Home რუბრიკები პოლიტიკა მოვედი, ვნახე, წავედი!

მოვედი, ვნახე, წავედი!

631

უკანასკნელი ორი დღე ქართული პოლიტიკური ელიტა, ძირითადად, პრემიერმინისტრის წასვლის შესახებ ღია წერილის კომენტირებით არის დაკავებული. ეს იშვიათი გამონაკლისია, როცა დღის წესრიგი ივანიშვილმა განსაზღვრა და არა სააკაშვილმა და «ნაცმოძრაობამ». მანამდე «ქართული ოცნება» სწორედ მათ განცხადებებზე კომენტარების კეთებით იყო დაკავებული.

«ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» წარმომადგენლები ისე მოჩვენებითად ჭმუნავენ, თითქოს სწორედ მათ არ აუხდათ ოცნება _ ივანიშვილის წასვლა პოლიტიკიდან! ვის _ ვის და მათ ყველაზე უკეთ მოეხსენებათ, რომ ივანიშვილის გარეშე «ოცნებაში» შემავალი პარტიები მათ ვერც ოპონირებას გაუწევენ და ვერც მომდევნო არჩევნებში დაამარცხებენ. აკი თავად პრემიერმინისტრიც აკეთებს მინიშნებას: «ამასთანავე, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ვინმემ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე გადაწყვიტოს კოალიციის გარეთ პოლიტიკური აქტიურობის გაგრძელება. ვფიქრობ, ეს იქნება კონკრეტული პირისა თუ ჯგუფის პოლიტიკური შეცდომა, რომელიც მხოლოდ  თავად მათ დააზარალებს. ამგვარი ცალკეული მოვლენებისგან კოალიცია არც ჩემი ლიდერობის დროს არის დაზღვეული და არც ჩემ გარეშე იქნება».

ვინ არის ეს «კოლმეურნეობის თავმჯდომარე», ჩვენი მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი. ამიტომაც არის, რომ «ამ პირთა ჯგუფს» მეორე ადგილზე ბაქრაძის გასვლა ურჩევნია, ვიდრე ბურჯანაძისა. კოალიციის დაშლა ივანიშვილის წასვლისთანავე დაიწყება და რთული სავარაუდო არ არის, ვის გვერდით აღმოჩნდებიან ეს პირები _ ვინც მეორე ადგილზე ურჩევნიათ, იმის გვერდით, ანუ სააკაშვილის გვერდით!

«ნაციონალების» კიდევ ერთი ქომაგი წავიდა, წამოვიდა და ისევ საყვარელ თემას მიუბრუნდა: «ივანიშვილის ღია წერილმა, რომელსაც, წესით, ივანიშვილის პოლიტიკურ მომავალში სიცხადე უნდა შეეტანა, სინამდვილეში კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერსპექტივა. ალბათ, ერთადერთი, ვისაც ამ წერილის წაკითხვა ნამდვილად გაუხარდა, ნინო ბურჯანაძეა».

შესაბამისად, ეს არ უნდა უხაროდეთ «ქართული ოცნების» სახეებს, ისინი კი ერთხმად იწონებენ ივანიშვილის გადაწყვეტილებას წასვლის თაობაზე, ზოგიერთი კი «გათავისუფლების» მოლოდინში სიხარულს ვერ მალავს.

ვფიქრობ, ივანიშვილი ჯერჯერობით არ წავა, რადგან, როგორც თავად წერს ღია წერილში, წასვლამდე საკუთარი პარტიის «ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს» ორგანიზაციულ-სტრუქტურული მშენებლობის დასრულებას აპირებს, მაგრამ ეს არა და არ ხერხდება. აქაც «პირთა ჯგუფის» ფაქტორია; მათ არ სჭირდებათ ივანიშვილის პარტია _ გაცილებით უფრო მომგებიანია, იგი მათ პარტიებზე იყოს დამოკიდებული და მათ აფინანსებდეს. ამიტომაც ხდება, რომ ადგილობრივ ორგანიზაციებში «ოცნების» აქტივი სხვა პარტიების, მათ შორის, «ნაციონალების» წარმომადგენლებმა ჩაანაცვლეს. 

