Home რუბრიკები პოლიტიკა ქართული საზოგადოების ნდობის მანდატი მოქმედებს მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებამდე

ქართული საზოგადოების ნდობის მანდატი მოქმედებს მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებამდე

721

«ქართული ოცნების» უმრავლესობით დაკომპლექტებულმა დღევანდელმა პარლამენტმა რომ ვერ გაამართლა, ამაში, მგონი, თავად პარლამენტის თავმჯდომარეც დარწმუნებულია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საკანონმდებლო ორგანოში არსებულ ძალთა თანაფარდობა ოდნავადაც არ ასახავს რეალობას. არის თუ არა ამ სიტუაციიდან გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები? «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრა «თავისუფალი საქართველოს» ერთერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

 

_ დღევანდელი პარლამენტი არამც თუ ვერ გამოხატავს საზოგადოებრივ ინტერესს, არამედ საერთოდ ვერ ართმევს თავს მის წინაშე არსებულ იმ პრობლემებს, რომელთაც უნდა ეხმიანებოდეს საკანონმდებლო და, ამავე დროს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მაკონტროლებელი ორგანო. სხვათა შორის, ასეთი მოლოდინი ნამდვილად არ იყო, ყოველ შემთხვევაში, ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რომ წინა მოწვევის პარლამენტი, რომელიც თავისი არსით მთლიანად «ნაციონალური მოძრაობის» მიერ იმართებოდა, ამ პარლამენტს აჯობებდა, ანუ დღეს შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ იმ პარლამენტშიც კი გაცილებით უფრო სერიოზული ხასიათის დებატები იმართებოდა, გაცილებით უფრო სერიოზულად აკონტროლებდა აღმასრულებელ ხელისუფლებას და ძალიან მწვავე კრიტიკული შეფასებებიც იყო (ამ შემთხვევაში ერთადერთი ოპოზიციური ფრაქციის სახელით ვლაპარაკობ). გახსოვთ, პეტრე მამრაძესა და ჯონდი ბაღათურიაზე გალაშქრება, იგივე ჩემ წინააღმდეგ დავით ბაქრაძის ცილისმწამებლური კამპანია… დღევანდელი პარლამენტი კი, აბსოლუტურად მკვდრადშობილია, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა და დაუშვებდა.

ამ პარლამენტში არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დაპირებებითა და პოლიტიკური ამოცანების ამოხსნის მიზნით შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოში. და დღეს მე ვეკითხები თითოეულ მათგანს (ვისაც აქვს თავმოყვარეობა), რა აკავებთ ამ პარლამენტში და რას ცვლიან? მაინტერესებს, ოქტომბრიდან ოქტომბრამდე, ერთი წლის თავზე, რა ანგარიშს ჩააბარებენ საზოგადოებას. მე არ მომისმენია ამ ხნის მანძილზე ელემენტალურად სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული დებატები, კონკრეტული ანგარიშები იგივე სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით, ერთადერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო _ ამნისტიის აქტის მიღება (რა თქმა უნდა, აქ მე შეკითხვები არ მაქვს), თუმცა მთელი რიგი პოლიტიკური მიმართულებების კუთხით აქაც ძალიან სერიოზული კრიზისი შეინიშნება.

_ თქვენი აზრით, რატომ დაავიწყდათ «ოცნების» ლიდერებს ის დაპირებები?

_ მე თავის დროზე ვაკეთებდი განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბატონი ბიძინას გუნდი, «ქართული ოცნება» მონოლითური არ არის. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის ეკლექტური გაერთიანება, სადაც არიან ურთიერთდაპირისპირებული ძალებიც, რომლებიც, გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებიდან გამომდინარე, ერთმანეთს იტანენ, მაგრამ აქ არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ძალიან პრინციპული ხედვა _ მას არ სურს, გააწბილოს დასავლეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და, როცა არჩევანის წინაშე დგება, სამწუხაროდ, არჩევანი კეთდება დასავლეთის ინტერესების სასარგებლოდ ქართველი ხალხისა და ამომრჩევლის ინტერესის ხარჯზე. სამწუხაროდ, ამ პროცესს, რომელსაც დასავლეთში კოაბიტაციის ვალდებულება უწოდეს, მმართველი უმრავლესობის მხრიდან პირნათლად ასრულებს ბატონი ბიძინას გუნდი. ეს პოლიტიკური მოქმედება ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს, ვინაიდან ქართული საზოგადოების ნდობის მანდატი მოქმედებს მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებამდე. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების წინაშე დადგება საზოგადოება.

