Home რუბრიკები პოლიტიკა ალექსეი ვლასოვი: თურქეთი დიდ ინტერესს ამჟღავნებს აჭარის მიმართ

ალექსეი ვლასოვი: თურქეთი დიდ ინტერესს ამჟღავნებს აჭარის მიმართ

747

ქართულრუსული ურთიერთობების შესახებ, პოლიტოლოგიური ცენტრის _ «ჩრდილოეთისამხრეთი» აღმასრულებელი დირექტორი, საინფორმაციო სააგენტო «ვესტნიკ კავკაზის» საინფორმაციოანალიტიკური პორტალის მთავარი რედაქტორი, . ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ალექსეი ვლასოვი «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრა.

 

_ საქართველოში შეიცვალა ხელისუფლება, თითქოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაც გაუმჯობესდა, ქართული პროდუქცია შევიდა რუსეთის ბაზარზე, ამას წინათ საქართველოს პატრიარქიც სტუმრობდა მოსკოვს, მაგრამ რაიმე კონკრეტული შედეგი, ურთიერთობების თვისობრივად გაუმჯობესების თვალსაზრისით, არ დამდგარა. პირიქით, რუსულმა მხარემ დიცსა და დვანში საზღვარი გადმოწია. რით ახსნით ამ ყველაფერს?

_ მე ვხედავ, რომ ორმხრივ ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციები გაჩნდა. რაც შეეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით არსებულ კონფლიქტურ სიტუაციებს, ეს თემა, როგორც დასაწყისშივე ნათელი იყო, მოსკოვისთვისაც და თბილისისთვისაც მტკივნეულია და ამ მიმართულებით ექსპერტები რაიმე სერიოზული პოზიციების დაახლოებას არც ელოდნენ. მე ასე ვიტყოდი: მოცემულ ეტაპზე დიალოგის აღდგენის პროცესში მაქსიმალურად შესაძლო მანძილზე წინსვლა მოხერხდა.

_ როგორ ფიქრობთ, რა უშლის ხელს ურთიერთობის აღდგენას და, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის შემთხვევაში, რა მოთხოვნები და ინტერესები ექნება რუსეთს საქართველოსთან დაკავშირებით?

_ აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» საკითხი მოლაპარაკებების დროს კვლავ რჩება საჯილდაო ქვად. ჯერჯერობით რაიმე კომპრომისული გადაწყვეტილების წინაპირობას მე ვერ ვხედავ. დანარჩენი _ ნებისმიერი საკითხი შეგვიძლია განვიხილოთ, განსაკუთრებით, საქართველოში საპრეზიდენტო კამპანიის დასრულების შემდეგ. სააკაშვილის ფაქტორი ნეგატიურ გავლენას მაინც ახდენს, ამიტომაც ახლა უნდა მივყვეთ ფორმატს  ნაბიჯნაბიჯ  და არა სტრატეგიულ გადაწყვეტილებათა ვრცელ ნუსხას. სტრატეგიული ამოცანების გადასაწყვეტად აუცილებელია, გარკვეული დრო გავიდეს.

_ საქართველოში ნატო უსაფრთხოების ერთგვარ გარანტიად აღიქმება, თუმცა ცნობილია, რომ რუსეთი საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანების წინააღმდეგია. საქართველოს ახალი ხელისუფლება საგარეოპოლიტიკურ ურთიერთობებში ძველ კურსს აგრძელებს. დავუშვათ და საქართველომ თქვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე, სანაცვლოდ რას მიიღებს?

_ შეიძლება კომენტარი გააკეთო რეალური სცენარების თაობაზე. ჯერჯერობით მე ვერ ვხედავ ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან განსაკუთრებულ სწრაფვას, აღნიშნულ გზას გადაუხვიონ. ასე რომ, აღნიშნული კითხვის ადრესატი, უწინარეს ყოვლისა, საქართველოს ახალი ხელისუფლება უნდა იყოს, მაგრამ საკითხვია: აქვს კი ხელისუფლებას აღნიშნული საკითხის განხილვის სურვილი?

_ ივანიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთთანაც მოაგვარებს ურთიერთობებს და ქვეყნის ნატოში ინტეგრაციაც შესაძლებელია. ხომ არ არის ეს ურთიერთგამომრიცხავი, როგორ აფასებენ ამგვარ განცხადებებს რუსეთში და როგორ აისახება ეს მომავალში აფხაზებისა და ოსების საქართველოსთან ინტეგრაციის პროცესზე?

_ პრინციპში, ზემოთ მე ნაწილობრივ უკვე ვუპასუხე ამ კითხვას. ჩემთვის გაუგებარია, როგორ ეფარდება ერთმანეთს ეს ორი საკითხი. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების დარეგულირების გეგმა ასევე არ არის დეტალებში გამჟღავნებული და ცნობილი. მაშინ რას განვიხილავთ? არიან კი ოსები და აფხაზები მზად დიალოგისთვის? თუ მათ დღემდე არ მიიჩნევენ დიალოგის მხარეებად? კითხვა ბევრია, ამიტომ იქნებ ღირს, ქვეყანაში უფრო  მკაფიოდ ფორმულირებული დღის წესრიგის დამყარებას დაველოდოთ და პოზიციების «დაახლოების» პროცესზე შემდეგ ვისაუბროთ.

