Home რუბრიკები პოლიტიკა თუ ამერიკელები საქართველოს აეროდრომებს გამოიყენებენ, გამორიცხული არ არის, შეტევა ჩვენ წინააღმდეგაც განხორციელდეს

თუ ამერიკელები საქართველოს აეროდრომებს გამოიყენებენ, გამორიცხული არ არის, შეტევა ჩვენ წინააღმდეგაც განხორციელდეს

571

მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი ესაუბრება.

_ საზოგადოების გარკვეულ ნაწილი გამოსავალს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაში ხედავს. თქვენი აზრით, რამდენად შეცვლის ეს არჩევნები პოლიტიკურ ვითარებას?

_ არ ვიცი, უშველის თუ არა ქვეყანას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ ერთი რამ ცხადია _ საზოგადოებაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისადმი განწყობა რეალურია, ვინაიდან შარშან, 1 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლა იყო და მთავარს მაშინ «ნაციონალების» დამარცხება წარმოადგენდა. საზოგადოებას  მიაჩნდა, რომ, ბიძინა ივანიშვილის პარტიის გარდა, სხვა პარტიები ვერ შეძლებდნენ «ნაციონალების» დამარცხებას. ამიტომ ეს არჩევნები არ შეიძლება ნამდვილ არჩევნებად ჩაითვალოს. ეს იყო გარკვეული აუცილებლობითა და შიშის ფაქტორით განპირობებული კენჭისყრა.

_ განწყობა გასაგებია, მაგრამ იმ ფონზე, როცა ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი იგივეა, რას მივიღებთ ამ არჩევნების შედეგად, გარდა იმისა, რომ დღეს პარლამენტს გარეთ დარჩენილი რამდენიმე პარტიაც შეიძლება ვიხილოთ პარლამენტში?

_ საზოგადოება ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან უკმაყოფილოა. ხელისუფლება გვპირდებოდა, რომ «ნაციონალური მოძრაობის» ლიდერები დაისჯებოდნენ, მაგრამ დაპირება არ შესრულდა. ხალხმა მიიღო ორპარტიული პარლამენტი და «ნაციონალურმა მოძრაობამ» ისევ თავი წამოყო. დღეს პარლამენტში «ნაციონალების» 40%-ია და ხალხს იმდენად მოაბეზრეს თავი, რომ საზოგადოებას მათი თავიდან მოშორების ერთადერთ საშუალებად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ესახება. «ნაციონალური მოძრობა» დამნაშავე ორგანიზაციაა და ასე არ უნდა ყელყელაობდეს. არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო, «ნაციონალები» 40%-ვერ მიიღებდნენ.

ცხადია, საზოგადოება არსებულ პოლიტიკურ სპექტრში ახალს ვერაფერს აღმოაჩენს, ვინაიდან ახალი, ავტორიტეტული სახეები ჯერ არ ჩანან.

_ თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები «ნაციონალებს» მოგვაშორებს, «ქართული ოცნება» რატომ ეწინააღმდეგება არჩევნების ჩატარებას?

_ «ქართული ოცნება» ისეთი პოლიტიკოსებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში «ნაციონალებთან» მშვენივრად თანამშრომლობდნენ. «ოცნების» «დამკვრელი ძალა» ოქტომბრის არჩევნებამდე შესანიშნავად პოულობდა საერთო ენას «ნაციონალებთან»; მაგალითად, რესპუბლიკელები. 2003 წელს, როდესაც «ნაციონალები» პარლამენტის დარბაზში შევარდნენ, სადაც, სხვათა შორის, მეც ვიმყოფებოდი, «ნაციონალებს», ხიდაშელ-უსუფაშვილთან ერთად, რესპუბლიკელების მთელი კოჰორტა გვერდს უმშვენებდა. მშვენივრად იყვნენ სააკაშვილთან და დღემდე კარგად იქნებოდნენ, ამ უკანასკნელს მათი ამბიციები რომ დაეკმაყოფლებინა. მათ შორის უთანხმოება იდეოლოგიურ საფუძველზე არ მომხდარა.

დასავლეთს რომც დაეძალებინა კოჰაბიტაცია «ნაციონალებთან», ნორმალური ხელისუფლება არ გაითვალისწინებდა, რადგან კრიმინალი, რომელიც «ნაციონალებმა» ჩაიდინეს, ნებისმიერ ქვეყანაში მკაცრად დაისჯებოდა.  თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ომის დამთავრების შემდეგ მეუღლესთან და მეგობართან ერთად ლას-ვეგასში იყო დროს სატარებლად და ღამეში 20 ათას აშშ დოლარს ხარჯავდა. ნებისმიერ ქვეყანაში მინისტრის ასეთ საქციელს სერიოზული რეზონანსი მოჰყვებოდა…

_ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ არაერთხელ განაცხადა. ამის თაობაზე ორიოდე დღის წინ გავრცელებულ თავის ღია წერილშიც დაადასტურა, რომ წავა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა დაპირებას შეასრულებს და დარწმუნდება, რომ ქვეყანა სტაბილურად ვითარდება. თუ ბიძინა ივანიშვილი მართლაც წავიდა პოლიტიკიდან, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

_ პოლიტიკოსმა ასეთი განცხადებები არ უნდა გააკეთოს. წასვლაზე ამდენი ლაპარაკით საზოგადოება უკვე დაიღალა. არ ვიცი, რა სურს ივანიშვილს, უნდა, რომ ხალხმა დაუჩოქოს? თუ მართლა წავიდა, მაშინ საერთოდ რატომ მოდიოდა პოლიტიკაში, გაუგებარია.

