Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკელები ადასტურებენ, რომ სააკაშვილმა სწორად დაარბია

ამერიკელები ადასტურებენ, რომ სააკაშვილმა სწორად დაარბია

651

ცოტა კი, წაიტყუილა მიხეილ სააკაშვილმა, როცა წლეულს, 22 ივლისს განაცხადა, რომ 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის პროსპექტზე გამართული საპროტესტო აქციის დარბევის პროცესს აკვირდებოდნენ აშშ გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები და მიიჩნიეს, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში განხორციელდა. ახლა ირკვევა, რომ იქ და იმ დროს ისხდნენ (თუ ისხდნენ) კომპანია «დენსუს გრუპის» წარმომადგენლები, რომლებსაც მიშამ «მარკა აუწია». ესენიც ამერიკელები არიან: ამათ გაამართლეს.

 

ამას ადასტურებს კომპანია «დენსუს გრუპის» მიერ მომზადებული ანგარიში.

დოკუმენტში ისე წვრილად არის აღწერილი, 21 მაისიდან როგორ დაიწყო ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები, როგორ განვითარდა და რა მიზანს ემსახურებოდა, რა საჯარო განცხადებებს აკეთებდა ოპოზიციური დაჯგუფება, როგორი იყო პოლიციის გეგმა, რის გაკეთებას აპირებდა ჩვენი სახელოვანი ძალოვანი სტრუქტურა, რომ, გინდა-არ გინდა, დაგაეჭვებს: ამ დოკუმენტის შექმნაში «დენსუს გრუპის» სპეცებს საქართველოს პოლიციის ხელმძღვანელობა ხომ არ ეხმარებოდა? ან უშიშროების საბჭოს ჩინოვნიკების მიერ შედგენილი ანგარიში შპარგალკად ხომ არ ედოთ ამერიკელებს?

აშკარად ქართული აქცენტია!

ანგარიშში ნათქვამია:

«გათვალისწინებული გეგმის მიხედვით, პოლიციის სპეციალური დანაყოფების ძირითადი ბირთვი ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით, რუსთაველის გამზირზე იმოძრავებდა და საპროტესტო აქციის მონაწილეების პარლამენტიდან აღმოსავლეთით მდებარე სამი ქუჩის მიმართულებით გადაადგილებაზე იქნებოდა პასუხისმგებელი. ეს ქუჩები აქციის მონაწილეებისთვის გასასვლელ გზებად იყო განსაზღვრული. დასავლეთით, პარლამენტის შენობის მოსაზღვრე ორივე ქუჩა, პოლიციელებით იქნებოდა გამაგრებული, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, ასევე აიძულებდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეებს აღმოსავლეთით მდებარე გასასვლელი გზებისკენ გადაადგილებას. სამხრეთით, თავისუფლების მოედანზე, პოლიციის კიდევ ერთი დანაყოფი განლაგდებოდა, რომელიც საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავებას განახორციელებდა და, საჭიროების შემთხვევაში, ჩრდილოეთისკენ დაიძვრებოდა. პარლამენტის ტერიტორიაზე მყოფ სამართალდამცავთა კიდევ ერთ ჯგუფს პარლამენტის შენობის საპროტესტო აქციის მონაწილეთა შემოჭრისგან დაცვა ევალებოდა. და ბოლოს, თავისუფლების მოედნიდან დასავლეთით, პარლამენტის ავტოსადგომსა და «ქორთიარდ მარიოტს» შორის, სარეზერვო ძალები იქნებოდა მობილიზებული…»

სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამერიკელები საპროტესტო აქციის დაშლას მონიტორებზე აკვირდებოდნენო.

