Home რუბრიკები პოლიტიკა მერაბ შათირიშვილი: «ნაციონალურ მოძრაობას» არა კოაბიტაციის, არამედ მხოლოდ გადარჩენისა და რევანშის სურვილი...

მერაბ შათირიშვილი: «ნაციონალურ მოძრაობას» არა კოაბიტაციის, არამედ მხოლოდ გადარჩენისა და რევანშის სურვილი აქვს

614

სახელმწიფო, ისევე როგორც საზოგადოება, ერთ ცოცხალ ორგანიზმად შეიძლება აღვიქვათ. ამგვარად, მისი არსებობისა და განვითარებისთვის ქვეყნის ძლიერი საფუძველია საჭირო. ქვეყნის სიმყარე კი, უპირველესად, ხელისუფლების მიერ გატარებული წინდახედული პოლიტიკითა და ჯანსაღი ეკონომიკური გარემოთი იზომება. რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში, რა გავლენას ახდენს კოაბიტაცია ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მიმდინარე პროცესებზე და ურთიერთთანამშრომლობის ნიადაგზე, რამდენად შეერწყა ერთმანეთს ძველი და ახალი ხელისუფლება ისე, რომ საზოგადოების თვალში სიჯანსაღე კიდევ უფრო დაკარგა, _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» მწერალი მერაბ შათირიშვილი ესაუბრა.

 

_ ბატონო მერაბ, მაშინ, როდესაც ხალხი დღევანდელი ხელისუფლებისგან «ნაცების» მკაცრ გასამართლებას და დასჯას მოითხოვდა, «ქართული ოცნება» მათი შესრულების მყარ გარანტიებს იძლეოდა, ახლა კი წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შესაშურად თანაცხოვრობენ და თანამშრომლობენ. როგორ ფიქრობთ, დღევანდელი მთავრობის ერთგვარი სისუსტე ხომ არ მჟღავნდება ამ კოაბიტაციაში?

_ მიუხედავად იმისა, რომ კოაბიტაციის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ «ქართული ოცნება» «ნაციონალურ მოძრაობასთან» არანაირ კოაბიტაციაში არ შესულა. მიუხედავად დასავლეთისა და ევროპის სურვილისა, ჩამოყალიბებულიყო ჯანსაღი თანაცხოვრება ჩვენი ქვეყნის ყოფილ და ახალ მთავრობებს შორის, ეს არ მომხდარა, რადგან «ნაციონალურ მოძრაობას» (წინა ხელისფლებას) ამის არანაირი სურვილი არ ჰქონია. ამ პოლიტიკურ ძალას აქვს არა კოაბიტაციის, არამედ მხოლოდ გადარჩენისა და რევანშის სურვილი, აქედან გამომდინარე, კოაბიტაცია, მისი ჯანსაღი გაგებით, დღესდღეობით საქართველოში არ არსებობს.

საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ სამართლიანობის სრულად არ აღდგენა და წინასაარჩევნო დაპირებების გარკვეულწილად შეუსრულებლობა კოაბიტაციის შედეგია, მაგრამ მერწმუნეთ, ასე ნამდვილად არაა. თანაარსებობა და სამართლიანობის აღდგენა სრულებით არ ემიჯნება ერთმანეთს. კოაბიტაცია დამნაშავეს ვერ იხსნის სასჯელისგან. ვინც არ უნდა იყოს, პრეზიდენტი, პრემიერი თუ რომელიმე მინისტრი, დანაშაულის შემთხვევაში, აუცილებლად პასუხს აგებენ კანონის წინაშე.

_ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ძველ და ახალ ხელისუფლებებს შორის დამყარებულმა ურთიერთთანამშრომლობამ სხვა რელსებზე აქტიურად იწყო გადასვლა. თითქოს კოაბიტაციური პროცესები ყოფილ და ამჟამინდელ ხელისუფლებათა შერწყმაში გადაიზარდა

