Home რუბრიკები პოლიტიკა დემურ გიორხელიძე: ახალ პრემიერს არანაირი პოლიტიკური მხარდაჭერა არ ექნება

დემურ გიორხელიძე: ახალ პრემიერს არანაირი პოლიტიკური მხარდაჭერა არ ექნება

518

პრემიერისა და ექსპერტების სატელევიზიო დებატებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ხალხი იმასაც ამბობდა, რომ საწყალი ექსპერტები, ალბათ, შიშით ხმის ამოღებას ვეღარ გაბედავენო, მაგრამ პირიქით მოხდა, მგონი, უფრო გაღიზიანდნენ კიდეც. მამუკა არეშიძე ძველი პარლამენტის წინ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით გამართულ მიტინგს შეუერთდა და საკმაოდ ხმამაღალი განცხადებებიც გააკეთა. ექსპერტებთან შეხვედრა ყველამ სხვადასხვაგვარად გაიგო და შეაფასა, ძირითადად კი, უარყოფითად. შეხვედრას ექსპერტთა სრული შემადგენლობა არ ესწრებოდა «საქართველო და მსოფლიო» ექსპერტ დემურ გიორხელიძეს დაუკავშირდა, რომელსაც პრემიერთან სახალხო დავაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

_ ბატონო დემურ, რატომ არ იყავით ექსპერტების შეხვედრაზე, რომელიც პრემიერმა პირდაპირ ეთერში გამართა?

_ მე ვარ ქვეყნის მთავარი ეკონომიკური კონცეფციის თანაავტორი, ახალ ხელისუფლებასთან ერთად დიდხანს ვმუშაობდი იმ პრობლემებზე, რომლებიც ქვეყანაშია და არსებობს ფორმატი, რომელშიც ჩვენ ასეთ საკითხებს განვიხილავთ. ამ შეხვედრებზე არის კრიტიკული გამოსვლებიც.

ივანიშვილის შეხვედრა ექსპერტებთან  არ უკავშირდებოდა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ის დაინტერესდა იმით, თუ რატომ წერენ მასზე ასე კრიტიკულად ყოფილი თანამოაზროვნეები.

_ რამდენად მოსაწონი იყო, რომ მან ყველა წერილი და ფრაზა წინ დაუდო ექსპერტებს? უფრო მეტიც, თქვა, რომ ექსპერტების ნათქვამს აღარავინ წაიკითხავს და ეს მუქარას ჰგავდა.

_ ეს დემოკრატიის ერთ-ერთი ფორმა მგონია. უბრალოდ, ისინი ერთმანეთს არ ეთანხმებოდნენ. ეს უკვე კარგია. ცნობილი ადამიანი როდესაც რაღასაც წერს, იცის, რომ, თუ მისი ნათქვამი არ გამართლდა, კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ის რისკავს. ასევე  რისკავს ბიძინა ივანიშვილიც, როდესაც ასეთ ჭკუადამჯდარ ადამიანებთან დავობს.

შეფასებები მართლაც ძალიან მძიმეა, რასაც, ჩემდა სამწუხაროდ, ვერ უარვყოფ. ყველაფერი, რაზეც წლების წინ ვსაუბრობდი, მართლდება.

საქართველო იმდენად გაუგებარი ქვეყანაა, არავინ იცის, რა მოხდება, განსაკუთრებით პრემიერის წასვლის შედეგ. ის სქემა, რომელიც ივანიშვილს შემუშავებული აქვს, დარწმუნებული ვარ, არ იმუშავებს. ის თვლის, რომ დატოვებს კარგ მთავრობას, რომელიც ყველაფერს წარმატებით შეასრულებს, თუმცა ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. ახალ პრემიერს არანაირი პოლიტიკური მხარდაჭერა არ ექნება. ამიტომ ასეთ საკითხებზე ივანიშვილთან დავა არ ღირს, რადგან წასვლის შემდეგ თავად დაინახავს, თუ რა მოხდება. სცენარი, რომელიც უნდა, რომ განვითარდეს, ვერ განვითარდება, მას ფუნდამენტური წინააღმდეგობა უდევს საფუძვლად. საზოგადოების მდგომარეობის პროგნოზირება გრძელვადიან პერსპექტივაში ეწინააღმდეგება ფუნდამენტური მეცნიერების მიღწევებს, ამიტომ ასეთ გათვლას არავისგან მივიღებ, როგორც სარწმუნოს. პრემიერი ტოვებს მემკვიდრეს, მაგრამ არ მესმის მემკვიდრის დატოვების მექანიზმი, მას არ აქვს ასეთი კონსტიტუციური უფლება.

საქართველოში სრულდება მარიონეტული პოლიტიკური მოღვაწეების პერიოდი და იწყება ახალი, ეროვნული ელიტის ფორმირების მძლავრი პროცესი. თუ არა კონტრელიტა, ეროვნული ელიტა, რომელიც ამ ქვეყნის მომავალზე იმუშავებს, ვერ გადავრჩებით. პოლიტიკურმა სიბეცემ მიგვიყვანა იქამდე, რომ ტერიტორიების 20% დავკარგეთ. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური შეცდომა არ უნდა დაუშვას, შეცდომა იქნება, თუ მისი მოსაზრებები მემკვიდრის შესახებ არ გაამართლებს.

