Home რუბრიკები საზოგადოება ვასილ ჭიჭინაძე: 20 საუკუნეა, ათ მცნებას არ ასრულებს ხალხი და ივანიშვილის პირობას...

ვასილ ჭიჭინაძე: 20 საუკუნეა, ათ მცნებას არ ასრულებს ხალხი და ივანიშვილის პირობას დაუჯერებს?!

532

ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება დიპლომატი ვასილ ჭიჭინაძე.

_ ბატონო ვასილ, გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ ბიზნესცენტრში ექსპერტებს უმასპინძლა და თითქმის ოთხი საათი სტუმრებს თითის ქნევით ამუნათებდა, _ თქვენი შენიშვნები საფუძველს მოკლებულიაო. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ამ შეხვედრიდან და რამდენად მისაღებია თქვენთვის ის ტონი, რომლითაც პრემიერი საუბრობდა?

 

_ საერთოდ გაუგებარია, რა ნიშნით იყვნენ ის ექსპერტები შერჩეულნი. ძალიან მაინტერესებს, რატომ არ იყო იქ დემურ გიორხელიძე; კაცი, რომელიც პირდაპირ, დასაბუთებულად ამბობს, რომ ბანკები ხალხს ძარცვავენ. სწორად გამიგეთ, იმ მიწვეული ექსპერტების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ისინი სათქმელს ბოლომდე ვერ ამბობდნენ; თითქოს რაღაცით შებოჭილნი იყვნენ… შეიძლება ეს იმის ბრალიც იყო, რომ შეხვედრა პრემიერის რეზიდენციაში გაიმართა. ჩვეულებრივი ამბავია _ ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, სტუმარმა მასპინძელი ბოლომდე ვერ გააკრიტიკა. გარდა ამისა, აქ სხვა ფაქტორებზეც შეიძლება, ვილაპარაკოთ, მაგრამ თვითონ ივანიშვილის პოზიციაა საინტერესო. მას აშკარად არ ესიამოვნა შენიშვნები და ყველაფერზე ერთი და იგივე რიტორიკით პასუხობდა: რითი ასაბუთებ, რის საფუძველზე ამბობ და ა. შ. ეს არ არის მისაღები ტონი. პრემიერი რომ ხარ, ის მაინც ხომ უნდა იცოდე, რომ ექსპერტი გამოკითხვას ვერ ჩაატარებს?!

_ ამ შეხვედრაზე ყველაზე მეტი დრო, ფაქტობრივად, «ოცნების» წინასაარჩევნო დაპირებებს დაეთმო. პრემიერმა განაცხადა, რომ მათ, 11 თვეში რის გაკეთებაც შეიძლებოდა, ყველაფერი მაქსიმალურად შეასრულეს.

_ მაშინ ჩამოვთვალოთ პუნქტობრივად, რა გაკეთდა და რა არა: გადასახადების, დენის, გაზის ტარიფის მნიშვნელოვნად შემცირებას რომ გვპირდებოდნენ, შესრულდა? არ შესრულდა. საწვავი გაიაფდა? არ გაიაფდა. ახლა რაც შეეხება უმთავრეს დაპირებას _ სამართლიანობის აღდგენას, მანახეთ კონკრეტული შედეგი, ვის შეეხო ეს სამართლიანობა. მერაბიშვილი და ახალაია რომ დაიჭირეს, ესაა ყველაფერი?! ასობით და ათასობით დაზარალებულ ადამიანს ყურადღება არ უნდა?!

_ ქონებაწართმეულ ადამიანებს თუ გულისხმობთ, ამაზე პრემიერმა, ფაქტობრივად, გასაგები მინიშნება გააკეთა, ფული არ გვაქვსო.

