Home რუბრიკები საზოგადოება უცხოელებზე მიწის განუსაზღვრელი ოდენობით გასხვისება შეუთავსებელია ქვეყნის სასიცოცხლო ამოცანებთან და საზოგადოებრივ ინტერესთან

უცხოელებზე მიწის განუსაზღვრელი ოდენობით გასხვისება შეუთავსებელია ქვეყნის სასიცოცხლო ამოცანებთან და საზოგადოებრივ ინტერესთან

689

საქართველო, როგორც დედამიწის ნაწილი, ეკუთვნის ქართველ ერს, როგორც კაცობრიობის ერთერთ ნაწილს. ქართველი ერის უფლებაა, ეს ტერიტორია (მიწა) გამოიყენოს თავისი საზოგადოების მშენებლობისთვის თავისი ფიზიკური, მენტალური, სულიერი შესაძლებლობების, მიდრეკილებების, ტრადიციებისა და გემოვნების მიხედვით, ანუ ეძებოს საკუთარი გზები კაცობრიობის ერთობლივი მარადიული მიზნებისა და იდეალების რეალიზაციისთვის.

 

თანამედროვე მსოფლიოში შეზღუდული რესურსების, კერძოდ, საკვების რესურსთა შემცირების, პრობლემა სულ უფრო მწვავდება. ეს, პირველ რიგში, ეხება მიწას და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სავარგულებს, რადგან ეს უკანასკნელი, ანთროპოგენური ზემოქმედების გამო, სულ უფრო მცირდება და ეს ხდება პლანეტის მოსახლეობის სწრაფი ზრდის ფონზე. დამახასიათებელია ამ მხრივ FAO-ს განცხადება, რომ იაფი საკვების ეპოქა დასრულდა. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფო განსაკუთრებით ფრთხილად ეკიდება სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის საკითხს და ეს სფერო უმკაცრესი რეგულაციით გამოირჩევა.

მიწა არის შეუცვლელი, გაუმრავლებელი და «ამოწურვადი» (შეზღუდული) (VerfGEG21, 73) რესურსი. განსაკუთრებით თანამედროვე მსოფლიოში აქტუალური საკითხია მისი ფასი. მოსახლეობის ზრდასთან და სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად მცირდება დაუმუშავებელი სოფლის მეურნეობის სავარგულები და, აქედან გამომდინარე, იწურება რესურსიც, ამიტომაც მიწის განუსაზღვრელი ოდენობით გასხვისება უცხოელებზე ქვეყნის სასიცოცხლო ამოცანებთან და საზოგადოებრივ ინტერესთან შეუთავსებელია.

სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება ყოველთვის უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი პროცესი, რადგან მიწა არის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სოციალური და კულტურული ფასეულობა (ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცხოელის მიერ უძრავი ქონების შეძენის კანონის კონსტიტუციურობის შესახებ Landesgegesetzblatt NT. 88/1994).

გერმანიის საკონსტიტუციო ფედერალურმა სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში (VerfGE 21, 37 [82]) განმარტა: «იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მიწა არ ექვემდებარება გამრავლებას და შეუცვლელია, აკრძალულია მისი გამოყენების სრულად მინდობა და დათმობა თავისუფალი ძალების განუსაზღვრელი თამაშისა და ცალკეული პირის შეხედულებისთვის. სამართლიანი სამართლებრივი და საზოგადოებრივი სისტემა მოითხოვს მიწის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესების მეტად გათვალისწინებასა და გამოხატვას, ვიდრე სხვა ქონებრივი სიკეთეების შემთხვევაში. არც სახალხო-სამეურნეო მოსაზრებიდან და არც მისი სოციალური მნიშვნელობიდან გამომდინარე, არ შეიძლება მიწა ავტომატურად გაუთანაბრდეს სხვა ქონებრივ სიკეთეებსა და ღირებულებებს, სამართლებრივ ბრუნვაში კი იგი ვერ იქნება მიჩნეული და მიღებული, როგორც უძრავი საქონელი».

საქართველოში არსებული სიტუაცია ამ პრობლემასთან დაკავშირებით განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩევა. საქართველოს მოსახლეობის გამოკვება დღეს არსებითად დამოკიდებულია იმპორტზე, რომელიც, მძიმე გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველ წუთს შეიძლება შეწყდეს. უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრებაში მყოფი სასოფლო-სამეურნეო მიწის გამოყენება ამ საშიშროების პრევენციისთვის მოითხოვს იურიდიული ბერკეტების ქონას, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს დღესდღეობით არ აქვს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით, საქართველოში უცხოელის მიერ სასოფლოსამეურნეო მიწის შეძენის აკრძალვა ძალადაკარგულად ითვლება.

საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ არ არის დაშვებული კანონმდებლის მიერ იმავე შინაარსის ნორმის მიღება, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში _ კანონში არა ბლანკეტური აკრძალვა, ისეთი, როგორიც ნორმის გაუქმებამდე იყო, არამედ მხოლოდ შეზღუდვა ჩაიდოს (ამის გაუთვალისწინებლობაა იმის მიზეზი, რომ მიწაზე მორატორიუმის გამოცხადებას ახალი ვნებათა ღელვა და საკონსტიტუციო სასამრთლოში ახალი სარჩელის შეტანა მოჰყვა). სწორედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიდან გამომდინარეობს, რომ იგი არაკონსტიტუციურად თვლის უცხოელთათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ქონის ბლანკეტურ (სრულად) აკრძალვას და არა ამ უფლების შეზღუდვას.

ამიტომაც, შესაძლოა, ჩამოყალიბდეს ისეთი საკანონმდებლო რეგულირება, რომელიც უშვებს უცხოელთა მიერ მიწის საკუთრებად ქონას, მაგრამ მხოლოდ გარკვეული შეზღუდვებით. ასეთი შეზღუდვა შეიძლება უცხო ქვეყნების პრაქტიკიდან გავითვალისწინოთ, როგორიცაა მაგალითად, ავსტრიაში (უცხოელი 10 წელი მაინც უნდა ცხოვრობდეს ქვეყანაში, სადაც ის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას შეიძენს) ან კიდევ თურქეთში (მას მხოლოდ გარკვეული ოდენობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა შეუძლია ჰქონდეს საკუთრებაში), ან კიდევ პოლონეთში (სანებართვო სისტემა ამუშავდეს). საინტერესოა გერმანიის მაგალითი (სადაც მყიდველი ამ მიწის დამუშავების კონკრეტულ გეგმას წარადგენს და ეს გეგმა უნდა იყოს გერმანიის პოლიტიკურ-სოციალური ინტერესის შესაბამისი. ასევეა ავსტრიაშიც). დანიაში ერთ პირს უფლება არ აქვს, ჰქონდეს 2 ნაკვეთზე მეტი 24 ჰა საერთო ფართობით, ამასთან, ნაკვეთებს შორის მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 20 კილომეტრს. თუ მაინც არსებობს მოთხოვნა, ვინმეს ჰქონდეს 24 ჰა-ზე მეტი, მაშინ საკითხს მთავრობა იხილავს. მიწის ყიდვა არსად არავის შეუძლია, თუ არ დასტურდება მისი წინა საქმიანობით, რომ ის ფერმერია ან აქვს სპეციალური აგრარული განათლება.

შედარებით ლიბერალურია მიწის გასხვისების საკითხი ესპანეთში, მაგრამ  იქაც ისეთი პირობებია, რომ უცხოელი მიწის ბაზარზე ვერ შევა. არის კიდევ ერთი პრობლემა: მცირე ნაკვეთები უნდა უზრუნველყოფდეს სამუშაო საათების წლიური ოდენობის 75% მაინც, რომ ადამიანი სოფლის მეურნეობის მუშაკად ჩაითვალოს. სასარგებლო იქნება არგენტინის მაგალითის გამოყენებაც, სადაც სასოფლო-სამეურნეო მიწის მაქსიმუმ 20%-ის გასხვისება არის უცხოელებზე დაშვებული. შეზღუდვა ასევე შესაძლებელია ორი ან რამდენიმე ელემენტის ერთმანეთთან შერწყმით.

ევროკავშირის რიგ ქვეყნებში სახელმწიფო დონეზე (ირლანდია, ჩეხეთი, შვეიცარია) იკრძალება ან იზღუდება სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ან არარეზიდენტი იურიდიული პირებისთვის გადაცემა. მსგავსი დამოკიდებულებაა ამ საკითხისადმი თურქეთში, ავსტრიაში, იაპონიაში, ისლანდიაში, ახალ ზელანდიაში, მექსიკაში, აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში. ახალ ზელანდიაში შექმნილია მიწის დაცვის ტრიბუნალი და ეს ორგანო კონკრეტულად განიხილავს 2 ჰა-ზე მეტი მიწის შესყიდვის მსურველთა ყოველ განცხადებას, დადებითი გადაწყვეტილება კი უამრავი პირობის შესრულებაზეა დამოკიდებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ თვით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორისაც შეიძლება იყოს ამგვარი შეზღუდვები, რომლის მაგალითიცაა ირლანდიის კანონმდელობა. მის მიხედვით ამ ქვეყანაში 7-წლიანი ცხოვრების ვადაა საჭირო, რათა მიწის შეძენის მსურველმა განცხადებით მიმართოს მიწის კომისიას. საფრანგეთში შეზღუდულია ვენახების (ფრანგი ერის სიამაყის საგანი!) და, განსაკუთრებით, დიდი ფართობის მიწის შეძენა. აშშ-ში 1978 წელს მიიღეს ფედერალური აქტი სოფლის მეურნეობაში საზღვარგარეთული კაპიტალდაბანდებების შესახებ. მართალია, ამით დაშვებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვა, მაგრამ ყოველი კონკრეტული შემთხვევა განიხილება ამ ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. ძირითადი რეგულირება აშშ-ში სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის საკითხზე ცალკეული შტატის დონეზეა დაწესებული. ამგვარი კანონმდებლობა აკრძალვების სხვადასხვა დონეს გულისხმობს და უკვე შტატების ნახევარზე მეტშია მიღებული. ამასთან, რაც უფრო სასოფლო-სამეურნეო მიმართულებისაა შტატის ეკონომიკა, მით უფრო მკაცრია აკრძალვა, უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვის სრულ აღკვეთამდე. ამის შედეგია ის, რომ აშშ-ში სასოფლო-სამეურნეო მიწის მხოლოდ 1%-ზე ნაკლები ეკუთვნის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ძირითადად ევროპელები და კანადელები არიან.