_ რა პროცესების? რას გულისხმობთ?

_ სწორედ იმ დაპირებულ სამართლებრივი გარემოს აღდგენის პროცესს, რომელსაც დღემდე არ ასრულებს მმართველი უმრავლესობა; ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება წართმეული ქონების დაბრუნებას, რეაბილიტაციას და ა. შ.

_ და ვინ არის ის ძალა, რომელიც ამას ითავებს

_ მოვერიდები კონკრეტული პოლიტიკური ძალის შეფასებაზე საუბარს, ვინაიდან დღეს ძალიან ბევრმა ძალამ, რომლებიც თავს ოპოზიციურად მიიჩნევენ, გარკვეული გარიგებების საფუძველზე მოახერხეს «ქართულ ოცნებასთან» და კოაბიტაციის პროცესთან საერთო ენის გამონახვა და, რა თქმა უნდა, ამ ზოგიერთ თითოკაციანი პარტიის ლიდერს არ ვგულისხმობ იმ ამინდის შემქმნელად, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში. მადლობა ღმერთს, არიან პოლიტიკური ძალები და სუბიექტები, რომელთა ერთობამაც შეიძლება საბოლოოდ, სასურველ შედეგამდე მიგვიყვანოს. ეს არის სახალხო მოძრაობის დაწყების პირდაპირი პირობა საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე, სხვათა შორის, არჩევნების, რომელსაც არ ექნება გამჭვირვალეობისა და დემოკრატიულობის მაღალი სტანდარტი. ეს არჩევნები, ისევე, როგორც აქამდე ჩატარებული ყველა არჩევნები, გაიმართება ძველი საარჩევნო სისტემით და იმ საარჩევნო სიებით, რომელთაც არა და არ დაადგა საშველი მთელი ამ წლების განმავლობაში.

ბიძინა ივანიშვილის გუნდშიც უხვად მოიძებნებიან პოლიტიკოსები, რომლებიც ბიომეტრიული საშუალებით სიების შედგენის საფუძველზე არჩევნების ჩატარებას წინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ, რომ ჰკითხოთ, ვერ გიპასუხებენ, თუ რატომ ვერ მოხერხდა თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ბიომეტრიული სიების გამოყენებით. აღარაფერს გეუბნებით ერთიანი ამომრჩევლის საერთო ციფრზე, რომელზეც «ქართული ოცნების» ლიდერები პირდაპირ იმაღლებდნენ ხმას (ამომრჩეველთა ერთიანი სიის ხარვეზის დამდგენი კომისიის წინააღმდეგ, ე.წ. კაციტაძის კომისიის წინააღმდეგ), მაგრამ დღეს ეს ლიდერები ძალიან არხეინად და მშვიდად მიდიან ამ არჩევნებზე, თითქოს კაციტაძის კომისიის მიერ დადებული შედეგები სამართლიანი იყოს და პასუხობდეს იმ ელემენტალურ არითმეტიკულ გათვლებს, რომლებსაც მრავალი წლის განმავლობაში ვეხმიანებოდით.

3 მილიონ 693 ათას ამომრჩეველს ითვლის დღეს ცესკო, რაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის სასაცილო იმ ფონზე, როდესაც საქართველოდან მილიონზე მეტი ადამიანია გასული. მაშინ, როდესაც იმავე რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ქართველები, რომელთა რაოდენობაც 800 ათასს აღემატება, არჩევნებში ვერ მონაწილეობენ. თქვენ იცით, რომ რუსეთში მცხოვრებ ქართველებს დღემდე არ ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და რუსეთის მხარეებს შორის მედიატორად გვევლინება შვეიცარია. უცნობია, რა ნაბიჯებს დგამს ქართული მხარე იმისთვის, რომ, აი, ეს კონსტიტუციური უფლება აღუდგინოს ქართველ ამომრჩეველს.

