Home რუბრიკები პოლიტიკა ბიბი წავა და ჩვენ მოვალთ…

ბიბი წავა და ჩვენ მოვალთ…

696

დიახ, ამისთვის მართლაც ღირდა 41-ის შემოხაზვა!  ხელკეტისთვის თავის მიშვერაც, ციხის ხეხვაც, უმუშევრობაც, ყოველდღიური მუქარის ატანაც და ანგარიშსწორების მოლოდინიც! ხო, აბა, ჩვენ ვინ ვართ _ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოსების გამარჯვებისთვის შექმნილი მასა, ბრბო, რომელსაც შემდეგ არჩევნებამდე ფეხებზე იკიდებენ და დასცინიან, მიუხედავად იმისა, უმრავლესობაში არიან თუ ოპოზიციაში! ჩვენ არაფერი ვართ, ისინი _ ზეპური საზოგადოება, რომლის დანიშნულება ოთხ წელიწადში ერთხელ დაპირებების დარიგება და შემდგომ არჩევნებამდე მათი გულდაგულ დავიწყებაა.

საინტერესოა, შარშან, სექტემბერში ვინმესთვის რომ ალალად ეთქვათ, რასაც ახლა გპირდებით, გაის ამ დროს «ნიჩურტა» იქნებაო, ხალხი მაინც მისცემდა ხმას? ალბათ, კი, რადგან «ნაცბანდის» დარჩენას ყველაფერი ერჩივნა, თუმცა თვალებში ასეთი ნაცრის შეყრით კმაყოფილს დღეს ნაკლებად ნახავ.

შარშან, როცა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში დროებით მოვიდა, არავის უფიქრია, რომ ეს «დროებით» ასეთი ხანმოკლე იქნებოდა. ხომ ცნობილია, რომ არაფერია ისეთი მარადიული, როგორც «დროებითი» გადაწყვეტილებები!

ასე იყო თუ ისე, ბიძინა ივანიშვილმა ჯერ თქვა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ წავალო, მერე _ თუ მარგველაშვილს არ აირჩევთ, უფრო მალე წავალო! უფრო მალე, ალბათ, რამდენიმე საათია, მაგრამ ასეც და ისეც ის წასვლას აპირებს, ხოლო ჩვენ «თავისუფლების ინსტიტუტის» კურსდამთავრებულებს გვიტოვებს!

ისინი დღეს უმრავლესობაშიც არიან და ოპოზიციაშიც, მათ ერთი წყარო და საწყისი აქვთ. თითქოს პირველ-მეორეზე გაითვალეს და ასე გადაჯგუფდნენ «ნაცმოძრაობასა» და «ქართულ ოცნებაში»! მათი ეს მოძრაობები, კარგად რომ დავაკვირდეთ, უცნაურ ხორუმს წააგავს: «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» სათავეებთან, დღეს საძულველად ქცეულ სააკაშვილთან ერთად, ამჟამად «მეოცნებეების» იდეოლოგიურ რუპორად ქცეული ლევან ბერძენიშვილიც იდგა.

«ყველაზე ძველი» პარტიის უხუცესი წევრი იმთავითვე ორ სკამზე ჯდომის სიყვარულში იყო შემჩნეული; ხან საბჭოთა რეჟიმს «ანგრევდა», ხან კი საკუთარ წერილობით აღიარებაში ხაზგასმით მიუთითებდა: «ჩვენ დავუბრუნდით ჩვენს საზოგადოებას, ჩვენ გვახარებს ჩვენი დიდი ქვეყნის წარმატებები და განსაკუთრებით ყველაფერი კარგი, რაც ჩვენს რესპუბლიკაში კეთდება ბოლო წლებში.

მინდა დიდი მადლობა ვუთხრა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებს, განსაკუთრებით კი სამძებრო განყოფილების გამგეს, პოლკოვნიკ ა. მირიანაშვილს და გამომძიებელს, კაპიტან გ. ცინცაძეს, რომლებმაც მამაშვილური და მეგობრული, ჰუმანური დამოკიდებულებით საშუალება მომცეს, ამეხსნა ჩემი სულისთვის ეს მძიმე ტვირთი და მეღიარებინა ჩემი დანაშაული. ველოდები დამსახურებულ სასჯელს და იმედი მაქვს, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ რაიმეთი მაინც გამოვადგები ჩემს ერს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საბჭოთა ხალხს და მის იდეალებს. როგორც იქნა, ჩემი სინდისი სუფთაა».

სინდისი დღესაც «სუფთა» აქვს; აბა, როგორ დაგესვრება ის, რაც არ გაქვს?!