აქციის დაშლის პროცესზე ლაპარაკობდა. «დენსუს გრუპი» კი, როგორც წავიკითხეთ, ღრმადაა ჩახედული იმ ტრაგიკული ღამის დეტალებში, გადმოგვცემს არა მხოლოდ იმას, რაც ნახა (სააკაშვილის ვერსია), არამედ იმასაც, თუ რა განზრახვა ჰქონდა პოლიციას, როგორ აპირებდა აქციის დაშლას. რა იყო მისი მიზანი, ამოცანა, რომელი დანაყოფები იყო მობილიზებული, როგორ იყო აღჭურვილი მთელი ეს მასა და . .

«დენსუსი» დაბეჯითებით გვიმტკიცებს, რომ პოლიციის განზრახულობა (გეგმა) რაღაც ოპერატიულ ინფორმაციებზე იყო დაფუძნებული: «მთავრობას ჰქონდა ოპერატიული ინფორმაცია, _ ნათქვამია მოხსენებაში, _ …რომ მომიტინგეები ხელნაკეთი ფარებითა და ჯოხებით იყვნენ შეიარაღებულნი (!) და მოლოტოვის კოქტეილებსაც გამოიყენებდნენ. არსებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციის ზოგიერთი მონაწილე ცეცხლსასროლ იარაღსაც ატარებდა».

მართალია, ანგარიშში ამ «შეიარაღების» გამოყენების არც ერთი შემთხვევა არაა დაფიქსირებული, ისევე, როგორც რკინისბურთულებიანი შურდულები, რომლებითაც, როგორც იმ დღეებში პროსახელისუფლო ტელევიზიებიდან დაბეჯითებით გვარწმუნებდნენ, აქციაზე მისული ადამიანები იყვნენ აღჭურვილები. და კიდევ _ იტალიელი პარტიზანების სიმღერას რომ მღეროდნენ.

რით იყო ამ დროს შეიარაღებული  პოლიცია? «დენსუს გრუპი» ამ საკითხშიც გარკვეულია: პოლიცია შეიარაღებული იყო «სიცოცხლისთვის ნაკლებად საშიში დამხმარე საშუალებებით». რა არის ეს? «წყლის ჭავლი, აკუსტიკური მოწყობილობები, სხვადასხვა ზედაპირული ზემოქმედების იარაღი და CS ტიპის ცრემლსადენი გაზი».

ჯერ ერთი, ეს ცრემლსადენი გაზი ნერვიულ-პარალიტიკური ეფექტის მქონეა, იგი «ჩერიომუხასთან» ერთად 1989 წლის 9 აპრილს გამოიყენეს იმავე რუსთაველზე გამართული აქციის დასაშლელად და შედეგად ასობით ადამიანი თვეობით მკურნალობდა ამ «ნაკლებადსაშიში» გაზით დაზიანებულ რესპირაციულ ორგანოებს.

საწყალი პოლიციელები კი ლამის შიშველი ხელებით უწევდნენ წინააღმდეგობას მომიტინგეებს, რომლებიც თურმე სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდნენ. «შემდგომ აღმოჩნდა, რომ ყველა პოლიციელს სრული აღჭურვილობა არ ჰქონდა: მაგალითად, ზოგიერთს არ ეკეთა კასკა». ამ «უკასკო» პოლიციელებს ორი კაცი რომ შემოაკვდათ, მაღაზიის სახურავზე მკვდრები რომ დადეს და ცინიკურად რომ განაცხადეს _ დენმა მოკლაო, ეს დაივიწყეს, ხოლო ერთი პოლიციელის და ერთი მოქალაქის დაღუპვა თავისუფლების მოედანზე ისე აღწერეს (თითქოს არ გვენახოს, რა და როგორ მოხდა), როგორც მტრის უპირატეს ძალასთან ბრძოლა და ჯახი.

