Home რუბრიკები პოლიტიკა “ჩვენი ვაიპოლიტიკოსები დასავლეთის გულის მოსაგებად ყველაფერზე ხელს აწერენ”

“ჩვენი ვაიპოლიტიკოსები დასავლეთის გულის მოსაგებად ყველაფერზე ხელს აწერენ”

760

პრეზიდენტის არჩევნები ახლოვდება. მოსახლეობა გაფაციცებით ადევნებს თვალყურს კანდიდატების გამოსვლებს, მათ წინასაარჩვენო ლოზუნგებსა და პიარკამპანიებს; სახელისუფლო კანდიდატის კამპანია ძალიან ჰგავს წინა ხელისუფლებისას, «ოცნებაც» კონცერტებისა და ცეკვათამაშის ფონზე ცდილობს, ახალგაზრდების გულის მოგებას, რაც ძალიან ადვილია, მაგრამ რა გითხრათ უფროს თაობაზე, რომელიც უკვე აღშფოთებას ვეღარ მალავს იმის გამო, რომ არც ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე არ საუბრობს. აქამდე რაღაც მონახაზი მაინც ჰქონდათ, თუნდაც ტყუილად და ხალხის თვალის ასახვევად, მაგრამ დღეს თითქოს პირი შეკრეს და აღაფერს საუბრობენ. ვითომ სიურპრიზს გვიკეთებენ და, სულ რომ არ ველოდებით, ისე დააბრუნებენ დაკარგულ მიწაწყალს? ამ აზრსაც აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ხალხს სულ სხვა რამის ეშინიამომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, სწორ გზაზე, რომელსაც საქართველო უნდა დაადგეს, არჩევანზე, რომელიც აუცილებლად უნდა გაკეთდეს, სიმართლეზე, რომელიც უნდა გაირკვეს… «საქართველო და მსოფლიოს» ჯუმბერ პატიაშვილი ესაუბრება.

 

_ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში რაც არჩევნები ჩატარდა, ყველა დანაშაულებრივი იყო და დღეს თითქმის არავის სჯერა, რომ არჩევნები ობიექტურად ჩაივლის. აუცილებლად უნდა გამოიძიონ განვლილ წლებში არჩევნებთან დაკავშირებული დანაშაულებრივი მანიპულაციები  და სათანადოდ შეაფასონ.

ამ მანიპულაციათა გამო, ამომრჩეველთა დიდი ნაწილიც თავისდაუნებურად დანაშაულებრივი მოქმედებების მონაწილე გახდა.

დასავლეთში რომ გაიძახიან, 1 ოქტომბერს არჩევნებით ხელისუფლების გადაბარება დიდი მიღწევა იყოო, ეს ასე სულაც არ არის; უბრალოდ, ის ადამიანები, რომლებიც ხალხის ნებაში ხელებს აფათურებენ და გვიგეგმავენ, რა უნდა გავაკეთოთ, მიხვდნენ, რომ პროცესები შორს წავიდა და უნდა შეეჩერებინათ. სულ ეს იყო.

 ქვეყანა სწორ გზას არ ადგას. ანტიდასავლური ორიენტაციის არ ვარ ან რატომ უნდა ვიყო?! არც ჩვენი წინაპარი იყო დასავლეთის წინააღმდეგი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ ყველა ამორალური, ანტირელიგიური, ანტიადამიანური წესი დაამკვიდრო, რომელსაც დასავლეთი თავს გახვევს. ჩვენი ვაიპოლიტიკოსები დასავლეთის გულის მოსაგებად ყველაფერზე ხელს აწერენ, საინტერესოა, რატომ დადიან ისინი ასე ხშირად ვაშინგტონსა და ბრიუსელში, ჩამოდიან და იქ დამოძღვრილები ათას საძაგლობას გვიქადაგებენ. ქართველი პოლიტიკოსები მაკკეინის დარიგებებს უსმენენ, არა მგონია, მაკკეინს უფრო უყვარდეს ჩვენი ქვეყანა, ვიდრე ქართველს. მას სისხლის დაღვრის სურვილი აქვს, ეს მარტო რუსეთის სიძულვილიდან არ გამომდინარეობს, ის ასეთია და მისი ბიოგრაფია ამის დასტურია.

