Home რუბრიკები საზოგადოება ვინ ვართ ჩვენ და რას ნიშნავს, იყო ქართველი

ვინ ვართ ჩვენ და რას ნიშნავს, იყო ქართველი

2189

გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» რედაქციას

თქვენი გაზეთის სახელწოდება მიგვანიშნებს, რომ მის სპეციალურ ინტერესს წარმოადგენს საქართველოს და მსოფლიოს პრობლემათა ურთიერთობის სფერო. ამასთან დაკავშირებით მოგმართავთ თხოვნით, დაგვეხმაროთ, მცნება «ქართველის» განსაზღვრაში. მცნება «ფრანგის» განსაზღვრის დისკუსია რამდენიმე წლის წინათ წამოიწყეს საფრანგეთში… ისრაელში ყოფნისას შემექმნა შთაბეჭდილება, _ ჩვენი ებრაელი კოლეგები შეწუხებულნი არიან იმის გამო, რომ იუდეველობა ავტომატურად ნიშნავს ებრაელობას…

მე ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, მქონია ურთიერთობა სხვადასხვა ერის წარმომადგენლებთან და, ალბათ, ამიტომაც ვერც ერთ ერს (თუ ეთნოსს) სხვა ერზე «დაბლა» ან «მაღლა» ვერ დავაყენებ. კარგად მესმის, რომ ზულუსი შეიძლება ძალიან განაწყენდეს, თუ მას ქართველს დაუძახებენ. ალბათ, იმიტომ, რომ ზულუსი ზულუსია, ქართველი _ ქართველი. ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივად იბადება კითხვა: რით განსხვავდება ქართველი ზულუსისგან, რა მინიმალურ მონაცემებს უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდი, რომ იყოს ქართველი და არა ზულუსი? საკითხი გენეტიკოსების, ისტორიკოსების, ეთნოგრაფების, ხელოვანთა, პოლიტიკოსების განსახილველია, თუ მცნების განსაზღვრისთვის საკმარისია გენეტიკის სპეციალისტების აზრი?

ახლახან ამბები.გე-ზე გამოქვეყნდა ინტერვიუ კამერუნელ მიტერან იემენთან, რომელიც აცხადებს, ბაკურიანში 4 წლის ცხოვრების შემდეგ, მე უკვე თითქმის ქართველი ვარო. აპირებს გორელი ცოლის მოყვანას, «და ნახევრად ქართველი შვილები შეგვეძინება».

ამ კამერუნელმა მიტო ჭავჭავაძე დაირქვა.

რამდენად რეალისტური შეიძლება იყოს მიტერან იემენის-მიტო ჭავჭავაძის გაქართველება?

თუ არა, რატომ?

ასეთი შემთხვევა არა ერთი და ორია.

პატივისცემით,
გელა ლეჟავა,
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

 

პროფესორ გელა ლეჟავას მიერ დასმული საკითხი ფრიად აქტუალური და პრობლემურია. რედაქციამ გადაწყვიტა, დაიწყოს დისკუსია ამ თემაზე და საკუთარი აზრის გამოსათქმელად მოიწვია ცნობილი ქართველი დემოგრაფი, პროფესორი ანზორ თოთაძე. ამასთან, ვთხოვთ ყველა დაინტერესებულ პირს, უწინარესად, ქართველ მეცნიერებს, პოლიტიკოსებს, პოლიტოლოგებს, კულტურის მოღვაწეებს, მონაწილეობა მიიღონ ამ დისკუსიაში. პრობლემა საინტერესო ჩანს.

 

ადამიანი იმ ეროვნებას ეკუთვნის, რომელი ეროვნების ცნობიერებაც გააჩნია. გამონაკლისი არც ქართველია. ქართველია ყველა, ვისაც ქართული ცნობიერება აქვს. ისტორიულად ქართული ცნობიერება სოფელში ჩამოყალიბდა. ქართულმა სოფელმა განსაზღვრა ქართული ცხოვრების წესი, უძველესი კულტურა და მდიდარი ტრადიციები, ყოფაქცევის ნორმები, ადათები, რიტუალები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა, მდიდრდებოდა და რომლებმაც საბოლოოდ ქართველი ხალხის ფსიქიკურ წყობასა და ერთობაში იჩინა თავი.

