Home რუბრიკები პოლიტიკა დიდი ქართული უტოპია

დიდი ქართული უტოპია

634

თანამედროვე საქართველო იქცა პოსტსაბჭოთა სივრცეში უპრეცედენტო ექსპერიმენტის ჩატარების ლაბორატორიად, რომელსაც უნდა გაეუმჯობესებინა არა მხოლოდ სახელმწიფო სისტემა, არამედ ქართული მენტალიტეტიც. შეძლეს ქართველებმა, უკეთესები გამხდარიყვნენ?

მიხეილ სააკაშვილმა ქართული სახელმწიფოს რადიკალური რეფორმირება სცადა, მისი პოლიტიკური ავანსცენიდან წასვლის მიზეზი კი არც შეთქმულება იყო და არც არაკეთილმოსურნე მეზობელი სახელმწიფოს მოქმედებები, ეს იყო ქართველი ხალხის ნება, გახმაურებული ციხის სკანდალის შემდეგ.

 

მიუხედავად ამისა, მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობას სხვადასხვაგვარად აფასებენ. სააკაშვილისეული ქართული რეფორმების შეფასების არაერთი ცდა იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც იმ მანკიერებების უმეტესი ნაწილი დამახასიათებელი იყო პოსტსაბჭოური სახელმწიფოებისთვის.

სააკაშვილის მოტივაცია გასაგებია. 2003 წელს, როდესაც იგი ხელისუფლებაში მოვიდა, საქართველო ძალზე სავალალო მდგომარეობაში იყო: მისი თითქმის ხუთმილიონიანი მოსახლეობის ნახევარი სიღატაკის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა, საშუალო ხელფასი 50 დოლარს შეადგენდა, პენსია _ 15-, ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელკომუნალური მეურნეობა ინგრეოდა, ხოლო შრომისუნარიანი მოსახლეობის უმრავლესობა ლუკმაპურის საშოვნელად რეგულარულად მიემგზავრებოდა რუსეთში. თუ ამას დავუმატებთ სახელისუფლო ვერტიკალის ჩამოშლას, კორუფციის მაღალ დონეს, ბანდიტიზმს და მრავალრიცხოვანი ნახევრადსამხედრო დაჯგუფებების არსებობას, ნათელი გახდება, რომ ვითარება აუცილებლად გამოსასწორებელი იყო. აშშში განათლებამიღებულ სააკაშვილს, რომელიც მოხიბლული იყო დასავლური ცივილიზაციის მიღწევებით, გულწრფელად სწამდა, რომ აშშის სახელმწიფო მშენებლობის რეცეპტები მიესადაგებოდა ნებისმიერ  ქვეყანას. მან გადაწყვიტა, განეხორციელებინა დასავლური ფასეულობებისა და ინსტიტუტების ქართულ საზოგადოებაზე მორგება და ქვეყნის დაჩქარებული მოდერნიზაცია.

უპირველეს ყოვლისა, მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, დაეხსნა საქართველო რუსული ზემოქმედებისგან, რომელიც «ხრწნიდა და ამუხრუჭებდა» ქვეყნის განვითარებას; შემდეგ კი გადაწყვიტა, ჩაეტარებინა მასშტაბური ეკონომიკური რეფორმები, რომელთა მიზანი იქნებოდა დასავლეთის ბაზარზე ორიენტირებული ღია და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის შექმნა; მის გეგმებში შედიოდა სამართალდამცავი სისტემის რეფორმაც, კორუფციის მოსპობაც და, შედეგად, თვით ეროვნული მენტალიტეტის შეცვლა; ამით კი შრომისმოყვარე, განათლებული, კანონმორჩილი, დასავლური ცივილიზაციის ორბიტაში ჩართული ახალი ქართველი მოქალაქის ჩამოყალიბება.

ჩვენ შევეცადეთ, გავრკვეულიყავით, რას მიაღწია სააკაშვილმა და რატომ უარყო ეს რეფორმატორი საკუთარმა ხალხმა.