ამას გარდა, სიტუაციის დალაგებას ორი-სამი წელი კი არა, ალბათ, 50 წელი დასჭირდება. ახალი თაობა უნდა მოვიდეს. ქვეყანაში ძალიან მძიმე ვითარებაა. შეხედეთ, რანი ვართ დღეს, შევხედოთ ჩვენს თავს. დღეს ჩვენ მახინჯი საზოგადოება ვართ. ყველა იმას ფიქრობს, სხვას რა წაჰგლიჯოს. ელემენტარულად დააკვირდით, როგორია ოჯახის დამოკიდებულება სკოლისადმი, სკოლის ბავშვებისადმი. უვიცი, განუვითარებელი მასწავლებლები გვყავს. გაიარეთ ქუჩებში, იშვითად ნახავთ ადამიანურ დამოკიდებულებას. ივანიშვილი 2-3 წელიწადში როგორ გარდაქმნის ქვეყანას? ამ ყველაფერს ორ წელიწადში ვინ შეცვლის?!

_ საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება. 49 პრეზიდენტობის მსურველმა მიმართა ცესკოს. რას შეიძლება ველოდოთ არჩევნების შემდეგ?

_ კანდიდატების რაოდენობა არ მიკვირს, საქართველოში ყველას უნდა, პირველი პირი იყოს, მაგრამ დავფიქრდეთ: პოლიტიკური პარტიების სიმრავლე იმით ხომ არ არის გამოწვეული, რომ სხვა საქმე, უბრალოდ, არ აქვთ საქართველოში და იმიტომაც იცვლიან პარტიებს ასეთი სისწრაფით? ვფიქრობდი, ბიძინა ივანიშვილი შეცვლიდა ვითარებას, ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნებოდა, მაგრამ ჯერჯერობით ასე არ მოხდა…

ბევრმა კანდიდატმა კარგად იცის, რომ არჩევნებს ვერ მოიგებს, მაგრამ ტელეეეკრანზე რომ იქნება და ყურადღების ქვეშ მოექცევა, მისთვის ესეც საკმარისია. მაგალითად, აკაკი ასათიანმა იცის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს ვერ მოიგებს, მაგრამ მისი სახელი იტრიალებს. ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურს ასევე სალომე ზურაბიშვილს, რომლის კანდიდატურაც საზოგადოებისთვის მისაღებია, რადგან ის საფრანგეთში დაბადებულია, მის ოჯახს დიდი ისტორია აქვს, მაგრამ არავინ ფიქრობს, ვინ არის და რას წარმოადგენს თავად სალომე ზურაბიშვილი? პირველი, რაც მან საქართველოში ჩამოსვლისთანავე გააკეთა, ის იყო, რომ ევროკავშირის წარმომადგენელ ფილიპ დიმიტროვთან და ამერიკის ელჩთან გაიქცა, რათა დაეხმარონ და არჩევნებში მონაწილეობა მიაღებინონ, რისი უფლებაც მას კანონით არ აქვს. ამის მიუხედავად, თავხედურად აიძულებს ყველას, რომ, გინდა თუ არა, უნდა მივიღო მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიჩივლებო.

«ნაციონალებისთვის» ამ ეტაპზე მეორე ადგილი მნიშვნელოვანია. ამიტომ იკლავენ ასე თავს, თითქოს საპრეზიდენტო არჩევნები კი არა, ჩემპიონატი იყოს. სურთ ხალხს, უცხოეთს დაუმტკიცონ, რომ მათი კანდიდატი მეორე ადგილზე გავიდა, ესე იგი ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ. საქმე ისაა, რომ «ქართულ ოცნებასაც» ხელს აძლევს მეორე ადგილზე გასული «ნაციონალები», ვინაიდან არც ერთს არ სურს ვადამდელი არჩევნების ჩატარება. ვერც «ნაციონალები» მიიღებენ იმავე როდენობის ხმებს და ვერც «ქართული ოცნება» _ უმრავლესობას. ეს ჩვენ ვერ ვხედავთ ამას, თორემ მათ შორის კოჰაბიტაცია კი არ მოხდა, არამედ ერთი ოჯახი შექმნეს უკვე. მართალია, ოჯახშიც ხდება კონფლიქტები, მაგრამ მაინც ყველაფერზე თანხმდებიან.