უხსოვარი დროიდან ხდება ქართული ცხოვრების წესის ჩასახვა და განვითარება, დაკვირვების, გამოცდილების საფუძველზე ადათების, ქცევის ნორმების, ტრადიციების თანდათანობით ფორმირება. მათ განვითარების უაღრესად ხანგრძლივი გზა გაიარეს და ჩვენამდე მოაღწიეს დახვეწილი სახით. შეიქმნა სრულყოფილი ტრადიციები, რომლებმაც ასახვა ჰპოვა ქართველი კაცის ხასიათში, მის ქცევაში, მშობლებისა და ქალისადმი დამოკიდებულებაში, შრომაში, პატივისცემაში, ჭირისა და ლხინის გაზიარებაში, ძმობასა და მეგობრობაში, სიყვარულში, ოჯახის სიწმინდის დაცვაში, სტუმარ-მასპინძლობაში, გარდაცვლილთა პატივისცემასა და ადამიანის ცხოვრების სხვა სფეროებში, რისთვისაც ღირს ერის და, საერთოდ, ადამიანის სიცოცხლე.

ტრადიციები, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში იქმნებოდა და იხვეწებოდა, მთელი ხალხის კუთვნილება ხდებოდა. ჩვენი ეროვნულობა ჩვენს შრომისმოყვარეობას, სულიერი ცხოვრების განუმეორებლობას, ორიგინალობასა და ინდივიდუალურობას ეფუძნება.

ისტორიულად ქართველი კაცის ცხოვრებაში, მისი ცნობიერების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა იმ გარემოებამ, რომ ჩვენ მიწათმოქმედი ხალხი ვიყავით. ამან გაამდიდრა, უფრო სრულფასოვანი გახადა ჩვენი ეროვნული ცნობიერება და გაამძაფრა ქართული მიწის სიყვარული. ამიტომ არის, რომ ჩვენი უძველესი ლიტერატურული ძეგლები, ხალხური ზეპირსიტყვიერება სამშობლოს სიყვარულის არნახული გამოვლინებით არის სავსე. ძნელად თუ მოიპოვება სადმე პარალელი იმ დიდი შინაგანი განცდისა, რომელსაც გრძნობს VIII საუკუნის მოღვაწე იოანე საბანისძე თავისი ქვეყნის, თავისი ერის უმძიმესი მდგომარეობის გამო. კერძოდ, VIII საუკუნის მეორე ნახევარში ქართლში არაბებისა და სპარსელების მოზღვავებაა. დიდი მამულიშვილი იოანე საბანისძე ხედავდა, რომ აღარ «იყო ზრუნვა სულიერი» და უცხო ტომისა და ხალხის მოძალების ჟამი იდგა, ქართველ ხალხს აშკარად გადაგვარების საფრთხე ემუქრებოდა. ამ საფრთხესა და გადაგვარების გზაზე დამდგარ ელემენტებს იოანე საბანისძემ «ღონეი სიტყვისაი» დაუპირისპირა: «აღვერიენით ერსა უცხოსა, შჯულითა განდგომილსა ქრისტესაგან… სარწმუნოებისა ჩვენისა მაგინებელთა». მან გამოაფხიზლა ქართველი ხალხი და საკუთარი სახის დაკარგვის მოსალოდნელი საშიშროება დაანახა. მრავალი ასეთი მაგალითის მოტანა შეიძლება ჩვენი წარსული ცხოვრებიდან.

ადამიანებს ყოველთვის ამოძრავებდათ საკუთარი კუთხის, სამშობლოს მიწა-წყლის სიყვარული. მის დასაცავად სიცოცხლესაც არ იშურებდნენ. ცნობილია, რომ დიდი პოლონელი კომპოზიტორის, შოპენის, ანდერძის თანახმად, პარიზიდან მისი გული ვარშავაში გადაასვენეს.

სამშობლოს სიყვარულმა დიდი და პატარა ქვეყნები არ იცის. სამშობლოს სიყვარულის განზოგადებული მაგალითი მოჰყავს გამოჩენილ დაღესტნელ პოეტს, რასულ გამზათოვს, თავის შესანიშნავ წიგნში «ჩემი დაღესტანი»:

«დე, მაპატიონ ინდოეთის პაგოდებმა, ეგვიპტის პირამიდებმა და იტალიის ბაზილიკებმა, მაპატიონ ამერიკის ავტოსტრადებმა, პარიზის ბულვარებმა, ინგლისის პარკებმა და შვეიცარიის მთებმა, მაპატიონ პოლონელმა, იაპონელმა და რომაელმა ქალებმა _ თუმცა, ვტკბებოდი თქვენით, გული მაინც მშვიდად ცემდა; ხანდახან ოდნავ თუ ამიჩქროლდებოდა, ისე კი არა, რომ ყელი გამშრომოდა და თავბრუ დამხვეოდა.

ახლა კი, კლდეების ფერხთით შეყუჟული სამოცდაათი ქოხი დავლანდე, რატომ შემიქანდა გული ისე ძალუმად, რომ ნეკნებში გამიარა მწველმა ტკივილმა, თვალთ დამიბნელდა, თავბრუ დამეხვა, თითქოს მთვრალი ვიყო ან ავადმყოფი?