«პარლამენტის წინ CS ტიპის ცრემლსადენი გაზის გაშვების შემდეგ, რამდენიმე ავტომობილმა, რომლებშიც საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მათი პირადი მცველები ისხდნენ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვა. ავტომობილების ეს კოლონა დაკავების ჯგუფს შეეჯახა, რომელიც თავისუფლების მოედნიდან მოემართებოდა, რათა დახმარება აღმოეჩინა პოლიციელთა იმ მცირერიცხოვანი ჯგუფისთვის, რომელმაც ტროსი გადაჭრა. ავტომობილების კოლონა პოლიციელების მიერ გაცემულ გაჩერების ბრძანებას არ დაემორჩილა, გაარღვია კორდონი და პოლიციას გაექცა, რის შედეგადაც ხუთი პოლიციელი დაშავდა, ხოლო ერთი პოლიციელი და ერთი მოქალაქე გარდაიცვალნენ».

ეს ტექსტი, თუ ჩვენი მკითხველი გაიხსენებს, თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებს იმ ინფორმაციას, რომელსაც ტრაგედიის დღეებში გვამცნობდა ოფიციოზი.

ვინ ვის კარნახობდა ზემოთ ციტირებულ ტექსტს და, საერთოდ, ვინ იყო დამნაშავე? «დენსუს გრუპის» ანგარიშის მიხედვით, მთავარი დამნაშავენი საპროტესტო აქციის მონაწილენი არიან (იგულისხმება _ ხელმძღვანელებიც), შინაგან საქმეთა სამინისტროს თავკაცები, რა თქმა უნდა, _ არა: გაზით ხალხის მოწამვლის ბრძანება მათ არ გაუციათ: «პარლამენტის შენობის სამხრეთით CS ტიპის ცრემლსადენი გაზი იქნა გაშვებული, იმის მიუხედავად, რომ ოპერაციის ხელმძღვანელ პირებს გაზის გაშვების ბრძანება გაცემული არ ჰქონდათ». ხოლო ის, რომ პოლიციამ აქციის მონაწილეებს მიტინგის სხვაგან გადატანა შესთავაზა (მიტინგის რუსთაველზე გამართვა მერიის მიერ იყო ნებადართული), «იყო პოლიციის მხრიდან მომიტინგეთა პროტესტის გამოხატვის უფლების დაცვის მზაობის დემონსტრირება, სხვა ვალდებულებებთან ერთად».

გიგა ბოკერიას პროვოკაციული სტილია აშკარად…

ასეთია შეფასება. ახლა კი ამ დასკვნის გამამართლებელ მაგალითს თუ არგუმენტს გადავავლოთ თვალი:

პოლიციელები თურმე მომიტინგეებისგან თავიანთი კოლეგების დასაცავად და დასახმარებლად ხან სად მიაწყდებოდნენ, ხან სად. მათი მოქმედება ქაოტური და არაორგანიზებული იყო, რადგან წვიმამ მწყობრიდან გამოიყვანა ოპერატიული სპეცკავშირის საშუალებები და ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა მობილური ტელეფონებით ხდებოდა.

მობილური ტელეფონებით ხელმძღვანელობა «ნოუ ჰაუა» ჩვენი: აგვისტოს ომის დროს გამოიყენეს, თუმცა მაშინ არ წვიმდა.

«მეორედ მოსვლა» მაისში იყო…

კვლავ ციტატა: «პოლიციის მცირერიცხოვანი რაზმი პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ქუჩაზე სამხრეთიდან და დასავლეთიდან ავიდა, რათა რკინის ბარიკადების დამაკავშირებელი ტროსი გადაეჭრა და საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის ტერიტორიიდან გასასვლელი გზები გაეხსნა. ამ დანაყოფის მოძრაობას თან ახლდა ჩრდილოეთით პოლიციის უფრო დიდი დანაყოფის თვალთმაქცური გადაადგილება საპროტესტო აქციის მონაწილეთა ყურადღების მიპყრობის მიზნით. თუმცა მონაწილეთა მცირე ნაწილმა პოლიციის რაზმი შეამჩნია და მისკენ გარკვეული საგნების სროლა დაიწყო». რა საგნებს ესროდნენ, ვერ გაარკვიეს, ეტყობა იმიტომ, რომ წვიმდა, ან საერთოდ არავის არაფერი უსვრია. ამ სიტუაციაში სამაშველო რგოლია სიტყვათა თამაში _ «გაურკვეველი საგნები».

