Home რუბრიკები საზოგადოება მიწა ჩვენი არსობისა

მიწა ჩვენი არსობისა

646

ბოლშევიკების უპირველესმა ლოზუნგმა «მიწა _ გლეხებს, ფაბრიკაქარხნები _ მუშებსსოციალისტური რევოლუციის შემდეგ, რომელსაც სტალინი თავდაპირველად გადატრიალებად მოიხსენიებდა, ერთგვარი ტრანსფორმაცია განიცადა და მიწა კოლექტიურ მეურნეობას გადაეცა ან სახელმწიფოს ხელში აღმოჩნდა, ხოლო ფაბრიკაქარხანებს ნაციონალიზაციის შემდეგ სახელმწიფო დაეპატრონა.

 

ეს ცნობილია.

ცნობილია ისიც, რომ მიწა საბჭოთა პირობებში არ იყო და არც შეიძლება ყოფილიყო საქონელი _ ყიდვა-გაყიდვის საგანი.

საქართველოში ერთადერთი კაცი იყო, ოქროყანელი თუ შინდისელი, რომელიც მიწის გაყიდვის მონოპოლიას ფლობდა. დადიოდა ეს კაფანდარა ადამიანი დედაქალაქის ქუჩებში და _ ყვავილების მიწააა, ყვავილების მიწააა! ზემლიანოი ზემლა, ზემლიანოი ზემლააა! _ ჰყიდდა შავმიწა ნიადაგს.

დამოუკიდებელ საქართველოში განხორციელებული რეფორმით მიწა გლეხობას დაუბრუნდა და ყიდვაგაყიდვის საგანიც გახდა. მაგრამ დღემდე არავის უნახავს ამ საბაზრო პრინციპის გამოყენებით გამდიდრებული გლეხკაცი, ახალი «ლატიფუნდისტები» კი, იცოცხლეთ, მომრავლდნენ საქართველოში, უპირველესად _ უცხოელები. ამიტომაა, რომ ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით მწვავედ დგას სხვა ქვეყნის მოქალაქეთა მიერ სასოფლოსამეურნეო მიწის საკუთრებაში შეძენის საკითხი.

გარკვეული დროით მიწის გაყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა ჩვენმა ხელისუფლებამ.

როდემდე? და რა იქნება ხვალ და ზეგ?

პასუხი ამ პრობლემაზე, როგორც ჩანს, მსოფლიო პრაქტიკაში უნდა ვეძებოთ, იმ ქვეყნებში, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ დაგროვილი ამ კუთხით.

გავითვალისწინოთ მაინც.

ვინ როგორ ელევა მიწას

დავიწყოთ ევროპიდან. ეს მით უფრო საინტერესოა, რომ აქ თავმოყრილია ყოფილი სოციალისტური სისტემის სახელმწიფოებიც და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიც _ სურათი ფრიად მრავალფეროვანია და არჩევის შესაძლებლობა _ ფართო.

დღევანდელი მდგომარეობით, რუმინეთში ევროკავშირის სახელმწიფოთა მოქალაქეებს, რომლებსაც თავიანთი საცხოვრებელი ადგილი აქვთ ამ ქვეყანაში და იურიდიულ პირებს, რომლებიც არიან რეგისტრირებული რუმინეთში. სასოფლო-სამეურნეო მიწის შესაძენად მათ აქვთ იგივე უფლებები, რაც რუმინეთის მოქალაქეებს. იმ «ევროკავშირის უცხოელებს» კი, რომლებიც რუმინეთში არ ცხოვრობენ, მიწის შეძენა შეუძლიათ მხოლოდ ნებართვის მიღების შემთხვევაში. ეს რეგულირება 2013 წლამდეა ძალაში.

ევროკავშირის ქვეყნების გარდა, სხვა უცხოელებს არა აქვთ უფლება, შეიძინონ რუმინეთში მიწის ნაკვეთი.

ავსტრიაში უცხოელთა მიერ მიწის შეძენა რეგულირდება ცალკეული მიწების კანონებით. მაგალითად, ერთ-ერთი მიწის (ბურგერლანდის) «კანონით უცხოელის მიერ უძრავი ქონების შეძენის შესახებ», უცხოელი უძრავი ქონების შეძენისთვის საჭიროებს ნებართვას, რომელიც შეიძლება მიიღოს, თუ «სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური» ინტერესები არ იქნება შელახული», და თუ უცხოელი ავსტრიის ტერიტორიაზე მინიმუმ 10 წელი ლეგალურად, კანონიერად იმყოფება და მისი შენაძენით მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ან სხვა საჯარო ინტერესი არ ილახება.

უცხოელების მიერ შვეიცარიაში მიწის შეძენა დაშვებულია, თუმცა მხოლოდ ნებართვის აღების პირობით.

