Home რუბრიკები პოლიტიკა «მეოცნებე» აგენტები პარლამენტში

«მეოცნებე» აგენტები პარლამენტში

620

უკვე თვეზე მეტია, გაზეთი «ქრონიკა+»  «ოცნების» ლიდერების კუდთან თანამშრომლობის დამადასტურებელ ფაქტებს აქვეყნებს. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის წევრებს მკაცრი გაფრთხილება მისცა, ჟურნალისტებს ნუ ემალებით და საჯაროდ ისაუბრეთო, ისინი მაინც სირაქლემის პოზიციას ინარჩუნებენ და წაყრუების პოლიტიკას არ ღალატობენ. ირინა იმერლიშვილისა და ზაქარია ქუცნაშვილის შემდეგ გაზეთმა ირაკლი მელაშვილისა და დავით საგანელიძის აგენტობის შესახებ გამოაქვეყნა უტყუარი დოკუმენტები. ინფორმაციით აღშფოთებულია მოძრაობა «ეროვნულობის» ლიდერი სანდრო ბრეგაძე და «საქართველო და მსოფლიოსთან» აცხადებს:

_ უცნაური, პარადოქსული სიტუაციაა. გაზეთის რედაქცია გადამოწმებულ ინფორმაციას აქვეყნებს _ «ქართული ოცნების» თითქმის ყველა ლიდერი მეგის ქარდავასა და სოსო თოფურიძის უწყებებისა და მათი პირადი აგენტი იყო. მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში გაზეთმა ასეთი რამ რომ გამოაქვეყნოს, ყველა შეეცდება, პოლიტიკოსია ის თუ არა, სასამართლოს მიმართოს, რათა თავისი სიმართლე დაამტკიცოს. ჩვენთან პირიქით ხდება: გაზეთი ითხოვს სიმართლის დადგენას.

_ თავად ის ადამიანები, რომლებზეც გაზეთი წერს, რომ აგენტები არიან, რედაქციას არ უკავშიდებიან და პასუხს არ თხოვენ?

_ არ ვიცი, მაგრამ ვიცი, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს დოკუმენტები ივანიშვილმა არ ნახოს, ივანიშვილს კი არ უნდა დაუმალონ, სიმართლე უნდა დაამტკიცონ, მაგრამ, თუ სიმართლე არ აქვთ, მათ წითელი ბარათი უნდა უჩვენო და პოლიტიკიდან უნდა მოაშორო. ისინი მართლები რომ იყვნენ, ასეთ სერიოზულ ბრალდებაზე არ წაიყრუებენ.

საქმე ისაა, რომ გაერთიანებული ოპოზიციდან დაწყებული, ყველამ კარგად ვიცოდით, ოპოზიცია გავსებული რომ იყო ახალაიას, მერაბიშვილისა და სხვა ავაზაკების აგენტებით. დღეს გამოჩნდა, რომ ეს აგენტები ერთმანეთს იმდენად მფარველობდნენ, შესწევდათ ძალა, სხვა პატიოსანი ადამიანისთვის გაეტეხათ სახელი. იგივე მოხდა «ქართულ ოცნებაშიც», სხვებს ეძახდნენ ჩანერგილებს და აგენტებს, ისე, რომ დამადასტურებელი საბუთები არ გააჩნდათ. ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტად გაჰყვიროდნენ ჩანერგილებზე, აღმოჩნდა, რომ თავად აქვთ ხელწერილები დაწერილი. თუ ეს ასე არ არის, რატომ არ ცდილობენ, რომ საზოგადოებას აუხსნან, რა ხდება?

თუ საქართველოს დღევანდელი მთავრობა ახალაიას, ქარდავასა და მერაბიშვილის აგენტებით არის დაკომპლექტებული, მაშინ ჩემთვის ნათელია, რატომ ხდება კოჰაბიტაცია, რატომ აფარებენ დამნაშავეებს ხელს და ა. შ. ისიც თვალნათელია, რომ ხვალ და ზეგ «ნაციონალების» რევანში რეალურია. ასე რომ, ეს პატარა ამბავი არა არის. ვფიქრობ, მარტივ პროცესთან არ გვაქვს საქმე. გახსოვთ, პალტიისპირეთში რამდენი ადამიანი გადაყვა იმ დოკუმენტებს, რომლებიც ბალტიისპირელი პოლიტიკოსების კავშირს ასახავდა საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებთან. მაშინ ამ ამბავს პრემიერმინისტრიც გადაყვა. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ «ოცნების» ის ლიდერები, რომლებზეც დოკუმენტები გამოქვეყნდა, ძველი დროის აგენტები კი არ იყვნენ, არამედ გუშინდელი იმ ადამიანების აგენტები არიან, რომლებთანაც მე და ჩემისთანები ტყვიაზე მოვდიოდით და თავს არ ვზოგავდით.

ახალი ხელისუფლების წევრებმა ადამიანებს ძალიან ცუდი იარლიყები მიაკერეს: ზოგს _ უცოდინარის, ზოგს _ აგენტის, ზოგს _ ჩანერგილის და თურმე რეალურად თვითონ ყოფილან ყველაფერი. მათ მოახერხეს 1 ოქტომბრის მონაპოვრის გაცამტვერება და ყველა იმ ადამიანის ჩამოცილება, რომელიც არ იყო მეგის ქარდავას ან თოფურიძის აგენტი.