_ ბატონო ჯუმბერ, როგორ ფიქრობთ, დღეს ხელისუფლებაში მყოფი რომელიმე პარტია თუ შეძლებს ჩვენი ქვეყნის ფეხზე დაყენებას?

_ დააკვირდით, როგორ გაქრა აფხაზეთის თემა პოლიტიკოსების გამოსვლებიდან, ვინმე ახსენებს აფხაზეთის პრობლემას? როგორ შეიძლება, რომ სამომავლო კეთილდღეობაზე მზრუნველმა, მომზადებულმა პოლიტიკოსმა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემა წინ არ წამოსწიოს?! ეს საკითხი თუ უმთავრესი არ იქნება, ჩათვალეთ, რომ ყველაფერი ფუჭია და ყველა მორიგი ხელისუფლება იქნება მონამორჩილი იმ ქვეყნებისა, რომელთა ჩარევითაც ისინი მოდიან და ფინანსდებიან.

მინდა, დაფინანსებაზე ვთქვა: რატომ არავინ კითხულობს, ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია საიდან ფინანსდება? არის ასეთი ცნობილი ფორმულა: «არც ერთი დოლარი არ გაიცემა გარკვეული პოლიტიკური დაკვეთისა და ინტერესის გარეშე». არავინ დაიჯეროს, რომ რომელიმე ქვეყანა იზრუნებს საქართველოში დემოკრატიის დამკვიდრებაზე. პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესს წინა პლანზე არ წამოწევს და არ გაითვალისწინებს არსებულ რეალურ სიტუაციას, რომლის გარეშეც დაკარგული ტერიტორიების აღდგენა შეუძლებელი იქნება, მხარდაჭერის არავითარი სურვილი არ მაქვს. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეუძლებელია იქ მცხოვრები ადამიანების ჩვენთან თანაცხოვრების სურვილის გარეშე. ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს თვალს თუ გადავავლებთ, არა მგონია, ვინმეს აქ ცხოვრების სურვილი გაუჩნდეს.

არ ვიცი, ქართველ პოლიტიკოსებს რატომ უჭირთ იმაზე საუბარი, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის გარეშე ქვეყნისთვის უმთავრესი პრობლემა არ მოგვარდება.

_ სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემამ მესამე ადგილზე გადაინაცვლა. არის თუ არა ეს ქართულ მენტალიტეტზე უარყოფითი ზემოქმედების შედეგი?

_ რა თქმა უნდა, არის. მესამე ადგილზე გადავიდა კი არა, ზოგიერთს აღარც ახსოვს, რომ ტერიტორიები დაკარგული გვაქვს, მათ შორის, თავად ლტოლვილებსაც. ეს თემა სხვა უმნიშვნელო საკითხებით გადავფარეთ და, რაც დრო გადის, მივიწყებას მიეცა. ჩემთვის აფხაზეთი მარტო ნოსტალგია არ არის, ჩემი წარსული და ისტორიაა. არ მომწონს ის, რომ ჩვენს საზოგადოებაში არ შეიძლება ადამიანმა გამოთქვას საკუთარი, რეალური მოსაზრება, ჩამოაყალიბოს გეგმა იმისა, რომლითაც შესაძლებელია ტერიტორიების დაბრუნება.

_ ბატონო ჯუმბერ, თქვენ საუბრობდით სამართლიანობის აღდგენაზე, დანაშაულზე და იმაზე, რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. როგორია თქვენი სიმართლე, რა დანაშაულზე საუბრობთ?

_ დანაშაული იყო სამოქალაქო ომი, რომლის საფუძვლიანი კვლევა არ ჩატარებულა _ დამნაშავე არ გამოვლენილა. ასევე არ გამოუკვლევიათ მთელი ამ წლების განმავლობაში არჩევნებში ჩადენილი დანაშაულები, დანაშაული იყო ქონების გადანაწილებაც.

