Home რუბრიკები პოლიტიკა რას მოუტანს საქართველოს ომი სირიაში?

რას მოუტანს საქართველოს ომი სირიაში?

566

ბოლო ორი კვირაა, მსოფლიო თვალს ადევნებს სირიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და გამონაკლისს ამ მხრივ არც საქართველო წარმოადგენს. სოციალურ ქსელებში იმართება მრავალსაათიანი დებატები და მათი მონაწილეები, როგორც გულშემატკივრები სტადიონზე, ორ, თითქმის თანაბარ ბანაკად იყოფიან. მაგრამ ომი არ არის საფეხბურთო მატჩი, ხოლო სიტუაცია სირიაში არ დაიყვანება სიკეთისა და ბოროტების გამარტივებულ, შავ-თეთრ დაპირისპირებამდე, რასაც ბოლო წლებში სააკაშვილის პროპაგანდამ მიგვაჩვია; სიტუაცია გაცილებით რთულია. კონფლიქტის მომდევნო ესკალაციის სავსებით რეალურმა საფრთხემ, ალბათ, უნდა დააფიქროს მთავრობა და საზოგადოება ახალ საფრთხეებზე, რომლებიც შეიძლება საქართველოს შეექმნას.

 

ბარაკ ობამას დილემა

ბარაკ ობამას 31 აგვისტოს გამოსვლამ კომენტატორებს არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება დაუტოვა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ერთის მხრივ, განაცხადა, რომ მზადაა, ასადის ძალებზე იერიში მიიტანოს, თან დასძინა, რომ მას კონგრესის სანქცია დასჭირდება და იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იქნება დროში შეზღუდული ოპერაცია, სახმელეთო კომპონენტის გარეშე. ზოგმა ოპონენტმა ეს დამატებითი შენიშვნები, ხანგრძლივი ყოყმანი ამ განცხადების გაკეთებამდე და რიგი ფორმულირების ბუნდოვანება სისუსტედ ჩაუთვალა, თუმცა, ალბათ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ძალიან რთული, შეიძლება ითქვას, ტრაგიკული დილემის წინაშე დგას.

აქ, ალბათ, საინტერესო იქნება რამდენიმე ისტორიული პარალელის გავლება. ბარაკ ობამა, ისევე, როგორც თავის დროზე რიჩარდ ნიქსონი, ომისგან გადაღლილი, ძალზე სახიფათო კრიზისის პირას მდგომი ქვეყნის სათავეში ომის დასრულების ლოზუნგით მოვიდა. დღეს ნიქსონის ფიგურა, უპირველესად, უოტერგეიტის სკანდალთან ასოცირდება, თუმცა არ უნდა დაგვავიწდეს, რომ ნიქსონმა დაასრულა ვიეტნამის ომი და უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა საბჭოთა კავშირთან და ჩინეთთან განმუხტვის რეჟიმში გადაიყვანა. მარტივად რომ ვთქვათ, ნიქსონმა მოუტანა ამერიკას სასიცოცხლოდ აუცილებელი მშვიდობა მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა, რათა კონცენტრაცია შიდა კრიზისის დაძლევაზე მოეხდინა.