უმეტეს ქვეყნებში მიწის ყიდვა შეუძლიათ მხოლოდ ფიზიკურ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მკაცრ მოთხოვნებს. ეს მოთხოვნები განსაკუთრებით ეხება სპეციალურ სასოფლო-სამეურნეო განათლებას, აგრარული შრომის გამოცდილებას, სოფლად ცხოვრებას, სათანადო კაპიტალის  ფლობას და სხვ. 

სახელმწიფოებრიობის პრინციპთა კონტექსტში მიწის მაღალ რანგში აყვანა კანონმდებელს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ თავისი ქვეყნის მოქალაქეების, საზოგადოების, საჯარო ინტერესის სასარგებლოდ და მიწის სოციალური დანიშნულების ხასიათიდან გამომდინარე, შეუზღუდოს უცხოელს ამ სიკეთით სარგებლობის უფლება.     

საჭიროა, შევიდეს «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ» საქართველოს კანონში რიგი ცვლილებებისა, რომელშიც თანამედროვეობასთან მორგებულად ასახული იქნება ის რეგულაციები (შეზღუდვები), რომლებიც ეხება უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებას.

სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის მსურველ უცხოელთა მიმართ, უნდა დაწესდეს შემდეგი შეზღუდვები:

) უცხოელის მიერ საქართველოში სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა დაშვებულია მხოლოდ ორნახევარი (2,5) ჰექტრის ოდენობით (თითოეულ კომლზე ან პირზე). საქართველოში არსებული სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის მხოლოდ 5% შეიძლება იყოს უცხოელთა საკუთრებაში;

) სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სასოფლოსამეურნეო დანიშნულებისამებრ, ისე, რომ მისი ფუნქციობა შეესაბამებოდეს საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ ინტერესებს;

) საქართველოში სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა შეუძლია მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ მხოლოდ იმ იურიდიულ პირს, რომელშიც საქართველოს მოქალაქე წილობრივად ფლობს არანაკლებ 51%-;

) უცხოელი, რომელსაც სურს საქართველოში სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა, უნდა:

– ცხოვრობდეს საქართველოში კანონიერად ბოლო 6 წლის განმავლობაში;

– ჰქონდეს სპეციალური სასოფლო-სამეურნეო განათლება, სოფლად ცხოვრებისა და აგრარული შრომის ხუთწლიანი გამოცდილება;

– ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო მიწის დანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის საჭირო კაპიტალს;

ე) სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვა-გაყიდვა თავისუფალია მხოლოდ სოფლის მეურნის სტატუსის მქონე პირებს შორის.

ვ) საქართველოს მთავრობასთან შეიქმნას მიწის დაცვის ტრიბუნალი, რომელიც განიხილავს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესყიდვისა და მიწის კატეგორიის შეცვლის მსურველთა ყოველ კონკრეტულ განცხადებას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

ჯერჯერობით ჩვენ გვაქვს საშუალება, შევარბილოთ დაშვებული შეცდომის შედეგი – მივიღოთ მიწათსარგებლობის ახალი კანონი.

დასასრულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საბაზრო ეკონომიკურ სისტემაში (ბრუნვაში) მოქცევის არა ერთი, არამედ ორი გზა არსებობს: მიწის კერძო საკუთრება და მიწის გრძელვადიანი გასხვისებადი იჯარა.

ჩვენს პირობებში მყოფი ქვეყნისთვის უცხოელების მიმართ, ძირითადად, ეს უკანასკნელი უნდა იქნეს გამოყენებული. ამისთვის კი საჭიროა, «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ» საქართველოს კანონის მოქმედების აღდგენა და მასში ნათელი და გამჭვირვალე ცვლილებების შეტანა.

 ასევე საჭიროა, «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ» საქართველოს კანონში აღდგეს გაუქმებული მუხლი _ სოფლის მეურნის (ფერმერი) სტატუსის შესახებ.

პაატა კოღუაშვილი,

 ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here