Home რუბრიკები პოლიტიკა მიშიზმის დაისი თუ ზომბი-აპოკალიფსი?

მიშიზმის დაისი თუ ზომბი-აპოკალიფსი?

959

ორიოდე დღის წინ თბილისის აეროპორტში უცნაური სანახაობის ხილვა შეიძლებოდა. პირველად ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები პოლიციის საგანგებო დაცვის გარეშე შეიკრიბნენ, რათა აშშდან დაბრუნებულ თავიანთ ბელადს მისალმებოდნენ. თავისი მასშტაბით და სულისკვეთებით ეს თავყრილობა პატარა ტოტალიტარული სექტის რიტუალს მოგაგონებდათ, რომლის უკანასკნელი წევრები, ყველაფრის მიუხედავად, ასგზის მხილებული და ლაფში ამოსვრილი ,,გურუს» ერთგულებას მაინც ინარჩუნებენ. ამ სცენაზე მისი უკიდურესად ლოკალური და, საბოლოო ჯამში, მარგინალური ხასიათის გამო ყურადღება, ალბათ, არ უნდა გაგვემახვილებინა, თუმცა ის არცთუ ურიგო უვერტიურაა მსჯელობისთვის შემდეგ საინტერესო თემაზე: მიშა, მიშიზმი და მიშისტები, რა ელოდებათ მათ ხვალ?

 

წვალობს, როგორც შეუძლია

სააკაშვილი თბილისში ნიუ იორკიდან გაეროში სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაბრუნდა. არაფერი განსაკუთრებული, რაც საგანგებო განხილვას საჭიროებს, სააკაშვილს იქ არ უთქვამს, თუმცა საგულისმოა, რომ მან იქ სცადა, თავი ვლადიმერ პუტინთან და რუსულ იმპერიალიზმთან მედგარ მებრძოლად წარმოეჩინა. ეს მისი «დაცვის ხაზის» ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია; აგერ უკვე რამდენიმე თვეა, სააკაშვილის ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ მისი ხილვა განსასჯელთა სკამზე სწორედ რუსეთის პრეზიდენტს სურს, ხოლო საქართველოს ახალი ხელისუფლება თავისი გამოძიებებითა და ბრალდებებით მის დაკვეთას ასრულებს. ერთი შეხედვით, ეს (ადვოკატების გადასახედიდან თუ შევხედავთ) პერსპექტიული ტაქტიკაა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილს წაუყენებენ დამაჯერებელი მტკიცებულებებით გამყარებულ ბრალდებას ფულის მოპარვასთან ან, მაგალითად, ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით, რის შესაძლებლობაზე არაერთმა ექსპერტმა მიანიშნა, პუტინის ლანძღვა მას არ უშველის და დასავლეთში, დიდი ალბათობით, არავინ გამოესარჩლება.

ეს, ალბათ, არა მხოლოდ თავდაცვითი პოზიციაა შესაძლო იურიდიულ გართულებებთან დაკავშირებით; სააკაშვილი, მისი დღევანდელი დაბეჩავებული მდგომარეობის მიუხედავად, დიდ პოლიტიკაში, მეტიც ხელისუფლებაში, დაბრუნებაზე ოცნებობს, რაზეც ნათლად მიუთითებს ზოგიერთი მონაკვეთი მისი ბოლოდროინდელი ინტერვიუებიდან. შესაძლოა, ის ვარაუდობს, რომ მკვეთრი ანტირუსული პოზიცია მას საინტერესოს გახდის ვაშინგტონისთვის, იმ შემთხვევაში, თუ ოდესღაც მომავალში, ბარაკ ობამას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, თეთრი სახლი მოსკოვთან დაპირისპირებაზე აგებული პოლიტიკის გატარებას დაიწყებს და ამ კონტექსტში სააკაშვილს ხელისუფლების დაბრუნებაში დაეხმარება. ძნელია, დღეს ამას უწოდო რაციონალური გათვლა. ეს, ალბათ, მაინც უფრო უსაფუძვლო ილუზიებია, თუმცა თეორიული შანსი იმისა, რომ მომავალში, რაღაც მომენტში ყველა საშინაო თუ საგარეო ფაქტორი ერთმანეთს სააკაშვილის სასარგებლოდ დაემთხვევა, მაინც არსებობს. ასე რომ, მისი ამბიციები კვლავინდებურად დარჩება გამოწვევად ეროვნული უსაფრთხოებისთვის, რადგან საქართველოში სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის რესტავრაციის ნებისმიერი მცდელობა, პრაქტიკულად, გარანტირებულად დიდი სისხლისღვრით დასრულდება, არაერთმა ადამიანმა ამ საფრთხის გასანეიტრალებლად შეიძლება ხელში იარაღი აიღოს.