კრედიტები იმპორტზე

როგორც ნებისმიერი მოდერნიზაცია, სააკაშვილის რეფორმები დაიწყო ფულის მოძიებით მათ განსახორციელებლად. თანხის ნაწილი ბეგარის გაზრდითა და სახელმწიფო სექტორის მასობრივი პრივატიზებით შეაგროვეს. 2005 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა პრივატიზებიდან შეადგინა 231,4 მილიონი დოლარი, რაც აღემატა ყველა იმ შემოსავალს, რომელიც შევიდა ბიუჯეტში ამ მხრივ 1996-2004 წლებში. თუმცა ფულის ლომის წილი რეფორმებისთვის მიღებულ იქნა საზღვარგარეთიდან: დასავლეთისთვის საქართველო წარმოადგენდა ძალზე სასარგებლო აქტივს, რომლის მეშვეობით შესაძლებელი ხდებოდა რუსეთის ზემოქმედების შესუსტება პოსტსაბჭოთა სივრცეზე, ამიტომ «ვარდების რევოლუციის» მეორე წლისთავზე დონორმა ქვეყნებმა, კრედიტებისა და გრანტების სახით, სააკაშვილს გამოუყვეს 1 მილიარდი დოლარი (მაშინდელი შიდაწარმოების პროდუქტის 25%). 2008 წელს ქვეყანამ მიიღო კიდევ 4,5 მილიარდი დოლარი, რომელიც უნდა გამოეყენებინა ქართულ-რუსული სამხედრო კონფლიქტით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად (უკვე აღარაფერს ვამბობთ მსოფლიო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სესხებზე).

სხვაგვარად რომ ვთქვათ, სააკაშვილმა მართლაც შეძლო გარკვეული სახსრების აკუმულირება, მაგრამ აქ მან კატასტროფული შეცდომა დაუშვა. ამერიკელმა მასწავლებლებმა და დასავლელმა კონსულტანტებმა არ აუხსნეს სააკაშვილს, რომ ქმედითუნარიანი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც სახელმწიფო ამუშავებს და ახორციელებს აქტიურ სამრეწველო პოლიტიკას. ასეთი პოლიტიკა კი ითვალისწინებს საკვანძო სექტორების გამოყოფას და მათ დაჩქარებულ განვითარებას, რაც გულისხმობს პირდაპირ სახელმწიფო ფინანსირებას, დროებითი შეღავათებისა და პრეფერენციების შექმნას ამ სექტორებისთვის, რათა დაიცვან ისინი იაფი იმპორტისგან. მიხეილ სააკაშვილი ნეოლიბერალური ეკონომიკური თეორიის მსხვერპლი გახდა, რომლის მიხედვითაც წარმატებისთვის სახელმწიფომ უნდა მოახდინოს ყველაფრის პრივატიზება, რისი შესაძლებლობაც აქვს, გახსნას ბაზარი და მოსპოს კორუფცია. ამ ზომების მიღების შემდეგ კი ეკონომიკა თავისთავად დაიწყებს ზრდას.

სააკაშვილმა საგრძნობლად შეამცირა ან სულაც გააუქმა საიმპორტო საბაჟო გადასახადების უმრავლესობა, რის შედეგადაც ქვეყანაში ნიაღვარივით შემოვარდა იაფი საქონლის ნაკადი. იმპორტის მოცულობა 2003 წლიდან 2008 წლის ჩათვლით, თითქმის ექვსჯერ გაიზარდა _ 1,1 მლრდ დოლარიდან 6,3 მილიარდამდე, ხოლო, ვინაიდან საქართველოს გასატანი დიდად არაფერი აქვს, სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 2004 წლიდან 2012 წლამდე გაიზარდა 1,2 მლრდ დოლარიდან 5,5 მლრდ დოლარამდე. აღმოჩნდა, რომ ადგილობრივმა წარმოებამ ვერ გაუწია კონკურენცია იაფ თურქულ საქონელს.

საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა სახელმწიფო მოსამსახურეების ხელფასებისა და პენსიების მომატებაზე. საშუალო პენსია გაიზარდა 76 დოლარამდე, ხოლო საშუალო ხელფასი _ 300-500 დოლარამდე. აღსანიშნავია, რომ საშუალო ხელფასის ასეთი საგრძნობი ზრდა მოხდა უმუშევრობის 60%-მდე ზრდის პარალელურად და სახელმწიფო სექტორში ხელფასის რადიკალური მომატების გამო.

