Home რუბრიკები საზოგადოება ენოლოგთა ეროვნული კავშირის თავმჯდომარის ხუთი შეკითხვა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს

ენოლოგთა ეროვნული კავშირის თავმჯდომარის ხუთი შეკითხვა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს

667

საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე სოფლის მეურნეობა ყოველთვის ეკონომიკის ძირითადი და ტრადიციული დარგი იყო. დღემდე ამ დარგში შემონახულია ქართველი ერის მრავალდარგოვანი კულტურული მემკვიდრეობა, რომლითაც საქართველო ამაყობს: ქართული ვაზის, ხორბლის, ხილის ენდემური ჯიშები, ქართული ფუტკარი, ცხოველთა ქართული აბორიგენული ჯიშები, რომლებიც, განსაკუთრებული გენეტიკური თვისებების გამო, საუკეთესო სასელექციო მასალაა. დღემდე შემორჩენილი ძველი ჩვეულებები და ადათწესები, დაგვეთანხმებით, არის ის უდიდესი კულტურა და ტრადიცია, რაც აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. აღიარებული სლოგანი «ბიომრავალფეროვნების დაცვა მდგრადი განვითარების გასაღებია» სწორედ საქართველოს მსგავს ქვეყნებში იძენს განსაკუთრებულ აქტუალობას.

 

სამწუხაროდ, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის დარგის მნიშვნელობის იგნორირებამ და დაშვებულმა (ხშირად წინასწარ დაგეგმილმა) უამრავმა შეცდომამ სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანა და დღეს კლასიკური სოფლის მეურნეობის ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქტების თითქმის 80 პროცენტზე მეტი უცხოეთიდან შემოდის, თანაც ბევრი სრულიად უკონტროლოდ.

ჩვენმა მოსახლეობამ საპარლამენტო არჩევნებზე მხარი დაუჭირა კოალიცია «ქართულ ოცნებას», რომელმაც პროგრამით პრიორიტეტად სოფლის მეურნეობის აღორძინება წარმოადგინა.

ჩვენ ვთხოვთ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს, გარკვევით დააფიქსირონ მათი პოზიცია, თუ როგორ წარმოუდგენიათ საქართველოში თანამედროვე, ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის აღორძინება და გაგვცენ პასუხი ამ კონკრეტულ შეკითხვებზე:

1. რეალურად მიგაჩნიათ თუ არა თანამედროვე, ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის აღორძინება საქართველოსთვის პრიორიტეტად?

2. მხარს დაუჭერთ თუ არა თანამედროვე, ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის რეალურ სუფსიდირებას, განსაკუთრებით მთიან, სასაზღვრო ზონებში?

3. ეთანხმებით თუ არა, საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარდაქმნას სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროდ, გადამამუშავებელი მრეწველობის აღსადგენად?

4. მხარს დაუჭერთ თუ არა სოფლის მეურნეობის მიმართულების ტრადიციული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების აღდგენას თანამედროვე, დამოუკიდებელ სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრებად _ მათი ექსპერიმენტული ბაზებით, სანერგეებით, სათბურებით, რომლებსაც სამეურნეო-ადმინისტრაციულ და საფინანსო ადმინისტრირებას გაუწევს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტრო, ხოლო სამეცნიერო ხელმძღვანელობას _ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია?

5. მხარს დაუჭერთ თუ არა თაღლითურად გასხვისებული აგრარული უნივერსიტეტის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტად აღდგენას?

პატივისცემით,

მურმან ქურიძე,

აიპ საქართველოს ენოლოგთა

ეროვნული კავშირის თავმჯდომარე,

ტექნიკის

მეცნიერებათა დოქტორი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here