თუმცა ყოველივე ეს რეალობისგან ჯერჯერობით ძალიან შორს დგას. პოლიტიკური გვამის გაცოცხლება ზოგადად ძალიან რთული რამ არის, ამიტომ ქართულ პოლიტიკაში «ზომბი-აპოკალიფსის» სცენარების განხილვისგან, ალბათ, თავი უნდა შევიკავოთ. უფრო აქტუალური ამ შემთხვევაში შესაძლო სასამართლო პროცესისთვის სააკაშვილის წინასწარი მზადება ჩანს.

სააკაშვილს, სავარაუდოდ, იმედი აქვს, რომ, რაც უფრო მწვავედ გააკრიტიკებს პუტინს, მით უფრო დიდხანს ჩათვლის ზოგიერთი მისი პარტნიორი საზღვარგარეთ, რომ ის სასარგებლოა და არ დაივიწყებს მას, როგორც ეს უკვე არაერთმა დასავლელმა პოლიტიკოსმა, პოლიტოლოგმა თუ ჟურნალისტმა გააკეთა. მაგრამ «მთავარი ქართველი ანტიპუტინისტის» ტიტულის შენარჩუნება მისთვის რამდენიმეწლიან პერსპექტივაში არც ისე იოლი იქნება, რადგან მისმა უცხოელმა პარტნიორებმა შეიძლება ჩათვალონ, რომ ეს ლოზუნგები და პოლიტიკა, არასასურველია, არაპოპულარულ ფიგურას დაუკავშირდეს, რომლის დაბრუნება ხელისუფლებაში არარეალურია ან გაუმართლებლად დიდ დანაკარგებს უკავშირდება; რომ სააკაშვილი (თანაც მას სკანდალური სასამართლო პროცესი ემუქრება) შესაბამისი იდეების დევალვირებას ახდენს და მათ გამხმოვანებლად საქართველოში, თავის ფავორიტად სხვა პოლიტიკოსი შეარჩიონ. კრემლისთვის კი, პირიქით, მომგებიანია, რომ მას საქართველოში ყველაზე მწვავედ რაც შეიძლება არაპოპულარული და უპერსპექტივო პოლიტიკოსი აკრიტიკებდეს. იგივე ეხება არა მხოლოდ დაპირისპირებას პუტინის პოლიტიკასთან, არამედ პროდასავლურ პროპაგანდას: რაც უფრო მარგინალური იქნება მისი ყველაზე ხმაურიანი გამავრცელებელი საქართველოში, მით უკეთესი მოსკოვისთვის და უარესი ვაშინგტონისთვის; საგულისხმოა, რომ ყველაზე თანმიმდევრული ქართველი «მედასავლეთეები», აგერ უკვე რამდენიმე წელია, გამუდმებით ჩივიან იმის გამო, რომ სააკაშვილმა თავისი მოქმედებით თუ განცხადებებით მოსახლეობის დიდ ნაწილს დასავლეთზე გული აუცრუა.