დღემდე «ნაციონალთა» რიგებში მყოფნი კი, «ქართული ოცნების» დამსახურებით, სიმართლეს ამბობენ (როგორ უნდა მოახერხო, რომ «ნაციონალს» სიმართლე ათქმევინო?!): «პრემიერის განზრახვა ქვეყნისთვის სერიოზულ რისკს შეიცავს. ქართული ეკონომიკისთვის, რომელიც ისედაც ღრმა კრიზისის მდგომარეობაშია, ასეთი ტიპის განცხადება ძალიან სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან არასტაბილურობის განცდას აძლიერებს და ნებისმიერი უცხოელი ინვესტორის ან ქართველი ბიზნესმენისთვის, რომელიც ქვეყანაში ბიზნესის დაწყებას გეგმავს, რამდენიმეთვიან გაურკვევლობას ნიშნავს.

დაპირებების უმეტესობა დღემდე შეუსრულებელია. მაგალითისთვის, ასი გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა, 230-ლარიანი პენსია, იპოთეკარების დახმარება და კრედიტების დაფარვა. პრემიერმინისტრის წასვლა ნიშნავს იმას, რომ ეს დაპირებები დაპირებებად დარჩება და მოსახლეობა ვერ მიიღებს იმას, რის გამოც კოალიცია «ქართულ ოცნებას» მისცა ხმა».

მართლაც, პენსია მხოლოდ 25 ლარით, 150 ლარამდე გაიზარდა, საწარმოები აღარ იხსნება, იპოთეკარები გაღიმებული დატოვეს, მხარი კი ბიზნესს – «ამაგდარ» ბანკებს დაუჭირეს! და ამის შემდეგ წამსვლელი პრემიერი ხალხისგან მის მიერ წამოყენებული სუსტი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერას ელის! ივანიშვილი ღია წერილში ამბობს: «ჩემი მისიაა მესიების მისიების დასრულება საქართველოში. ამისთვის კი არსებული მესიის დამარცხება არ არის საკმარისი, _ აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ თავადაც მესიად არ ვიქცე».

 კარგი სიტყვებია, ოღონდ მისი წასვლის პირობებში მარგველაშვილს მხოლოდ მესია თუ გაამარჯვებინებს და ამის მოლოდინი უკვე საკუთარი თავის მესიად წარმოდგენას წააგავს.

კიდევ ერთი «კოლმეურნეობის თავმჯდომარე» პრემიერის მორიგ განცხადებას წასვლის შესახებ ერთობ ენაკვიმატად ეხმიანება: «ზვიადი ამბობდა, მე თუ წავედი, ბანდიტები და ყაჩაღები მოვლენო. გვარდიელები და მხედრიონელები ამბობდნენ: ჩვენ რომ წავიდეთ, მოვა შევარდნაძე და ესენგეში შეგვიყვანსო. შევარდნაძე ამბობდა: მე კი წავალ სახლში, მაგრამ მიშა ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, მოგენატრებათ მამათიო. მიშა ამბობდა: მე თუ წავედი, რაც ამ ქვეყანაში ნაგავია, ყველა ისევ ამოტივტივდებაო. ჰოდა, აქამდე ხომ ყველას გაარტყა და ახლა ბიძინა ამბობს: მე რომ წავალ, ყველაფერი კარგად იქნებაო და, ეგება და, თვალი არ ეცეს, თვალი»!

საოცარია პირდაპირ, როგორი ხალისით გვამცნობს ამ სტრიქონების ავტორი, რომ ივანიშვილმა ნაგავი ამოატივტივა, როცა ისიც და მისი პარტიაც, სწორედ პრემიერის სურვილით ტივტივებს დღეს პოლიტიკაში და, თუ მისსავე სიტყვებს («კოლმეურნეობის თავმჯდომარისას») ვენდობით, მიშას წინასწარმეტყველება «ნაგვის ამოტივტივების» შესახებ სრულად გამართლებულა! გილოცავთ, ბატონებო! ჯერ არ მინახავს ადამიანი (არამცთუ პოლიტიკოსი), რომელიც საკუთარ თავს ნაგავს ადარებდეს და ეს სრულებით არ აწუხებდეს!

