Home რუბრიკები საზოგადოება მტრის შეყვარება ღალატია!…«მტერი _ ვინმესთვის ავის მდომი, ავის მოქმედი, მოსისხლე»

მტრის შეყვარება ღალატია!…«მტერი _ ვინმესთვის ავის მდომი, ავის მოქმედი, მოსისხლე»

3107

კერძო კაცისა თუ სახელმწიფოს წარმატება და კეთილდღეობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დროულად და სწორად გამოიცნობს იგი მტერმოყვარეს, მერე კი იმასაც შეძლებს, მტერს მტრულად დახვდეს და მოყვარეს _ მოყვრულად. საუკუნეთა ქარტეხილებში ბევრი სახელმწიფო აღიგავა პირისაგან მიწისა, მათ შორის ისეთნიც, ძალითა და ენერგიით სამაგალითოდ რომ მიაჩნდათ მაშინ. მტერმოყვარე ვერ გამოიცნეს დროზე და ამიტომ მიიბარა ისტორიულმა მეხსიერებამ ისინი.

 

არსებობა თუ გვინდა, წინაპართა არც ის შეგონება უნდა დაგვავიწყდეს, რომ «მტერი, მოყვრულად მოსული, მტერზედაც უარესია». უარესი იმიტომ არის, რომ ვიდრე ამ «მოყვრულად მოსულში» მის ნამდვილ სახეს დაინახავ, ამასობაში ის თავის შავბნელ საქმეს სანახევროდ მაინც გააკეთებს და მერე სდიე კუდში და იდაყვზე იკბინე, თუ გინდა, წამხდარ საქმეს რაღას უშველი.

ამას რომ ვამბობ, რომ ზოგიერთ ჭეშმარიტებას საჭიროებისამებრ ხშირ-ხშირად თუ შევახსენებდეთ ერთმანეთს, კარგი იქნებოდა.

სწორედ ამის საჭიროებაა დღეს ჩვენში, როცა მარცხნიდან და მარჯვნიდან ძლიერნი ამა სოფლისანი დღენიადაგ ჩაგვჩიჩინებენ, _ კოჰაბიტაციის რეჟიმში იცხოვრეთ, ანუ ავს ავი არ უწოდოთო. მაშინ კარგს რა დავარქვაო, თუ იკითხე, შეგაჩვენებენ: შემწყარებელი, ანუ ტოლერანტული(!) არ ხარო, «ევროპულ ღირებულებებს» არ აღიარებ და შენ გამო ნატოში არ მიგვიღებენო. ასეთ «ცოდვას» რომ აგკიდებენ, ავისა და კარგის გარჩევაზე ხელს აიღებ, აბა, რას იზამ!

სწორედ ახლა უნდა გავიხსენოთ ჩვენ და შევახსენოთ კოჰაბიტაციის ადეპტებს, რას ნიშნავს მოყვარე და რას _ მტერი.

ქართული ენის განმარტებით ლექსიკონს დავიმოწმებ:

«მოყვარე _ ახლობელი, კეთილის მდომი, მოკეთე»;

«მტერი _ ვინმესთვის ავის მდომი, ავის მოქმედი, მოსისხლე».

მინდა, თვალებში შევხედო და ვკითხო კოჰაბიტაციონერებს: თქვე სახელმწიფო მოღვაწეებო, იმას გვირჩევთ, რომ კეთილის მდომს, მოკეთესა და ავის მოსურნეს, მოსისხლეს ერთნაირად მოვექცეთ? იქნებ იმ ხალხთან გვირჩევთ მეგობრულ თანაცხოვრებას, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ და მხოლოდ შეცდნენ? არა! დამნაშავეები რომ არიან, ამას თვითონ ჩვენი მთავარი კოჰაბიტაციონერიც აღიარებს, მაგრამ გვირჩევს: დააშავეს, მაგრამ მაინც ჩვენები არიან, ქართველები და მტრად ნუ მივიჩნევთო.