რაც შეეხება ტაქტიკურ პერსპექტივას, საინტერესოა, როგორ გააცილებენ სააკაშვილს პოსტიდან მისი რადიკალური ოპონენტები. იმ დღეს ისინი აეროპორტში არ მისულან და მხოლოდ პარლამენტთან ფიტულის დაწვით შემოიფარგლნენ. მოუწევს თუ არა «ნაცმოძრაობის» ბელადს ხელისუფლებაში ბოლო თვის გატარება შიშში, დემონსტრანტების ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ? ეს დამოკიდებულია იმაზე, გაჩნდება თუ არა შესაბამისი განწყობა საზოგადოებაში, თორემ ახალი ხელისუფლება ყოველივე ამის ორაგანიზებაზე არ წავა; მეტიც, კოჰაბიტაციის ექსტაზში შესული, უცხოელი პარტნიორების დაჟინებული რჩევების კვალობაზე, შეიძლება იქამდეც კი მივიდეს, რომ სააკაშვილი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დაპატიჟოს, რის შემდეგაც «ქართული ოცნების» ამომრჩევლების დიდი ნაწილი თავს, სავარაუდოდ, ფრიად შეურაცხყოფილად იგრძნობს.

როცა მოუხმობთ პარტია

საუბარს «ნაციონალური მოძრაობის» უახლოეს პერსპექტივაზე ერთი ამოუცნობი ფაქტორი ართულებს. ჯერჯერობით გაუგებარია, რა ელოდება ყოფილ მაღალჩინოსნებს (რომლებთანაც გამოძიებას, სავარაუდოდ, სერიოზული პრეტენზიები აქვს) საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც დასრულდება ახალი ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ფაქტობრივი მორატორიუმი დაპატიმრებებზე. ამაზე მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იქნება, თუ ვინ გააკონტროლებს პარტიას, რომელიც, ფორმალური ერთიანობის მიუხედავად, გადაიქცა ცალკეულ ლიდერებზე მიბმული, ხშირ შემთხვევაში ერთმანეთზე გადამტერებული დაჯგუფებების კონგლომერატად. მაგრამ ჩვენ, პრინციპში, შეგვიძლია ვისაუბროთ ორ ძირითად სცენარზე, რომელთა ფარგლებში შეიძლება მოექცეს მოვლენათა განვითარების ყველა ვარიანტი _ ან შიდაპარტიულ ბრძოლაში გაიმარჯვებენ ძალები, რომლებიც გადააქცევენ «ნაცმოძრაობას» ისეთივე კომფორტულ და, ყველაფრის მიუხედავად, უწყინარ ოპოზიციად, როგორიც სააკაშვილის მმართველობის წლებში ქრისტიანდემოკრატიული პარტია იყო, ან «ნაცმოძრაობის» სათავეში სწრაფ რევანშზე და მუდმივი კრიზისის შექმნაზე ორიენტირებული ლიდერები მოვლენ. სხვათა შორის, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, «ნაციონალების» შეურიგებელი ოპონენტებისთვის უფრო სასურველი მეორე სცენარი ჩანს, რადგან მის ფარგლებში შეიძლება გაჩნდეს სიტუაცია (გადატრიალების მცდელობა და სხვ.), როდესაც «ნაცმოძრაობის» სრული განადგურების შესაძლებლობა მიეცემათ,   თუმცა ჯერჯერობით უფრო აქტუალური, ალბათ, პირველი სცენარია _ პარტიის გადაყვანა სათადარიგო ლიანდაგზე დავით ბაქრაძის მსგავსი ლიდერების მიერ; მისი, ასე ვთქვათ, «ქრისტიან-დემოკრატიზაცია», საფუძვლიანი რეკონსტრუქცია და მხოლოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ (სავარაუდოდ, არა ნაკლებ 5-7 წლისა) ხელისუფლებაში დაბრუნებაზე სერიოზული პრეტენზიის დაფიქსირება. 