_ ვთქვათ, მართლა არ აქვთ, ეს კიდევ გასაგებია, მაგრამ ხალხს მანქანები რომ წაართვეს და ახლაც სადგომებზე უყენიათ, ამას რა ფული უნდა, მიეცი და წაიყვანოს. გარდა ამისა, წინასაარჩევნო პერიოდში ივანიშვილი აცხადებდა, ჩვენ რომ მოვალთ, არც ერთი ოჯახი არ იქნება გამოსახლებულიო. დღეს რას შვრებიან ბანკები? _ პანტა-პუნტით ყრიან ხალხს სახლებიდან. აი, ზუსტად ამაზე ისაუბრებდა დემურ გიორხელიძე დასაბუთებულად, მაგრამ რატომღაც ის არ მიიწვიეს პრემიერთან შეხვედრაზე. თუ რატომ, თავად განსაჯეთ. ფაქტია, რომ იქ ადამიანების მხოლოდ ვიწრო წრე იყო წარმოდგენილი.

_ დაპირებები ახსენეთ და ივანიშვილი იმასაც ამბობდა, რომ მნიშვნელოვანი წინსვლა ორისამი წლის შემდეგ იქნებოდა. ჯერ ყველაფერი წინაა.

_ კი, მაგრამ ის მიდის, ვინ გააგრძელებს დაწყებულ საქმეს, ვინ რჩება? სხვათა შორის, სწორად უთხრა მას ვაჟა ბერიძემ, იმ 53 პროცენტიდან, 1 ოქტომბერს რომ მიიღეთ, 50 პირადად თქვენი იყოო. ახლა აქ მეორე მომენტიცაა: _ ეს 50-პროცენტიანი კაცი რომ მიდის და 3-პროცენტიან დანარჩენ კოალიციას გვიტოვებს, ჩვენ ხომ ვიცით, ისინი ხალხს არ აურჩევია? თუ მიდიხარ, კი, ბატონო, მაგრამ კეთილი ინებე და დაშალე ეს პარლამენტი. მერე ხალხმა ხელახალი არჩევნებით გადაწყვიტოს, ვისი ადგილი სადაა.

_ რამდენიმე დღის წინ სპორტის სასახლეში გამართულ ყრილობაზე ივანიშვილმა განაცხადა, მარგველაშვილის მხარდაჭერა ჩემს მხარდაჭერას ნიშნავსო. ზოგმა ეს განცხადება ამომრჩეველზე ზეწოლად შეაფასა. თქვენ რას ფიქრობთ?

_ გარკვეული ზემოქმედება, ალბათ, იყო, მაგრამ ეს არ არის მისი ერთადერთი განცხადება. როგორც კი მარგველაშვილი კანდიდატად დასახელდა, მსგავსი რიტორიკა მუდმივად გვესმის და გასაგებია, რა მიზნით აკეთებს ამას.

_ რა მიზნით?

_ რომ როგორმე ამოქაჩოს საკუთარი კანდიდატი. უცნაური მდგომარეობაა, ერთის მხრივ მოგიწოდებს, ხმა მიეცით ამას, ეს იგივე ჩემი ხმის მიცემააო და მეორე მხრივ გეუბნება, წავედიო. ახლა როგორ უნდა ვენდოთ ჩვენ ამ კაცს? 20 საუკუნეა ათი მცნებას არ ასრულებს ხალხი და ივანიშვილის პირობას დაუჯერებს?! ასევე საინტერესოა, რა კრიტერიუმებისა და დამსახურების მიხედვით აქებს ივანიშვილი მინისტრებს…

_ შეიძლება ერთგულების მიხედვით.

_ ალბათ, თორემ სხვა, აბა, საგარეო პოლიტიკა არ გივარგა, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტროები ვერაფერს აკეთებენ; კულტურის სამინისტროზე საერთოდ არაფერს ვამბობ… რომელი ერთია ქება-დიდების ღირსი?! აგერ წელიწადი იწურება, რაც ესენი არიან, მანახონ ერთი კონკრეტული შედეგი, გაკეთებული საქმე, რომელმაც რიგითი ადამიანების ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა.