ნუთუ დაღესტნის პატარა აული ვენეციაზე, ქაიროსა და კალკუტაზე უფრო მშვენიერია? ნუთუ ბილიკზე მიმავალი ზურგზე ფიჩხმოკიდებული ხუნძი ქალი უფრო მშვენიერია, ვიდრე მაღალ-მაღალი, ოქროსფერთმიანი სკანდინავიელი?

ცადა, დავეხეტები შენს მინდვრებში და დილის ცივი ცვარი მისუსხავს დამაშვრალ ფეხებს. მთის ნაკადულები რაა, წყაროს წყალს ვისხურებ პირზე… შენ წყარო ხარ, ცადა, მუხლებზე გიჩოქებ და მხურვალე ბაგეებით გეწაფები».

აი, ეს არის ის, რასაც ადგილის დედის, შენი სამშობლოსა და ერის სიყვარული ჰქვია და, თუ კაცი, როგორც ვაჟა-ფშაველა იტყოდა, ან ჭკუანაკლები არ არის, ან რომელიმე პარტიის პროგრამით ხელფეხშებორკილი, არ შეიძლება ამ სიყვარულს რაიმე შეუტოლოს, იგი უსაზღვრო და უნაპიროა.

ახლა საკითხავია, VIII და უფრო ადრინდელი საუკუნეებიდან დაწყებული, XXI საუკუნემდე რა შეიცვალა სამშობლოს სიყვარულში? _ არაფერი. მხოლოდ 2004 წლიდან 2013 წლამდე «ნაცმოძრაობის» ხელისუფლება თავისი ინსტიტუტებით თავგამოდებით ცდილობდა ამ გრძნობის ჩაკვლას, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდებში. ჩნდება კითხვა: რატომ ჩავუკალით ჩვენს ახალგაზრდობას ქვეყნის მომავალზე ზრუნვისთვის ფიქრი? რატომ ვთავაზობდით მათ ასე მონდომებით ქუჩის კონცერტებს, სამარცხვინო, ადამიანური ღირსების, ქართული სულიერებისგან დაცლილ შოუებს?

რატომ უნდა იყოს ჩვენი ახალგაზრდობის ცხოვრების წესის განმსაზღვრელი, ცალ ყურზე საყურედაკიდებული და სპეციალურად თმააბურძგნილი ვინმე ნიკა გრიგოლია, რომელსაც სოფელ ძლოურდანეთშიც კი ზიზღის გარეშე არავინ უყურებს, ან ამ ანდღულაძეებს, ფხაკაძეებს და სხვა მათ მსგავსებს რატომ ეძლევათ გასაქანი? რატომ გვიდგენენ ჩვენი ცხოვრების წესს თეძოებით მოაზროვნე მოდელები და ჰოლივუდის უწიგნური მსახიობები? და კიდევ რამდენი «რატომ» შეიძლება ითქვას. ყველაფერი ეს ხელისუფლებას სჭირდებოდა, რათა ახალგაზრდობა დაეყვანა პრიმიტიულ აზროვნებამდე, იმ მდგომარეობამდე, როცა ინგრევა და მახინჯდება ახალგაზრდობის ფსიქიკა, როცა მას აღარ აინტერესებს სამშობლოს ბედ-იღბალი, ეროვნული ღირებულებები, ოჯახი და ხდება ზნეობრივად გაღარიბებულ სამყაროში მცხოვრები პიროვნება, რომლის მართვაც ადვილია. რა ცოდვა ჩავიდინეთ ისეთი, რომ ახლაც კი თუთბერიძეებს, დარჩიაშვილებს, წიკლაურებს, გაბაშვილებს, თარგამაძეებს, ავალიანებს, ჯაფარიძეებს, ოჩიაურებს და მათ მსგავს ფინთიკოზებს უნდა ვუსმინოთ? ვაი, საცოდავო ჩვენო ხალხო!

ეროვნულობა, უპირველეს ყოვლისა, სულიერი კულტურის სფეროში უნდა ვეძებოთ. აქ იჩენს იგი ყველაზე მეტად თავს თავისი წარსულით, აწმყოთი და, თუ გნებავთ, მომავლით. ეროვნული სულიერება განუმეორებელი და დამოუკიდებელი ფენომენია, რომელშიც ასახულია ერის მთელი წარსული ცხოვრება თავისებურებებითა და სიდიადით.

გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში, როდესაც გლობალიზაციამ, წარსული საუკუნეებისგან განსხვავებით, მართლაც გლობალური მასშტაბები მიიღო და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში უცერემონიოდ შეიჭრა, განსაკუთრებით მცირერიცხოვან ქვეყნებს თავსატეხი გაუჩინა. გლობალიზაციის პროცესი ერთიანობაში მოიცავს პოლიტიკასაც, ეკონომიკასაც და კულტურასაც.