ამ პერსპექტივებზე საუბრისას ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ «ნაცმოძრაობის» დაცემის და მისი რესურსების შემცირების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. შესაბამისად, ამოუცნობია ეფექტი, რომელსაც პარტიაზე ფინანსური რესურსებისა და მედიაზე გავლენის შემცირება, აგრეთვე, სავარაუდო სასამართლო პროცესები (შესაბამისი მტკიცებულებების გამომზეურებით) მოახდენს. სხვათა შორის, ამას წინათ, ერთ-ერთ სავსებით კომპეტენტურ წრეში სრული სერიოზულობით მსჯელობდნენ ერთ, არცთუ შორეულ წარსულთან დაკავშირებულ «საინფორმაციო ბომბზე», რომლის შესაძლო «აფეთქების» შემდეგ დავით ბაქრაძე, უბრალოდ, იძულებული გახდება, საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავისი კანდიდატურა მოხსნას (უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს ამ ნაბიჯისთვის კარგ საბაბს შეუქმნის), მაგრამ ეს რომც არ მოხდეს, საპრეზიდენტო და ადგილობრივ არჩევნებში «ნაციონალების» გამარჯვების შანსი, ნებისმიერ შემთხვევაში, ნული მთელი ნული მეათედია. ალბათ, მხოლოდ დიდი საარჩევნო ციკლის დასრულების შემდეგ (საპარლამენტო-საპრეზიდენტო-ადგილობრივი და ამასთანავე, რიგგარეშე საპარლამენტოს არჩატარების მყარი გარანტია) ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერებს (ისევე, როგორც ექსპერტებს) შესაძლებლობა მიეცემათ, მეტნაკლები სიზუსტით შეაფასონ ის რესურსი, რომელიც მათ ხელთ დარჩება. ჯერჯერობით კი საუბარი ამაზე ნაადრევია; შეუძლებელია, შეაფასო ზარალი, რომელიც ვულკანის ამოფრქვევას ან მიწისძრას მოჰყვა, მანამ, სანამ შესაბამისი სტიქიური უბედურება დასრულებული არ არის.

რაც შეეხება მათ ოპონეტებს, რომელნიც მიიჩნევენ, რომ ქართული პოლიტიკიდან «ნაცმოძრაობის» ამოშანთვის გარეშე ქვეყანას არაფერი ეშველება, მათთვის ყველაზე ლოგიკური ამ ვითარებაში ზეწოლის გაძლიერება, მისთვის უფრო დინამიური და კრეატიული ფორმების მოძებნა ჩანს. თუ ისინი  უახლოეს მომავალში საბოლოოდ არ გაასწორებენ მიწასთან მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის იმიჯს და არ მიაღწევენ იმას, რომ მათ საქართველოში შეხედონ, როგორც ნეონაცისტებს _ გერმანიაში ან «კუკლუკსკლანის» რასისტებს _ შეერთებულ შტატებში, მოკლედ, როგორც უკიდურეს მარგინალებს და პოლიტიკურ კეთროვნებს, მათ დასახული მიზნების მიღწევა თანდათან სულ უფრო გაუჭირდებათ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ყოფილი მმართველი პარტია უცხოელი პარტნიორების დახმარებით ,ქრისტიანდემოკრატიულ (აქ ისევ და ისე იგულისხმება გიორგი თარგამაძის გამოცდილება და არა შესაბამისი იდეები) შაბლონზე გადაეწყობა და საკუთარი წარსულისგან, ნაწილობრივ მაინც, დისტანცირებას მოახერხებს. «ნაცმოძრაობის» წინააღმდეგ მებრძოლი ჯგუფების მოქმედების ეფექტურობა, ალბათ, მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, თუ ისინი «ანტინაცისტურ საკოორდინაციო საბჭოს» (სახელწოდება, ცხადია, პირობითია) შექმნას მოახერხებდნენ, თუმცა შეძლებენ თუ არა ამის გაკეთებას, რთული სათქმელია; ცალკეული ლიდერების ამბიციებმა ამას შეიძლება ხელი შეუშალოს.

ამათმაც რა ქნან?

