არ მიუცია, დღეს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს რომ წარმოადგენენ. არჩევნებში მარგველაშვილის გამარჯვების შემთხვევაშიც უნდა ჩაითვალოს, რომ მან ეს ხმები ბიძინა ივანიშვილის «ხათრით» მიიღო და პრემიერის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მისი ლეგიტიმურობაც სადავო გახდება.რას უნდა ველოდოთ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ? და საერთოდ, რამ მიგვიყვანა ამ პარადოქსულ ვითარებამდე?

ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საუბრობდნენ, რომ ივანიშვილი ლოკომოტივის როლს ასრულებდა, იგი ოდიოზურ ძალებს შემოიკრებდა, რომლებიც დამოუკიდებლად პარლამენტში ვერ მოხვდებოდნენ, მოიყვანდა მათ ხელისუფლებაში და შედეგად ყველა მიიღებდა სათავისო ჯილდოს. კერძოდ, პროტესტის კრიტიკულ ზღვრამდე მისულ საზოგადოებას შეექმნებოდა ილუზია, რომ სააკაშვილის რეჟიმი დაემხო, ივანიშვილი გადაქაჩავდა თავის კაპიტალს ამერიკული ქოლგის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე, ბოლომდე გაკოტრებული «ნაციონალები» მოკლე დროში რეანიმირდებოდნენ, ხოლო აშშ მიიღებდა პროამერიკულ ძალას ხელისუფლებაში და ასევე პროამერიკულ ძალას ოპოზიციაში «ნაცების» სახით, ანუ ორპარტიულ, თხემით ტერფამდე ვაშინგტონის მორჩილ პოლიტიკურ სისტემას. სამწუხაროდ, მაშინ ამ სიგნალებს საზოგადოება «ნაცების» შეკვეთილ შავ პიარად აღიქვამდა.

პასუხი კითხვაზე _ იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოდიოზური ურეიტინგო, მაგრამ პროამერიკული ძალების  ლოკომოტივი? _ უკვე იკვეთება პრემიერის გადაწყვეტილებაში, წავიდეს პოლიტიკიდან და ძალაუფლება სწორედ მათ დაუტოვოს, ვინც მუხანათურად აგვარჩევინა პარლამენტში. შეთქმულების სუნი ასდის იმასაც, რომ სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟი არათუ არ მომხდარა, არც დაწყებულა. ჯერჯერობით რაც მოხდა და შედეგიც სახეზეა – «ოპერაცია ლოკომოტივი» ხელისუფლებაში «ნაცმოძრაობა 2»-ის მოსაყვანად ამერიკელებმა ხუთიანზე შეასრულეს.

ჩნდება კითხვა _ რაში დასჭირდათ ამერიკელებს ლოკომოტივის ძებნა? ქართულ პოლიტიკურ რეალობასა და მის უახლოეს წარსულს თუ გადავხედავთ, აუცილებლად გაგვახსენდება 2007 წლის ნოემბერში მასობრივი საპროტესტო აქციების სისხლში ჩახშობა, რომელსაც სააკაშვილის გადადგომა მოჰყვა. ამერიკამ მაშინვე დაიწყო ახალი, პროდასავლური და პროამერიკული ძალის ხელისუფლებაში მოყვანაზე ზრუნვა. დიდხანს ძებნა არ დასჭირვებიათ, ამერიკაშივე მყოფი ქართველი «ნაციონალების» მეგობარი და მთავრობის წევრი ალასანია უცებ იქცა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერად, რესპუბლიკელები ლამის ანტისააკაშვილური მოძრაობის ავანგარდში მოექცნენ. ალასანიას ჩამოსვლას ბევრი ზარ-ზეიმით ელოდა, ხალხი მის პარტიაში გაწევრიანებას ცდილობდა, ეგონათ, ჩამოვა და რამდენიმე საათში სააკაშვილს ყველაფერს დაუმთავრებსო, მაგრამ სანდომიანი სახით და მშვიდი საუბრით ალასანიამ ხალხში საპროტესტო მუხტი გაანელა, სააკაშვილიც ჯიქურ დადგა და აჩვენა ამერიკელებს, რომ ასე ადვილად, თითის დაქნევით ძალაუფლებას არ დათმობდა. კულმინაცია კი ის იყო, რომ ნაქებმა ალასანიამ და რესპუბლიკელებმა ხალხის ნდობა იმდენად დაკარგეს, პირველივე არჩევნებში «ნაცმოძრაობის» ხელისბიჭ «ქრიტიან-დემოკრატებთან» სამარცხვინოდ დამარცხდნენ. მათ ქართველმა ხალხმა მაშინვე «ნაციონალების» სატელიტი უწოდა. ამერიკელებს ალასანიასთან დაკავშირებითაც არ გაუმართლათ. მანამდე მათ იმედი მრავალჯერ გაუცრუეს რესპუბლიკელებმა, რომელთაც უკვე დიდი ხანია, ხან საკუთარი ბიუჯეტიდან, ხან კი სოროსის მეშვეობით აფინანსებდნენ. და მიუხედავად ამ პრაქტიკულად ულიმიტო დაფინანსებისა, რესპუბლიკელების რეიტინგი 1 ან 2 პროცენტს არ სცილდებოდა. ეს პარტია  ხალხის  მიერ შერქმეულ სახელს _ «სარეველები» უფრო და უფრო ამართლებდა.