სააკაშვილის მთავრობამ უამრავი თანხა გაფლანგა ძვირადღირებული შენობების მშენებლობაში, რომლებსაც უნდა მოეხდინა სააკაშვილის რეჟიმის მიღწევების დემონსტრირება. პრეზიდენტის განსაკუთრებული სიამაყის საგანი გახდა ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის აგება, რომელიც ბიუჯეტს 200 მილიონი დოლარი დაუჯდა.

ნიანგებსა და ბაყაყებზე

ეკონომიკის ლიბერალიზაციის ჩარჩოებში სააკაშვილმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა იმ დროისთვის შედარებით სიცოცხლისუნარიან სოფლის მეურნეობას. უკვე 2004 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში გაუქმდა საბაჟო ტარიფი ხორბლის შემოტანაზე. ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ პროტექციონიზმზე უარის თქმა აიძულებს ადგილობრივ მწარმოებლებს, აამაღლონ პროდუქციის ხარისხი, რაც მას კონკურენტუნარიანს გახდის. თუმცა სინამდვილე საწინააღმდეგო აღმოჩნდა _ ბაჟის გაუქმებით ქვეყანა წაილეკა თურქული და აზერბაიჯანული სასოფლო სამეურნეო პროდუქციით. გარკვეულ მომენტამდე ვითარებას აწონასწორებდა მხოლოდ რუსული ბაზარი, მაგრამ ურთიერთობის გამწვავებამ ის ჩაკეტა (რუსეთმა აკრძალა ქართული მინერალური წყლის შეტანა, რომლის 75% ექსპორტი მიდიოდა მის ტერიტორიაზე და ღვინის ექსპორტი, რომელიც შეადგენდა ქართული ღვინის ექსპორტის 85%-). «ნაციონალური» ხელისუფლების ხმამაღალი განცხადებები იმის თაობაზე, რომ მან ნახა ახალი საექსპორტო ბაზრები, მხოლოდ განცხადებად დარჩა.

ქართველი მეღვინეები დღესაც გაღიზიანებით იხსენებენ, თუ როგორ ლიბერალურად უდგებოდა მთავრობა სოფლის მეურნეობის განვითარებას, რაც გულისხმობდა სპეციალიზაციას არდაკავებულ სექტორზე. სრული სერიოზულობით ფერმერებს შესთავაზეს, არაშემოსავლიანი მეღვინეობის მაგივრად, ხელი მოეკიდებინათ ნიანგებისა და ბაყაყების გამრავლებისთვის.

პროტექციონიზმის ყოვლად უსაფუძვლო გაუქმებამ, ტრადიციული ბაზრების დაკარგვამ, სუბსიდიებზე უარის თქმამ, მებაყაყეობამ, მენიანგეობამ _ ყველაფერმა ამან კატასტროფამდე მიიყვანა სოფლის მეურნეობა.

მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკური რეფორმების შედეგად, ეკონომიკა ნგრევის პირას მივიდა, კატასტროფულად გაიზარდა უმუშევრობა. მისი დონის ზუსტი ციფრი დღევანდელ საქართველოში არ არის. მოსახლეობის 60 პროცენტი მუშაობს ან არარეგულარულად, ან სეზონურად.

მონოპოლია კორუფციაზე

სააკაშვილის მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ კორუფციასთან ბრძოლას იგი იყენებდა ბიზნესმენების შანტაჟისთვის და ამ გზით ბიუჯეტის შესავსებად. იურიდიულ პრაქტიკაში არსებობს ისეთი გაგება, როგორიცაა საპროცესო გარიგება. კონკრეტულად საქართველოში ეს ნიშნავდა, რომ მსჯავრდებული იხდიდა ჯარიმას და არ ჯდებოდა ციხეში. 2004 წლის მხოლოდ პირველ ოთხ თვეში ედუარდ შევარდნაძის მომხრეების «ჯიბეებიდან» პროკურატურამ ამოიღო 25 მილიონი დოლარი. ამით დღესაც ამაყობენ «ნაციონალები». მაგრამ, მაღალჩინოსანი კორუფციონერების გარდა, ასეთ ხელშეკრულებებს ხელს იძულებით აწერდნენ რიგითი პატიმრებიც, რომლებსაც კაპიტალი არ გააჩნდათ. ამ პრაქტიკამ ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ ციხეებში პატიმრებს აკითხავდნენ ბანკების წარმომადგენლები, რომლებიც ტუსაღებს სთავაზობდნენ კრედიტებს ბანკში უძრავი ქონების ჩადების სანაცვლოდ. ახლა, როდესაც გაირკვა, როგორ შემობრუნდა «ნულოვანი მოთმინების» პოლიტიკა სასჯელაღსრულების ადგილებში, ცხადია, როგორ აცდუნებდნენ პატიმრებს თავისუფლების ყიდვის მოტივირებით.