არ არის ეს დარიგება მართებული და სასარგებლო. მტერ-მოყვარე გვარისა და წარმომავლობის მიხედვით კი არ უნდა განასხვაო, არამედ საქმითა და საქციელით. გერმანელი არტურ ლაისტი და ინგლისელი მარჯორი უორდროპი საქართველოს მეგობრები იყვნენ, ქართველი ყორღანაშვილი კი _ მტერი და მტრულადაც მოექცა მას პატრიოტი ქართველი საჩინო ბარათაშვილი: ქარაფზე გადაჩეხა და ყვავ-ყორნებს მიუგდო საჯიჯგნად. ასე უნდა მოექცე მტერს, რა გვარისა და ჯიშისაც უნდა იყოს იგი.

ახლა იმათი «შეცდომები» გავსინჯოთ, ვისთანაც კოჰაბიტაციურ ჩახუტებას გვთხოვენ ოკეანისგაღმელი თუ აქაური უფროსები (ყველაფერს ვინ ჩამოთვლის, მე მხოლოდ ზოგიერთს გავიხსენებ!)…

მოვიდნენ თუ არა ხელისუფლებაში, დაიწყეს სამსახურებიდან ოცდაათ წელს გადაცილებული ადამიანების გამოყრა იმ მარტივი მიზეზით, რომ ისინი საბჭოთა კავშირში დაიბადნენ, ხოლო გადამწყვეტი უპირატესობა მიენიჭათ იმათ, ვინც 1991 წლის შემდეგ იყო დაბადებული. უცხოელმა «დამრიგებლებმა» ურჩიეს, ალბათ, «ვარდების რევოლუციით» მოყვანილ პოლიტიკურ ბოსებს, საბჭოურ მენტალიტეტს სხვაგვარად ვერ აღმოფხვრითო. შედეგად მივიღეთ ის, რომ ქვეყნის მართვის სადავეები უწვერულმა «უზნეო ბავშვებმა» ჩაიგდეს ხელში და აგვიხდინეს ჩინური წყევლა: თქვენს ქვეყანას მართავდნენ უასაკონიო.

ვისაც ქვეყანა უყვარს და ჭკუა მოეკითხება, დღენიადაგ შეჰღაღადებდნენ «ნაცების» ხელისუფლებს, რომ არ შეიძლებოდა იმის გაკეთება, რასაც აკეთებდნენ, მაგრამ ვინ უსმენდა მათ? მაკკეინი და ძმანი მისნი იყვნენ მათი პატრონებიც და მოძღვრებიც (სხვათა შორის, ერთმა «ნაცმა» მინისტრმა თავის სამსახურებრივ მანქანას სანომრე ნიშნები მოხსნა და მაკკეინის გვარი მიაწერა. დაუშლიდა ვინმე, თუ?). მათმა რეკომენდაციებმა ის შედეგი გამოიღო, როგორც ამერიკულმა სიმინდის თესლმა, რომელსაც ნახევარმეტრიანი 5-7 ტარო უნდა გამოეღო და შვიდი მარცვალიც ვერ მისცა მოტყუებულ ქართველ გლეხებს. ის, რაც ოჰაიოსა თუ არიზონას შტატში ვარგა, საგარეჯოსა და აბაშაში ვერ იხეირებს!

არ არის ეს ქვეყნის მტრობა?

გაპარტახებული ეკონომიკის მქონე ქვეყნიდან უცხოეთში რომ გააქციეს მილიონნახევარი ქართველი, თემურლენგსა და შაჰაბასს მეტი ბოროტება კი არ ჩაუდენიათ საქართველოს მიმართ.

მტერია ამის მქნელი, მტერი! რა გვარისა და წარმომავლობისაც უნდა იყოს, ის ჩვენიანი არ არის!

