Home რუბრიკები პოლიტიკა Сергей Нарышкин показал ПАСЕ, где раки зимуют

Сергей Нарышкин показал ПАСЕ, где раки зимуют

576

«საქართველო და მსოფლიოს» მკითხველებს უთუოდ დააინტერესებთ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერ სერგეი ნარიშკინის გამოსვლა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე, რადგან იმ პრობლემებს ეხება, რომლებიც ჩვენი საზოგადოებრიობის განსჯაგანხილვის საგანიც არის. დავაზუსტოთ: სპიკერის სიტყვის საგაზეთო ვარიანტი მცირედ შემოკლებულია. თარგმანი არაოფიციალურია.

 

ბატონმა ნარიშკინმა განაცხადა, რომ მისი გამოსვლა ეუთოს სესიაზე, სხვა მიზეზებთან ერთად, ნაკარნახევია საპარლამენტო ღრმა მონიტორინგის გაუმჯობესების, საპარლამენტო საქმიანობაში არეულობისა და დაყოფა-დანაწევრების (რაც შეიმჩნევა), დალაგების სურვილით. ეს აუცილებელი ხდება იმის გათვალისწინებით, რომ პასუხისმგებლობის დონე, რომელიც ევროპის ქვეყნების პარლამენტებს აკისრია, უსწრაფესად იზრდება და დღეს უპრეცედენტოდ მაღალია. ორატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დრამატული მოვლენები, რომლებიც სირიაში ვითარდება, მოწმობს _ საშიშროება, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს ემუქრება, მომდინარეობს სამართლისა და მსოფლიო წესრიგის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფიდან, რომელსაც ევროპაში ჩაეყარა საფუძველი. ამ შემთხვევაში განზე გადგომა, მისი აზრით, ნეგატიურად აისახება თავად ევროპის ქვეყნებზე. მან მოიშველია ორი მსოფლიო ომის მაგალითი, როცა განზე გადგომასა და უინიციატივობას შედეგად მოჰყვა მილიონობით ადამიანის დაღუპვა. ამ ისტორიულ შტრიხს მან დაუპირისპირა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის გადაწყვეტილება, რომელმაც ახლახან უარი უთხრა თავის მთავრობას, მონაწილეობა მიეღო სირიის დაბომბვაში.

«სირიის საკითხის მოგვარების თაობაზე რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივამ, _ განაგრძო ნარიშკინმა, _ ფართო მხარდაჭერა ჰპოვა… ამაში თავისი როლი ითამაშა ევროპის საუკუნეობრივმა ერთგულებამ ჰუმანიტარული ფასეულობებისადმი, რომელთაც ეფუძნება მისი დღევანდელი სამართალი და განვითარების პრინციპები.

თქვენ შეგიძლიათ მკითხოთ, რატომ ვამბობ ახლა ამის შესახებ? ვამბობ თუნდაც იმიტომ, რომ დღეს მეორე მსოფლიო ომის მოვლენებსაც კი ივიწყებენ და მისი გაკვეთილების რეტუშირებას ცდილობენ, ამახინჯებენ XX საუკუნის ყველაზე უფრო საშინელი ტრაგედიის არსსა და მიზეზებს. ნაცისტებმა, რომლებმაც მაშინ თავიანთი განსაკუთრებულობისა და უპირატესობის შესახებ განაცხადეს, ცინიკურად დაადგინეს ევროპის ხალხების ტოტალური განადგურების თანმიმდევრობა. უკიდურესად საშიში ამ იდეოლოგიის გავრცელების მიმართ გულგრილობა საბოლოო ჯამში მთელ მსოფლიოს ძვირად დაუჯდა. ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთ ციტატას მოვიშველიებ: «გულგრილობა შეიძლება მიმზიდველად მოგეჩვენოთ, უფრო მეტიც, _ მაცდუნებლადაც, მაგრამ ტანჯვისადმი გულგრილი დამოკიდებულება ადამიანს არაადამიანად აქცევს და აგრესორის სასარგებლოდ მუშაობს», _ სამართლიანად შენიშნავს მწერალი, ჰუმანისტი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ელი ვიზელი.

გაისად შესრულდება 100 წელი პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან, რომელმაც უმძიმესი შედეგები მოუტანა მთელ ევროპას, ჩემს ქვეყანაში კი გამოიწვია ქაოსი, პირველად შექმნილი დემოკრატიული პარლამენტის დაშლა, 1917 წლის რევოლუციების მოვლენები და სამოქალაქო ომი.