ასეთი იყო და ასეთად დარჩა; როცა გუნებაში მოუვა, ილია ჭავჭავაძეს არ ცნობს, როცა დასჭირდება, მის ციტატებს წამოისვრის! როცა უნდა, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლია, როცა უნდა, ამ დამოუკიდებლობას ბრჭყალებში სვამს; როცა გაეხარდება, «უძველესი პარტიის» დამფუძნებელია, როცა არა _ «არარსებულ» პარტიას უწოდებს: «იმისთვის, რომ ჟურნალის მკითხველისთვის თავიდანვე ცნობილი არ გამხდარიყო მის ავტორთა რიცხობრივი სიმცირე და სისუსტეები, თვითნაბეჭდი ჟურნალი გამოცხადდა არარსებული პარტიის ორგანოდ, ხოლო «პარტიას» მოეძებნა პომპეზური და პრეტენზიული დასახელება _ საქართველოს რესპუბლიკური პარტია» (ლ. ბერძენიშვილის აღიარება).

ივანიშვილის განცხადებისთანავე პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, ამ «მოღვაწემ» იმდენი ლაფი დაასხა «ოლიგარქს», რომ «ქართულ ოცნებაში» მისი მყისიერი შესრიალება იმათაც კი გაუკვირდათ, ვინც კარგად უწყოდა მისი სრული უპრინციპობის შესახებ. ზედმეტი პატივია ამ ოდიოზური, პოლიტიკას მიტმასნილი პირის შესახებ კიდევ ერთხელ წერა, მით უფრო, რომ ყველამ კარგად იცის მისი რეალური ღირებულება, მაგრამ მას დღესაც ყოფნის უტიფრობა, პრეტენზიები სხვებს წაუყენოს.

დღეს მისი ესტაფეტა დავით უსუფაშვილმა გადაიბარა და ქართული დემოკრატიის ამოცანად «ნაციონალური მოძრაობის» გადარჩენა გამოაცხადა. ხალხო, არ დაუჯეროთ, რომ კოჰაბიტაცია ვინმემ მოახვია თავს _ სინამდვილეში ისინი, დიდი ხანია, კოჰაბიტირებენ, უბრალოდ, ახლა ამას საჯაროდ აკეთებენ!

წავა ბიძინა და დაგვიტოვებს «თავისუფლების ინსტიტუტის» განაყოფებს, რომლებიც მისი წასვლისთანავე ვერცხლისწყლის წვეთებივით შეერწყმიან ერთმანეთს! წავა და დაგვიტოვებს «პლასტელინის» პრეზიდენტს, რომელიც კვლავ გიგა ბოკერიას ჩაეხუტება! წავა და პირველ-მეორეზე გათვლილ, გუშინდელ და დღევანდელ «ნაციონალებს» დაგვიტოვებს, აკი სწორედ ისინი ავსებენ ამ წინასაარჩევნოდ «ოცნების» რიგებს!

ვერაფერს იტყვი, კოხტად ჩაებნენ ურეიტინგო და გაკოტრებული პოლიტიკანები ივანიშვილის ლოკომოტივს! ახლა მომავალ არჩევნებამდე თავი ქუდში აქვთ, «ნაციონალებისა» და «ოცნების» საპრეზიდენტო კანდიდატები კი ორ ხმაში გაიძახიან, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ დაუშვებენ!

მერე რა, რომ ჩვენ აღარ გვინდა მათი ყურება, თანაც ივანიშვილის გარეშე! ივანიშვილის გვერდითაც არ გვხიბლავდნენ, უიმისოდ კი მათი ატანა სულ უფრო ძნელი იქნება. ისინი კი ერთმანეთს დაჰხარიან და დროდადრო სიმართლეც წამოსცდებათ ხოლმე: მათ მეორე ადგილზე ბურჯანაძის გასვლას ბაქრაძის გასვლა ურჩევნიათ. ასე ხომ სრულ სიამტკბილობაში იქნებიან და ვერავინ დაურღვევთ არჩევნებამდე დარჩენილ სამწლიან მყუდროებას!

რაკი გადაგიწყვეტიათ, ბატონო ბიძინა, წადით, მაგრამ წასვლამდე ის მაინც გააკეთეთ, რომ ოთხი წლით შემოჩეჩებული ეს ვითომ «ხალხის რჩეული» დეპუტატები მოგვაცილეთ! თუ ასე მოგწონთ და აფასებთ, თან წაიყვანეთ – ან ბიზნესში, ან სამოქალაქო საზოგადოებაში, მაინც მარტო საკუთარ თავს მიიჩნევენ სამოქალაქო საზოგადოებად! თუ ბითუმად ვერ მიგყავთ, ცალობით წაიყვანეთ, ჩვენთვის ესეც შეღავათია! მაჟორიტარები მაინც მოგვაშორეთ, პატარ-პატარა ფაშებად რომ ექცნენ რაიონებს! თუ ნებით არ უნდათ წასვლა, დაარწმუნეთ, თქვენ ხომ ეს გეხერხებათ!