მოკლედ, ამერიკამ ხალხის თვალში მეტ-ნაკლები ნდობის მქონე საყრდენი დამოუკიდებლად ვერ ნახა, ამიტომ მათთვის ზეკაცის მოძებნა გახდა საჭირო და მოიძებნა კიდეც ადამიანი, რომელმაც მოვალეობა პირნათლად შეასრულა, ხალხისგან უარყოფილ პოლიტიკოსებს ლოკომოტივივით ჩაება, ხელისუფლებაში მოიყვანა და… ახლა მავრივით იძახის, უნდა წავიდეო, ძალაუფლება კი «სარეველების» ხელში რჩება…

არადა, ლოკომოტივი, მოულოდნელად რომ ჩახსნა შემადგენლობა, უკან დაგორდება, უმართავ რეჟიმში. ამ ყველაფრის მომწყობი და დამგეგმავი, როგორც ერთი ცნობილი აკადემიკოსი უწოდებს, «ჩვენი პარტკომი» რიჩარდ ნორლანდი, მართალია, ჯერჯერობით არსებული ვითარებით კმაყოფილი ჩანს და ყველა «კრებას» დაუზარებლად ესწრება, მაგრამ… როგორც წერილის დასაწყისში აღვნიშნე, ივანიშვილის წასვლის შემდეგ არც პარლამენტის, არც პრეზიდენტის ლეგიტიმურობა სარწმუნო აღარ იქნება… ჰოდა, ლეგიტიმურობის ამ ვაკუუმში, სამართლიანობის დაუყოვნებლივ აღდგენის, სადისტების დასჯის ან რაიმე საყოფაცხოვრებო მიზეზით ვინმე ყოჩაღმა ბუნტისთავმა ხალხი რომ ქუჩაში გამოიყვანოს, მერე კოაბიტაცია უშველის აზვირთებულ, ულოკომოტივო შემადგენლობასავით უმართავ რეჟიმში გადასულ მასას? ხალხი, რასაკვირველია, არ დაყაბულდება მხოლოდ შუალედურ შედეგებს და პოლიტიკურ კლასს, რომელმაც ასე უნამუსოდ მოატყუა და სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟის მაგივრად «ნაცმოძრაობა 2» შეაჩეჩა ხელში, უბრალოდ, გაანადგურებს.

ამ მასამ, დიდი ალბათობით, შესაძლოა, თვით ბიძინასაც კუდით ქვა ასროლინოს, რადგან ქართველებს გვჩვევია წარუმატებლობის ვინმეზე გადაბრალება და მისგან «განტევების ვაცის» შექმნა. ეს კი ის შემთხვევაა, როდესაც გადაბრალება და გადასაბრალებელი «ვაცის» ძებნა საჭიროც არ არის…

ამდენად, «ოპერაცია ლოკომოტივის» წარმატებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან მალე, შესაძლოა, იგი «ბართლომეს ღამედ» ექცეთ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს.