მოსახლეობის ნდობა პოლიციის მიმართ დაიკარგა მას შემდეგ, რაც ამ გარიგებებიდან შემოსულ თანხას ხელისუფლება იყენებდა პირადი გამდიდრებისთვის და ოპოზიციის ჩასაქოლად.

გაირკვა, რომ ასეთმა თავგამოდებულმა ბრძოლამ ქურდობასთან და კორუფციასთან დაბალ და საშუალო დონეზე «ნაციონალები» მიიყვანა «კორუფციის მონოპოლიზაციამდე».

ბიზნესმენთა «ჯოგები» მიდიოდნენ პროკურატურაში და «ჩუქნიდნენ» ბიზნესს სახელმწიფოს. შედავება უაზრო იყო _ დაუყოლიებელს უგდებდნენ ჰეროინის რამდენიმე გრამს და ის იღებდა ვადას ქონების კონფისკაციით. შედეგად, მსხვილ ბიზნესს პრაქტიკულად მთლიანად აკონტროლებდა «ერთიანი ნაციონალური მოძრაობა».

რუსული ენის გარეშე ძნელია

ახალი ქართველი მოქალაქის ფორმირების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი ენობრივი პოლიტიკა გახდა, თუმცა, ჩანს, არშემდგარი. მცირერიცხოვან ერებს, რომლებიც თავის ენაზე საუბრობენ, ყოველთვის აქვთ მეორე ენა დიდი მეზობლისა, რომლის დახმარებით ისინი ახორციელებენ კავშირს მსოფლიო ცივილიზაციასთან და კულტურასთან. საქართველოსთვის ასეთი ენა იყო რუსული და რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ქართული და რუსული კულტურები იყო წყარო ურთიერთგამდიდრებისა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, გამოეყვანა საქართველო დამღუპველი რუსული გავლენიდან და დასავლური სამყაროს ნაწილად ექცია ის. სააკაშვილმა დაისახა მიზანი _ განდევნოს ქართული კულტურული სივრციდან რუსული ენა და დაამკვიდროს ინგლისური.

«ახალ ქართველს» უნდა სცოდნოდა ინგლისური ენა. ამისათვის ხელისუფლებას ჩამოჰყავდა საზღვარგარეთიდან მასწავლებლები და სტიმულირებდა ადგილობრივ პედაგოგებს.

ხელისუფლების აზრით, ინგლისურ ენაზე გადასვლა რამდენიმე ამოცანას ხსნიდა _ კერძოდ, ხელს უწყობდა საქართველოს ევროინტეგრაციას და ეხმარებოდა ქვეყნის რიგ რეგიონებში ეთნიკური სეპარატიზმისთვის თავის გართმევაში.

პრაქტიკულად კი «ახალი ქართველის» შექმნა მხოლოდ რუსული ენის განდევნით დასრულდა, მაგრამ მისი შეცვლა ინგლისურით არც ისე ადვილი აღმოჩნდა.

სააკაშვილის 9-წლიანმა მმართველობამ ვერ შეძლო, მნიშვნელოვნად შეეცვალა ენობრივი ვითარება ქვეყანაში. დღეს საქართველოში საერთოდ არ ლაპარაკობს რუსულად მოსახლეობის მხოლოდ 4% და არა იმიტომ, რომ ისინი სააკაშვილის პოლიტიკის მსხვერპლნი გახდნენ, არამედ იმიტომ, რომ მიყრეუბულ სოფლებში ცხოვრობენ.

www.expert.ru-ს მიხედვით

1 COMMENT

  1. მოღვაწეობდნენ ვაჟა-ფშაველა, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, სააკაშვილი კი საქმიანობდა, და რას საქმიანობდა, ყველამ ვიცით. ამიტომ, მოღვაწეობას სააკაშვილთან დაკავშირებით ნუ წერთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here