სულ ახლახან «ქართული ოცნებიდან» გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ გუნდს უსაყვედურა: «თქვენ მე მატყუებთ!». როგორც ჩანს, მას იმის შესახებაც ატყუებენ, რომ წინასაარჩევნო ყველა დაპირება შესრულდა. აკი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე პირდაპირ გვაყრის ნაცარს თვალში: «ვფიქრობ, რომ, რაც თქვა, მან ყველაფერი შეასრულა, რაც საზოგადოებას შეჰპირდა».

წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი თავადვე არ მოიტანდა საკუთარი, ორი წლის წინანდელი პირველი ღია წერილის ციტატას: 

«გადავწყვიტე, გარკვეული დროის განმავლობაში, დაახლოებით 2-3 წელი, პირადად გავუწიო კოორდინაცია შემდეგ პოლიტიკურ პროცესებს:

ჩემ მიერ შექმნილი ახალი პოლიტიკური პარტიისა და არსებული ჯანსაღი პოლიტიკური ძალების გაერთიანებით მოვახდინოთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების აბსოლუტური უმრავლესობით მოგება;

გავარკვიოთ და ხალხთან ერთად შევიმუშაოთ ქვეყნის მართვის ოპტიმალური მოდელი, მოვახდინოთ ისეთი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომ მომავალში არათუ საშუალება, სურვილიც კი არ გაუჩნდეს ვინმეს, რომ კონსტიტუცია საკუთარ თავს მოარგოს;

პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მონაწილეობა მივიღო ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში და პასუხისმგებლობა ვიკისრო მის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, რათა ბოლომდე აღმოიფხვრას ისეთი მასშტაბის ელიტარული კორუფცია, რომელშიც სააკაშვილის ახლანდელი მთავრობის მაღალი ეშელონებია ჩაფლული;

დავიწყოთ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა და იგი შეუქცევად პროცესამდე მივიყვანოთ;

პერსპექტიული გავხადოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენა;

შევქმნათ რეალურად საინტერესო საინვესტიციო გარემო და ერთი ჯგუფის მიერ მონოპოლიზებული ბიზნესის ნაცვლად საფუძველი ჩავუყაროთ ქვეყანაში ბიზნესის აღორძინებას;

ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული პირველი პროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობის აღორძინებას ეხება და რეალობას დავუახლოვოთ მეორე პროექტი _ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებისა და მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ;

დავიწყოთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება;

გავაღრმავოთ აშშ-სა და ევროკავშირთან მეგობრობა და ინტეგრაცია»…

როგორც ჩანს, პრემიერმინისტრს გულწრფელად სჯერა, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დაპირება უკვე შესრულდა. მივყვეთ რიგითობით:

2012 წლის საპარლამენტო არჩევნები «ქართულმა ოცნებამ» აბსოლუტური უმრავლესობით ვერ მოიგო _ მანდატების 40% პარლამენტში კვლავაც «ნაციონალურ მოძრაობას» აქვს.

ხალხთან ერთად ქვეყნის მართვის ოპტიმალური მოდელის შექმნის ნაცვლად, ახალი ხელისუფლება ძველთან კოჰაბიტაციის რეჟიმში აღმოჩნდა, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა ჯერაც არ დაწყებულა.

მასშტაბური ელიტარული კორუფციის აღმოფხვრაზე არაფერი ისმის, სამაგიეროდ, ხშირია ხმები იმის შესახებ, რომ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ძველებთან «ბიზნეს-კოჰაბიტაციაში» არიან შემჩნეულნი.

დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა ვერ დაიწყო. 

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენის პერსპექტივა არ ჩანს.

ბიზნესი გარინდულია, მისი დემონოპოლიზაციის ნიშანწყალი არ ჩანს. ინვესტიციები არ შემოდის. 

რუსეთთან ურთიერთობის დალაგება სიტყვის დონეზეა.