რა კოჰაბიტაცია, რისი შენდობა! მტერი, ვიდრე იარაღს არ დაყრის და არ მოინანიებს, მანამდე თუ შეიწყალე, მაშინ შენ უნდა დაყარო იარაღი და კისერი მიუშვირო მის მოქნეულ ხმალს. ამას გვირჩევენ «ცივილიზებული» და «ტოლერანტული» დასავლელი «მეგობრები»? მაშინ თვითონ მოგვცენ ამის მაგალითი! ისეთი მაგალითი კი არა, ბელგრადი რომ დაბომბეს, რატომ წითელ კოჭს არ უგორებთ კოსოვოელ სეპარატისტებსო, ან პატარა სირიას რომ ემუქრებიან დიდიდიდი ნატოელები, _ იმას დაგმართებთ, რაც ლიბიას, ეგვიპტესა და ერაყსო.

იქნებ ის არ არის მტრობა, ჩვენი სახელით და ვითომ ქვეყნისთვის თორმეტი მილიარდი სესხად რომ აიღეს და თავიანთ გაუმაძღარ სტომაქში გადაუძახეს, ვალის გადახდა კი ჩვენ და ჩვენს შვილებს აჰკიდეს.

მშობლიური ქართული ენის აბუჩად აგდება და დაკნინება მტრობაა, აბა, რა ჯანდაბაა. მშობლიურ გრძნობას რომ თავი დავანებოთ, ქართული ენა საქართველოს სახელმწიფო ენაა და «მტერობა ენის არს მტრობა ქვეყნის». ქვეყნის მტრობა კი, თუ ის შინაურის ჩადენილია, ღალატია და მოღალატეს უმძიმესი სასჯელი ელის ნებისმიერი ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ხოლო ზნეობრივი სასჯელი უფრო მძიმეა, თაობიდან თაობაზე გადადის. ყორღანაშვილებისა და ბერბიჭაშვილების შთამომავლებს ახლაც რცხვენიათ თავიანთი პაპის პაპის პაპის ღალატის გამო.

ინგლისური თუ არ იცი, წარმატებული ვერ იქნებიო, _ ბრძანა «ნაცების» ერთმა ბოსმა და დაიწყო… ნებისმიერ სამსახურში კადრების შერჩევისას ინგლისურის ცოდნა უპირველეს მოთხოვნად იქცა. ქართული ენა იცი თუ არა, ამას არავინ კითხულობს. ქართული ტელევიზიების ჟურნალისტებსაც კი აღარ სთხოვენ ქართულის ცოდნას, რაც კარგად ეტყობა მათ გადაცემებს.

ქართული ენის მცოდნე და ქვეყნის მოყვრები სამსახურებიდან დაითხოვეს, ქართული ენის უცოდინარები და ქვეყნის მტრები კი გალაღდნენ..

ამის ჩამდენები არიან ჩვენი მოყვარე თანამოძმენი? არა! თავიანთი გულითა და შეგნებით ესენი არც ქართველები არიან. რა ქართველები არიან, როდესაც მათ იმ უდიდესი ქართველის ხსნება აკრძალეს, რომელსაც ნახევარი მსოფლიო მოწიწებით ფეხზე უდგებოდა, და ქალაქის ცენტრში, ყარაჩოღელების უბანში ამერიკელი რეიგანის ძეგლი დაასკუპეს, ერთ-ერთ გამოსაჩენ მაგისტრალს კი აშშ-ის ოდიოზური პრეზიდენტის _ ჯორჯ ბუშის სახელი უწოდეს.

რა ძმობა და მოყვრობა უნდა გვქონდეს ამ გაგებისა და მიზნების ადამიანებთან? ვისაც საქართველო უყვარს და სამშობლოდ მიაჩნია, ის ხალხი მტრად უნდა მიიჩნიოს და მტერს მტრულად მოექცეს, თუ არადა, აღიაროს, «ბილწთა შევეკარ ზავითა»-.