კარგ დროს იხმარეს სიტყვა «თვალთმაქცური»: სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის, მეგობარი ქვეყნისა და ხელის გამმართველის _ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია არა მარტო 26 მაისის ტრაგედიასთან დაკავშირებით, არამედ საერთოდ საქართველოს მიმართ.

თუ ის, რაც იმ სისხლიან ღამეს მოხდა, კანონიერია და დემოკრატიის გამოვლენაა, მაშ, რაღა არის ადამიანის უფლებათა ძალადობრივი დათრგუნვის პოლიტიკა?! თუ ეს არის «დემოკრატიის შუქურად» ყოფნა და ახალი წესრიგის დამყარება, მით უფრო სტრატეგიული მოკავშირეობა, ძალაუნებურად ირწმუნებ «ოქროს მილიარდის» სტრატეგიის ნამდვილობას, რომლის უზენაესი პრინციპი _ დანარჩენი უნდა ამოწყდეს! _ მართავს მსოფლიოს. დასავლური პრინციპები კი არა. ცინიზმია ის ყველაფერი, რის საერთგულოდაც თავი გვაქვს გადადებული.

მხოლოდ ხალხის, ერის აბუჩად აგდებით შეიძლება აიხსნას, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე აშშ ცდილობს, ნამუსი შეუნახოს სააკაშვილის ანტიხალხურ, ანტიჰუმანურ ხელისუფლებას, გაამართლოს 26 მაისს მის მიერ ჩადენილი სისასტიკე და საკმარისად მიიჩნიოს ყოფილი ხელისუფლების მიერ ტრაგედიის განმახორციელებელთა მიმართ გატარებული ადმინისტრაციული ღონისძიებები. ასობით დაპატიმრებული, ხელკეტებით სასიკვდილოდ ნაცემი, დასისხლიანებული, მათ შორის, თვალისჩინდაკარგული, დახეიბრებული ადამიანების რაოდენობა 90-მდე შეამციროს, თანაც განაცხადოს, რომ მათ «სიცოცხლისთვის არასაშიში» დაზიანებები მიიღეს, პოლიციელები _ 27 კაცი კი სერიოზულად დაშავებულებად წარმოგვიდგინოს; ასეთი სადამსჯელო ოპერაციის ჩამტარებლები კი დასაჯოს ისე, რომ დაჯილდოებაზე უკეთესი აღმოჩნდეს:

«ამ მოვლენების შემდეგ ჩატარებული შიდა მოკვლევის საფუძველზე, ოთხი პოლიციელი სამსახურიდან დაითხოვეს, ერთ პოლიციელს წოდება დაუქვეითეს და ცხრა პოლიციელს საყვედური გამოუცხადეს».

პასუხისგებაში, რა თქმა უნდა, არავინ მიუციათ.

ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში «ამ მოვლენების» შემდეგ, მინიმუმ, შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგებოდამაგრამ არა «დემოკრატიის შუქურა» სააკაშვილის მთავრობაში. ამაზეც კრინტი არ დაუძრავთ ამერიკელ სტრატეგიულ მოკავშირეებსა და ხელის გამმართველებს.

ცოტა კრიტიკაც შეაპარეს, მსუბუქი, არაფრისმთქმელი: «უცნობია, თუ რატომ მოხდა პარლამენტის წინ, აშკარად მცირე საფრთხის პირობებში, ამ დონის ძალის გამოყენება. არსებობს ვიდეო მასალა, რომელზეც ნათლად ჩანს, რომ ცალკეული პოლიციელები აგრესიულად და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე იყენებდნენ გადამეტებულ ძალას ზოგიერთი მომიტინგის წინააღმდეგ, მაშინ, როდესაც ისინი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებდნენ».