ომის დასრულება მყისიერი პროცესი არ არის; ნიქსონს ვიეტნამში, ხოლო ობამას ერაყსა და ავღანეთში (ობამასთვის პროცესი ჯერაც არ დასრულებულა) წლები დასჭირდათ, რათა გაეტარებინათ «ვიეტნამიზაციის», «ერაყიზაციის», «ავღანიზაციის» პროცესები, ამერიკული ძალების მონაწილეობა ოპერაციებში თანდათან მინიმუმადე დაეყვანათ და, ასე თუ ისე, მისაღები სამშვიდობო შეთანხმებებისთვის მიეღწიათ. ამასთანავე, იყო ეპიზოდები, როდესაც გარემოებათა გამო ამერიკელები უკანდახევის ლოგიკის წინააღმდეგ შეტევაზე გადადიოდნენ. მაგალითად, 1970 წლის აპრილში ნიქსონმა კამბოჯაში შეჭრის ბრძანება გასცა, რათა ამ ქვეყანაში ვიეტნამელი კომუნისტების ბაზები გაენადგურებინა. ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ, სამხედრო თვალსაზრისით, ეს სავსებით გამართლებული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ შეერთებულ შტატებში მას ძალიან დიდი არეულობა მოჰყვა. ცნობამ იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებაში სამშვიდობო ლოზუნგებით მოსულმა ნიქსონმა მასშტაბური შეტევა დაიწყო, ქუჩაში ასიათასობით გაცოფებული დემონსტრანტი გამოიყვანა. მათ ათეულობით სამთავრობო შენობა დაწყვეს და 16 შტატში წესრიგის დასამყარებლად საჭირო გახდა ეროვნული გვარდიის გამოყენება; შეტაკებებში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. სწორედ იმ დღეებში ფართოდ დამკვიდრდა ტერმინი «შეზღუდული ოპერაცია», ნიქსონის ადმინისტრაციამ გაავლო ხაზი კამბოჯის რუკაზე და დაჰპირდა ამერიკულ საზოგადოებას, რომ აშშ-ის ძალები მას არ გადაკვეთენ, ამასთანავე, მათი გამოყვანის კონკრეტული თარიღი დაასახელა (ეს დაპირება შესრულდა).

დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ბარაკ ობამა ოპერაციას «შეზღუდულს» ჯერ კიდევ მის დაწყებამდე უწოდებს. გამორიცხული არაა, რომ მის ადმინისტრაციას იდეალურად ესახება დაახლოებით ისეთი სცენარი, როგორიც ლიბიაში ვიხილეთ (ოღონდაც დროში გაწელვის გარეშე) _ დასავლელი მოკავშირეების სარაკეტო და საავიაციო იერიშები, მრავალმხრივი დახმარება მეამბოხეებისთვის, მაგრამ, ამავე დროს, მტკიცე, აპრიორი დაფიქსირებული უარი სახმელეთო ძალების გამოყენებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ყოველივე ჩამოთვლილი ასადის დასამხობად შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს.

მართალია, დღეს ობამა, ნიქსონისგან განსხვავებით, არ დგას შტატების შიგნით მასშტაბური არეულობის საფრთხის წინაშე, მაგრამ, ალბათ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერი ომის ან თუნდაც «შეზღუდული ოპერაციის» მიზანი «უკეთესი მშვიდობის» მიღწევაა, მარტივად რომ ვთქვათ, სიტუაცია ამ აქტის შემდეგ უნდა გაუმჯობესდეს. მაგრამ ნამდვილად არაა გამორიცხული, რომ მკვეთრ მოქმედებას აშშ-ის მხრიდან (თუნდაც ასადის რეჟიმი დაემხოს), მოჰყვება უარესი დესტაბილიზაცია როგორც სირიაში, ისე მთელ რეგიონში, რომელიც კიდევ უფრო აქტიურ ჩარევას მოითხოვს და საბოლოოდ აშშ-აღმოსავლური «გრძელი ომიდან» გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცემა, რაც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

დღეს ობამა კონგრესის მიმართ თავისი აპელირებით და ორაზროვანი ფორმულირებებით არც ისე დამაჯერებლად გამოიყურება, თუმცა მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, «ქორებმა» შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე პასუხისმგებლობა გაიზიარონ. შესაძლოა, ყველაფერი, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, ამერიკული ელიტის შიგნით მომხდარი დიდი განხეთქილების, ლამის «ცივი სამოქალაქო ომის» ანარეკლია; მსგავსი პრობლემა ნიქსონს არ ჰქონია, იმ წლებში კონსენსუსი საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე ცარიელი სიტყვა არ იყო. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე აზრთა სხვაობა ორ პარტიას შორის, საუბარია მსოფლიოში აშშ-ის როლის პრინციპულად განსხვავებულ ხედვაზე და ამ დაპირისპირებაში უკვე ჩართულია არა მხოლოდ ამერიკული ელიტის ორი ბანაკი, არამედ მათი მოკავშირეები საზღვარგარეთ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს, უპირველესად, ალბათ, არაბულ სანავთობო მონარქიებსა და ისრაელს ეხება). საკმაოდ სიმპტომატურია ბრიტანელი პარლამენტარების ფაქტობრივი ვეტო სირიის ოპერაციაში ჩართვაზე. ბრიტანელებს პოლიტიკური ალღო და წინდახედულობა იშვიათად ღალატობთ, შესაძლოა, მათ იგრძნეს, რომ მათი მთავარი პარტნიორის შიდა საქმეებში რაღაც სერიოზულად აირია და საქმე ეხება არა მორიგ ჯვაროსნულ ლაშქრობას დემოკრატიის სახელით, არამედ გაცილებით სერიოზულ რყევებს; ბრიტანელებმა დისტანცირება ამჯობინეს.