საქართველოში ახალი პოლიტიკური ცხოვრება დაიწყება. 27 ოქტომბერს ჩვენი მოქალაქეები ბოლო ილუზიებს დაამსხვრევენ, როდესაც ისევ ბრმად მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც არ შეესაბამება ქვეყნის ინტერესებს. არჩევანი ჰქვია იმას, რომ შენ თავად აირჩევ და არა იმას, რომ გეუბნებიან აირჩიე და მეტის დანახვა არ გინდა. არჩევნები ასე არ ხდება.

კრიტიკა სასიამოვნო არ არის, მაგრამ ჩვენ ამას უნდა მივეჩვიოთ. პრემიერმინისტრს უნდა დავეთანხმოთ ერთ რამეში: ყველა სიტყვა, რომელთაც ვიტყვით, არგუმენტირებული უნდა იყოს.

_ პრემიერმა არ მიიღო არც ერთი შენიშვნა, რომლებიც ეკონომიკის საკითხებს შეეხებოდა. ეკონომიკური ვითარება კი არასახარბიელოა. «ნაციონალები» ამბობენ, რომ სტაგნაციაა და ცუდად გვაქვს საქმე, ხოლო ხადური გაიძახის, რომ ყველაფერი კარგად არის და აღმასვლაა. ამ საკითხებზე ვისაუბრეთ და თქვენგანაც ვერ მოვისმინე დამაიმედებელი სიტყვა, რა ხდება სინამდვილეში?

_ ჭეშმარიტება ჩვენს რეალურ ცხოვრებაშია და, თუ კარგად გადავხედავთ, საქმე კარგად არ არის. მთავრობის სერიოზული ნაბიჯებიც ვერ გამოჩნდა უსამართლობის პროცესში. ახალი ხელისუფლება თუ დემოკრატიულია, წინა ხელისუფლების ყველა ნამოქმედარი სააშკარაოზე უნდა გამოიტანოს. ეს არის ძალიან კარგი მექანიზმი იმისა, რომ ხელისუფლებაში მყოფებმა თავი შეზღუდულად იგრძნონ, ეს მეთოდი აკავებს დანაშაულს. ქართველებს არ გვაქვს სრულყოფილი საჯარო მექანიზმები, რითაც ხელისუფლების კონტროლს შევძლებთ, ამიტომ გვინდა, სიმართლე ხელისუფლებისგან ვიცოდეთ. თუ ხელისუფლება კოაბიტაციას ეფარება და ხალხის განწყობაზე წინ პოლიტიკურ მოტივებს აყენებს, ცდილობს, სამომავლო მიზნებისთვის გადაარჩინოს რომელიმე პოლიტიკური ძალა, რომელზეც ხალხმა უარი თქვა, ეს პოლიტიკური შეცდომაა და ამას ორ-სამ თვეში ნათლად დავინახავთ.

_ თქვენ ამბობთ, რომ პრემიერთან შეხვედრის საშუალება გაქვთ. თუ ესაუბრებით მას ამ ყველაფერზე და თუ გისმენთ?

_ ის არა თუ გვისმენს, მონაწილეობს კიდეც ამ პროცესებში. მას მიჰყავს ეს შეხვედრები. განვიხილავთ პრობლემებს, ვეძებთ გზებს, თითქმის ყველაფერში გვეთანხმება. ახლა იგეგმება შეხვედრა, რომელზეც ვისაუბრებთ, თუ რა უნდა გაკეთებულიყო და არ გაკეთდა.

საჯარო პირი ვარ, ამიტომ ის, რაც ხალხს აინტერესებს, იმ თემებზე ყოველთვის და ყველგან ღიად ვისაუბრებ; არ მაინტერესებს, ვინმეს ვაამებ თუ არა, საზოგადოების წინაშე ჩემი პასუხისმგებლობა მაქვს.

ვიტყვი ერთს: ადამიანი, რომელსაც ჩვენ შეიძლება პრემიერმინისტრობა ვანდოთ, ჩვენს შორისაა და ამიტომ გვმართებს, მას შევაგნებინოთ, ისწავლოს ხალხის გვერდით დგომა.  

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

1 COMMENT

  1. ეეჰ,ბატ.თემურ,ყველაფერი არის ძალიან ცუდად და რატომ არ ამბობთ,სააკაშვილის მონოპოლისტები უფრო გაძლიერდნრნ,არა არის ანტიმონოპოლიური სამსახური,ყველა მცირე თუ საშუალო ბიზნესი,რომელიც "ნიჭიერმა"ადიშვილმა გამოგონილი ჯარიმებით დაატერორა,სულს ღაფავს,"რეფორმირებული"იგივე,მოსამართლეები,მონოპოლისტების სასარგებლოდ,ადეIშვილის,უკაცრავად,გამომრჩა’ნიჭიერი"ადეიშვილის მიერ დაკისრებულ აბსურდულ ჯარიმებს ძალაში ტოვებენ,ხმას რატომ არ იღებთ,ბატონო დემურ?????

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here