თუ ამ სცენარით განვითარდა მოვლენები _ მარგველაშვილმა გაიმარჯვა, ბაქრაძე კი მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ივანიშვილი სამოქალაქო სექტორში წავიდა, ეს ხელისუფლება «ნაციონალების» «დაკრულზე მოცეკვავე» ხელისუფლება იქნება. ამგვარი სცენარი ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ხელს აძლევს, რადგან ისინი ფიქრობენ, თუ შემდგომ წლებში «ქართული ოცნება» წაიფორხილებს, «ნაციონალები» იქვე იქნებიან.

_ რაც შეეხება საგარეო ვითარებას, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებში სხვადასხვა მიმართულებით სერიოზული წინსვლა აქვს.

_ წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ასეა როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირისა თუ ნატოს საქმე. დღევანდელი სირიის მდგომარეობამ რეალური სურათი დაგვანახა. ვითომ ისეთი მჭიდროდ შეკრული კავშირი, როგორიც ნატოა, არც ისე შეკრული ყოფილა. ბრიტანეთმა, გერმანიამ უარი განაცხადეს ამ კონფლიქტში მონაწილეობზე, საფრანგეთი ყოყმანობს. ამას გარდა, რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატო არ აპირებს სირიის კონფლიქტში მონაწილეობის მიღებას. ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ამ ქვეყნებს შორის უკვე სერიოზული დაპირისპირებაა. დიდი ხანია, თავად ამერიკელი ექსპერტები და პოლიტიკოსებიც ამბობენ, რომ ნატომ ამოწურა თავისი შესაძლებლობები და, როგორც სამხედრო ორგანიზაცია, აღარ უნდა არსებობდეს.

ევროკავშირს რაც შეეხება, საქართველო მისი წევრი ვერასდროს გახდება. რომც მიგვიღონ ევროკავშირში, ამით რას მივიღებთ? შესაძლოა, ღვინის წარმოება საერთოდ აგვეკრძალოს, ვინაიდან ბაზარი უკვე გაჯერებულია. მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებს რძის პროდუქტების წარმოება, ფაქტობრივად, ნულამდე დაუყვანეს. ამაზე არავინ ფიქრობს, რადგან ამას მაია ფანჯიკიძისნაირი პრიმიტიული ტვინი ვერ განსაზღვრავს, ის არის ერთი ქარაფშუტა მასწავლებელი, რომელიც მამის პროტექციით მოხვდა კოტე გაბაშვილთან საელჩოში და 16 წელი ტექნიკურ მუშაკად მუშაობდა და ყავას ადუღებდა. ეს ადამიანი ვერ გახდება ფართო აზროვნების პოლიტიკოსი. დიპლომატია ყავის მოდუღება არაა.

მოგეხსენებათ, მალე ვილნიუსში სამიტი ტარდება და, რადგან რუსეთი აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების წინააღმდეგია, ამ ქვეყნებისთვის მოიფიქრეს აღმოსავლური პარტნიორობა. თუმცა საკითხავია, რას მოუტანს ეს საქართველოს? რა საქონელს ვაწარმოებთ ისეთს, რომ ევროპის ბაზრზე გავიტანოთ? ევროპიდან კი უამრავი მდარე ხარისხის საქონელი ყოველგვარი კონტროლის გარეშე შემოვა. დღეს ასოცირებული წევრობა და საერთო ბაზრის შექმნა მხოლოდ ევროპისთვისაა მომგებიანი.

_ და ბოლოს, მსოფლიოში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა. აშშ-ის კონგრესში სირიის საკითხზე 9 სექტემბერს იმსჯელებენ, თუმცა ბარაკ ობამას კონგრესისა და გაეროს უშიშრების საბჭოს თანხმობის გარეშეც შეუძლია სირიაზე დარტყმის განხორციელება. ამ შემთხვევაში რა ვითარებაში აღმოჩნდება საქართველო?

_ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რთულად მოიძებნება ამერიკის პრეზიდენტი, რომელსაც პატარა ან დიდი ომი არ ეწარმოებინოს. როგორც ჩანს, ობამას თავისი პოზიციების განმტკიცების სურვილი აქვს, ვინაიდან მას ძალიან სუსტ პრეზიდენტად მოიხსენიებენ. რატომ უნდა წავიდეს ასადი? ის, რომ ასადი დიქტატორი და ჯალათია, ზოგადი ფრაზებია. დემოკრატიის თვალსაზრისით, სირია ასჯერ უკეთესია, ვიდრე ნებისმიერი არაბული ქვეყანა, თუნდაც აშშ-ის მოკავშირე ყატარი ან საუდის არაბეთი. თუ  ისრაელი და ირანი კონფლიქტში ჩაერთო, საქართველო რთულ ვითარებაში აღმოჩნდება. როგორც ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, საქართველო ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით, ანუ აშშ-ის გვერდით დადგება. გვერდზე დგომა რას ნიშნავს? იმას ხომ არა, რომ საქართველოს აეროდრომებს ამერიკელები გამოიყენებენ? თუ ასე მოხდა, გამორიცხული არ არის, შეტევა საქართველოს წინააღმდეგაც განხორციელდეს.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here