ამასთან, ის აგრესია, რომელსაც საკადრისად არ მიეზღო, გაინაბა, გაყუჩდა და ორი ათეული წლის შემდეგ რევანში აიღო, რასაც ახალი, უკვე მსოფლიო ხანძარი და, ვიმეორებ, ათობით მილიონი მსხვერპლი მოჰყვა. ნაციზმის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ დაიგმო ნიუნბერგში, საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილებები ყავლგაუსვლელი ხასიათისაა. მაგრამ ამას რატომღაც ივიწყებს ზოგიერთი თანამედროვე პოლიტიკოსი, როგორც იმას, რომ ორივე მსოფლიო ომი გაჩაღდა იმათი ჩუმი თანხმობით, ვისაც გარკვეულ დრომდე არ შეეხო ის ბოროტება, რომელმაც თავისუფლება და ადამიანების სიცოცხლე წაართვა სხვა ქვეყნებს… ისტორიული სიმართლის დაცვა ჩვენი საერთო ამოცანა უნდა გახდეს, როგორც ეროვნული საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე ევროპის ახალგაზრდული პოლიტიკის ჩარჩოებში.

ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ, შემოღებულ იქნას ნიუნბერგის პროცესის დოკუმენტების სწავლება არამარტო უნივერსიტეტებში, არამედ სკოლებშიც. მისი მასალები ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ ევროპის ყველა ხალხის ენაზე, ამასთან, მოვათავსოთ ევროკავშირის, ეუთოს, გაეროსა და სხვა საერთაშორისო გაერთიანებების ვებსაიტებზე.

…მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ადამიანები დიდი ყურადღებით თვალს ადევნებენ ევროპაში მიმდინარე მოვლენებს, მის სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ პროცესებს, ჩვენს პარლამენტებში მიმდინარე დებატებსაც მათ შორის… ამ დარბაზში მყოფთ კარგად მოეხსენებათ, რომ მორალის გარეშე არ არის და არც შეიძლება არსებობდეს ჭეშმარიტი სამართალი. ჩვენ არ გვაქვს უფლება, თვალი დავხუჭოთ იმაზე, თუ როგორ ირღვევა სამართლებრივი, მით უფრო, მორალური ნორმები.

სწორედ ამიტომ ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში რუსეთის პარლამენტარებმა პირველად და ერთადერთებმა გადაწყვიტეს, შეხვედროდნენ ამერიკელ კოლეგებს, რათა განეხილათ სირიის გარშემო შექმნილი სიტუაცია. მაგრამ ჩვენ, როგორც იცით, უარი გვითხრეს. როგორც ჩანს, იქ საკითხებს წყვეტენ სხვათა არგუმენტების მოსმენის გარეშე. პირდაპირ გეტყვით: ეს არის პარლამენტების პრაქტიკაში უპრეცედენტო შემთხვევა.

ამასთან, დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ მსოფლიოში საპარლამენტო დიპლომატიის როლი მხოლოდ იზრდება და სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ხოლო წარმომადგენლობითი დიპლომატია, რომელიც ევროპაში ათასწლეულების წინ გაჩნდა, გამოცდილ და აუცილებელ ინსტიტუტად რჩება არამარტო თანამედროვე სახელმწიფოებისთვის, არამედ მსოფლიოს მიერ ტანჯვით ნაშობ უსაფრთხოების არქიტექტურისთვისაც.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ XX საუკუნის მეორე ნახევარში ევროპული ერთობის საერთო პასუხისმგებლობის გრძნობა არნახულად ამაღლდა. და სწორედ ამიტომ გახდა შესაძლებელი 1945 წელს, შექმნილიყო გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ოთხი წლის შემდეგ კი _ ევროსაბჭო და მისი საპარლამენტო ასამბლეა. დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც, სტრასბურგის ორგანიზაციის ეგიდით შეიძლება და უნდა შევძლოთ კიდეც მსოფლიოსა და კონტინენტისთვის ყველაზე უფრო რთული, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარება.

მათი მიჩუმათება შეუძლებელია…

კრიტიკა ჩვენი და ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მიმართ გარდაუვალია. ჩვენს ეროვნულ პარლამენტებში უარესსაც გაიგონებთ, მაგრამ აკვიატებულობამ შეიძლება გააუფასუროს ნებისმიერი კონსტრუქციული გადაწყვეტილება.