ქვეყნის სათავეში მოქცეულმა «ნაცებმა» ისეთი ბოროტება ჩაიდინეს, რომელიც დღემდე ცნობილ ყოველგვარ გამცემლობასა და ღალატზე უარესია: ათასწლეულების განმავლობაში ჩვენი წინაპრების სისხლითა და ოფლით შენარჩუნებული, მათი ხორცითა და ძვლებით გაპოხიერებული მიწა უცხოელებს გაუცვალეს მწვანე დოლარებში. «მშობლიური ჩემო მიწავ, შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, გიცავდი და გიცავ მარად, გიცავდი და კვლავ დაგიცავ», _ ამ შეგნებითა და მრწამსით გაზრდილი კაცი მშობლიური მიწის გამყიდველს მტერზე უფრო მტრად  ჩათვლის, აბა, რას იზამს! არც მის დაუსჯელობას შეეგუება!

ამას წინათ ჩვენმა ნაწილობრივ ვაიპარლამენტმა, თავისი გადაწყვეტილებით, დროებით შეაჩერა მიწის უცხოელებზე გაყიდვა. კი არ აკრძალა, ერთი წლით შეაჩერა! თითქოს ერთი წლის მერე ჩვენი მიწა-წყალი წამოიზრდება, იბარტყებს და გასაყიდიც ბევრი გვექნება. მშობლიური მიწა-წყლის გაყიდვის დროებითი შეჩერება (მორატორიუმი) ამიტომაც არის გაუგებარი. სამაგიეროდ, გასაგებია იმ არასამთავრობო ორგანიზაციების აღშფოთება და პროტესტი, რომლებიც ქართული მიწა-წყლის უცხოელებზე გაყიდვის დროებით შეჩერებას აღუშფოთებია.

ახლა მე ღვთისა და ხალხის წინაშე ყველა ჭეშმარიტ მამულიშვილს ვეკითხები: ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენი წინაპრების მიერ საუკუნეთა განმავლობაში გმირული ბრძოლით შენარჩუნებული და ჩვენამდე მოტანილი საცხოვრისის გადამთიელთათვის მიყიდვის მოწადინენი არიან ან მათი დიდი თუ მცირე მხარდამჭერები საქართველოს პირწავარდნილი მტრები არ არიან? ისინი მშობლიური მიწა-წყლიდან ჩვენი შთამომავლობის ამოძირკვის მსურველნი არ არიან? დარწმუნებული ვარ, არიანო, _ იტყვით.

უცხოელმა «ექსპერტმა», დემოკრატიის «ექსპორტიორმა», «უფლებადამცველმა», ევროპარლამენტარმა თუ ნატოელმა ოპრიჩნიკმა რამდენიც უნდა გვირჩიოს ან დაგვემუქროს კიდეც, გინდათ თუ არა ამგვარი «თანამემამულენი» მოყვრებად ჩათვალეთ და მათთან იკოჰაბიტაციეთო, არ უნდა დავუჯეროთ!

ქართული სახელმწიფოებრიობისა და, კერძოდ, ქართველთა უკვე შეუნიღბავი მტრების, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილის შესახებ პირდაპირ ვიტყვი:

ბევრი ჩვენი თანამემამულე დარწმუნდა, რომ ამ ორგანიზაციებს «არასამთავრობო» კი არ უნდა ერქვათ, არამედ _ ანტისახელმწიფოებრივი. ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება ჰქვია, აბა, რა იმას, როდესაც ეროვნულ ღირსებას, ზნეობას, ტრადიციებს ვინმე უზნეო და ტვინნაღრძობი ხელყოფს და ამგვარ ხელყოფას საზოგადოება პრინციპულ წინააღმდეგობას გაუწევს, არასამთავრობო ორგანიზაციები კი ერთ ვაიუშველებელს ატეხენ ხოლმე: არიქა, ადამიანთა ერთი ჯგუფი იჩაგრებაო და მშველელად ოკეანისგაღმელ ძიებსა და მამიდებს უხმობენ.