პოლიტიკის გლობალიზაცია მაინც უდიდესი სახელმწიფოების ინტერესების გათვალისწინებით ფორმირდება. მსოფლიო პოლიტიკას ისინი წარმართავენ და ჩვენ თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ რაიმე, თუნდაც მცირეოდენი, წვლილის შეტანა შეგვეძლოს მსოფლიო პოლიტიკაში. ნატოშიც მაშინ გავწევრიანდებით, როცა ამას რუსეთი, ამერიკა და დასავლეთის ქვეყნები ჩათვლიან საჭიროდ და მაშინაც ჩვენ ბევრს არაფერს შეგვეკითხებიან. მაპის მონიჭება ან ჩვენი ასპირანტ ქვეყნად დასახელება თავის შექცევაა და მეტი არაფერი. ბალტიისპირეთის ქვეყნები, დიდი ხანია, მიიღეს ნატოში, მაგრამ იქ სხვა, ღია თუ დაფარულმა პოლიტიკურმა პროცესებმა ამის საფუძველი შექმნა. ნატოში გაწევრიანება ქართველმა ხალხმა პანაცეად არ უნდა გაიხადოს. ნატოში გაწევრიანების შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე დიდი სახელმწიფოს მხრიდან საშიშროება დაგვემუქრა, ნატოს წევრი რომელიმე დიდი სახელმწიფო თავს არ მოიკლავს ჩვენი ინტერესების დასაცავად _ მსოფლიო იმდენად გაჯერებულია მასობრივი მოსპობის ბირთვული იარაღით, რომ აბსურდია ასეთი ლოკალური მოვლენების გამოდევნება და მსოფლიოს ბედ-იღბლის სასწორზე დადება, თუ, რა თქმა უნდა, ეს დიდი სახელმწიფოების სამკვდრო-სასიცოცხლო ინტერესებში არ შედის. ასეთ შემთხვევაში ისევ მოლაპარაკებებზე დაიწყება საუბარი, რომლებიც კვლავ ჩვენს საზიანოდ დასრულდება. ძველ ბერძენ ისტორიკოსს, პლუტარქეს, აქვს გამონათქვამი: გასაქცევი არის, მაგრამ გააჩნია _ ვისთანო. ჩვენ უნდა შევძლოთ გონების დაფილტვრა და ერთი ამოჩემებულად არ უნდა ვაქოთ და მეორე კი დუჟმორეულმა ვაძაგოთ _ უნდა დავაბალანსოთ ურთიერთობები ამერიკასა და რუსეთთან.

პოლიტიკური გლობალიზაციის ინტერესებს ვერც ეკონომიკის გლობალიზაციისას გამოვრიცხავთ და ძნელია, ვირწმუნოთ, რომ იგი ყველასთვის ერთნაირად სიკეთის მომტანი იქნება. ეკონომიკური გლობალიზაციის დროსაც პირველი ვიოლინო დიდი და ძლიერი სახელმწიფოების ხელშია, რომელიც თავისი ქვეყნის ეკონომიკურ პრიორიტეტს უქვემდებარებს სხვა ქვეყნების ეკონომიკური განვითარების პრობლემებს.

პოლიტიკური და ეკონომიკური გლობალიზაცია უდიდეს გავლენას ახდენს კულტურული გლობალიზაციის ფორმირების პროცესზე. ამასთან, თუ ეკონომიკური და პოლიტიკური გლობალიზაციის პროცესები დროში ძირითადად თანხვდება ერთმანეთს, კულტურული გლობალიზაციის ფორმირება მათ დროში აუცილებლად ჩამორჩება, უფრო გვიან მოხდება;

მას გაცილებით მეტი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევს, რადგან საუკუნეობით ადამიანის ცხოვრებაში გამჯდარი ეთნიკური, კულტურული თავისებურებანი გაცილებით ძნელად ექვემდებარება საერთო გლობალურ პროცესს და ეს არც არის საჭირო.