ასეთი განწყობილება გეუფლება მაშინ, როცა ცდილობენ, სულ ახალი და ახალი ვალდებულებები თავს მოახვიონ რუსეთს…»

ე. წ. ახალი დემოკრატიის ქვეყნების მონიტორინგის დღევანდელი ფორმა, ორატორის აზრით, მოძველდა. პრეტენზიები ქვეყნების ერთ ნაწილს მუდმივად წარედგინება, მეორეს _ არასოდეს. ეს კი, ნარიშკინის აზრით, სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური დისკრიმინაცია.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება იმ გამოწვევებზე, რომლებიც კანონმდებლების წინაშე დგას.

მათ შორის პირველია თანამედროვე მსოფლიოში კანონისა და სამართლის საერთო მდგომარეობა, როცა პოლიტიკა იურიდიულ საკითხებში ერევა.

«იგივე, _ განაგრძო ნარიშკინმა, _ ითქმის საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებზე. მათი შექმნისთვის ყველას ნების გაერთიანებაა საჭირო, დარღვევას კი მხოლოდ რამდენიმეს ძალისხმევა ჰყოფნის. ევროსაბჭოს, რომელსაც უნიკალური სამართლებრივი ბაზა გააჩნია, შეუძლია აქ თავისი წონადი სიტყვა თქვას.

შემდეგ. ჩვენ ვიცით, რომ თანამედროვე კანონშემოქმედებითი პროცესი არ შეიძლება დახურულ კარს მიღმა წარიმართოს, მასში მონაწილეობა, დიდი ხანია,  აღარ არის რჩეულთა ხვედრი. საზოგადოებას სურს, თავისი თვალით იხილოს მთელი ეს პროცესი და მუდმივ კონტაქტში იმყოფებოდეს კანონმდებლებთან, რომლებიც სამართლებრივ ნოვაციებს განიხილავენ… ორმხრივი კავშირის უქონლობას მივყავართ სასამართლოების გადაწყვეტილებების სამართლიანობასა და ლეგიტიმურობაში დაეჭვებამდე…

ზოგიერთი ინტერნეტრესურსის მეშვეობით… კვლავ ცდილობენ, ჩაუნერგონ ადამიანებს მათი ინდივიდუალური თავისუფლებათა აბსოლუტური ხასიათი ყოველგვარი სამართლებრივი მოვალეობის აბსოლუტური არქონის პირობებში. არადა, ჯერ კიდევ ვოლტერი გვაფრთხილებდა, რომ «ჭეშმარიტი თავისუფლება არის ის, როცა დამოკიდებული ხარ კანონზე».

ორატორმა შემდეგ აქტუალურ თემად მიიჩნია ახალი კომუნიკაციების სერიოზული გავლენა პოლიტიკურ დღის წესრიგზე. ძალას იკრებს ჯერ კიდევ ვირტუალური სამყარო, რომელსაც უკვე აქვს საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის თავისი ტექნოლოგიები, არ ცნობს ეროვნულ საზღვრებს. «ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ ინტერნეტის ეპოქის დადგომა კლასიკური პარლამენტარიზმის დაისს ნიშნავს, რადგან სოციალური ქსელები თითქოს უკვე იქცა ხალხის ხმად. არ ვდავობ, მათი გავლენა უდიდესია, მაგრამ ასეთ მომენტებში პარლამენტის როლი და პასუხისმგებლობა მხოლოდ იზრდება. ასე იქნება, ვფიქრობ, მანამდე, სანამ ახალი ელექტრონული დემოკრატია და მისი პროცედურები უნაკლო სამართლებრივ ფორმას არ შეიძენს, სანამ მრავალწლიან შემოწმებას არ გაივლის და გარანტირებული იქნება შეცდომების დაუშვებლობისგან, რაც შეიძლება ძვირად დაუჯდეს მომავალ თაობებს.

ამასთან, გაზრდილ სამოქალაქო აქტივობაში საშიშროება კი არ უნდა დავინახოთ, არამედ ახალი, დემოკრატიის გაზრდის ჯერ კიდევ გამოუყენებელი შესაძლებლობები. და რადგან ინტერნეტით ყველაზე უფრო აქტიურად ახალგაზრდობა სარგებლობს, ეს ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, პირდაპირი კავშირი ვიქონიოთ მასთან და რეაგირება მოვახდინოთ უახლეს მოთხოვნილებებზე».

მეოთხე პრობლემა აქტუალურ დღის წესრიგზე კონცენტრირდება. ნარიშკინმა ასეთად მიიჩნია მოქალაქეობრიობის მასობრივი არქონა, რაც ბევრს არადემოკრატიულად აღარც კი მიაჩნია. სხვა გამოწვევებია ტერორიზმი და საერთაშორისო კონფლიქტები, ნარკოტრაფიკი და ტრანსსასაზღვრო დამნაშავეობა, ადამიანების ორგანოებით ვაჭრობა, ნეონაციზმი.