_ იქნებ ივანიშვილმა იცის და ისიც უყრუებს?

_ არ ვიცი, იცის თუ არა, მაგრამ დანამდვილებით ვიცი ის ამბავი, რომ კომპრომატგამოქვეყნებული ლიდერები კანცელარიაში დარბოდნენ და იხვეწებოდნენ, ბიძინამ არჩევნებამდე არ გაიგოსო. დღეს ნამდვილად არ ვიცი, ამ ამბავმა ივანიშვილის ყურამდე მიაღწია თუ არა. 

თემურ ქორიძე, ეროვნული მთავრობის წევრი:

_ დიდი ხანია, ირაკლი მელაშვილს ვიცნობ. ის ყოველთვის მებრძოლი ახალგაზრდა იყო, მის მიმართ ასეთი მოსაზრება არასდროს გაჩენილა. რაც შეეხება იმერლიშვილს, ის გენერალია. მახსენდება ერთი ძველი ანეგდოტი, როდესაც სუკის აგენტობა მოდაში იყო, ერთმა კაცმა დამბრალებელს უთხრა: აგენტი შეიძლება შენ იყო, თორემ მე გენერალი ვარო. არ ვიცი, რა დამსახურებისთვის, ალბათ, რამე განსაკუთრებული ჩაიდინა, რადგან გენერალი ქალბატონები საქართველოში იშვიათობაა. მისი საქმიანობა, როგორც ჩანს, ძალიან ზესაიდუმლოა, თორემ რაიმე აუცილებლად გვეცოდინებოდა. სხვებს არ ვიცნობ…

ვფიქრობ, აგენტომანიას ყავლი გაუვიდა. თუ ჟურნალისტს მყარი არგუმენტაცია არ გააჩნია, ამაზე არ უნდა ისაუბროს. ბრალწაყენებული ადამიანი აუცილებლად უარყოფს, ამიტომ ჟურნალისტმა მყარი და ეჭვმიუტანელი მასალა უნდა იქონიოს. როცა ჩვენ ხელისუფლებაში ვიყავით, მე ვითხოვდი, რომ, თუ ვინმეზე ასეთი მასალები არსებობდა, გამოექვეყნებინათ, არამარტო ოპონენტებიდან, არამედ ხელისუფლებიდანაც. ასეთები შესაძლებელია ჟურნალისტებშიც კი იყვნენ. ჩვენ თუ საყოველთაო სამართალს ვითხოვთ, მაშინ ლუსტრაცია მოხდეს.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

 

P.S. გაზეთი «საქართველო და მსოფლიო»  შეეცადა,  «ოცნების» კომპრომატგამოქვეყნებული ლიდერებიდან საგანელიძესა და ქუცნაშვილს დაკავშირებოდა, მაგრამ ვერ შევძელით. ერთადერთი, ვინც ჩვენს ზარს უპასუხა, პრემიერის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნონა ყანდიაშვილი იყო, რომელმაც შეკითვაზე: თუ რა რეაქცია მოყვა კანცელარიაში ამ ინფორმაციის გავრცელებას და გეგმავენ თუ არა რაიმე ღონისძიების გატარებას, გვიპასუხა: _ პირადად მე კომენტარებს არ ვაკეთებ, თუ რამე მნიშვნელოვანი მოხდება, ყველაფერს პრესკონფერენციაზე პრემიერისგან გაიგებთ.

საგანელიძე ცოტა ხნის წინ ნინო თოლორდავას თოქშოუში ჟურნალისტებს დაგვემუქრა, არჩევნების მერე ყველას მოგხედავთ ჩემ წინააღმდეგ აგორებული პიარისთვისო, მაგრამ ჟურნალისტებს კარგი მეხსიერება გვაქვს და თითოეული მათგანის ცხოვრების დეტალები გვახსოვს. «ქრისტიან-დემოკრატებსა» და «ახალ მემარჯვენეებს», «ნაციონალების» სატელიტებს რომ ეძახდნენ, ესეც კარგად გვახსოვს. საგანელიძე «ახლების» ერთ-ერთი წამყვანი ლიდერი რომ იყო, ამაზე, ალბათ, თავადაც არ იდავებს. იმის თქმა მინდა, რომ კუდთან ყველა ასეთი პარტიის ლიდერი თანამშრომლობდა და გარიგებებს სუფრის თანხლებითაც დებდნენ. მერაბიშვილი და სააკაშვილი მათთვის არასანდო ადამიანებს არაფრით დააფინანსებდნენ… ყოფილი კუდელები კი, მოგეხსენებათ, არ არსებობენ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ კუდში დღემდე არაფერი შეცვლილა სახელის გარდა.

1 COMMENT

  1. ირინა იმერლიშვილს რაც შეეხება, გენერალი გახდა თანამდებობის გამო, ვინაიდან დანიშნული იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილედ, რაც გენერლობას ითვალისწინებდა
    და ამიტომ მიენიჭა ეს წოდება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here