_ ფიქრობთ, საუბრები «ქართულ ოცნებასა» და «ნაცების» გარიგების შესახებ რეალურია?

_ ეჭვი არ მეპარება, რომ დასავლეთს «ნაციონალური მოძრაობის» კანდიდატის მეორე ადგილზე გასვლის ძალიან დიდი  სურვილი აქვს და ვფიქრობ, რომ «ქართულ ოცნებაშიც» მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც სიამოვნებით მიიღებენ მონაწილეობას არჩევნების გაყალბებაში «ნაციონალური მოძრაობის» მეორე ადგილზე გაყვანის მიზნით (დასავლეთთან პარტნიორული ურთიერთობების გამყარების გამო). დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენ არ ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე, ასეთი ფაქტის წინაშე ნამდვილად დავდგებით _ მეორე ადგილი შეიძლება «ნაციონალური მოძრაობის» კანდიდატს მიენიჭოს.

_ და ახლა რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, დაახლოებით იმავე შედეგს არ მივიღებთ? პოლიტიკურ სპექტრში ის პარტიები, რომლებიც დაასუსტეს ან თამაშიდან გაიყვანეს «ნაცებმა», ისევ სუსტებად რჩებიან. ახალი რეალობა ახალ პოლიტიკურ სპექტრს მოითხოვს, სპექტრის მომზადებას კი დრო სჭირდება და საერთოდაც ვინ წარმოგიდგენიათ სერიოზულ პოლიტიკურ ძალად?

_ «თავისუფალ საქართველოში» შემავალმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა შევძელით, შუალედურ არჩევნებში დაგვემარცხებინა «ნაციონალური მოძრაობა», რომლის ფინანსური რესურსი ათასჯერ აღემატებოდა ჩვენს ძალიან მწირ შესაძლებლობებს. ბატონმა კუკავამ გადალახა ეს ბარიერი, მან შეძლო, «ნაციონალური მოძრაობისთვის» გაესწრო. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ ხალხმა სიმპათია გამოხატა?! გაინტერესებთ, არის თუ არა პოლიტიკური სპექტრი, რომლის მიმართაც მხარდაჭერა იქნება გარანტირებული საზოგადოების მხრიდან? ვფიქრობ, არის… დიახ, არის იმ სუბიექტების დონეზე, რომლებიც თავიანთი აზროვნებითა და იდეოლოგიით დამოუკიდებელნი არიან, რომლებიც ერთგულნი არიან თავიანთი სამოქმედო გეგმის, რაც არა ერთხელ უჩვენებიათ კიდეც. არსებობს რეალური არასამთავრობო ორგანიზაციებიც; ვფიქრობ, საზოგადოება ხვდება, რომელ არასამთავრობო ორგანიზაციასაც ვგულისხმობ. ასეთი ძლიერი გუნდის შექმნის წინაშე ქართული საზოგადოება შეიძლება ძალიან მალე დადგეს. დიახ, მძლავრი გაერთიანება მოხდება იმ პოლიტიკოსებისა, რომლებიც არ არიან გაცვეთილნი, მხილებულნი და დისკრედიტებულნი.

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

1 COMMENT

  1. შეიძლება იყოს კიდეც 4 მლნ-მდე ადამიანი საქართველოში ახლა. უამრავი ჩინელი, ზანგი, პაკისტანელი, ირანელი და თურქია ჩამოსული და ესენი ხომ ყველას საქართველოს მოქალაქეობას აძლევენ. საინტერესოა, რას აპირებს ამ კუთხით ახალი მთავრობა.

  2. შეიძლება იყოს კიდეც 4 მლნ-მდე ადამიანი საქართველოში ახლა. უამრავი ჩინელი, ზანგი, პაკისტანელი, ირანელი და თურქია ჩამოსული და ესენი ხომ ყველას საქართველოს მოქალაქეობას აძლევენ. საინტერესოა, რას აპირებს ამ კუთხით ახალი მთავრობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here