მეხუთე თემად ბატონმა ნარიშკინმა დაასახელა პარლამენტთაშორისი ურთიერთობის აშკარად არასაკმარისი ხარისხი, რადგან ამ კონტაქტებს არა მხოლოდ ახალი ფორმატით სჭირდება გამდიდრება, არამედ _ უფრო ღრმა სტრატეგიული შინაარსით. მათ შორის, ამოცანების ტრიადით _ კანონის უმაღლესობა, ადამიანის უფლებები და დემოკრატიის განვითარება, რაც გადაჯაჭვულია განვითარების სხვა პრიორიტეტებთან.

მან მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის რეორგანიზაციის იდეას.

სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა დეტალურად გააანალიზა უცხოელი კოლეგებისთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია. მათ შორის, არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ კანონში ცვლილებების თაობაზე, ანუ ე. წ. უცხოელი აგენტების შესახებ, ისაუბრა მიმდინარე დისკუსიაზე ტერმინის _ «პოლიტიკური საქმიანობა» _ გაგების თაობაზე, რუსეთის კანონმდებლობაზე მიტინგებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების, ინტერნეტსაიტების შავი სიების შესახებ და ა. შ.

«კიდევ ერთი კანონი, რომელსაც ხშირად თავს ესხმიან უცხოეთში, არის პასუხისმგებლობის დაწესება არასრულწლოვანთა შორის არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობათა პროპაგანდაზე. ბევრი კომენტატორი, შეგნებულად თუ შეუგნებლად, უყურადღებოდ ტოვებს სიტყვებს «პროპაგანდა არასრულწლოვანთა შორის», რითაც იმთავითვე ამახინჯებენ ამ კანონის შინაარსსაც და მისი მიღების მოტივებსაც. გამოთქმული იყო შიში იმისა, რომ იგი გახდება სექსუალურ უმცირესობათა დისკრიმინაციის იარაღი, მაგრამ მე მას არ ვიზიარებ და არამარტო იმიტომ, რომ არ არის კონკრეტული მაგალითები. ნებისმიერი არატრადიციული ორიენტაციის პირებს არავითარი შეზღუდვა არ აქვთ არც სამუშაოზე, არც სასწავლებელში, არც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ისინი თავიანთ ცხოვრებას აშენებენ მშვიდად, თავიანთივე მიდრეკილებების თანახმად. მაგრამ ბავშვებს, სანამ სრულწლოვანები გახდებიან, არაფერი თავს არ უნდა მოვახვიოთ, მით უფრო, არ ინდა გავუწიოთ პროპაგანდა.

დაბოლოს, რაზეც შევჩერდები, ეს არის კანონი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესების შესახებ… დემოკრატიული სახელმწიფოსგან ბევრი მოქალაქე ელოდება რწმენის თავისუფლების არა მარტო აღიარებას, არამედ რეალურად დაცვას. გეკითხებით, კანონის წინაშე ყველას თანასწორობა განა არ არის საერთოევროპული ღირებულება? ან იქნებ სხვა სახელმწიფოებში ცოტანი არიან მორწმუნე ადამიანები და ისინი არ აღშფოთდებიან, როცა შეურაცხყოფენ მათ სარწმუნოებას, წაბილწავენ მათ ტაძრებს, მოხერხავენ ქრისტიანულ და მართლმადიდებლურ ჯვრებს, ფეხქვეშ გათელავენ ფუძემდებლურ უფლებებსა და ფასეულობებს? დაუშვებლად მიმაჩნია ზოგიერთი ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა სხვათა უფლებების იგნორირების ფონზე, თუნდაც მაშინ, როცა პირველნი ზედმეტად აქტიურები და აგრესიულები არიან, სხვები კი ხმას არ იღებენ. სამართლებრივ სახელმწიფოში და ცივილიზებულ საზოგადოებაში ასე არ უნდა იყოს.

დავუმატებ. ჩვენ ძალიან ვაფასებთ, რომ ჩვენს საპარლამენტო ასამბლეას შეაქვს წონადი წვლილი კულტურათშორისი დიალოგისა და მისი რელიგიური განზომილების განვითარებაში

შავსა და თეთრს შორის უამრავი ელფერია, მთელი პალიტრაა, მაგრამ შავი ყოველთვის შავად რჩება, თეთრი _ თეთრად. ეს არის, როგორც სიკეთე და ბოროტება _ ორი ზნეობრივი ფასეულობა, თუმცა ადამიანებმა ყოველთვის იციან, სად არის პირველი და სადაა მეორე».

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here