საქართველოში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება ერთ საქმეს ემსახურებოდნენ. დავასახელებ თუნდაც მეტრომშენებლებს, რომლებმაც წლები მიწის ქვეშ გაატარეს, ამოვიდნენ იქიდან და 8 ლარი დაუნიშნეს პენსია. ამ დანაშაულის ჩამდენთა სახელებისა და გვარების გარკვევა იოლი არ არის, მაგრამ შესაძლებელია. საქართველოს ქონება ისე აქვთ გაცემული და გასხვისებული, რომ ერთ ნათესაურ წრეში ტრიალებს.

 ქვეყანაში ლითონი აღარ დარჩა, მახსოვს, ფერადი ლითონის გატანაზე საკითხი დაისვა, იყო ასეთი პიროვნება შადმან ვალავი, ავანტიურისტი, რომელიც საქართველოს კატეგორიულად სთხოვდა, ფერადი ლითონის გატანის შესახებ კანონი მიეღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო ბანკიდან დაფინანსებას ვერ მიიღებთო.

ერთი უმთავრესი პრობლემა კი ჩვენი ქვეყნისთვის ეს კრედიტებია, რომელთაც ასე უხვად გვაძლევენ. შენ, ქართველო, უსინდოსო მოქალაქევ, რომ მიიღე ეს კრედიტები და არაფერში გამოიყენე, არ ჩადე სოფლის მეურნეობაში, ჯანდაცვაში, მრეწველობაში, რატომ წაიღე? სად წაიღე? ვის ჯიბეში ჩავიდა? ამ საკითხებს გამოძიება და თავისი სახელის დარქმევა სჭირდება.

ქვეყანას 12 მილიარდი ვალი აქვს, ამას გადახდა არ უნდა? ბიუჯეტის ზრდაზე რომ საუბრობენ, ბიუჯეტი რით უნდა გაიზარდოს? თქვენ, ჟურნალისტები ამით რატომ არ ინტერესდებით? არ არსებობს წარმოებები, ამიტომ შემოსავალი სხვა გზებიდან უნდა ეძებონ; ერთ მშვენიერ დღეს, კი ბიუჯეტი ბუშტივით გასკდება.

ყველა პიარკამპანია, რომელსაც ახლა აწარმოებენ და არჩევნებსაც იგებენ, ტყუილია. ამერიკა ფულს მოგვცემს, მაგრამ აუცილებლად მოაყოლებს მითითებას, თუ რა უნდა გააკეთო, რაში დახარჯო და რაში არა, დავალების შესრულება კი ყოველთვის შენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იქნება მიმართული. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვკარგავთ ყველაფერს _ თავისუფლებასაც და ეკონომიკასაც.

სოფელ წეროვანში, სადაც ვცხოვრობ, 60 ჰექტარი მიწა გაიყიდა, რომელსაც მოსახლეობა საძოვრებად იყენებდა. გამგეობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული მიწა პრივატიზებიდან იყო ამოღებული, მაგრამ თურმე შარშან კვადრატული მეტრი 3 თეთრად ვიღაც არაბისთვის მიუყიდიათ, რომელიც ახლა მოსახლეობას ეუბნება, რომ ბინები და საწარმოები უნდა ავაშენოო, ხალხი თითქოს სამსახურებს ელოდება, მაგრამ არავინ იცის, ეს როდის მოხდება, ამ დროისთვის კი მათ საარსებო აღარ დარჩათ. ეს თანხა ვინ წაიღო და მიითვისა, კაციშვილმა არ იცის. ამას საგაზეთოდ იმიტომ ვამბობ, რომ ძალიან მაწუხებს.

ქვეყანაში გაუქმდა ინსტიტუტები, მიითვისეს და გასიებულები ტელევიზიიდან ჭკუსაც გარიგებენ. ეს არ არის დანაშაული, რომელსაც გამოძიება სჭირდება? ისინი სიბინძურით გამოირჩევიან და შენ ამ სიბინძურეზე პასუხსაც ვერ სცემ. არადა, ყველამ ყველაფერი იცის. ქართული თავმოყვარეობა, ზნეჩვეულება იკარგება.

 მომავალს იმედის თვალით მაშინ შევხედავ, თუ იმას, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, სამართლებრივი სახე მიეცემა.