ცალკეულები ზოგიერთების მიმართ, თორემ სხვა დანარჩენები იდილიურ ურთიერთობაში იყვნენ, ისეთ იდილიაში, როცა მგლები და ცხვრები ერთად ძოვენ.

მაგრამ «დენსუს გრუპის» სპეციალისტები და მათი ხელისბიჭები ბოკერიას სტრუქტურიდან, უსუსურები აღმოჩნდნენ, გარკვეული მომენტებისთვის რაიმე ახსნა მოეძებნათ. იძულებული გახდნენ, ეღიარებინათ, რომ «გარკვეულ მომენტში, პარლამენტის შენობაში განთავსებული, სპეციალური აღჭურვილობის მქონე პოლიციელები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ და მომიტინგეებს დაუპირისპირდნენ. მათი ვინაობის დადგენა ჯერ ვერ მოხერხდა.

უცნობია, თუ რატომ მოხდა ამ, აშკარად მცირე საფრთხის პირობებში, ასეთი ძალის გამოყენება, ისევე, როგორც ის, თუ რამდენად თვითნებურად გამოვიდა აღნიშნული დანაყოფი პარლამენტის შენობიდან. ვიდეომასალაში ნათლად ჩანს ცალკეული პოლიციელების მიერ გადამეტებული ძალის აგრესიულად და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გამოყენება ზოგიერთი მომიტინგის მიმართ, მაშინ, როდესაც ისინი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსთაველის გამზირზე სამხრეთით გადაადგილდებოდნენ».

კვლავ ცალკეული პოლიციელების აგრესია ზოგიერთი მომიტინგის მიმართ _ იმეორებენ ერთსა და იმავეს, გლახა ჭრიაშვილის მსგავსად.

განსხვავებული აზრი

არსებობს არგუმენტირებული მოსაზრება, რომლის მიხედვით, კომპანია «დენსუს გრუპი», რომლის ანგარიშს ჩვენი მკითხველი უკვე გაეცნო, არის კერძო კომპანია, რომელსაც არავითარი შეხება არ აქვს აშშის ოფიციალურ სახელმწიფო სტრუქტურებთან, მათ შორის, არც აშშის ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურთან. ასე რომ, სააკაშვილის მტკიცება, 26 მაისის მოვლენებს აშშ-ის სპეცსამსახურების წარმომადგენლები ადევნებდნენ თვალს და რუსთაველის პროსპექტზე საპროტესტო აქციის სისხლიანი დარბევა მათ კანონის დარღვევად არ მიიჩნიესო, ტყუილია.

კომპანია «დენსუს გრუპი», როგორც ირკვევა, კონსულტაციას უწევდა საქართველოს შსს, წვრთნიდა ქართველ პოლიციელებს, ამგვარი აქციების ეფექტიანად დაშლას ასწავლიდა. ცხადია, რომ მის მიერ მომზადებულ ანგარიშში სრულად უნდა ყოფილიყო (და არის კიდეც) გამართლებული ის ბარბაროსული დანაშაული, რაც მერაბიშვილისა და სააკაშვილის სპეცრაზმმა და ზონდერბრიგადებმა 25 მაისის ღამის 12 საათიდან განახორციელეს.

ამ პოზიციაზე მდგარი მიმომხილველები (მაგალითად, ირაკლი ბათიაშვილი) აცხადებენ, რომ «დენსუს გრუპის» ანგარიშის მაინცდამაინც ამ დღეებში გასაჯაროება არის მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი პროვოკაციული მცდელობა, თავი დააღწიოს პასუხისმგებლობას თბილისში «ბართლომეს ღამის» მოწყობის გამო. ახლა იგი «ხელს ადებს» აშშ-ის ადმინისტრაციას. მისი ლოგიკით, ეს ბარბაროსული აქტი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირის მიერ იყო სანქცირებული ელჩ ჯონ ბასის მიერ ანთებული «მწვანე შუქით» და ამერიკელი ექსპერტების მიერ მოწონებული და გამართლებული. რაც ფრიად საწუხარ არს!