კულტურული გლობალიზაცია თავისთავად უკვე ეროვნულობის გაქრობას, ეროვნულობის ყოველგვარი ნიშანწყლის მოსპობასაც ნიშნავს. შეგვიძლია ამის უამრავი მაგალითიც მოვიყვანოთ ჩვენი ცხოვრებიდან, ხშირად ჩვენივე ბედოვლათობით გამოწვეული. საქართველოს ერთ-ერთ ტელეარხზე (თუ არ ვცდები, «რუსთავი 2»-ზე) რამდენიმე თვე მიდიოდა გადაცემა «საქართველოს ვარსკვლავი». კონკურსანტებს თავი არ დაუზოგავთ უცხოური, ძირითადად, ამერიკული რეპერტუარიდან შერჩეული სიმღერების შესრულებით, სამაგიეროდ არც ერთი ქართული სიმღერა არ მოუსმენია მაყურებელს. კონკურსანტები, როგორც იტყვიან, შუაზე გაიფხრიწნენ, მათ პირველყოფილი ადამიანის მანჭვა-გრეხით აიკლეს სცენა, მაგრამ, სამაგიეროდ, გულმოწყალე ჟიურის წევრების ქებათა-ქება დაიმსახურეს. ანდა ავიღოთ კინოფილმები. ადრე, იმ საზიზღარი კომუნისტების ბატონობის პერიოდში, ტელეარხები რუსულ, იტალიურ, ფრანგულ, პოლონურ, ინდურ ფილმებსაც კი აჩვენებდნენ, ახლა კი მხოლოდ უაღრესად მარტივი და არაფრისმთქმელი შინაარსის მქონე ამერიკულმა ჰოლივუდის ფილმებმა წალეკეს ტელეარხები. ამჟამად «მაესტრო» აჩვენებს ქართულ ქორწილებს, მაგრამ რად გინდა! ქართული ქორწილის მშვენების ნატამალიც არსად ჩანს. სამაგიეროდ, ქორწილის დასაწყისში ქორწილის ვიღაც მონაწილე მარჯვენა ხელის იდაყვის ზემოთ გულიანად მარცხენა ხელს დაირტყამს და ამ ჟესტით კარგა ლაზათიანად შეგვაგინებს, შემდეგ ქართველი პატარძლისთვის სრულიად უცხო მტლაშა-მტლუშით გვაბეზრებენ თავს, ბოლოს კი ვიღაც აფროამერიკელი გაუგებარი სიმღერით ამთავრებს ქორწილს. რას იზამ, გვიხედნიან ყურსაც და თვალსაც. რაც შეეხება «მაესტროს», მადლობა _ გაწეული სამსახურისთვის _ სწორად მოწოდებული მოვლენებისა და პროცესებისთვის, მაგრამ ამჟამად მისთვის მადლობის სიტყვები ნამდვილად არ გვემეტება. ამასთან, უკბილო იუმორიც გამოერია ვასიკო ოდიშვილს. ნურავის და ნურც მას ჰგონია, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ვინმეზე ნაკლებად იცის, რომ «ნაციონალურ მოძრაობასთან» კოჰაბიტაცია შეუძლებელია და «ნაცმოძრაობამ» აუცილებლად უნდა დატოვოს პოლიტიკური სივრცე, მაგრამ გარეშე ვითარება და ისტორიული პასუხისმგებლობა ამ ეტაპზე მეტის გაკეთების საშუალებას არ იძლევა.

პოლიტიკურ და განსაკუთრებით ეკონომიკურ გლობალიზაციას, რაოდენ ერთფეროვანი სქემებით უნდა განხორციელდეს იგი, მაინც მეტი მზაობით მიიღებენ ადამიანები და ცივილიზაციები, თუკი ის საყოველთაო სიკეთეს მოიტანს. მართალია, კულტურული გლობალიზაციის დროს ხდება სხვადასხვა ცივილიზაციის ურთიერთშეღწევა და ურთიერთგავლენა, მაგრამ საეჭვოა, ეს პროცესი ბუნებრივად წარიმართოს და გაბატონებულ ცივილიზაციათა კარნახით საერთო გლობალიზაციის პროცესს რაღაც დოზით მაინც არ ემსხვერპლოს ცალკეული ეთნოსისთვის სასიცოცხლო ფასეულობები.

არსებობს კულტურათა გაერთფეროვნების არცთუ უსაფუძვლო საშიშროება. და, თუ მაგალითად, კეთილდღეობის მომტანი ეკონომიკური გლობალიზაცია, როგორი სტანდარტული და ერთფეროვანიც უნდა იყოს იგი, ადამიანებისთვის მისაღებია, მაგრამ კულტურული გლობალიზაცია, მის გამოვლინებათა დიდ უმრავლესობაში, არათუ მისაღები, არამედ გარკვეულად საშიში ხდება კაცობრიობისთვის. ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში, 1909 წელს აღნიშნავდა გერონტი ქიქოძე: «კაპიტალისტური საზოგადოების ტექნიკა არსებითად განსაცვიფრებელი ერთფეროვნებით მეორდება სხვადასხვა ერის წარმოებაში, იაპონიიდან დაწყებული ინგლისამდე» (გ. ქიქოძე. რჩეული თხზულებანი, ტ. II, თბ., 1964, გვ. 16). ამ გაგებით ეკონომიკური გლობალიზაცია, ეკონომიკური ერთფეროვნება არა თუ მისაღები, არამედ საზოგადოებრივი პროგრესის აუცილებელი პირობაა, მაგრამ კულტურული გლობალიზაცია, კულტურული ერთფეროვნება დამღუპველია არა მარტო ეროვნულობის, არამედ საერთოდ ნებისმიერი საზოგადოებისთვის.