ამგვარი «უფლებადამცველები», «სამართალდამცველები» და კიდევ ბევრი ისეთი რამის დამცველები, რომელსაც წესიერ საზოგადოებაში ვერც კი გაამხელ, უხვად ფინანსდებიან უცხოეთიდან. საქმე მარტივად არის: ჩვენი მტრები ფულს უხდიან ჩვენსავე თანამემამულე დივერსანტებს საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ განხორციელებულ დივერსიაში.

უზნეობის ზეობამ დაანგრია რომისა და ბიზანტიის იმპერიები და ჩვენნაირ პატარა ქვეყანას რას უზამს!

მტრების ხელშია მთავარი სამაუწყებლო საშუალებები _ ტელევიზიები. მათი დიდი უმრავლესობის მიზანია არა ხალხის ინფორმირებულებაგანათლება, არამედ ტვინების გამორეცხვადაბნელება. პოლიტიკური თოქშოუებია დანახეთ ერთი, ვის იწვევენ: ათ კაცში ორს თუ მოეკითხება ჭკუა, დანარჩენი რვა ან დეგენერატია, ან გასანთლული თოკით გასაკოჭავი.

ერთი სიტყვით, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ქართული საზოგადოება აშკარად გაყოფილია ქვეყნის, ერის მოყვრებად და მტრებად. კიდევ უფრო სამწუხარო ის არის, რომ ამის საჯაროდ გამხელას კეთროვანივით ერიდებიან ჩვენში. «საქმე იმიტომ უფროა ცუდად, რომ ცუდად როა, არ იცის ბევრმა» (მუხრან მაჭავარიანი).

მოყვრები და მტრები

ეს რეალობა კიდევ უფრო გაცხადდა მას შემდეგ, რაც ოფიციალურად ითქვა ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან: ჩვენ რომ ახლა დამნაშავეების (მტრების!) დასჯა დავიწყოთ, ჩვენც წინა ხელისუფლებას დავემგვანებითო. ამიტომ «სუფთა ფურცლიდან» დავიწყოთ ცხოვრება, წარსულს შევეშვათ და მომავლისკენ გავიხედოთო.

გიყვარდეს მტერი შენიო, _ ამის თქმა მხოლოდ სასულიერო პირს ეპატიება, რადგან არაამქვეყნიური სამყაროს ზნეობრიობას ქადაგებს იგი. მიწიერ სამყაროში კი მტრის შეყვარება ღალატია, რაც უმძიმესი სასჯელით ისჯება. «კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად» (რუსთაველი).

ზურაბ ცუცქირიძე

 

1 COMMENT

  1. ნუთუ დღემდე ვერ მიხვდა ზოგიერთი მოაზროვნე, რომ კოჰაბიტაციას ნაცების სიყვარულის გამო კი არ ახორციელებს ახალი მთავრობა, არამედ ესაა შედეგზე ორიენტირებული კომპრომისი, იძულებითი ნაბიჯი, რომ მომაკვდავი სახრჩობელაზე არ ჩამოვკიდოთ და ამით გარშემომყოფ ავისმოსურნეებს საბაბი არ მივცეთ, თავიანთი რისხვა დაგვატეხონ… მომაკვდავი ხომ ისედაც კვდება… გვამია ფაქტიურად…

  2. სპირიდონ,რატომ დემაგოგობთ?ნაცმოძრაობა კვდება თუ ამ პოლიტიკით რასაც ქართული ოცნება ეწევა საქართველო ,უკვე მერამდენჯერ სახემწიფოდ ვერ შედგება?!ავტორს>ბიბლია გვეუბნება,მიუტევე შენს პირად მტერსო და არა შენი ქვეყნის მტრებსო!!!გაითვალისწინეთ ეს!

  3. სპირიდონ,
    ამბობთ გვამებიაო და შესაბამისად ხმა აღარ გავცეთ და რაც მამაპაპეული ქონება წამართვეს შერჩეთ!?
    მართალს ამბობს კუკური

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here