ჩვენი პოლიტიკოსები (მათ შორის, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი) გვეუბნებიან, რომ აღნიშნული კომპანია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იყო დაქირავებული და მისი გამიჯვნა ოფიციალური სტრუქტურებიდან მხოლოდ პირობითია.

ორგანიზაცია «თავისუფალი ზონის» ინფორმაციითაც «დოკუმენტი, რომელიც მათ მოიპოვეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დავალებითა და დაფინანსებით ამერიკულმა ფირმა «დენსუსმა» მოამზადა».

ყველა ეჭვის გასაფანტად დავიმოწმოთ საინფორმაციო სააგენტო «ინტერპრესნიუსი», რომელიც დაუკავშირდა ამ ჯგუფს და კომენტარი სთხოვა. მიღებული პასუხიდან ირკვევა, რომ «დენსუსის» ჯგუფი აწარმოებდა და აგრძელებს ამერიკის მთავრობისა და მისი პარტნიორების, მათ შორის, საქართველოს მთავრობის, მხარდაჭერას. ამ მომსახურების ნაწილი იყო, რომ «დენსუსის ჯგუფმა» მონაწილეობა მიიღო 2011 წლის 26 მაისის მოვლენების განხილვაში შს სამინისტროსთან ერთად (სამინისტროსთან ერთადო, მიაქციეთ ამას ყურადღება: ახლა გასაგები ხდება, თუ რატომ არის ეს ერთობლივი დოკუმენტი შს სამინისტროს გამართლების უსინდისო მცდელობა. _ ..).

ამ ანგარიშის შედეგები აქვს სამინისტროს და ყველა შეკითხვით შეგიძლიათ მიმართოთ სამინისტროს», _ ნათქვამია «დენსუსის» პასუხში.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებიც ამასვე იმეორებენ. მით უარესი, რადგან მტკიცდება, რომ გულჩიტაიმ პირბადე ჩამოიხსნა და დაგვანახა თავისი სახე, რომელიც სრულიადაც არ არის კეთილშობილების განსახიერება. გულდასაწყვეტია, რომ აშშ კბილებით იცავს მათ, ვისი ხელითაც საქართველოში განხორციელდა ასეთი მზაკვრული, არაადამიანური და მასშტაბური დარბევა.

და ახერხებს კიდეც.

სამართალში მიცემული ივანე მერაბიშვილი უკვე ალაპარაკდა იმის თაობაზე, რომ «შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის განკარგულებით (!) 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეთა დაშლა საერთაშორისო ნორმებისა და პრაქტიკის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული დასკვნის მომზადება სამინისტრომ კერძო კომპანიას აშშ-ის საელჩოს დახმარებით დაუკვეთა».

წერს ამას მერაბიშვილი თავის «ფეისბუქზე» და რატომღაც ჰგონია, რომ ძველი ჭეშმარიტება _ ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს _ არავის გაუუქმებია. და ცოტასაც გვატყუებს, რადგან მისი მსჯელობა ამ დოკუმენტის ხელში ჩაგდების თაობაზე, ცოტაა თქვა, წინააღმდეგობრივიაო.

თავად განსაჯეთ.

მიუხედავად იმისა, რომ «დენსუს ჯგუფის» პასუხში გარკვევით წერია, რომ მისი სპეცები საქართველოს შს სამინისტროსთან ერთად მუშაობდნენ და ანგარიში თავის დროზე ამ სამინისტროში გამოგზავნეს, მიუხედავად იმისა, რომ მერაბიშვილი თავად ამბობს: «აღნიშნული დოკუმენტი სამინისტროს ჰქონდა 2011 წლიდან», მას მაინცდამაინც სურს, დაგვარწმუნოს, რომ «ხელისუფლება ყოველნაირად ცდილობდა, გაეჭიანურებინა დოკუმენტის გადმოცემის პროცესი და მისი მიღება მხოლოდ ჩვენი უცხოელი მეგობრების ჩარევით მოხერხდა».