საოცარია, მაგრამ ივანიშვილის წასვლას ყველაზე დიდი ხალისით სწორედ მის მიერ «ოცნებაში» და შემდეგ პარლამენტში შეყვანილი პარტიები მიესალმებიან, თუმცა არის კიდევ ერთი პარტია, რომელიც სიტყვით სულ «უპასუხისმგებლოს» ეძახის პრემიერმინისტრს, გულში კი იცინის, იცინის, კვდება სიცილით!

წავალ, მაგრამ მოვბრუნდებიო, განმარტა ივანიშვილმა და ესეც მალამოდ დაედო მის თანაგუნდელებს; მერეც ხომ იქნება არჩევნები და კიდევ დასჭირდებათ ლოკომოტივი, ახლა კი ერთხანს დეპოში იდგეს, საკუთარი ნება-სურვილით ცხოვრება აცადოს! თუ არადა, აგერ არ არის «ნაციონალური მოძრაობა»? რა დაუშლის ლევან ბერძენიშვილსა და მისი ესტაფეტის გადამბარებელ უსუფაშვილს, ისევ მათ შეერწყან?

არც არაფერი!

ვერც ვერავინ!

მათთვის ტყავის გამოცვლა არახალია. დასავლეთთან დამეგობრებამდე ისინი საბჭოთა წყობილებასთან თანამშრომლობას ახერხებდნენ, მერე პატრონი ოკეანის გაღმა გამოუჩნდათ. თუ ადრე რადიოგადაცემებს აყურადებდნენ, ახლა პირდაპირ იღებენ დირექტივებს, მაგრამ, თუ საჭირო გახდა, ისინი კვლავაც შეიცვლიან ფერს და ისევე აჭიკჭიკდებიან, როგორც ლევან ბერძენიშვილი ამ 35 წლის წინ:

«თუ ადამიანი სულიერად მდგრადია, თუ მისი პიროვნება დაზღვეულია ზემოაღნიშნული მანკიერებისგან, ვერანაირი უნიჭო რადიოგადაცემა ოკეანის გაღმიდან, ვერანაირად უნიჭოდ შეთითხნილი ანტისაზოგადოებრივი «დოკუმენტური» თუ «მხატვრული», ასე ვთქვათ, «ლიტერატურა» ვერ მოახდენს მასზე დამღუპველ გავლენას. მე ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ, მაგრამ ეს კიდევ უფრო ამძიმებს ჩემს დანაშაულს, მაგრამ ამავე დროს მეტ იმედს აღმიძრავს, რადგან გარდაქმნა ჩემს პიროვნებაში უკვე მოხდა, მე უარი ვთქვი საკუთარ გაზვიადებულ წარმოდგენებზე, მე ჩავწვდი ჩემი ეგოიზმის მთელ სიღრმეს და უარი ვთქვი მასზე;

სულიერად მე უკვე მზად ვარ, დავუბრუნდე ჩვენს საზოგადოებას, ვიყო მისი წევრი, ჩემი პატარა წვლილი შევიტანო ამ დიდ საქმეში, დავარიგო სხვები და ავაცდინო ისინი დანაშაულის გზას, რომელსაც ოდესღაც თავად დავადექი».

ბატონო ბიძინა, გაარიდე ისინი პარლამენტს, «დაუბრუნე საზოგადოებას» და «ააცდინე დანაშაულის გზას», თორემ მერე ისევე მოგიბრუნდებიან, როგორც ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძეს და მიხეილ სააკაშვილს. მოგიბრუნდებიან და ყველა ცოდვას აგკიდებენ, ჯერაც არ უქნიათ თუ რა!

თამარ დავითულიანი

1 COMMENT

  1. ამ სტატიის ავტორი ეტყობა ჩემს გულში იჯდა.ყველაფერი,რაც ასე მტკივა მან დაწერა ამ სტატიაში.რა გვეშველება.ალექსანდრე ჭაჭია,მამუკა არეშიძე და ლევან ვასაძე-აი იმ პირების სია, ვინც მინდა რომ მოვიდნენ პრეზიდენტად,პრემიერ-მინისტრად და პარლამენტის თავჯდომარედ.მაგრამ მათ ეს კაციჭამიები ახლოსაც კი არ მიუშვებენ ხელმძღვანელობის სათავეებთან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here