მიშიზმი არც მარქსიზმ-ლენინიზმია და არც (თუნდაც) ნაციონალ-სოციალიზმი, მთელი მისი თეორიული ბაზა რამდენიმე ათეულ სიტუაციურ ლოზუნგამდე დაიყვანება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ნიადაგზე არათუ სრულფასოვანი პოლიტიკური მოძღვრება, არამედ თუნდაც ორიგინალური დოქტრინა აღმოცენდეს (მაგალითად, ისეთი, როგორიც არგენტინაში ხუან პერონმა შექმნა). ასე რომ, საუბარი «ნაცმოძრაობაზე» მომავალშიც, ძალიან დიდი ალბათობით, მხოლოდ პოპულისტური ლოზუნგებით მანიპულირების კონტექსტში მოგვიწევს. ამასთანავე, მეტნაკლებად ქარიზმატული, დემაგოგიაში გაწაფული ლიდერის _ მიშას ან «ახალი მიშას» გარეშე. «მიშიზმი», რომელიც, არსებითად, ბელადისტური ტიპის ფენომენია, უბრალოდ, არ იმუშავებს.

ყველა, ვინც სააკაშვილის რეჟიმთან თანამშრომლობდა და მხოლოდ პირად გამორჩენაზეა ორიენტირებული, ადრე თუ გვიან მონახავს თავის ადგილს ახალ რეალობაში და ძველი თანაპარტიელებისგან არათუ დისტანცირებას მოახდენს, არამედ აქტიურად დაუპირისპირდება მათ. ეს პროცესი, დიდი ხანია, დაიწყო, ხანდახან საკმაოდ მახინჯ ფორმებს იღებს (მას ხანდახან აღწერენ, როგორც პარტიული მაისურების ტოტალურ გადაცმას) და მას უკვე შეუქცევადი ხასიათი აქვს. ადრე თუ გვიან, დარჩება მხოლოდ მცირე ბირთვი: ისინი, ვისაც უკან დასახევი გზა არ აქვთ, და ისინი, ვისაც, ძველად რომ იტყოდნენ, «იდეები აწუხებთ». მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ჯგუფი საკმაოდ მცირეა, მას, ალბათ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯგუფი ხელშესახებ პერსპექტივაში რამდენადმე სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემებს ვერ შექმნის, მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს პოზიტიური მიზნები, საერთო საქმის კეთების განცდა გაუჩნდეთ. თუ ჩვენ თვალს გადავავლებთ ორშაბათის სოციალურ ქსელებს და დავაკვირდებით მათ რეაქციას თანაინვესტორების ექსმილიარდიანი ფონდის პრეზენტაციაზე, ჩვენ ვერ დავინახავთ ვერც დადებით რეაქციას (ამას თავი დავანებოთ), ვერც ელემენტარულ დაინტერესებას ან საკითხის შესწავლის სურვილს, არამედ მხოლოდ შიშველ სიძულვილს და ნეგატივს, თითქოს საქმე მათი სამშობლოს, საქართველოს ეკონომიკას არ ეხებოდეს და ყოველივე მომხდარი რაღაც სხვა, უცხო, მათდამი მტრული რეალობის ნაწილია. ადამიანი არ შეიძლება ცხოვრობდეს სიძულვილში; არ შეიძლება საზოგადოების თუნდაც მცირე ნაწილი ასეთ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდეს და, ალბათ, გადასადგმელია რაღაც შემრიგებლური, ასე ვთქვათ, თერაპიული ხასიათის ნაბიჯები იმისთვის, რომ მათ ახალ რეალობაში სრულფასოვანი ინტეგრირება შეძლონ (აქ, ცხადია, არ იგულისხმებიან ისინი, ვინც წარსულში მძიმე დანაშაული ჩაიდინეს). რაც შეეხება მათ პოლიტიკურ თუ კვაზირელიგიურ შეხედულებებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი აბსოლუტურად მიუღებელია საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, საქართველო (იდეაში) დემოკრატიული სახელმწიფოა და ლოცვას სააკაშვილის პორტრეტის წინ ვერავის აუკრძალავს.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here