ესე იგი, ხელისუფლებას (ცხადია, მის შესაბამის სტრუქტურებს) ჰქონდა «დენსუსის» დასკვნა.

მაგრამ… არ ჰქონდა: «მე ვფიქრობ, რომ დღემდე პროკურატურას არ გააჩნდა აღნიშნული დოკუმენტი (თუ დღემდე არ გააჩნდა, როგორღა გააჭიანურებდა იმის გადაცემას?! _ ა.ს.), წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ბრალდება ჩემ წინააღმდეგ წარდგენილი არ იქნებოდა», _ ნათქვამია ყოფილი პრემიერის განცხადებაში.

«ბეზსტრუნნაია ბალალაიკა», _  ამბობენ ასეთ შემთხვევაში რუსები.

ორგანიზაცია «თავისუფალი ზონის» ინფორმაციით, «მერაბიშვილის ადვოკატებს დასკვნა მთავარმა პროკურატურამ გადასცა». და ამ დასკვნით მხარმიცემული «ყოფილი პრემიერის დაცვის მხარე მერაბიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვს».

მერაბიშვილის ადვოკატებმა სწორედ პროკურატურისგან რომ მიიღეს აღნიშნული დოკუმენტი, ეს ქალბატონმა თეა წულუკიანმაც დაადასტურა. წინა ხელისუფლების დროს ასეთი პრაქტიკა არ არსებობდა, ახლა კი ნორმადაა დამკვიდრებულიო, აგვიხსნა.

თუ დადასტურდა, რომ «დენსუს გრუპის» ანგარიში შემოგდებულია სააკაშვილის მიერ, როგორც მორიგი პროვოკაცია ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წინააღმდეგ, მაშინ ეს კაცი მისი ინფორმირებულობისა და იმპულსური ქმედების გამო ამერიკისთვის უფრო საშიში ყოფილა, ვიდრე სნოუდენი. ის დროა, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მისი ექსტრადიციის შესახებ საქართველოს მთავრობას შესაბამისი მოთხოვნა გამოუგზავნოს.

დაბოლოს, ამ არცთუ რთულ სიტუაციაში გარკვევის მიზნით, საკუთარი შეფასების დამოუკიდებლად გასაკეთებლად, აგრეთვე, ცინიზმის კლასიკური მაგალითის გასაცნობად, «საქართველო და მსოფლიოს» განათლებულ მკითხველებს ვთავაზობთ ორიგინალთან მაქსიმალურად მიახლოებულ თარგმანს «დესუს გრუპის» ანგარიშის დასკვნითი ნაწილიდან.

არმაზ სანებლიძე

დასკვნა

«საპროტესტო აქციის დაშლის ტაქტიკური გეგმა და ოპერატიული სიტუაციის ანალიზი სრულიად გამართული იყო და ოპერაციის მონაწილე პოლიციელებისთვის სწორად და მართებულად იყო მიწოდებული. სპეციალისტთა ტაქტიკა, გაერღვიათ და მოეხსნათ სამხრეთით არსებული ბარიერი იმისთვის, რომ მომიტინგეებს გასასვლელი ჰქონოდათ, ადეკვატური და წარმატებული იყო. დაკავებების სტრატეგიაც კარგად იყო მომზადებული.

ოპერაციის გეგმის მიხედვით განხორციელებას შემდეგმა მოვლენებმა შეუშალა ხელი:

_ პოლიციელთა ნაადრევმა გადაადგილებამ თავისუფლების მოედნიდან ჩრდილოეთით _ რუსთაველის გამზირისკენ, რაც განპირობებული იყო იმით, რომ მათ, კინოთეატრ «რუსთაველთან» შექმნილი სიტუაციისა და დაკავების ჯგუფში არსებული მსხვერპლის გამო, დახმარებისთვის მიმართეს. ამრიგად, დაკავებები პარლამენტის შენობასთან უფრო ახლოს განხორციელდა, ვიდრე ეს ჩაფიქრებული იყო, რაც პარლამენტის წინ მომიტინგეთა დაშლის ოპერაციის პარალელურად მოხდა.