    

გზად წესრიგიდან ქაოსამდე

შემდგომი ესკალაცია, თუნდაც მას ასადის დამხობა მოჰყვეს, დიდი ალბათობით, მოიტანს სირიის გადაქცევას ტოტალური ქაოსის (ლიბიაზე გაცილებით უარეს) ზონად, რეგიონში რადიკალური ისლამისტების და «ალ ქაიდას» გაძლიერებას, თურქეთისა და ისრაელის გარდაუვალ «შეტოპვას» ამ ჭაობში, ირანის საგარეო აქტიურობის მკვეთრ რადიკალიზაციას (იქ, სავარაუდოდ, ალყაშემორტყმული ბანაკის ფსიქოლოგია და ხსენებული ალყის გარღვევის სურვილი დამკვიდრდება), შიიტებსა და სუნიტებს შორის დაპირისპირების ზრდას, რუსეთისა და ჩინეთის გადასვლას, ასე ვთქვათ, გლობალური არმაგედონისთვის მზადების სამობილიზაციო რეჟიმში.

ახალი მსოფლიო წესრიგი თუ ახალი მსოფლიო ქაოსი? ნამდვილად არაა გამორიცხული, დღეს თეთრ სახლში რომ გაისმოდეს სევდიანი კითხვები: საით მივდივართ, ბატონო პრეზიდენტო? ან ვის მივყავართ ამ მიმართულებით?

მსოფლიოში არ არსებობს კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გამოიყენა ქიმიური იარაღი სირიაში; ამის დადგენას მიუკერძოებელი საერთაშორისო კომისიის მიერ კიდევ საკმაო დრო დასჭირდება, მაგრამ რაოდენ ცინიკურადაც უნდა გაიჟღეროს, არსებითი მნიშვნელობა ამას უკვე აღარ აქვს _ საზოგადოებრივი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ასადის ძალებმა გააკეთეს, დასავლეთში უკვე ჩამოყალიბებულია და ობამას ადმინისტრაცია ამ ვერსიის წინააღმდეგ არ (და ვერ) წავა; ოპონენტების ზეწოლა წარმოუდგენლად ძლიერია _ ერთადერთი, რის გაკეთებაც ობამას რეალურად შეეძლო, კონგრესის სანქციის მოთხოვნა და «შეზღუდულ ოპერაციაზე» საუბარია.

თუ ის «გატყდება» და ამერიკას მორიგ სისხლიან ომში ჩააბამს, უმცროსი ბუშის ეპოქის ცინიზმისგან და ორმაგი სტანდარტებისგან გადაღლილი მილიონობით ამერიკელი ამომრჩევლის გულში მოკვდება მათი კერპი,  იდეალისტი ობამა, რომელსაც ხმა 2008-ში მისცეს. თუ ის ამაზე არ წავა, მისი მოწინააღმდეგეები იზრუნებენ, რომ ის შევიდეს აშშ-ის ისტორიაში, როგორც «კარტერზე სუსტი» პრეზიდენტი და, დიდი ალბათობით, საწადელს მიაღწევენ. თუმცა ყველაფერი ამქვეყნად ფარდობითია, მათ შორის ჯიმი კარტერის სისუსტეც, მან მთელ რიგ სიტუაციებში საბედისწერო ზღვარს არ გადააბიჯა, უკან დაიხია, მაგრამ, შესაძლოა, ამით ამერიკა ვიეტნამზე უარესი განსაცდელისგან იხსნა. გავიხსენოთ თუნდაც ყოვლისმომცველი კრიზისი მუსლიმანურ სამყაროში 70-იანების ბოლოს, თუ კარტერის ადგილას თეთრ სახლში უმცროსი ბუში იჯდებოდა, აშშ, დიდი ალბათობით, მიიღებდა ახალ ვიეტნამს ან სულაც მესამე მსოფლიო ომს. ან რატომ არ უნდა ჩაითვალოს უდიდეს მიღწევად კემპ-დევიდის შეთანხმება, რომელსაც კარტერის ადმინისტრაციამ მიაღწია?      