ბართლომეს ღამედ, რადგან ბრმისთვისაც ნათელია, რომ მარგველაშვილი და ბაქრაძე გაჭრილი ვაშლია, ორივეს ერთი «კუკლავოდი» მართავს და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, 5-ს შემოხაზავ თუ 41-ს, ამ არჩევნებსაც ძია სემი მოიგებს…

და როდესაც ხალხს არჩევანს ართმევენ, პარავენ, უყალბებენ ან არჩეული სიკოს ნაცვლად ვინმე მურთაზს შეაჩეჩებენ, იგი ჯანყდება – ეს ხალხის კონსტიტუციური უფლებაა.

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. ამგვარი სტატიები არის კონსტიტუციური წესრიგის დამხობისაკენ მოწოდება, რაც უმკაცრესად უნდა აღიკვეთოს. ჩვენ გვახსოვს იგივე ლაპარაკი როცა ზვიადს ამხობდნენ და რა მივიღეთ აქედან ესეც ვიცით. იმედია როდისმე წერტილი დაესმება ამ რუსეთიდან მართულ სიბინძურის მანქანას საქართველოში…

  2. გამოიღვიძეთ!

    შენ უკვე გამოიღვიძE? რა არის კონსტიტუციური წესრიგის დამხობისკენ მოწოდება – ეს წერილი თუ ის რომ ჩაფიძის, საგანელიძის და სხვათა სახით კუდის აგენტები, ხოლო საგაეო საქმეთა მინისტრის, ბოსელიას და ყანდიაშვილის სახით "კლარნეტისტები" დაგვასვით თავზე?
    აბა კარგად დაფიქრდი ჭკუის კოლოფო…

  3. ყველაფერში ვეთანხმები ავტორს და თქვენ კი, რომ "გაგღვიძებიათ", აზრზე მოდით, ყველაფერში რუსეთს როგორ ხედავთ თქვე კვერცხებო?!

  4. ეს წერილი ზუსტად ასახავს არსებულ სიტუაციას. ჩვენ კიდევ უარეს დღეში ვართ, მაგრამ ვერ ვაცნობიერებთ. ევროპაში ასოცირება რას მოგვიტანს? ლგბტ-ს გაპრავებას და ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებისკენ სვლას. თურქეთის ექსპანსია ძლიერდება, კულტურულიც და ტეროტორიულიც, აჭარა სავსეა თურქებით, საზღვრების გახსნას ყველასთვის, შეხედეთ უკვე რას დაემსგავსა თბილისი, თანაც ეს ტურისტები კი არა, ჩვენი მომავალი მოქალაქეები არიან. აჭარაში რუსეთი აკავებდა თურქეთს, ახლა გზა ხსნილი აქვს. და იქნება გაუთავებელი დირექტივები და ჭკუის სწავლება ევროპა-ამერიკიდან. რუსეთი სანატრელი გაგვიხდება. მოკლედ, ძალიან ცუდ დღეში ვართ, ბიძინამაც ნებსით თუ უნებლიედ ამერიკელების დაკვეთა შეასრულა. ამის მიხვედრას დიდი აკადემიკოსობა არ სჭირდება. ეს თქვენ უნდა გამოიღვიძოთ, ვისაც ნატო და ევროპა გაკერიათ პირზე.

  5. მეტი ფანტაზია არ გაქვთ ამ ჟურნალისტებს? ან ზღაპარი არ წაგიკითხიათ ცოტა რეალობას მაინც გავდეს რო წერთ რაღაცას ცოტა ჭკუაც დაატანეთ

  6. საბრალო სსს, ეს ჟურნალისტი რეალობას წერს, ეს თქვენთვისაა ალბათ ზღაპრული, რადგან სხვა გარემოში ცხოვრებ და საქართველოს სატკივარს ვერ ხედავ.
    შენს და შენისნაირების გასაგონად ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში წერდა ბატონი კიტა ბუაჩიძე : ,,საქართველო, როგორც გეოგრაფიული სახელწოდება, შეიძლება დარჩეს კიდეც. აკი მის დასაპატრონებლად ჩვე ნი დღევანდელი ,,ძმები და მეგობრები" ერთმანეთს დაერევიან ,,არა ჩემია, არა, ჩემიას" ძახილით, და როცა ვერ მორიგდებიან, ,,საქართველოს ხალხებმა" შეიძლება ,,შეგვიცოდონ" და … აკი არაბებმაც ,,შეიცოდეს" ეგვიპტელები და ეგვიპტეს ძველი სახელი შეუნარჩუნეს!…"

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here