Home რუბრიკები საზოგადოება ნაგავს გასაყოლებელი მიშიზმები

ნაგავს გასაყოლებელი მიშიზმები

549

თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი ინიციატივით გამოდის. გასულ კვირაში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ თბილისის აეროპორტს, ვარდების მოედანსა და რიყის პარკს ახალი სახელები უნდა დაერქვას, კერძოდ, აეროპორტს _ ზვიად გამსახურდიას სახელი, ვარდების მოედანს _ მერაბ კოსტავასი, ევროპის მოედანს _ ასი ათასი მოწამის, რიყის პარკს კი _ ევროპის პარკი. ბატონ შიხიაშვილს არაფერი უთქვამს ბუშისა და კაჩინსკის ქუჩების სახელწოდების შეცვლაზე. ეტყობა, ტოვებენ. არადა, თუ რამ სასირცხვილო დაგვრჩა ამ სფეროში სააკაშვილის ობივატელური აზროვნების გადმონაშთის სახით, სწორედ ესაა. ხომ არ ვცდებით ამგვარ შეფასებაში? «საქართველო და მსოფლიომ» სთხოვა ქვეყნის თვალსაჩინო ადამიანებს, გამოეთქვათ თავიანთი აზრი ამასთან დაკავშირებით.

 

«ყველა თავისთვის ქულებს აგროვებს»

რეზო ამაშუკელი, პოეტი:

_ ჩემი პირადი აზრი ასეთია: კარგა ხანია, პარტიიდან პარტიაში მორბენალების არაფერი მჯერა და ძალიან მეპარება ეჭვი ბევრის გულწრფელობაში. იმისი არ იყოს, ქრისტიან-დემოკრატებმა რომ დაიწყეს ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება. ყველა თავისთვის ქულებს აგროვებს.

რაც შეეხება ბუშს და კაჩინსკის, ყველამ თავის ბ… მამიდას მოუაროს. მე იმ ქუჩაზეც არ გავივლი, რომელთაც ეს სახელები აწერია. ასეთია ჩემი პასუხი.

«რა უნდა ბუშის ქუჩას თბილისში? ან კაჩინსკის ქუჩას

თემო გოცაძე, საქართველოს სახალხო მხატვარი:

_ ნაცები რომ დასცინოდნენ კომუნისტებს, როზა ლუქსემბურგისა და ბებელის, რევოლუციონერების სახელებს არქმევდნენო ქუჩებსა და მოედნებსო, თვითონ უარესს არ აკეთებდნენ?

რა უნდა ბუშის ქუჩას თბილისში? ან კაჩინსკის ქუჩას? მიშა ბუშის პროექტი რომ იყო, იმიტომ? კაჩინსკის და მიშას ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა რომ ჰქონდათ, იმიტომ?

ქლესაობის ნიმუშია მიშას მხრიდან. ბუშის ქუჩა აშშ-ში არ აქვთ, არც ლესოტოში, არც საუდის არაბეთში და მაინცდამაინც თბილისში რატომ უნდა იყოს?

«ლოგიკიდან სრულიად ამოვარდნილად მეჩვენება, რომ სობჩაკს აქ დაუდგეს ძეგლი»

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი:

_ ბუშის სახელი ამერიკაშიც კი ამოსაძირკვია _ დაღუპა მთელი მსოფლიო. რა უნდა საქართველოში?!

არც კაჩინსკის, არც პოლიტკოვსკაიას, არც სობჩაკის ქუჩები და ძეგლი არ უნდა იყოს საქართველოში. რა დამსახურებისთვის?

ბუშს და კაჩინსკის საქართველოსთან ისეთი არაფერი აკავშირებს, რომ მათი ქუჩები იყოს თბილისში. სააკაშვილის ხუშტურები იყო, თორემ ნორმალური კაცი ნორმალურ საზოგადოებაში ამ სისულელეს არ გააკეთებდა. ობივატელურობის გამოვლენაც არ არის, საზიზღრობაა.

კაჩინსკის ურთიერთობა საქართველოსთან გადიოდა სააკაშვილზე და ამ დამპალ «ნაცებზე». ბუშის კავშირი გადიოდა არა საქართველოზე, არამედ სააკაშვილზე.

ქვეყნის მეთაურმა არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, დედაქალაქის ქუჩას ან მოედანს მიანიჭოს მავანის სახელი მხოლოდ იმიტომ, რომ მავანი მასთან კარგად იყო. ასეთი ნაბიჯი დროს ვერ უძლებს, როგორც ვერ გაუძლებს დროს, მაპატიონ, მაგრამ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მთაწმინდაზე დასაფლავება…

მით უფრო, _ პოლიტკოვსკაიას ქუჩის არსებობა თბილისში.

ან, თუნდაც, სობჩაკის ძეგლი საქართველოს დედაქალაქის გულში. მას მე პირადად ვიცნობდი და ვმასპინძლობდი იმ კომისიას, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის საკითხებს იძიებდა. მაგრამ ლოგიკიდან სრულიად ამოვარდნილად მეჩვენება, რომ სობჩაკს აქ დაუდგეს ძეგლი. და ამ დროს მემედ აბაშიძის სახელობის ქუჩა თბილისში არ გვაქვს.