ბარაკ ობამა შუალედურ გადაწყვეტილებას ეძებს, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ სწორედ «ნაკლები ბოროტების» ეს ძიება უარეს პრობლემებამდე მიიყვანს. შესაძლოა, ასეთ ვარიანტად დღეს თეთრ სახლში «შეზღუდული ოპერაცია» განიხილება. საინტერესო კია, (აზრი 90-იანი წლების ქართული პოლიტიკის დაუვიწყარ სტილში რომ ჩამოვაყალიბოთ) არსებობს კი ეს ბილიკი «ბუშის გზასა» და «კარტერის გზას» შორის? 

ასადს, კადაფისგან განსხვავებით, საკმაოდ სერიოზული, მათ შორის ხომალდსაწინააღმდეგო შეიარაღება აქვს. მაგრამ ამ შემთხვევაში იგი რთული არჩევანის წინაშე დგება: რაც უფრო მეტ ზიანს მიაყენებს ამერიკულ დაჯგუფებას, მით უფრო გაიზრდება იმის ალბათობა, რომ ამერიკელები ოპერაციას გააგრძლებენ, ამიტომ მან შეიძლება შემდეგი გადაწყვეტილება მიიღოს: პასუხის გაცემის გარეშე გაუძლოს ამ «შეზღუდულ შეტევას» და, უბრალოდ, მის დასრულებას დაელოდოს. თუმცა გარანტია, რომ ამერიკულ დაჯგუფებას საფრთხე არ შეექმნება, არ არსებობს, რადგან გარკვეული ძალები შეიძლება ძალიან სერიოზულ, სისხლიან პროვოკაციაზე წავიდნენ. და არც ისაა გამორიცხული, რომ ასადი რადიკალურ სცენარს აირჩევს.

რუსეთისა და ჩინეთის რეაქცია ამერიკულ ოპერაციაზე, სავარაუდოდ, ასიმეტრიული და საკმაოდ მკვეთრი იქნება, რაც, ამ ორი ქვეყნის პოტენციალის გათვალისწინებით, გლობალურ სტაბილურობას კარგს არაფერს მოუტანს. ჩვენ, ალბათ, უნდა დავშორდეთ სულელურ კონსპიროლოგიურ თეორიებს იმის თაობაზე, რომ ზესახელმწიფოები დიდ საჭადრაკო დაფაზე ფიგურებს ცვლიან (საქართველოს _ სირიაზე, რუანდას _ ბურუნდიზე და ა. შ.), მაგრამ კონფრონტაციის გაღრმავება უდავოდ აისახება ზესახელმწიფოების გეოპოლიტიკური  კონკურენციის ყველა ზონაში, მათ შორის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ალბათ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეცვლილ სიტუაციაში ირანთან საიმედო სახმელეთო კავშირის დამყარება, ერთგვარი «ხიდის» აგება რუსეთისთვის (ჩინეთისთვისაც, თუმცა ეს ნაკლებად გვეხება) ფრიად აქტუალური გახდება.

 

საქართველო დიდი შტორმის წინ

საქართველოს, ცხადია, ხელს არ აძლევს მზარდი დესტაბილიზაცია რეგიონში _ ისლამისტი რადიკალების გაძლიერება, თურქეთის არაპროგნოზირებადი ტრანსფორმაცია, ირანის საგარეო პოლიტიკის რადიკალიზაცია, ომი და ტერორისტების აქტიურობა ჩვენი საზღვრის სიახლოვეს; ხელისუფლება ვალდებულია, ადეკვატურად შეაფასოს საფრთხეები, რომლებმაც სულ მალე შეიძლება ერთი მეორის მიყოლებით კარზე მოგვიკაკუნოს. ჩვენი რესურსები ძალზე შეზღუდულია და ამიტომ დროული მომზადება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იმის ნაცვლად, რომ ვუყუროთ სირიის მოვლენებს, როგორც საფეხბურთო მატჩს (მითუმეტეს, რომ სირიის «ჩემპიონატში» არც ასადის გუნდი გვესიმპათიურება და არც ოპოზიციის), ან განვიხილოთ სირიის კონფლიქტი აშშ-რუსეთის ბიპოლარული დაპირისპირების პრიმიტიული და არსებითად არაადეკვატური მოდელის ფარგლებში, ალბათ, აჯობებს, დავფიქრდეთ, რა შეიძლება გაკეთდეს დღეს და ხვალ საქართველოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად, გამორიცხული არაა, რომ ჩვენ არც ისე ბევრი დრო გვაქვს.