სამშობლო მიწის გარეშე არ არსებობს. ქართული მიწა იგივე სამშობლოა. და როდესაც მიწას ყიდი, მაშინ სამშობლოსაც ყიდი, ამიტომ არის, რომ მთელი კაცობრიობის ისტორია მიწისთვის ბრძოლის, მისი შენარჩუნებისთვის თავდადების ისტორიაცაა. ასეულ მილიონობით ადამიანმა დაღვარა სისხლი თავისი მიწის დაცვისთვის. მრავალი ხალხური სიბრძნეც მიწას დედად მიიჩნევს. ილია ჭავჭავაძეც ბრძანებდა: «ტყუილად კი არ ეძახიან მიწას დედას, ის გვაწოვებს ჩვენ ძუძუსა, იმას დავხარით დღე-და-ღამ, ჩვენი ჭირიც და ლხინიც ის არის».

აკაკი წერეთელი კი მწარედ მოთქვამდა იმის გამო, რომ მტერსა და ორგულს გაატანეს მამაპაპური მიწა-წყალი, «ზოგი გაყიდვით, ზოგი წართმევით, ზოგიც უფლების ჩამორთმევითა და ყველამ კლიტე დაადგა ენას საუკუღმართო აღმა-კმევითა» (აკაკი წერეთელი, რჩეული ნაწარმოებები, ხუთ ტომად, ტ. I, 1988, გვ. 552). პოეტის სამართლიანი მოთხოვნით, არ შეიძლება ქართულ მიწა-წყალთან ხუმრობა («ნუ ადგამთ ბიჯს ზედ წარამარად»), რადგან ერთ გოჯსაც ვერსად ნახავთ, რომ ის არ იყოს სისხლით მორწყული და იმის სიღრმეში ჩამარხული ჩვენი წინაპრების სული და გული. იმ პერიოდში მიწის გაყიდვა დიდ ეროვნულ ტრაგედიად მიაჩნდათ და მას უშუალოდ ქართველების არსებობის პრობლემას უკავშირებდნენ. ისევ აკაკი წერეთელს მივმართოთ: «ის ადგილ-მამული, მიწა-წყალი, რომლის გულისთვისაც ჩვენი ძველები თავს იწირავდნენ, დღეს ხელიდან გვეცლება ჩვენისავე დაუდევრობითა და ბედოვლათობით. დღევანდელი საუკუნის ერთი უმთავრესი მოთხოვნილებათაგანი ის არის, რომ ჩვენ ჩვენს საკუთრებას ყური ვუგდოთ, ვიშრომოთ, ვიღვაწოთ თავ-დაუზოგავად, და გარეშეს ხელში არ ჩავაგდოთ-რა» (ა. წერეთელი, ტ. XII, 1960, გვ. 329).

ვითარება ამ მხრივ XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში რომ, მართლაც, რთული იყო. ეს ნათლად ჩანს 1902 წელს ბერლინში ფილოსოფიის დოქტორის ბ. იშხანიანის გერმანულ ენაზე გამოცემულ წიგნში «კავკასიის ხალხები», რომლის რუსული თარგმანი 1916 წელს პეტროგრადში დაისტამბა. ბ. იშხანიანი კმაყოფილებით აღნიშნავს: «მთელი ქართველი მოსახლეობის 5,26 პროცენტი შედგება შთამომავლობითი თავადაზნაურობისგან, რომელიც, თავის მხრივ, კავკასიაში მთელი თავადაზნაურული წოდების 41,5 პროცენტს შეადგენს. ვერსად შევხვდებით სხვა მსგავს მაგალითს, რომ შუა საუკუნეების ფეოდალური გადმონაშთი რომელიმე ხალხის ახალ საზოგადოებრივ წყობაში ასეთი დიდი რაოდენობით იყოს წარმოდგენილი. დიდი ნაწილი ამ დაძაბუნებული წოდებისა უკვე პროლეტარიზებულია და გლეხობის, ხელოსნებისა და მუშების რიგებში გადავიდა… ამ წოდების უმაღლესი ფენა, რომელიც მდიდარი ქართველი მიწათმფლობელი თავადებისგან შედგება, ტექნიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, თანდათან ქვეითდება და ფულადი მეურნეობის ზეგავლენით იძულებულია თავისი ადგილ-მამული გამარჯვებულ, მსხვილი კაპიტალის მფლობელ მაგნატებს მიჰყიდოს. სომეხი და უცხოელი კაპიტალისტები იძენენ დიდძალ მიწის ნაკვეთებს გაკოტრებული თავადაზნაურობისგან». ამ პერიოდში აფხაზეთსა და აჭარაში ქართველებს აკრძალული ჰქონდათ მიწის ყიდვა და იქ მიწებს ათასი სხვადასხვა რჯულის ხალხი იძენდა. უცხოელები ჩალის ფასად ეპატრონებოდნენ არა მარტო ქართულ მიწებს, არამედ ბინებს და სხვა უძრავ-მოძრავ ქონებას. საქმე იქამდე მივიდა, რომ თბილისში სასახლის ქუჩასა და გოლოვინის პროსპექტზე (ახლანდელი რუსთაველის პროსპექტი) მხოლოდ ორადორი სახლი ეკუთვნოდათ ქართველებს. ოქტომბრის რევოლუციამ, რომ იტყვიან, სულზე მოგვისწრო.