_ ბატონო ჯუმბერ, რას იტყვით, საქართველორუსეთის ურთიერთობასა და ნატოში ინტეგრაციაზე?

_ რუსეთის ფაქტორზე მინდა ვისაუბრო. ყველა ადამიანმა სათქმელი პირდაპირ უნდა თქვას. განსაკუთრებით რუსებს ძალიან უყვართ პირდაპირ საუბარი. მათთან უნდა დაჯდე და ჰკითხო, რა უნდათ, რას ითხოვენ. ქართველი პოლიტიკოსები სულ ამერიკაში დადიან და იქ რაღასაც ეძებენ… აი, მაგალითად,  შეუძლებელია, არ ვახსენო ზურაბ ხარატიშვილი, რომელმაც ერთი კვირით ადრე პრესკონფერენცია გამართა, არჩევნებზე ისაუბრა, მერე ამერიკაში წავიდა,  დაბრუნდა და პრეზიდენტობის სურვილი გამოთქვა. დღეს რა განცხადებებსაც აკეთებს, ამის შეფასებას არ ვაპირებ, მაგრამ რა ძალა ამოუდგა მხარში?! რა არის ეს? ვისთან არის დაკავშირებული? რას აძლევენ ამისთანას ამერიკაში, რა იდეოლოგიური დატვირთვა აქვს ამერიკელების დარიგებას ისეთი, რომ საქართველოს გადარჩენაზე საუბრობს ყველა იქიდან დაბრუნებული, ვერ ვხვდები!

ვთვლი, რომ ნამდვილი სახალხო გამოკითხვა ნატოს შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით ხელახლა უნდა ჩატარდეს.

საარჩევო კომისია დანაშაულებრივი სტრუქტურაა, რომელიც, რასაც უნდა, იმას აკეთებს, ანუ რასაც უბრძანებენ. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობს. საარჩევნო კომისიის სიყალბეზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ რეფერენდუმის დღე მინდა გავიხსენო, დღე, როდესაც ქართველ ხალხს უნდა გადაეწყვიტა, გვინდოდა თუ არა ნატოში შესვლა. გახსოვთ, ალბათ, თავდაპირველად 62 პროცენტი გამოქვეყნდა, მაგრამ დასავლეთმა არ მოიწონა და უცბად 75 პროცენტი გახდა. თუ შენ ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრობ და ნამდვილად გინდა დაბრუნება, რეფერენდუმში რატომ არ ითვალისწინებ აფხაზებისა და ოსების აზრს? ამ ტერიტორიებზე ხომ არ ჩატარებულა რეფერენდუმი, იქაურ მოსახლეობას ხომ არ გამოუხატავს საკუთარი მოსაზრება? ისინი ნატოში შესვლას მხარს არასოდეს დაუჭერენ, შენ კი ეს ზუსტად იცი და კიდევ უფრო უპირისპირდები აფხაზს, ოსს და რუსს, აქედან ლოგიკური დასკვნის გაკეთება შეიძლება _ შენ არ გინდა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება!

_ ბატონო ჯუმბერ, ალექსანდრე ჭაჭიამ გაზეთ «საქართველო და მსოფლიოსთან» საუბარში ფრიად არასახარბიელო პროგნოზები გააკეთა და ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი გააკრიტიკა.

_ ალექსანდრე ჭაჭია ნიჭიერი კაცია, ის პოლიტოლოგიც არის, მეცნიერიც, მას ძალიან საინტერესო ხედვა აქვს. ვინც თვალყურს ადევნებს მის გამოსვლებს, ინტერვიუებს წლების განმავლობაში, ყველა დამეთანხმება, რომ მისი ყოველი სიტყვა მართლდება, რასაც 15-20 წლის წინ ამბობდა, გამართლდა. ის ამჯერადაც არ შეცდება. მის მოსაზრებებს კარგად ვიცნობ, ვიზიარებ და სამწუხაროდ, ვეთანხმები, რომ არცთუ ჩვენთვის სასურველ კონტექსტში ყველაფერი წინ დაგვხვდება.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here