_ დაძრული ავტომობილებით გამოწვეულმა მსხვერპლმა ოპერაციის ძირითადი ფაზის მსვლელობისას მოულოდნელი კრიზისი შექმნა.

_ საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ CS ტიპის ცრემლსადენი გაზის უნებართვოდ გაშვებამ მას შემდეგ, რაც სამხრეთით არსებული ბარიერი მოიხსნა, რამაც ზოგიერთი მომიტინგის, ცრემლსადენი გაზის გაშვების ადგილიდან შორს, ჩრდილოეთისკენ და არა სამხრეთისკენ ან აღმოსავლეთისკენ გადაადგილება გამოიწვია.

_ კომუნიკაციის საშუალებების გაუმართაობამ და სათადარიგო რეჟიმში არასაიმედო მობილური ტელეფონების გამოყენებამ პოლიციის მოწინავე რაზმებისა და დანაყოფების მეთაურები ზემდგომთა ბრძანებების გარეშე დატოვა; ამასთან, მათ აღარ შესწევდათ უნარი, ხელქვეითების გადაადგილება სრულად გაეკონტროლებინათ და ამ უკანასკნელთა მიერ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები გადაეწყვიტათ.

არსებობს ვიდეომასალა, რომელზეც ასახულია, პოლიციელთა ძალზე მცირე ჯგუფი ძალის გადამეტებას რომ ახდენს. ასევე, შეშფოთებას იწვევს სპეციალური საშუალებებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება იმ პირობებში, როცა, არსებული მასალიდან გამომდინარე, ამის საფუძველი და საჭიროება არ არსებობდა.

აქვე, უნდა ვაღიაროთ, რომ 25-26 მაისის ღამეს ოპერაციაში მონაწილე პოლიციელების დიდი უმრავლესობა კარგად დისციპლინირებული იყო, ყოველთვის ბრძანების შესაბამისად მოქმედებდა და დასახული ამოცანებიდან გამომდინარე პროპორციულ და საჭირო ოდენობის ძალას იყენებდა. ამას ნათლად ადასტურებს არსებული მასალა, და საქართველოს პოლიცია ქებას იმსახურებს იმის გამო, თუ როგორ კარგად გაართვა თავი ამგვარ გამოცდასა და რთულ ვითარებას.

ამ ანგარიშის სულისკვეთებიდან გამომდინარე, მთელი რიგი სასწავლო, საწვრთნელი და საორგანიზაციო რეკომენდაციები იქნა შემუშავებული, რომლებიც საქართველოს პოლიციას მომავალში მსგავსი საპროტესტო აქციების დაშლის ოპერაციების უფრო მომზადებულად ჩატარებაში დაეხმარება. ეს რეკომენდაციები ანგარიშის მესამე დანართშია მოცემული. ქართული მხარის წარმომადგენლები, რომლებიც ამ მიმოხილვის მომზადებაში იღებდნენ მონაწილეობას, თანამშრომლობის სურვილს ამჟღავნებდნენ, მზად იყვნენ, ეღიარებინათ ხარვეზები, ესწავლათ შეცდომებზე და ამ გზით აემაღლებინათ თავიანთი პროფესიული დონე. ეს საქმისადმი მისასალმებელი დამოკიდებულებაა, რომელიც ამ სამსახურის გაუმჯობესებაში დიდ წვლილს შეიტანს».

P.S. ბატონო ბიძინა, ამ მასირებული შემოტევისა და, განსაკუთრებით, ამერიკულ ხომალდ «ბალკლიზე» თქვენი სტუმრობისას მიხეილ სააკაშვილის უტაქტო გამოხდომის შემდეგ კიდევ გჯერათ «ნაცებთან» კოაბიტაციის?!

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here