_ კოაბიტაციას თვითონ «ნაციონალური მოძრაობა» უკეთებს ცუდ ინტერპრეტაციას. მათი გაგებით, კოაბიტაცია თურმე წინა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ყველაფრის პატიებას ნიშნავს. მათი აზრით, თურმე არ უნდა დავიჭიროთ მერაბიშვილი, უგულავა სასამართლოში ეჭვმიტანილის სტატუსით არ უნდა დავიბაროთ, თურმე მათ ის შეჭმული თანხები, ახალგაზრდების მკვლელობები, 26 მაისი და მრავალი სხვა უბედურება უნდა შევარჩინოთ, რომლითაც ფეხქვეშ გათელეს და მიწასთან გაასწორეს მთელი ქართული საზოგადოების სახელი და ღირსება. მათ კოაბიტაციის შემდეგი გაგება აქვთ: გადავიხდი იმდენს, რამდენსაც მეტყვით, ოღონდ სასამართლოში ნუ დამიბარებთ და ნუ მომისჯით სასჯელს. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ კოაბიტაციამ სხვა სახე მიიღო და ის ნებით თუ უნებლიეთ შერწყმაში გადაიზარდა, მაგრამ მე გეტყვით, რომ ეს ასე არ არის. უბრალოდ, მიდის პოლიტიკური ფილტრაცია. ყველაფრის ფილტრი კი თვითონ საზოგადოებაა.

_ მოგეხსენებათ, ქვეყნის შენების საფუძველი ჯანსაღი ეკონომიკური გარემოა, რაც თავისთავად თავისუფალ კონკურენციასა და ბაზარზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს. ამ მხრივ კი ამჟამინდელ ხელისუფლებას უკვე თითქმის ერთი წლის თავზე დასაკვეხნი არაფერი გაუკეთებია. ამგვარი გარემოება კი ქვეყანაში თურქებისა და ირანელების შემოდინებას უწყობს ხელს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც რუსეთთან ჯერ კიდევ გაურკვეველი ურთიერთობა გვაქვს. რა კატასტროფული შედეგები შეიძლება მოუტანოს ამგვარმა პროცესებმა ჩვენს ქვეყანას და როგორ შეიძლება ვითარების გამოსწორება?

_ თურქებისა თუ ირანელების დიდი ნაკადი გამოწვეულია იმით, რომ რუსეთთან ჯერ კიდევ არ გვაქვს ჩამოყალიბებული ურთიერთობა. ქართველი ბიზნესმენების დიდი ნაწილი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ჯერ კიდევ გაუწმენდელი, დაურეგულირებული ბაზარი და პოლიტიკა არ არის სწორი და მომგებიანი ჩვენთვის. ეს კი ქვეყნებს შორის სხვადასხვა ტიპის ურთიერთობისას თავის შეკავებას იწვევს. ბიზნესის საფუძველი სწორედ იქაა, სადაც ქვეყნებს შორის კარგი დამოკიდებულებაა. რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები ინვესტიციებს საქართველოში შეგნებულად არ ჩადებენ, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ ამით, მოგების ნაცვლად, საშინლად დაზარალდებიან. სწორედ ამგვარი სიტუაცია უწყობს ხელს თურქებისა და ირანელების დიდი რაოდენობით შემოდინებას საქართველოში.

ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გამკაცრდეს სავიზო რეჟიმი, სხვაგვარად არ შეიძლება. ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რა ხდება თურქეთსა და ირანში ქართველებთან მიმართებაში. გამარტივებული სავიზო რეჟიმი მოსაზღვრე ქვეყნებს შორის, ერთის მხრივ, მომგებიან ბიზნესურთიერთობას ქმნის, მაგრამ, მეორე მხრივ, ქართული გენოფონდისთვის კატასტროფული შედეგების მომტანია. აღმოსავლეთის ქვეყნები ჩვენი გენოფონდის ხარჯზე ცხოვრებას იადვილებენ, კეთილდღეობას იქმნიან, ფულს შოულობენ და ბიზნესს აკეთებენ. საქართველოსთვის კი ეს ყველაფერი კატასტროფული შედეგების მომტანია.

ამ პროცესებთან დაკავშირებით აქტიურად უნდა იმსჯელოს ახალმა მთავრობამ და ეს ყველაფერი, რაც შეიძლება მოკლე დროში, აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს. დღეს ახალი ხელისუფლება, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრ საკანონმდებლო ინიციატივას შეფერხებებით ამტკიცებს. როგორც კი 27 ოქტომბერს საქართველოში ორხელისუფლებიანობა დასრულდება და არ იქნება ისეთი ხელისშემშლელი ფაქტორები, როგორიცაა ვეტოების დადება და ცინიკური დამოკიდებულება საკუთარი ხალხის მიმართ, მართლები ვიქნებით, თუ ამგვარ დელიკატურ საკითხებზე პასუხს არსებული ხელისუფლებისგან მოვითხოვთ.

ესაუბრა

შორენა ღვაჩლიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here