ათეული წლების განმავლობაში აყენებდა ამ საკითხს ასლან აბაშიძე, კერძოდ, ითხოვდა, რომ ნაფარეულის ქუჩას ვაკეში, რომელიც სულ ორი მტკაველია და ჭავჭავაძის პროსპექტსაა მიმდგარი, მინიჭებოდა მემედ აბაშიძის სახელი, დღემდე არაა გადაწყვეტილი; ჩვენ კიდევ _ ბუში, კაჩინსკი, პოლიტკოვსკაიაო და ა. შ.

«ეს სააკაშვილის კაპრიზი იყო და, რაც მალე მოვიცილებთ, უკეთესია»

ანზორ მაისურაძე, უშიშროების გენერალმაიორი:

_ მე მგონი, გაგიჭირდებათ ისეთი თბილისელების მონახვა, რომლებიც მხარს დაუჭერენ ბუშისა და კაჩინსკის ქუჩების არსებობას საქართველოს დედაქალაქში. რა უნდა ბუშისა და კაჩინსკის ქუჩებს თბილისში?!

საერთოდ, ჩემი აზრი ასეთია: თუ სახელმწიფოს აინტერესებს, თუ ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლოა, დაე, იყოს. მაგრამ, არა მგონია, რომ განათლებულმა თანამეგობრობამ მოგვიწონოს ასეთი პროვინციალიზმი.

სჭირდება კი ქვეყანას? ეჭვი მეპარება. ეს სააკაშვილის კაპრიზი იყო და, რაც მალე მოვიცილებთ, უკეთესია. სხვა არავინ გვყავს? ბრწყინვალე სახელებია: ანა კალანდაძე, მუხრან მაჭავარიანი, შოთა ნიშნიანიძე, მურმან ლებანიძე. ეს მხოლოდ პოეზიაში… სააკაშვილი პოეზიის რა მცოდნეც არის, ყველას კარგად მოეხსენება…

«რატომ უნდა იყოს ამერიკის პრეზიდენტის, რეიგანის, ძეგლი თბილისში, რიყეზე?! არ მესმის

ნოდარ მგალობლიშვილი,

საქართველოს სახალხო არტისტი:

_ ბუშისა და კაჩინსკის ქუჩები? რა სისულელეა! ჯერ ერთი, რატომ უნდა იყოს ამერიკის პრეზიდენტის, რეიგანის, ძეგლი თბილისში, რიყეზე?! არ მესმის! ეს, პროვინციალიზმი კი არა, ისეთი მლიქვნელობაა («პოდხალიმაჟი» უფრო მოუხდება), რომლის მსგავსი მსოფლიოში არ ახსოვს არც ერთი ქვეყნის ისტორიას. ეს სისულელეა, რაღაც ავხორცობაა.

მაგრამ ეტყობა, ასეთად დაიბადა საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი. მაგ კაცზე საუბარი, მე მგონი, აღარც არის საინტერესო. მის გამოსვლებს რომ ისმენ, იმდენ სისულელეს, რასაც წამოროშავს, ვერ ამჩნევ. მაგრამ, როცა წავიკითხე გაშიფრული და გაზეთში გამოქვეყნებული მისი ბოლო ინტერვიუ, ეს ჭკუათმყოფლის ნალაპარაკევს არ ჰგავს… მერე ვახტანგ მეექვსეზე რაღაცებს რომ ყვება, უბედურებაა! ვის ედრება?! დაიჯერა, რომ დავით აღმაშენებელს ჰგავს და მისი საქმის გამგრძელებელია… რაღა ვთქვა მეტი _ ანალიზის უნარი მეკარგება, როცა საკითხი სააკაშვილს შეეხება.

რესპონდენტებს ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. სფერო არ დარჩა საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მათ შორის, ურბანიზაციაშიც, საკომუნიკაციო სექტორშიც კი, სააკაშვილს მიშიზმებით რომ არ წაერყვნა. დედაქალაქის საკრებულო ამ «უნიკალური» მემკვიდრეობისგან გათავისუფლებას თუ აპირებს, _ სადაც თქვა «ანი», იქ «ბანიც» უნდა მიაყოლოს.

 

1 COMMENT

  1. მიმაჩნია რომ უცხო ქვეყნების პრეზიდენტებისა და სხვათა სახელების მინიჭება თბილისის ქუჩებს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა მიენიჭოს. განსაკუთრებით მინდა ვთქვა რომ თბილისის მერი ნამდვილი თბილისელი უნდა იყოს. დარბეისელი მიმტევებელი, ჭკვიანი, ერუდირებული. ლლლ ბემოლიანმა კი უნდა დაისვენონ. თუ გინდათ დაუნიშნეთ სვანებს გუბერნატორად ბარნოვები და მსგავსი ნაგვები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here