ამ ამბებიდან ერთი საუკუნის შემდეგ არნახული მასშტაბით დაიწყო ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვა. მიწის დიდ მასივებს ყიდულობენ უკვე ინდოელები, პაკისტანელები, ჩინელები, საქართველოში საცხოვრებლად მოისწრაფვიან აფროამერიკელი ხალხები და სხვ. ვინც ასეთ ანტიეროვნულ საქმეში ხელს უწყობენ უცხოელებს და ქართული მიწის გასხვისებაში საშიშს ვერაფერს ხედავენ (არადა, უნდა დაინახონ), მათ ქართველად ვერ მივიჩნევ.

ქართველ კაცს საფიქრალს რა გამოულევს. ყველაზე დიდი საფიქრალი კი  მას შემდეგ გაუჩნდა, რაც რუსეთიდან ჩამოსულმა მილიონერმა და «ნაციონალური მოძრაობის» მიერ ეკონომიკის მინისტრად დანიშნულმა კახა ბენდუქიძემ უაპელაციოდ განაცხადა: საქართველოს ეროვნული სიმდიდრე, საერთოდ ყველაფერი უნდა გაიყიდოს, სინდისის გარდაო.

ეროვნული სიმდიდრე კი ქვეყნის ძლიერების ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც მოიცავს თითქმის ყველაფერს, რაც ქართველ კაცს შეუქმნია, აგრეთვე, ბუნებრივ რესურსებს, სავარგულებს, ტყეებს, სასარგებლო წიაღისეულის საბადოებს, მეცნიერულ ცოდნასა და მოსახლეობის კულტურულ დონესაც კი. ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყნის წილი მზე და ჰაერიც ეროვნული სიმდიდრეა, რომელიც კ. ბენდუქიძისაა და, მაშასადამე, «ნაციონალების» აზრით, უნდა გაიყიდოს მიწასა და ტყესთან ერთად. ყველაფრის გაყიდვის შემთხვევაში «სამშობლოს ცნება გასაკვირველი» რეალურად აღარ იარსებებს ქართველი კაცისთვის. თუ ყველაფერს გავყიდით, დაკაბალება არ აგვცდება, ჩვენი სარჩო-საბადებლის ბატონ-პატრონი ისევ სხვა გახდება და უკეთეს შემთხვევაში იაფ მუშახელად ვიქცევით.

თუ ყველაფერს გავყიდით, «ნაციონალებმა» კი ყველაფერი გაყიდეს, რისი გაყიდვაც მოასწრეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი 20 ან თუნდაც 10 წლის შემდეგ მოსალოდნელ შედეგებზე, გვაქვს კი რაიმე დამცავი მექანიზმი შემუშავებული? რა თქმა უნდა, კარგად ცხოვრების დაპირებები ევას ვაშლივით მაცდურია, მაგრამ, თუ ყველაფერი ილუზია გამოდგა, მაშინ ხომ საშვილიშვილოდ დავიღუპებით! ბანის მთქმელები ყოველთვის მოიძებნებიან, მაგრამ ვაი თუ ყველას ჩემიები არიან, თავის ცეცხლს უკიდებენ და მხოლოდ საკუთარი თავისთვის ზრუნავენ. მოკლედ, ხალხს ეშინია, «იყო და არა იყო რა» არ გამოგვივიდეს და პირში ჩალაგამოვლებულები არ დავრჩეთ. ეს მით უფრო დასაფიქრებელია, რომ «ნაციონალების» მიერ არაერთი ეროვნული ნიშნით მონათლული ღონისძიების განხორციელების შედეგად მხოლოდ ნაქურჩალი დაგვრჩა და თავში საცემად გაგვიხდა საქმე. ან ისე ხომ არ დაგვემართება, როგორც კომუნისტების პერიოდში საქართველოში ფართოდ გავრცელებულ ერთ ხალხურ სასიმღერო ლექსშია: «დიმტი-ტარო, დამტი-ტარო, თავმჯდომარეს დიდი ტარო, ღარიბსა და გაჭირვებულს პატარა და კვიჟი ტარო»?!