აშშ-სა და ევროკავშირთან მეგობრობა და ინტეგრაცია, ძირითადად, მათგან თავსმოხვეულ კოჰაბიტაციაში გამოიხატება.

ერთადერთი, რაც ნამდვილად გაკეთდა, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერაა, თუმცა მიწების მოხვნის პარალელურად სოფლის მეურნეობის სამინისტროს თავკაცი და მისი ხელქვეითები დაკითხვებზე დადიოდნენ და მათი მომავალი ბედი დღესაც უცნობია.

ერთი სიტყვით, დაპირებები შესრულებული არ არის და, კაცმა რომ თქვას, არც ის ორი-სამი წელი გასულა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ამ ამოცანების შესასრულებლად ასახელებდა. აკი თავადაც ღია წერილის ბოლოს «ყველაზე დიდი სკეპტიკოსებისთვის» წერს:

«მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, ამის საჭიროება არ დადგება, თუ ამას აუცილებლობა მოითხოვს, მე დავუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას. ვფიქრობ, ამ წერილის შემდეგ აღარ უნდა დარჩეს კითხვები პოლიტიკიდან ჩემი წასვლის მიზეზებისა თუ მიზნების შესახებ. რაც შეეხება წასვლის დროს, ამასაც წინასწარ ვაცნობებ საზოგადოებას მას შემდეგ, რაც დავრწმუნდები, რომ წარმატებით ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. მჯერა, რომ ამ არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვებს კოალიციის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი. მე წავალ მაშინ, როდესაც დავრწმუნდები, რომ ჩვენ არჩეულ კურსს ვერავინ და ვერაფერი შეცვლის, როდესაც ყველა სახელმწიფო ორგანო და თანამდებობის პირი მწყობრად იმუშავებს და როდესაც დავრწმუნდები, რომ ქვეყანა სტაბილურად ვითარდება».

გამოდის, რომ, თუ მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდება, ივანიშვილი წავა, ხოლო თუ იგი არჩევნებს წააგებს, პრემიერი იძულებული გახდება, პოსტზე დარჩეს! რა ურჩევნია ქართველ ხალხს _ მარგველაშვილი პრეზიდენტად ივანიშვილის გარეშე თუ ივანიშვილი პრემიერად მარგველაშვილის გარეშე? ამ კითხვაზე პასუხი ნათელია. მთელი ეს «ნაგავი» (ჩემი ტერმინი არ არის!) ხალხმა ივანიშვილის ხათრით აიტანა. მის გარეშე «ნაგვის» ამარა დარჩენის პერსპექტივა ვერავის მოხიბლავს.

ამასობაში კი სააკაშვილი მყინვარწვერის დასალაშქრად ემზადება. როგორც ჩანს, მისი და ივანიშვილის აზრი იმის შესახებ, რომ «ხელისუფლება უკვე სტაბილურია და სწორი მიმართულებით მიდის», ერთმანეთს ემთხვევა. სამაგიეროდ, იგი არ ემთხვევა ამომრჩევლის შეფასებებსა და განწყობილებებს.

ნანა დევდარიანი

1 COMMENT

  1. ქართველმა ხალხმა ივანიშვილს მისცა ხმა და არა კოალიციაში შესულ ურეიტინგო პარტიებს ,ცალკეული პოლიტიკოსების გამოკლებით ყველა უნდა მიყვეს ივანიშვილს თუ ის პოლიტიკიდან წავიდა , მე არ მესმის კოაბიტაციის ,სამართლიანობა უნდა აღდგეს, დღეს რა ხდება ოცნება და ნაცები ერთად არიან და ცხოვრებას ,,აწვებიან,, ხალხი? ხალხი ვის ახსოვს ,ისინი ისევ მიავიწყდათ, როგორც ნაცებმა დაივიწყეს …..

  2. სუსტი სტატიაა ნახეთ საარცევნო პროგრამა სად წერია 240 ლარიანი პენსია?სირცხვილია.ან კიდევ სად წერია ასი საწარმოს გახსნა და ა.შ.?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here