_ რეჟიმი აღარ არის და სამართლიან არჩევნებს გვპირდებიან, ევროპას რომ შეშურდება ისეთს.

_ ეს ნებისმიერ შემთხვევაში მოხდებოდა, მაგრამ სხვა მხრივ რა გაკეთდა? საგარეო პოლიტიკა დარჩა იგივე? _ დარჩა. ადგილობრივ თვითმმართველობებში არიან «ნაციონალები»? _ არიან. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. ახლა ამასაც თავი დავანებოთ, ამათმა არც შიგნით რომ არ შეცვალეს არაფერი: იგივე საარჩევნო სისტემაა, იგივე სიები და პროცესიც ძველებურად მიდის. რას უნდა ველოდოთ? რატომ უნდა დავიჯეროთ ივანიშვილის განცხადება, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება, თუ ისევ ძველებურადაა ყველაფერი?! თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ ოცნებამ ან რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩაატაროს, ან ბაქრაძე მეორე ადგილზე გაიყვანოს, სხვა არჩევანი მას არ აქვს, რიგგარეშე არჩევნები კი ხელს არ აძლევს კოალიციის ურეიტინგო პარტიებს, რომლებიც ბარიერს მიღმა შეიძლება დარჩნენ. ხოლო თუკი ბაქრაძე მეორე ადგილზე გავა, რიგგარეშე არჩევნების თემა ავტომატურად მოიხსნება _ გამოვლენ და იტყვიან, მთლად ასეც არ ყოფილა, თურმე ამათაც ჰქონიათ რეიტინგიო. სხვანაირად ივანიშვილი ვერ «გააპრავებს» «ნაცების» 40 პროცენტს.

_ მეორე ტურის ალბათობაზე რას ფიქრობთ?

_ ვფიქრობ, არჩევნების მეორე ტური არ იქნება, ოღონდ არა იმიტომ, რომ რომელიმე კანდიდატი უკონკურენტოა და დიდი უპირატესობით მოიგებს, არა, უბრალოდ, ივანიშვილი არჩევნებს მეორე ტურამდე არ მიიყვანს! ივანიშვილი ვერ გარისკავს და ვერ დარჩება იმის იმედად, რომ ხალხი მის კანდიდატს ხმათა დიდი უმრავლესობით აირჩევს. მან ძალიან კარგად იცის, რა ხდება დღეს ქვეყანაში და რა განწყობა აქვს საზოგადოებას, ამიტომ პროცესებს თვითდინებაზე არ მიუშვებს. საბოლოოდ, თუ ყველაფერი ამათი სცენარით განვითარდა, ჩვენ აქ მივიღებთ შემდეგ სურათს: ივანიშვილის წასვლისთანავე კოალიცია დაიშლება, საპარლამენტო უმრავლესობაში მოხდება სერიოზული პოლიტიკური რეორგანიზაცია, რომელმაც შეიძლება საერთოდ თავდაყირა დააყენოს მთელი ეს პროცესები და მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს, ამჯერად უკვე თვითონ «ოცნებისგანაც», მიიღებს «ერთიანი ნაციონალური მოძრაობა».

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. მე ასეტი საქარტველო მეზიზგება ლამის,ნაციონალების გვერდიტ ცხოვრება მეზიზგება.ბიდზინა მოგალატის როლსჰი გამოდის უკვე მაგრამ მე იმდენად კმაყოფილი ვარ ნაცების ცჰამოცილებიტ სჰარსჰან არცჰევნებზე..მის მეტმა ვერავინ დაამარცხა ეს სატანა..ნუ სატანების პარპასჰის პერიოდსჰი ვარტ და რა გვესჰველება?..ვნახავტ ალბატ მომავალჰი მაგრამ…დავიგალეეტ,საქარტველო დასუსტდა,დაპატარავდა ამდენი………………..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here