 შვეიცარიის ფედერალური კანონი უცხოელთა მიერ მიწის შეძენის შესახებ პირველი მუხლით ადგენს ამ კანონის მიზანს. ეს არის: «უცხოეთში მცხოვრებთა მიერ შვეიცარიის მიწის შეძენის შეზღუდვა, რათა თავიდან იქნას აცილებული შვეიცარული მიწის «გაუცხოება». ამ კანონით შეზღუდვები ძირითადად იმ პირებზე წესდება, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ და არა იმ უცხოელებზე, რომლებიც შვეიცარიაში კანონიერად ცხოვრობენ. 

საინტერესოა, რომ კანონის მე-5 მუხლის ც პუნქტით გამოყოფილი არიან უცხოეთში მცხოვრები ის პირები, რომლებსაც ამა თუ იმ ქვეყანაში «განსაკუთრებით კარგი» მდგომარეობა აქვთ. კანონით მათთვის ნებართვის გაცემა შესაძლებელია.

თურქეთის კანონმდებლობით უცხოელისთვის მიყიდული თურქეთის მიწა მთლიანობაში არ უნდა აღემეტებოდის 2,5 ჰექტარს (გაზრდა გამონაკლის შემთხვევევაში მაქსიმუმ 30 ჰექტრამდე არის შესაძლებელი). მემკვიდრეობით მიღებულ მიწაზე არ არსებობს შეზღუდვა.

გერმანიის კანონმდებლობით, უცხოელებს მიწის შეძენასთან დაკავშირებით იგივე შეზღუდვები აქვთ დაწესებული, როგორიც გერმანიის  მოქალაქეებს. სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენისთვის აუცილებელია განცხადების წარდგენა, რომელშიც აღწერილი და დასაბუთებული უნდა იყოს სასოფლო სამეურნეო მიწის განვითარების გეგმა. ასევე, ის წინაპირობა, რომ ფიზიკური პირი, რომელიც საკუთრებაში იძენს მიწის ნაკვეთს უნდა იყოს 18 წლის, მიუხედავად იმისა, იქნება ის უცხოელი თუ გერმანიის  მოქალაქე. ნებართვის მოპოვება გერმანიაში სპეციალური კომისიის თანხმობის გარეშე შეუძლებელია.

რუსეთში არის დაახლოებით 400 მილიონი ჰექტარი სასაფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. აქედან 129 მილიონი კერძო საკუთრებაშია, დანარჩენი კი სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება. 2006 წლამდე რუსეთში არსებობდა აკრძალვა სასაფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესყიდვაზე უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომელიც 2006 წელს გაუქმდა. თეორიულად უცხოელს შეუძლია იყიდოს რუსეთში სასოფლო-სამეურნეო მიწა, იმ შეზღუდვების გათვალისწინებით, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეზეც ვრცელდება.

აკრძალულია რუსეთის სასაზღვრო ტერირტორიასთან ახლომდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისება. რუსეთის პრეზიდენტის 2011 წლის 9 იანვრის ბრძანებით, განისაზღვრა ამ ტერიტორიების ნუსხა. მათ შორისაა შორეული აღმოსავლეთისა და ციმბირის ტერიტორიული საზღვრები, ქალაქი კალინინგრადი და მის ახლოს მდებარე სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიწები. უცხოელებს ეკრძალებათ უკრაინასთან მოსაზღვრე ქალაქ ბელგოროდის მიმდებარე ტერიტორიებისა და სოჭის და აზოვის ზღვის მიმდებარე მიწების შეძენა. გრძელ ჩამონათვალში გვხდება ასევე აკრძალვა კრასნოდარის და მთლიანი კავკასიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ სასოფლო სამეურნეო მიწებზე.

უცხოელი ინვესტორებისთვის ძალიან საინტერესოა უკრაინის ნაყოფიერი მიწები, სადაც 32 მილიონი ჰექტარი სასოფლო სამეურნეო მიწაა. მიუხედავად იმისა, რომ მიწის გარკვეული ნაწილი ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ დასხივდა, აქაური მიწები მაინც ძალიან ნაყოფიერად ითვლება. უცხოელთა ინტერესი ამ მიწებისადმი დიდია. სწორედ ამან გამოიწვია უკრაინაში მიწაზე  მორატორიუმის შემოღება, რომელიც 2012 წლის ბოლომდე კრძალავდა მიწის გაყიდვას. უკრაინელ მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, მიწა იჯარით აქვთ გადაცემული. ასევე იჯარით აქვთ აღებული უკრაინული მიწის 17 მილიონი ჰექტარი უცხოურ ფირმებს.

უკრაინის მსგავსი მორატორიუმი მოქმედებს დღეს ბულგარეთშიც, სადაც სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა შეეძლო მხოლოდ იურიდიულ და არა ფიზიკურ პირებს.

უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მიწის უცხოელთა საკუთრებაში გადაცემის შესახებ 4 გადაწყვეტილება მიიღო. მიწას მიიჩნევენ როგორც საკუთრების განსაკუთრებულ ობიექტს, და, შესაბამისად, მასთან განსაკუთრებული სამართლებრივი დამოკიდებულება უნდა არსებობდეს. ხაზგასმულია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსის შეცვლა სხვა ღირებულებებით შეუძლებელია. ბულგარეთისა და უკრაინის მსგავსი მორატორიუმი მოქმედებს უნგრეთშიც.     

კიდევ რამდენიმე თავისებურების შესახებ

ევროკავშირის რიგ ქვეყნებში სახელმწიფო დონეზე (ირლანდია, ჩეხეთი) იკრძალება ან იზღუდება სასოფლოსამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ან არარეზიდენტი იურიდიული პირებისთვის გადაცემა. მსგავსი დამოკიდებულებაა ამ საკითხისადმი თურქეთში, ავსტრიაში, იაპონიაში, ისლანდიაში, ახალ ზელანდიაში, მექსიკაში, აშშში, კანადასა და ავსტრალიაში.

აშშ-ის ზოგიერთ შტატში, კანადის რამდენიმე პროვინციასა და ავსტრალიის დასავლეთ ნაწილში აკრძალულია უცხო ქვეყნის რეზიდენტების მიერ მიწის შესყიდვა.

ახალ ზელანდიაში შექმნილია მიწის დაცვის ტრიბუნალი და ეს ორგანო კონკრეტულად განიხილავს 2 ჰექტარზე მეტი მიწის შესყიდვის მსურველთა ყოველ განცხადებას, დადებითი გადაწყვეტილება კი უამრავი პირობის შესრულებაზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია ისიც, რომ თვით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორისაც შეიძლება იყოს ამგვარი შეზღუდვები, რისი მაგალითიც არის ირლანდიის კანონმდელობა, რომლის მიხედვითაც ამ ქვეყანაში 7-წლიანი ცხოვრების ვადაა საჭირო, რათა მიწის შეძენის მსურველმა განცხადებით მიმართოს მიწის კომისიას.

საფრანგეთში შეზღუდულია ვენახების და, განსაკუთრებით, დიდი ფართობის მიწის შეძენა.

აშშ-ში 1978 წელს მიიღეს ფედერალური აქტი სოფლის მეურნეობაში საზღვარგარეთული კაპიტალდაბანდებების შესახებ. მართალია, ამით დაშვებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვა, მაგრამ ყოველი კონკრეტული შემთხვევა განიხილება ამ ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. ძირითადი რეგულირება აშშ-ში სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისათვის მიყიდვის საკითხზე ცალკეული შტატის დონეზეა დაწესებული. ამგვარი კანონმდებლობა აკრძალვების სხვადასხვა დონეს გულისხმობს და  შტატების ნახევარზე მეტშია მიღებული. ამასთან, რაც უფრო სასოფლო-სამეურნეო მიმართულებისაა შტატის ეკონომიკა, მით უფრო მკაცრია აკრძალვა, უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვის სრულ აღკვეთამდე (ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ მკაცრ მოთხოვნებს. ეს მოთხოვნები განსაკუთრებით ეხება სპეციალურ სასოფლო-სამეურნეო განათლებას, აგრარული შრომის გამოცდილებას, სოფლად ცხოვრებას, სათანადო კაპიტალის ფლობას და სხვ.). ამის შედეგია ის, რომ აშშ-ში სასოფლო-სამეურნეო მიწის მხოლოდ 1%-ზე ნაკლები ეკუთვნით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ძირითადად ევროპელები და კანადელები არიან.

ახალი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე არგენტინაში განსაზღვრულია ნაყოფიერი მიწის ტერიტორიის ის ოდენობა, რომელიც შესაძლებელია შეიძინონ უცხოელებმა და იურიდიულმა პირებმა. არგენტინის ტერიტორიის მხოლოდ 1.000 ჰექტარი  შეიძლება იყოს უცხოელის საკუთრებაში. სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში გავრცელებული ასეთივე ტენდენცია ძირითადად იმაზეა დაფუძნებული, რომ მიწის რესურსი ამოწურვადია და მისი უცხოელებისთვის მიყიდვა სახელმწიფოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებზე უარყოფითად იმოქმედებს.

ასეთია ინტერნეტიდან ამოკრეფილი მონაცემები მსოფლიო პრაქტიკის შესახებ.

არმაზ სანებლიძე

 

1 COMMENT

  1. პირდაპირ გადაწერეთ,რომელიმე ევროპული ქვეყნის კანონმდებლობა და მაშინაც იტყვიან რამეს,რომ რაიმე განსაკუთრებულს ვითხოვთ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here