სულ უფრო ხშირად ხდება ინციდენტები, რომლებშიც ერთ მხარეს ქრისტიანი, ხოლო მეორე მხარეს მუსლიმანი მოქალაქეები დგანან; დღეს ეს ლოკალური მასშტაბის ეპიზოდებია, ხელისუფლება კონფლიქტებს ასე თუ ისე არეგულირებს, მაგრამ რეგიონში პროცესების ყოვლისმომცველმა რადიკალიზაციამ და უცხო ქვეყნების ფარულმა ჩარევამ ახლო მომავალში შეიძლება ნამდვილი ხანძარი გააჩინოს. პრობლემის ანიჰილაციის რეცეპტი, ცხადია, არ არსებობს, თუმცა, ალბათ, მსგავსი ინციდენტების პრევენციისთვის მთავრობამ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს, ხოლო თითოეულმა მოქალაქემ მაქსიმალური სიფრთხილე გამოვლინოს, ნებისმიერმა გაუფრთხილებელმა ქმედებამ ან თუნდაც რეპლიკამ სრულიად მოულოდნელად შეიძლება დეტონატორის როლი შეასრულოს.

ალბათ, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართულ პოლიტიკაში არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც, საყოველთაო აღიარებით, მოაწერს ხელს აბსოლუტურად ყველაფერზე, ოღონდაც ხელისუფლებაში დაბრუნდეს. ცხადია, ეს გარემოება თავისთავად ვერ გახდება საბაბი «ნაციონალური მოძრაობის» აკრძალვისთვის, მაგრამ, ალბათ, როგორც მთავრობამ, ისე საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა მაქსიმალურად შემცირდეს «პროვოკაციის სივრცე», რომელშიც ამ ადამიანებს ოპერირება შეეძლებათ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ იმ მომენტში, როდესაც სიტუაცია რეგიონში, უხეშად რომ ვთქვათ, საბოლოოდ აიჭრება, ეს ჯგუფი მოკლებული იყოს შესაძლებლობას, პუტჩი, არეულობა და დივერსიები მოაწყოს. რა თქმა უნდა, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში უდანაშაულობის პრეზუმფციიდან უნდა ამოვიდეთ, მაგრამ იმ ფაქტსაც ვერ გავექცევით, რომ ეს ერთადერთი ჯგუფია საქართველოში, რომელთან დაკავშირებით საზოგადოებაში ძალიან ფართოდ გავრცელებულია ეჭვი, რომ ის ყოველივე ზემოთქმულზე წამსვლელია. საბოლოო ჯამში კი, ეს არა ცალკე აღებული პოლიტიკის, არამედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.

ცხადია, უსაფრთხოების კონტექსტში, გაცილებით რთული და მასშტაბური საკითხები არსებობს, თუმცა მათზე საუბარი ერთობ უადგილო იქნება, ვიდრე საქართველო ბანალურ სტაბილურობასა და ელემენტარულ მდგრადობას არ მიაღწევს. ქვეყანა უნდა დალაგდეს, მოემზადოს, როგორც პატარა გემი დიდი შტორმის წინ, ჩხუბი მის ბორტზე უნდა შეწყდეს, ხოლო კაპიტანმა თავისი ადგილი დაიკავოს და მასზე დაკისრებული მოვალეობა შეასრულოს.

დიმიტრი მონიავა

 

1 COMMENT

  1. კარგი ანალიტიკური სტატიაა, უმრავლესობა ქართული სტატიების არის ნაგავი-დემაგოიური, რაღაც უაზრო, ემოციური, არალოგიკური სტატიებიე, აი 30-იან წლებში რომ იყო ევროპაში.
    იმედია, გამოჩნდება ლოგიკური,აზრიანი სტატიები "პატტასოვკების" გარეშე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here