უკანასკნელ წლებში პრესისა და ტელეგადაცემათა მეშვეობით საკმაოდ ფართოდ გაშუქდა ქართულ სოფლებში საუკეთესო მიწების უცხოელებზე გაყიდვის შემთხვევები. ხშირად მიწები იყიდებოდა ისე, რომ გლეხებმა არაფერი იცოდნენ ამის შესახებ. მიწები შეიძინეს გადამთიელებმა: ინდოელებმა, ჩინელებმა, პაკისტანელებმა, ბურებმა, არაბებმა და სხვ. ცხადია, ინდოეთიდან და პაკისტანიდან არც 1 და არც 10 ჰექტარი მიწის საყიდლად არავინ ჩამოვა _ მათ საკმაოდ დიდი ფართობები შეიძინეს ამ მცირემიწიან ქვეყანაში. სოფლებს აღარ დარჩათ საძოვრები, მოსახლეობის გამრავლების შემთხვევაში სამარაგო მიწები. ქართველი გლეხი უმიწაწყლოდ დარჩა. დღეს, როდესაც ქვეყანაში უმწვავესი დემოგრაფიული ვითარებაა, იმის მაგივრად, რომ, მოსახლეობის ადგილზე დამაგრების მიზნით, გლეხებისთვის უფასოდ გადაგვეცა სოფლის მიწები, რომლებიც, ფაქტობრივად, თავის დროზე მათ წინაპრებს, სოფლის თემს ეკუთვნოდა, და ტექნიკითაც დავხმარებოდით მათ, გლეხები სოფლიდან გამოვაძევეთ. ამით გადავჭერით მოსახლეობის გამრავლების მთავარი ძარღვი. მაშინ, როდესაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში სოფლად შობადობის დონე მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე ქალაქად, ჩვენთან პირუკუ მოვლენას აქვს ადგილი _ სოფლად შობადობის დონე თითქმის ორჯერ დაბალია ქალაქთან შედარებით. ფაქტობრივად, ქართული სოფელი კვდება და, მაშასადამე, ის ურთიერთობებიც საგრძნობლად ღარიბდება, რომლებიც ქართველ ხალხს ერთმანეთში აქვს, ასევე ღარიბდება ქართული ენა, თითქმის აღარ ხდება ერის შევსება ინტელექტუალური ძალებით.

«ნაციონალები» მთელი 9 წლის განმავლობაში თავგამოდებით იბრძოდნენ ყოველივე ეროვნულის წინააღმდეგ. საქართველოს არც ერთ მტერს ისეთი სულიერი ტკივილი არ მიუყენებია ქართველი ხალხისთვის, როგორიც  «ნაციონალებს». ხელისუფლებაში «ქართული ოცნების» მოსვლის შემდეგ შესაძლებელი გახდა ამ პრობლემაზე ერთწლიანი მორატორიუმის დაწესება _ ქართული მიწების უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვა, სანამ სრული აღწერა არ მოხდება. მაგრამ მოინახნენ ადამიანები, მე ვიტყოდი «ნაცმოძრაობის» ნარჩენები, უმეტესწილად თავქეიფა ახალგაზრდები, რომლებიც წინ აღუდგნენ პარლამენტის ამ სამართლიან გადაწყვეტილებას. პრესაში უკვე გამოჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოში მიწების უცხოელებზე გასხვისების თაობაზე კანონის ნორმა შეიძლება კვლავ ამოქმედდეს, რადგან არასამთავრობო ორგანიზაცია «საერთაშორისო გამჭვირვალობა» ქართული მიწების უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვას ეწინააღმდეგება და საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით ცდილობს, ეს აკრძალვა გააუქმოს. არ არის გამორიცხული, რომ, «საერთაშორისო გამჭვირვალობის» სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კვლავ დაიწყოს მიწების უცხოელებზე გასხვისება.

ანზორ თოთაძე,
პროფესორი, დემოგრაფი

დასასრული იქნება

1 COMMENT

  1. რატომ არ მიიღეთ ლუსტრაციის კანონი.? საქართველო უნდა იცნობდეს თავის "გმირებს’ რა ჯიშისა არიან და რატომ არ ზოგავენ საქართველოს. თუ პარლამენტი არ აღადგენს ეროვნებას, მამის სახელს, უპირატესობას არ მიანიჭებს მართმადიდებლობას, არ აკრძალავს მიწა წყალის გაყიდვას და არ გამოავლენს საქართველოს მოღალატეებს – ჩათვალეთ , რომ ჩვენ დავიღუპებით !

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here