_ ჩვენს გაზეთთან ინტერვიუში პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ კავკასიიდან აშშის შესაძლო წასვლის კომენტირებისას განაცხადა, რომ «ამერიკა უბრალოდ კი არ წავა, ის საქართველოს გადასცემს თავის სამხედროპოლიტიკურ მოკავშირეს _ თურქეთს. ამიტომაც ამერიკელები ბოლო წლებში აქტიურად აგულიანებდნენ თურქულ ფინანსურეკონომიკურ ექსპანსიას საქართველოშირის შედეგადაც თურქებმა არამარტო მოიპოვეს გადამწყვეტი გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე, არამედ, ფაქტობრივად, დაეპატრონენ  აჭარას». მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ «აჭარისთვის რუსეთი აღარ იბრძოლებს». რა საფრთხეები შეიძლება ემუქრებოდეს საქართველოს ამ მხრივ და როგორ შეიძლება მათი თავიდან აცილება?

_ თურქეთი და სხვათა შორის, არამხოლოდ თურქეთი (ყაზახეთი, აზერბაიჯანი), მართლაც დიდ ინტერესს ამჟღავნებს აჭარის მიმართ. აქ ჩნდება ძალიან დელიკატური შეკითხვა, აღნიშნულ რეგიონში ანკარის ფინანსურ-ეკონომიკური ექსპანსიის საბოლოო მიზნების შესახებ. ინვესტიციები ძალიან სერიოზულია, პლუს ამას ემატება რელიგიური საკითხი, რომელიც ადგილობრივი მასმედიის მიერ, ბოლო დროს აქტიურად განიხილება. ვფიქრობ, ანკარა არამხოლოდ გამოდის, როგორც ვაშინგტონის პარტნიორი, არამედ, იმყარებს რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ პოზიციებს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, თავის საკუთარ თამაშსაც აწარმოებს. თუმცა, რაც შეეხება მის დომინანტურ გავლენას, ეს რა თქმა უნდა, ნამეტანი გადაჭარბებული ნათქვამია.

ხოლო, რაც შეეხება რუსეთის მზადყოფნას, «იბრძოლოს აჭარისთვის» _ ჩემთვის ცოტა გაუგებარია, აქ რა იგულისხმება. 2004 წლის შემდეგ ეს თემა რუსული ელიტისთვის პირველხარისხოვანი არ არის. ახლა სხვა პოლიტიკოსები, სხვა მიზნები და სხვა დროა.

_ საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ამას წინათ განაცხადა, რომ, «რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, ყურადღებით ვუყურებ და ვსწავლობ. ამ ეტაპზე არნაირი პოზიცია არ გაგვაჩნია, თუმცა, თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის ეს საინტერესო იქნება, რატომაც არა?!». საქართველოში ევრაზიული კავშირის შესახებ, საკმარისი ინფორმაცია მართლაც არ არსებობს და ბევრისთვის ეს კვლავაც საბჭოთა კავშირის მსგავს გაერთიანებად მოიაზრება. მკითხველისთვის თუ შეგიძლიათ ახსნათ, რა არის ევრაზიული კავშირი და რას მიიღებს საქართველო გაწევრიანებაზე დათანხმების შემთხვევაში?

_ ევრაზიული კავშირი _ ეს, უპირველესად, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ერთობლივი მოდერნიზაციის შანსია. ერთიანი საბაჟო ტერიტორიისა და ბაზრების დაცვის საკითხი მეორეხარისხოვანია, იმ პერსპექტივასთან შედარებით, რომელსაც ერთიანი ეკონომიკური ზონის ქვეყნების რესურსების, ტექნოლოგიური და ინტელექტუალური პოტენციალის გაერთიანების შემთხვევაში მიიღებს თითოეული მათგანი. საქართველოს ინტერესიც ამაში მდგომარეობს. მით უმეტეს, რომ, «ევრაზიული ბანკის» ბოლო მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 59% ევრაზიული პროექტისადმი ინტერესით არის განწყობილი. შესაძლოა, არ უჭერენ მხარს მას, მაგრამ მზად არიან, ევრაზიული კავშირის მიზნებისა და ამოცანების შესახებ უფრო მეტ ზუსტ და სანდო ინფორმაციას გაეცნონ.

მე ასე ვიტყოდი: საბჭოთა კავშირის აღორძინების შესახებ ისტორიებს არ უნდა ვუსმინოთ. პროექტის ამოცანაა არა წარსულში დაბრუნება, არამედ  სწრაფვა მომავლისკენ, სწრაფვა კონკურენტუნარიანი ეკონომიკის, ცხოვრების ხარისხის უფრო მაღალი სტანდარტებისკენ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here